„რუსული საფრთხის“ არსებობა სიცრუეა

„რუსული საფრთხის“ არსებობა სიცრუეა

[World Politics Review თომას ბარნეტი]

როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, ვარშავის ხელშეკრულებისა და მესამე სამყაროს ქვეყნების ურთიერთობებზე სადოქტორო დისერტაციას ვამთავრებდი. უმალ მივხვდი, რომ საბჭოურ თემატიკაზე ჩემი სამეცნიერო მუშაობა დასრულდა. რატომ? იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ რუსეთში უამრავი შესანიშნავი პოლიტოლოგი არსებობდა, რომლებიც გათავისუფლდებოდნენ თუ არა იდეოლოგიური წნეხისა და შეზღუდვებისგან, უცხოელებზე უკეთ შეასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს და უფრო კარგად გააანალიზებდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს

ის რომ მე მართალი ვიყავი, პოსტ-საბჭოთა ეპოქის რუსი მეცნიერების თაობამ დაადასტურა, მაგრამ არც ერთ მათგანს არ მოუხდენია ჩემზე იმდენად ღრმა შთაბეჭდილება, როგორც დიმიტრი ტრენინს, რომელიც ”კარნეგის ფონდის” მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელია. ტრენინმა, რომელიც სტალინის გარდაცვალებიდან (1953 წელი) სულ რაღაც სამ წელიწადში დაიბადა, ახლახანს დაწერა შესანიშნავი წიგნი სახელწოდებით: «Post Imperium: A Eurasiаn Story» („პოსტ-იმპერია: ევრაზიული ისტორია“) ამ წიგნში ის პროფესიონალიზმით იკვლევს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ზომავს იმ უზარმაზარ იდეოლოგიურ დისტანციას, რომელიც არსებობს ჩვენთვის ერთ ცნობილ საბჭოთა იმპერიას და პოსტ-იმპერიულ რუსეთს შორის, რომლის გაგებასაც ახლა ვცდილობთ.

ზოგიერთ ამერიკელ ექსპერტს მიაჩნია, რომ გაძლიერებული რუსეთი დღეს ისეთივე სახიფათო და იმპერიული მისწრაფებების მქონე სახელმწიფოა, როგორიც ორი ათწლეულის წინ იყო. ასეთი არასწორი აღქმა დიდწილად სამყაროს მრავალპოლარულობის გაძლიერებით აიხსნება, რომელიც მოსკოვს ძალების დაზოგვის და საფრთხეების პროეცირების შესაძლებლობას აძლევს. საკმარისია რუსეთმა პატარა საქართველოს გაულაწუნოს და ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, რომ დასავლური მედია აუცილებლად ხელახლა დაიწყებს გაცვეთილი ფირფიტის ტრიალს მრისხანე რუსი დათვის შესახებ.

მათგან განსხვავებით, ტრენინის მშვიდ ანალიზში ჩანს ისტორიული პრესპექტივის ხედვა, იმის რაც ჩვენ ასე გვჭირდება. მინიშნება მომავალზე, უკვე პირველივე გვერდებზე, წიგნის შესავალ ნაწილში შეიმჩნევა. ის ტრენინის უფროს ვაჟს ეძღვნება, რომელიც 30 წლისაა და რომელსაც ავტორი „რუსეთის პირველი თავისუფალი თაობის“ წარმომადგენელს უწოდებს.

მოდით დავფიქრდეთ: ტრენინის შვილი 1981 წელს დაიბადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან საკუთარი თავის გაცნობიერება დაიწყო მაშინ, როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის აჩრდილი საბოლოოდ გაქრა. 2000 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის საერთო ჯამში მსუბუქი ავტორიტარიზმის მიუხედავად, შემდეგი ორი ათწლეული რუსეთის ხანგრძლივი და მრავალტანჯული ისტორიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ყველაზე თავისუფალი პერიოდია. შესაძლოა ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსი დათვი დიდად არ შეცვლილა, მაგრამ თავად რუსებისთვის სიმართლე ის არის, რომ მას შემდეგ რაც მოსკოვმა „უბრალოდ ჩამოიბერტყა იმპერია“, კერძო სექტორმა არსებითად გაუსწრო სახელმწიფო სექტორს და როგორც ამას ტრენინი აღნიშნავს, ეს მართლაც გამაოგნებელია.

ტრენინი გულწრფელად აღიარებს იმას, რომ რუსეთში ჯერ ნამდვილი დემოკრატია არ არის. ამის ნაცვლად, თანამედროვე ისტორიაში რუსეთი ქვეყანაა, რომელსაც უბრალოდ სურს იყოს რუსეთი და არა რაღაც იმპერიული პროექტი. ჩვენ დასავლეთში, იმდენად გავერთეთ იმაზე დებატებით, არის თუ არა ამერიკა იმპერია, რომ ვერც კი ვაფასებთ იმას, თუ რამდენად მშვიდობიანად შესძლო რუსეთმა უარი ეთქვა რეალური მსოფლიოს საკუთარ ვერსიაზე.

მაგრამ ტრენინის ნამდვილი ჩანაფიქრი ამ წიგნში იმის გარკვევაა, თუ მართლაც როგორი გახდა რუსეთი, რომელმაც იმპერიაზე უარი სთქვა. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ იმ სიუჟეტურ ხაზს, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა საბჭოთა კავშირი დაანგრიეს და ცივ ომში გაიმარჯვეს, მაგრამ ტრენინი გვახსენებს, რომ რუსეთი არ დანგრეულა, როგორც გერმანია და იაპონია მეორე მსოფლიო ომში. მას არ დაუმარხავს თავი რეგიონალური ინტეგრაციის სქემებში, როგორც ეს პოსტ-იმპერიულმა საფრანგეთმა გააკეთა, პოსტ-ბრიტანული იმპერიასავით არ მიწეპებია აშშ-ს უმცროსი პარტნიორის რანგში. არა, მოსკოვი თავად იყო საკუთარი იმპერიის კრახის ინიციატორი. პირველად მან ეს მესამე სამყაროს მოკავშირებისგან თანდათანობითი გამიჯვნით დაიწყო, რაც მიღებული იყო ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში. შემდეგ განაგრძო ეს გზა, მიიღო რა ათი წლის შემდეგ გამაოგნებელი გადაწყვეტილება, როდესაც აღმოსავლეთ- ევროპას დასავლურ ბანაკში გადასვლის შესაძლებლობა მისცა, რაც სინამდვილეში, საბჭოთა კავშირის დაშლის აღიარება იყო. ყველა ამ ცალკეულ შემთხვევაში, მოსკოვს საკმარისი ძალა გააჩნდა ხანგრძლივი ბრძოლის გასაგრძელებლად, მაგრამ მან ამაზე უარი სთქვა.

ინიციატივა, რომლითაც მოგვიანებით ბორის ელცინი გამოვიდა, დასავლეთს არარეალისტურ ფანტაზიად მოეჩვენა, რომელზეც დათანხმება არ შეიძლებოდა. ელცინმა კი ხმამაღლა განაცხადა, რომ რუსეთს ნატო-ში შესვლა და რუსეთის ეკონომიკის დასავლურთან ინტეგრირება სურდა, მაგრამ ნატო-მ და ევროპამ დასავლურ ალიანსში აღმოსავლეთ-ევროპა მიიღეს, მოსკოვს კი ალიანსთან ჩვეულებრივი ურთიერთობები შესთავაზეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასული ათწლეულის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა ხელახლა ითხოვა რუსეთის გაწევრიანება ამ ორივე ორგანიზაციაში და კვლავ უარი მიიღო.

იმ ყველაფრის შემდეგ, რაზეც რუსეთი ცალმხრივ რეჟიმში ცივი ომის დასრულებისთვის წავიდა, ევროპამ გააკეთა ყველაფერი, რათა მოსკოვისთვის ეჩვენებინა, რომ მისი ადგილი ევროპელთა რიგებში არ არის. ამავდროულად, ამერიკამ სამხედრო ექსპანსია წამოიწყო სამხრეთში ტერორიზმთან გლობალური ომის ფარგლებში, ხოლო ჩინეთმა მცოცავი ექსპანსია (ეკონომიკური თვალსაზრისით) ცენტრალურ აზიაში რუსეთის „ახლო საზღვარგარეთში“. ტრენინის აზრით, ის რომ მოსკოვი გარე სამყაროსთან ურთიერთობების მილიტარიზაციის გზას არ დაადგა დასაფასებელია. 2008 წელს დაწყებული სამხედრო რეფორმა იმის ნიშანია, რომ მოსკოვმა თითქმის სრულად სთქვა უარი დიდი ზესახელმწიფოს სტატუსისთვის ბრძოლაზე, თუ არ ჩავთვლით ბირთვული შეკავების ძალებს, რომლებიც უნდა ითქვას, რომ შეერთებულ შტატებთან (ერთადერთი სახელმწიფო, რომლისგანაც რუსეთი საფრთხეს მართლაც გრძნობს) შეთანხმების ფარგლებში მცირდება.

საბოლოო ჯამში, თუკი გასულ ორ ათეულ პოსტ-საბჭოთა წელს გადავხედავთ, მართლაც გამაოგნებელია ის, თუ რა ცოტა პრობლემა შეუქმნა მოსკოვმა მსოფლიოს და ამავდროულად კაცობრიობის ისტორიაში არმიის უდიდესი დემობილიზაცია მოახდინა, შეამცირა რა ის ორასზე მეტი დივიზიიდან ასზე ნაკლებ ბრიგადამდე. თუკი შევადარებთ რუსულ მილიტარიზმს 1990- წლიდან აშშ-ს სამხედრო ძალების ზრდას და უცხოეთში ამერიკული სამხედრო ინტერვენციის შემთხვევების სიმრავლეს, შეიძლება ითქვას, რომ მილიტარისტული მისწრაფებები რუსეთს ფაქტობრივად არა აქვს.

„თანამედროვე“ რუსეთი, რომელზეც პლანეტის მოსახლეობის 2%, ხოლო მსოფლიოს მშპ-ს 2% მოდის, დიდ ზესახელმწიფოდ გარკვეული თვალსაზრისით მისი უზარმაზარი ტერიტორიის და გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით რჩება. ტრენინი მას უწოდებს „სახელმწიფო – ქანქარას”, რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის, ასევე ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის ირხევა და სულ უფრო ხშირად უყურებს პოლარულ წრეს, როგორც საკუთარი ენერგეტიკული მოთხოვნების დაკმაყოფილების იმედს, თუმცა როგორც ამას გესლიანად აღნიშნავს ტრენინი, დღევანდელ რუსეთს ელიტა მართავს, რომელიც არავის მიუძღვება წინ და არც ფიქრობს ამაზე.

ამგვარად, მსოფლიო ხედავს მხოლოდ ნაწილობრივ მოდერნიზებულ რუსეთს, რომელშიც პრემოდერნისტული ცარისტული პოლიტიკური სისტემა ცუდად შეესაბამება პოსტმოდერნისტული იდეოლოგიური ათვისების უნარს, რომელშიც კერძო სფერო საფუძვლიანად აღემატება საჯაროს – კარგი თუ ცუდი თვალსაზრისით. თანამედროვეობის რგოლი, რომელიც მას აკლია – პოლიტიკური პლურალიზმია, მაგრამ ეს გრძნობები და განწყობები რუსეთში დღეს არსებითად მიძინებულია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აღიარებს იმას, რასაც ჩინეთი ჯერ კიდევ უარყოფს: დემოკრატია თანდათან უნდა გაჩნდეს, მაგრამ მანამდე საჭიროა უამრავი პრობლემის გადაწყვეტა.

ამ ყოფილი საბჭოთა ექსპერტის აზრით, საეჭვოა ჩვენ რუსეთისთვის შეგვეძლოს ამაზე მეტის მოთხოვნა ასეთ შეზღუდულ ვადებში ცივი ომის დასრულების შემდეგ. რუსეთი არ გეგმავს ომების წარმოებას არც ევროპასთან, არც „გაძლიერებულ“ ჩინეთთან, რომელთანაც მან ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოაყალიბა. გარდა ამისა, მოსკოვი მიესალმება მისი სამხრეთელი მეზობლების თურქეთის და ინდოეთის გავლენის ზრდას. დიახ, რუსეთს ფაქტობრივად პირველად სამი საუკუნის განმავლობაში ევროპაში არ უშვებენ, მაგრამ ის არ მიისწრაფვის არანაირი ტერიტორიული დაპყრობებისკენ, არამედ მხოლოდ მსუბუქი დომინირებისკენ, რასაც ამერიკა თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს და ერთადერთ საფასურს, რასაც ამისთვის იხდის – ბალკანეთში სახელმწიფოს სისხლიანი ნგრევა და კავკასიაში ამაზრზენი პარტიზანული ომია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკა და მთელი მსოფლიო იოლად გამოძვრა ცივი ომის დასრულების შემდეგ. ჩვენი ექსპერტები რუსეთის საკითხებში მოვლენებს არც თუ კარგად განმარტავენ. რუს ექსპერტებს კი ეს მშვენივრად გამოსდით.

თომას ბარნეტი – Wikistra -ის მთავარი ანალიტიკოსი, წერს ჟურნალისთვის Esquire. მისი ელექტრონული წიგნების ახალი სერიას, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა, ეწოდება „The Emily Updates: A Year in the Life of the Girl Who Lived“. მისი რუბრიკა The New Rules ორშაბათობით ქვეყნდება.
foreignpress