[Atlantic ჯოშუა ფოსტი]
საქართველო და რუსეთი 2008 წლის ომის მესამე წლისთავს აღნიშნავენ და ჰოლივუდმა საქართველოს ნარატივის მხარდამჭერი ფილმი გამოუშვა
დღეს რუსულ-ქართული ომის სამი წლისთავი აღინიშნება. საქართველოს თავის ორ სეპარატისტულ რეგოინთან, სამხრეთ- ოსეთთან და აფხაზეთთან ძალიან მძიმე ურთიერთობა აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მან ორივესთან იომა და სოხუმში, აფხაზეთის დედაქალაქში, 1989 წელს გასამხედროებული შენაერთებიც კი გააგზავნა, რომელიც მოგვიანებით საბჭოთა ჯარმა მოიგერია.
იმის გამო, რომ ის ორი პროვინცია დახმარებას რუსეთს სთხოვს, ამერიკის პოლიტიკაში საქართველოს მხარდაჭერის ტენდენციაა, რადგან საქართველო… ჰო, რუსეთი ცუდია, გესმით ალბათ, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა რევოლუციით საძაგელი საბჭოთა რელიქტი ედუარდ შევარდნაძე დაამარცხა და ინგლისური იცის და დემოკრატია უყვარს და ასეთი რაღაცეები. ამერიკულ ნარატივში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ სტალინამდე აფხაზეთს რეალურად საკუთარი ქვეყანა, საკუთარი კულტურა, ენა, მთავრობა, ტრადიციები ჰქონდა და სამხრეთ-ოსეთსაც 1921 წლამდე ჰქონდა ენა და საკუთარი, განუმეორებელი კულტურა. მართლაც და ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც ზუსტად იმავე არგუმენტებს იშველიებენ სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფის გასამართლებად, ამასვე უნდა აკეთებდნენ აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით (ასე უნდა იყოს, თუ გჯერა თვითგამორკვევის უფლებისა მტრული და შორეული ქვეყნიდან), მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ამას არ აკეთებდნენ.
ამასობაში სააკაშვილის მმართველობის პირობებში, საქართველომ წამოიწყო ძვირადღირებული, გახმაურებული კამპანია აშშ-ს ხალხისა და მთავრობისთვის. მათ ამერიკელ მემარჯვეენებში მომხრეები მოძებნეს – სენატორები თბილისში ჩადიან და რუსეთს აცხადებენ ახალ ბოროტებად, რომელიც ამერიკამ უნდა დათრგუნოს.
იმის გამო, რომ ყველა 30 წელს გადაცილებული ამერიკელი რუსეთისადმი უნდობლობის გარემოში გაიზარდა, ისინი იოლად ადგებიან რუსეთის სიძულვილის გაკვალულ გზას და სწამთ, რომ ყველა, ვინც რუსებს წინააღმდეგობას უწევს, ავტომატურად კარგია, ხოლო რუსულ-ქართული მტრობა ნამდვილად უწყობს ხელს ამ ტიპის აზროვნებას: ზედაპირული თვალთახედვით, რუსეთი შეიჭრა საქართველოში, დახოცა უამრავი ადამიანი, დაანგრია უამრავი შენობა, მერე საქართველოს ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა. ომის ასეთი ნარატივი უბრალოდ მცდარია – საქართველოს განცხადებები, რომ ომი რუსეთმა დაიწყო არაა სწორი. დამოუკიდებელმა კომისიამ ეს საკითხი გამოიძია და დაადგინა, რომ რეალურად ომი საქართველომ დაიწყო და ვერ დაამთავრა, თუმცა ეგონა, რომ ამერიკა მას მხარს დაუჭერდა და რუსეთს დაესხმოდა თავს, მაგრამ ამ დასკვნას არავითარი გავლენა არ მოუხდენია აღგზნებულ პრო-ქართულ და ანტი-რუსულ შეძახილებზე, რომლებიც ამ დღეებში ვაშინგტონში ისმის. რუსეთის საქართველოში შეჭრას და მის მიერ ქალაქების ოკუპირებას გამართლება არა აქვს. ამის პატიება არ შეიძლება, მაგრამ არც იმას აქვს გამართლება, რომ საქართველომ ცხინვალს გაუხსნა განურჩეველი ცეცხლი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დაბომბვას შეეწირა რამდენიმე რუსი სამხედრო, რომლებიც გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
ვაი რომ, ორივე მხარე ერთმანეთს ისევ ესხმის თავს. საბოლოოდ ამერიკამ რუსეთთან ომში საქართველოს დაუჭირა მხარი, თუმცა ამერიკელები გაოგნებას გამოხატავენ, როდესაც რუსეთი ამერიკის ინტერესებს საქართველოში საეჭვოდ მიიჩნევს. გაარკვიე ახლა ვინაა მართალი.
ამიტომ ძალიან დიდი ინტერესით ჩავუჯექი რენი ჰარლინის, ”კერკეტი კაკლის” რეჟისორის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ასლს ”ომის ხუთ დღეს”. ის საქართველოს 2008 წლის ომზეა გადაღებული და პრეზიდენტ სააკაშვილს კინოვარსკვლავი ენდი გარსია თამაშობს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფილმის თანაპროდიუსერები საქართველოს პარლამენტის წევრები იყვნენ, ხოლო ქართულმა არმიამ გადაღებები აღჭურვილობით უზრუნველყო? კი, ნამდვილად მნიშვნელოვანია.
ეს ფილმი არც კი აცხადებს პრეტენზიას ნეიტრალიტეტზე, ბალანსზე და სამართლიანობაზე. ყველა ქართველი ნამდვილი პროფესიონალი სამხედროა. ყველა რუსი უსახური, სისხლსმოწყურებული სოციაპათია და უდანაშაულოთა ხოცვა-ჟლეტა ახარებს. პირველი სცენა, სადაც ჟურნალისტები ოცამდე ერაყელის თავდასხმის ობიექტი ხდებიან და სადაც მათ უზადო ქართველი ჯარისკაცები იხსნიან, შესაბამის ტონი შემოაქვს: ქართველები თავისუფლების, დემოკრატიისა და ობიექტური ჟურნალისტიკის გმირები არიან.
რაღა თქმა უნდა, როდესაც ამას ვუყურებთ, ალბათ არ უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა დაუღალავად სდევნის და აპატიმრებს იმ ჟურნალისტებს, ვინც სააკაშვილის მთავრობას აკრიტიკებს და ახალი ამბები, სადაც საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას ითხოვს (მისი რამდენიმე ათეული ჯარისკაცი ერაყსა და ავღანეთში) და რუსეთის ბოროტი განზრახვა აღადგინოს საბჭოთა კავშირი. სადაა ბალანსი.
რაღა თქმა უნდა, ზოგიერთმა შეიძლება სცადოს ფილმი მისივე გზავნილისგან ცალკე განიხილოს, მაგრამ თუ ბატალურ სცენებს ვუარყოფთ, მაშინ სიუჟეტი უბრალოდ გაქრება. ომის დაწყების ფილმისეული ვადა წინააღმდეგობაში მოდის ეუთო-სა და ევროკავშირის ანგარიშებთან: საქართველოს ამ ფილმში საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა უნდა, ხოლო ეს საზარელი რუსები უცოდველ მშვიდობიან მოსახლეობის ზურგს უკან იმალებიან და ისე ესხმიან თავს ქართულ სოფლებს (სამხრეთ-ოსეთის რეალობა, სამწუხაროდ, ბევრად უფრო რთულია). საერთოდ არ არის ნახსენები ქართველების მიერ, ოფიციალური საომარი მოქმედებების დაწყებამდე მოკლული რუსი მშვიდობისმყოფელები, რაც იმ მნიშვნელოვან მომენტად იქცა, რომელმაც რუსეთის რეგიონში შსვლა განაპირობა.
იქ იყო რამდენიმე საინტერესო მოსაზრება იმაზე თუ როგორ არიან ჟურნალისტები შეპყრობილები და თავგაბეზრებულები ომით, მაგრამ არც ერთი ეს მოსაზრება რეალურად არ არის ახალი. მაგალითად ფილმში ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ უგულვებელყო მედიამ ომი, მაგრამ ეს უბრალოდ არ შეესაბამება სიმართლეს: ომის პირველი დღე ოლიმპიური თამაშების გახსნამ დაჩრდილა, მაგრამ აგვისტოს განმავლობაში ომი საქართველოში გლობალურ მედიაში დომინირებდა.
მსახიობები მართლაც ღირსეულად თამაშობენ – ველ კილმერი მართლაც სასიამოვნოდ გაგაოცებთ ოპერატორის როლის დახვეწილი შესრულებით, მაგრამ ომთან დაკავშირებით სიუჟეტის უზარმაზარ დისბალანსს, ძალიან შორს გადააქვს ყურადღება იქიდან, რაც შეიძლება საინტერესო კინოფილმი გამხდარიყო.
”ომის ხუთი დღის” ნახვა უამრავი რამის გამო ღირს: საქართველოს ბუნება, მშვენიერია და მას ჰარლინმა ისეთი დიდი ყურადღება დაუთმო, როგორც დიდი ხნის მონატრებულ საყვარელს. თბილისი კოსმოპოლიტური ქალაქია ბრწყინვალე არქიტექტურით. ბატალური სცენები კარგადაა გადაღებული, შესაძლოა ცოტა პლაკატურად, მაგრამ ეს არ არის ცუდი მძაფრსიუჟეტიანი ფილმისთვის. გარსიას სააკაშვილს სლავური აქცენტი აქვს ლაპარაკისას, მისი ყველა მრჩეველი კი უნაკლო ამერიკული ინგლისურით ლაპარაკობს. შესაძლოა ეს უბრალოდ ჰოლივუდური შაბლონია, მაგრამ იქნებ ქვეტექსტიც: სააკაშვილის მთავრობის თანამშრომლები, უამრავი ამერიკელია: მრჩეველები, ტრეინერები, მისი სამინისტროების თანამშრომლები. სააკაშვილს თავად კოლუმბიის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და ნიუ-იორკის ელიტაში ფართო კავშირები აქვს შენარჩუნებული. განზრახ გაკეთდა ეს, თუ არა, ცხადი არ არის.
მოკლედ, თუ შეგიძლიათ პოლიტიკა არად ჩააგდოთ და არად ჩააგდოთ ის, რომ სწორედ ესაა მთავარი ქართული პროპაგანდისთვის, ”ომის ხუთი დღე” საინტერესო ფილმია ომზე, განსაკუთრებით კონფლქიტის სამი წლისთავზე, მაგრამ ის არ აღწერს სწორად მომხდარს და მასში არც განსაკუთებით პატიოსანი ანალიზია მოვლენებისა, რომლებიც ომის მიზეზი გახდა. თუ მას მხოლოდ გასართობ ფილმად მივიჩნევთ, ის მართლაც მშვენიერია. უბრალოდ დაივიწყეთ ის, თუ რისი თქმა ჰქონდათ განზრახული ამ ფილმის მეშვეობით.
foreignpress