ჩვენი ეკონომიკის

ჩვენი ეკონომიკის "ტრაგედია უგმიროდ”

[ბანკები და ფინანსები]

საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები 47 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში მიკროსაფინანსო ბაზარი იზრდება. იზრდება, იმ ფონზე, როდესაც ერთის მხრივ საბანკო სისტემა იწონებს თავს საკრედიტო პოლიტიკის გააქტიურებით, მეორეს მხრივ კი მთავრობა ამაყობს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევით. 
არა და, მიკროსაფინანსო სექტორის მსგავსი ზრდა ეკონომიკის და განსაკუთრებით, საბანკო სისტემის სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს.
საქმე ისაა, რომ თანამედროვე პირობებში, მიკროსაფინანსო სექტორიდან გაცემული კრედიტები, ეკონომიკას უპრეცედენტოდ ძვირი, 36%–დან 60%–მდე, უჯდება.
თუ კრიზისი დაძლეულია და საბანკო სექტორმა საკრედიტო პოლიტიკა რეალურად გაამარტივა, რატომ არის ეკონომიკაში მოთხოვნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კაბალურ პროდუქტებზე, ეს ფრიად გასაოცარი ფაქტია.
საქმე ისაა, რომ რეალურად ეკონომიკა ფინანსური რესურსების შიმშილს განიცდის. საბანკო სექტორისთვის მისაღები ახალი მსესხებელი პრაქტიკულად აღარ არსებობს. სიტუაციას, ამძიმებს კიდევ ერთი გარემოება, ბანკების მიმართ დავალიანების მქონე მსესხებლები, კრედიტორთან გართულებული ურთიერთობის მოგვარებას შემოსავლების არქონის გამო ვეღარ ახერხებენ. ამ პირობებში, ბანკების მიმართ დავალიანების მქონე პირები იწყებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. რეალურად ისინი იძულებულნი ხდებიან გადადგან ეს ნაბიჯი, ვინაიდან, მოკლევადიან პერსპექტივაში სხვა გამოსავალი, თუნდაც დროებითი, უბრალოდ, არ არსებობს.
სწორედ ისაა ქართული ეკონომიკის ტრგედიაა, რომ ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც რეალურად ვერ იხდიან ბანკების მიმართ არსებულ დავალიანებას, ამ დავალიანების გადასაფარად, იღებენ ახალ სესხებს, რომლებიც გაცილებით ძვირი და კაბალურია, ვიდრე ის კრედიტები, რომლებიც თავის დროზე ბანკში აიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კრედიტების უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად, განწირულია იმისთვის, რომ გაპრობლემდეს. რეალურად, მიკროსაფინანსო სექტორი ეკონომიკის დაფინანსების ნაცვლად, ძარცვავს მას. გარდა უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა, წარმოუდგენლად მაღალია ჯარიმები ვადაგადაცილებაზე. 
ხშირ შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ჯარიმაზე პროცენტსაც არიცხავენ, ზოგიერთი მათგანი, ჯარიმის ჯარიმასაც კი არიცხავს მსესხებელს. 
მაღალი საპროცენტო განაკვეთები, უპრეცედენტო ჯარიმები გამოიყენება ისეთ პროდუქტებზე, როდესაც კრედიტის ამოღებაზე რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. საქმე ისაა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კრედიტებს მყარი გირაოს გარანტიით გასცემენ. კრედიტების უზრუნველყოფისთვის, ძირითადად, გამოიყენება დაზღვეული ავტომობილები, ძვირფასი ლითონები და უძრავი ქიონება. 
გაზეთი ~ბანკები და ფინანსები” სწავლობს იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას, რომელიც ბაზარზე მსგავსი მეთოდებით ოპერირებენ. მოკვლევის მიმდინარეობისას, რამდენიმე სხვა საინტერესო ფაქტებიც გამოვლინდა. რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პირდაპირ ბანკის მიერ არის დაფუძნებული. 
ეს ბანკები, თავად არ გამოირჩევიან აქტიური საკრედიტო პოლიტიკით, რადგან, როგორც ჩანს, არ უღირთ საბანკო სისტემის წესებით თამაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახელით გასცემენ კრედიტებს.
ასეთ შემთხვევაში, მათ მიმართ ეროვნული ბანკის რეგულირება არ მოქმედებს და ისინიც თამამად ატარებენ აღვირახსნილ საკრედიტო პოლიტიკას. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთი საკითხია საინტერესო, ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გამოიყენებდეს ~დედა ბანკის” ფინანსურ რესურსებს, რომელსაც, ბუნებრივია, კრედიტის სახით გაცილებით ხელსაყრელი პირობებით იღებს. 
ამ პირობებში, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მიკროსაფინანსო სექტორის აქტივები იზრდება. არც ის იქნება გასაკვირი, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან ისინი თამამად აგრძელებენ, ისეთი ადამიანების გაძარცვას, რომლებსაც ბანკებთან ურთიერთობა აერიათ და პრობლემის რამდენიმე თვით გადავადების სანაცვლოდ, იძულებულები ხდებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კაბალურ პირობებს დათანხმდნენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები2011 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით10%-ით გაიზარდა და 359 988 570 ლარი შეადგინა; (01/04/11 - 327 038 378 ლარი) აქტივების წლიური ზრდის ტემპი 47%-ს აღემატება, ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკით, მეორე კვარტალში ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის მოცულობა, წინა წელთან შედარებით 56,2%-ით გაიზარდა. 2011 წლის ივნისის ბოლოს, ორგანიზაციებში მთლიანი სესხების მოცულობამ 271 981 443 ლარი შეადგინა.
საანგარიშო კვარტლის ბოლოს, ჯამური გაუნაწილებელი მოგება 39 მლნ ლარამდე გაიზარდა. პირველი კვარტალის ბოლოს, გაუნაწილებელი მოგება 30 მლნ ლარს შეადგენდა.
2011 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე ფუნქციონირება 4-მა ახალმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაიწყო. ამ დროისთვის ბაზარზე 57 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.