23 წლის იოსებ წიკლაურის სისცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება

23 წლის იოსებ წიკლაურის სისცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება

[ნინო მიქიაშვილი]

ახალგაზრდებს ახლა ქუჩაში აღარ ცხრილავენ, არც ოქროყანაში აჰყავთ და წამებით აღარ კლავენ, აღარც ქაქუთის გზაზე აგდებენ, დაცხრილულს და ნაწამებს, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ცოცხლად გადარჩენილი ყოფილი პატიმრები განმარტავენ, დახოცილ პატიმრებს, რომელთა ასაკი 30-დან 40 წლამდე მერყეობს, აქეთ-იქით წიწილებივით ეზიდებიან. მათი ბედი 23 წლის მსჯავრდებულმა, იოსებ წიკლაურმა, რომ არ გაიზიაროს, რომელიც ახლა, მამის, ზურაბ წიკლაურის განმარტებით, ფეხბორკილდადებული სიკვდილს ებრძვის, ორი დღეა პარლამენტარები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები აქციებს მართავენ.

გუშინ იოსებ წიკლაურის გადარჩენის საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთო - გიორგი ტუღუში, ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს მოუწოდებს დროულად გასცეს დასკვნა, 23 წლის მსჯავრდებულის, იოსებ წიკლაურის ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც ამჟამად ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

ამგვარი განცხადება გიორგი ტუღუშმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სახალხო დამცველის ოფისთან, 23 წლის პატიმრის სიცოცხლის  გადასარჩენად, მისი ოჯახის წევრებთან ერთად აქცია გაიმართა, რის შემდეგაც, პატიმრის მამა, ზურაბ წიკლაური, ადვოკატთან, ჯუმბერ მილორავასთან, დავით ლილუაშვილთან, დაჩი ცაგურიასთან, ლაშა ჩხარტიშვილთან, მაია ხარაძესთან და ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, სახალხო დამცველს შეხვდა და ესაუბრა.

რადგან ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები დაარღვია, სახალხო დამცველი წიკლაურებს ურჩევს საჩივრით მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს. როგორც პატიმრის მამამ, ზურაბ წიკლაურმა და ადვოკატმა, ჯუმბერ მილორავამ აღნიშნეს, ამ ნაბიჯის გადადგმისგან ამ დრომდე თავს იკავებდნენ, რადგან იმედოვნებდნენ, რომ ექსპერტიზის ბიურო დასკვნას გასცემდა, ხოლო სასამართლოსთვის მიმართვა დასკვნის გაცემას დროში გაწელავდა.

რადგან უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პატიმრის ოჯახს დასკვნა დღემდე არ მიუღია, შესაძლოა ექსპერტიზის ბიუროს სასამართლოში ახლა უჩივლონ და პარალელურ რეჟიმში, უფლებადამცველებთან და ჟურნალისტებთან ერთად გააგრძელონ აქციები, იოსებ წიკლაურის სიცოცხლის გადასარჩენად.

შეგახსენებთ, რომ იოსებ წიკლაურის უფლებებს მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელი, ჯუმბერ მილორავა იცავს. მასთან და მსჯავრდებულის მშობლებთან ერთად, იოსებ წიკლაურის სიცოცხლის გადასარჩენად აქცია 18 აგვისტოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობასთანაც გაიმართა. მშობლები, ადვოკატი და მათთან ერთად უფლებადამცველები, პარლამენტარები (გია ცაგარეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე) და ჟურნალისტები ექსპერტიზის დასკვნას მოითხოვენ, რომლის მიღების შემდეგ სასამართლოს მიმართავენ, სასჯელის გადავადების თხოვნით.

ბიურო კი არც დასკვნას იძლევა და არც განმარტებებს აკეთებს, რასაც პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი, 23 წლის ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში თანამონაწილეობად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ იოსებ წიკლაური 2009 წლის 30 ივლისს, გორში სრულიად ჯანმრთელი დააკავეს და ხულიგნობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს ახალგაზრდა კაცი ტუბერკულოზით ციხეში დაავადდა, რაც დადასტურებულია 17 აგვისტოს გაცემულ ცნობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.