რუსეთი პოსტ-საბჭოთა კავშირს ქმნის

რუსეთი პოსტ-საბჭოთა კავშირს ქმნის

[FINANCIAL TIMES  სარედაქციო წერილი]

პარასკევს ოცი წელი ხდება იმ დღიდან, რაც „კგბ“-ს მიერ ინსპირირებული გადატრიალება ჩაიშალა, რომლის მიზანიც რეფორმატორი საბჭოთა ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის დამხობა იყო. ის სამხედრო გენერლების, სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისა და კომუნისტი რეაქციონერების ჯგუფს უნდა შეეცვალა. ავანტიურა სამ დღეში ჩაიშალა, რამაც ბოლო მოუღო კომუნიზმს, ხოლო საბჭოთა კავშირი 15 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშალა

ოცი წლის შემდეგ რუსეთი პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავის სამხედრო, დიპლომატიურ და ეკონომიკურ გავლენას აღადგენს. ამ ფაქტის უხეში დადასტურება იყო 2008 წლის მოვლენები, როდესაც საქართველოსთან ომის შემდეგ კრემლმა ქართული სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ახლა მოსკოვი უფრო მსუბუქ პროექტს ახორციელებს: „საერთო ეკონომიკურ ზონას”, რომელიც გულისხმობს საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის ტერიტორებზე.

ერთი შეხედვით ეს გეგმა ყველა ამ ქვეყნისთვის სასარგებლოა. ის გულისხმობს საბაჟო კავშირის შექმნას, რომელიც შარშან ამოქმედდა და თავისუფალი ერთიანი ბაზრის პერსპექტივას 165 მილიონი ადამიანისთვის, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის დაახლოებით 60%-ია. თეორიულად ეს სტიმული უნდა გახდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. პროექტმა შეიძლება ასევე ხელი შეუწყოს წარმოების განვითარებას სამივე ქვეყანაში. ისინი შესძლებენ 1991 წლის შემდეგ გაწყვეტილი კავშირების აღდგენას.

რუსეთთან ერთიანი ეკონომიკური სივრცე ბელორუსს სხვა შედეგებსაც უქადის. მისი ავტორიტარული და ეკონომიკურად არაკომპეტენტური პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს პირობებში, ბელორუსი შფოთსა და არეულობებშია. ის ფინანსების და ენერგომატარებლების სუბსიდირებული მიწოდებების მხრივ რუსეთზეა დამოკიდებული. დროსთან ერთად ერთიანმა ბაზარმა ხელი უნდა შეუწყოს ბელორუსის ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს მოსკოვის მხრიდან ზეწოლა და რისკი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.

მეორეს მხრივ, ყაზახეთისთვის პროექტი „ჩინური ექსპანსიონიზმის“ მიმართ შიშის გაფანტვის შესაძლებლობაა. ქვეყანაში ჩინეთის მზარდმა გავლენამ, რომელიც ყოფილი შუა აზიური ხუთი საბჭოთა რესპუბლიკიდან ეკონომიკურად ყველაზე წარმატებულია, 2010 წლის დასაწყისში ალმა-ატაში პროტესტი გამოიწვია.

პოსტ-კომუნისტური რუსეთი არ მალავს საკუთარ მოსაზრებას, რომ ყოფილი ცარისტული და საბჭოთა იმპერიის უზარმაზარი ტერიტორიები მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესია, მაგრამ თუკი, როგორც ამას რუსი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, საბაჟო კავშირი ევროკავშირის კანონთა კრებულის მსგავს ნიშნებს ატარებს, ეს იმის იმედს აჩენს, რომ მოსკოვის მოტივები საფრთხეს არ შეიცავს. ამის კიდევ უფრო მყარ მტკიცებულებად კი ის გამოდგებოდა, თუკი კანონის უზენაესობა თავად რუსეთშიც დამკვიდრდებოდა. უფრო ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატია და სამოქალაქო წესრიგი რუსეთში ყველაზე უკეთ შეუწყობდა ხელს რუსეთის მეზობლების დარწმუნებას.
foreignpress