„ობიექტივის“ ჟურნალისტმა შსს-ს სასამართლოში უჩივლა

„ობიექტივის“ ჟურნალისტმა შსს-ს სასამართლოში უჩივლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, მედია-კავშირ „ობიექტივის“ კორესპონდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 აგვისტოს სარჩელით მიმართა - ნინო მიქიაშვილი ითხოვს სრულყოფილ საჯარო ინფორმაციას, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი აქციის დარბევაში მონაწილე სპეცრაზმების შესახებ.

მიქიაშვილის უფლებებს იცავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ არსებული „ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის“ იურისტი, გიორგი ნარმანია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას წინ ასეთი ისტორია უძღვოდა - მშვიდობიანი აქციის დარბევის მეორე დღეს, 27 მაისს, ნინო მიქიაშვილმა შსს-ს კანცელარიაში ასეთი შინაარსის განცხადება ჩააბარა:

„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და 40-ე მუხლების თანახმად, გთხოვთ, მაცნობოთ 2011 წლის 26 მაისს ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე რომელი სპეცდანიშნულების რაზმები მონაწილეობდნენ მიტინგის დაშლაში“.

განცხადება უპასუხოდ დარჩა, რის შემდეგაც ჟურნალისტმა სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა „ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს“; 14 ივნისს კი შსს-ში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა და მინისტრისგან, ვანო მერაბიშვილისგან მოითხოვა შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის ქმედების განხორციელების დავალება.

17 ივნისს შსს-დან ჟურნალისტმა 15 ივნისით დათარიღებული წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 27 მაისს, 12 საათზე მოხდებოდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. ეს პროცესი სულ რაღაც 15 წუთი გაგრძელდა, რა დროსაც შსს-ში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირმა, ხათუნა ქველაძემ საჩივარი აღიარა -  განაცხადა, რომ „ობიექტივის“ კორეპონდენტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია იყო  საჯარო.  27 მაისს ჩაბარებული განცხადების უპასუხოდ დატოვება კი იმით ახსნა, რომ შსს-ს ქვესტრუქტურებისთვის გაგზავნილ მიმართვებზე პასუხების შეგროვება ვერ მოასწრო - „შსს-ს ყველა ქვესტრუქტურას ჰყავს სპეცრაზმი. ქვესტრუქტურებს განცხადებებით მივმართე და პასუხებს ველოდებოდი“.  

ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებიდან 21 დღის შემდეგ, 18 ივლისს ჟურნალისტმა ფოსტით მიიღო შს მინისტრის პირველი მოადგილის, ეკა ზღულაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც 1 ივლისით იყო დათარიღებული და მასში ეწერა:

„1.მედია-კავშირ „ობიექტივის’ კორესპონდენტის, ნინო მიქიაშვილის 2011 წლის 13 ივნისის №692737 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2.შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს დაევალოს მედია-კავშირ „ობიექტივის“ კორესპონდენტის, ნინო მიქიაშვილის 2011 წლის 27 მაისის განცხადებაზე ქმედების განხორციელება 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;

3.ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს;

4.აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის მე-12 კმ. №6), ამ აქტის ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში“.

ზღულაძის ბრძანებას 7 დღის შემდეგ, 25 ივლისს მოჰყვა შსს-ს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ზვიად თავართქილაძის ხელმოწერილი, ერთ აბზაციანი წერილი, რომელიც ბლანკზეა დაბეჭდილი. ეს წერილი 14 ივლისითაა დათარიღებული და მასში ასეთი რამ წერია:

„ქალბატონო ნინო, თქვენი 2011 წლის 13 ივნისის №692737 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე შს სამინისტროს მიერ გამოცემული 2011 წლის 1 ივლისის №552 ბრძანების საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის ღამეს ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უკანონო მიტინგის დაშლაში მონაწილეობა მიიღო შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისმა დანაყოფებმა“.

რადგან ნინო მიქიაშვილის გამოთხოვილი ინფორმაცია არ შეესაბამება იმ ერთაბზაციანი წერილის შინაარს, რომელიც მან 25 ივლისს ფოსტით მიიღო, დახმარებისთვის ისევ „ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს“ მიმართა და 19 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„ობიექტივის“ კორეპონდენტის წარმომადგენლის, გიორგი ნარმანიას განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 28-ე და 37-ე მუხლების თანახმად, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ყველას აქვს  უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას, მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად; აგრეთვე მიიღოს მათი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ, ან პირად საიდუმლოებას.

ინფორმაცია იმის შესახებ, შსს-ს რომელი სპეცდანიშნულების რაზმები მონაწილეობდნენ 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლაში, სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ, ან პირად საიდუმლოებას, რომ არ წარმოადგენს და საჯაროა, ეს შს სამინისტრომაც აღიარა, მაგრამ, რბილად, რომ ვთქვათ, შეუსაბამო პასუხი გამოგზავნა.

„ჟურნალისტმა გამოითხოვა ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი სპეცდანიშნულების რაზმები მონაწილეობდნენ აქციის დაშლაში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ითხოვდა ინფორმაციას შსს-ს კონკრეტული უწყებრივი და რეგიონული დანაყოფების იდენტიფიკაციით. შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია კი მოიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას, რომ აქცია მართლაც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფებმა დაშალეს.

გამომდინარე აქედან, ნინო მიქიაშვილის მიერ გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაცია არ შეესაბამება ერთმანეთს და შსს-ს უნდა დაევალოს ქმედების განხორციელება - ჟურნალისტის მიერ 27 მაისით დათარიღებული განცხადებით გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემა“, - ამბობს „ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის“ წარმომადგენელი, გიორგი ნარმანია.