[რეზონანსი ლანა ბერიძე]
საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი" რუსეთ -საქართველოს ომის 3 წლის თავთან დაკავშრებით მომზადებულ ანგარიშში ქართველ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ქართული მხარე გარკვეული შეთანხმებებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემთხვევაში მზად არის რუსეთს აფხაზეთის რკინიგზა გაუხსნას და სოჭის ოლიმპიადისთვის მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით ფოთის და ბათუმის დაუთმოს. თუმცა, რომელ მაღალჩინოსანზეა საუბარი და რა შეთანხმების სანაცვლოდ შეიძლება გააკეთოს ეს ქართულმა მხარემ, ორგანიზაცია ამას არ აკონკრეტებს.
ქართველი ექსპერტები კი ქართული მხრიდან მსგავსი შეთავაზების გაკეთებას ამ ეტაპზე არარეალურად მიიჩნევენ. "საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა" გუშინ გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით "საქართველო-რუსეთი: ვისწავლოთ მეზობლურად ცხოვრება", სადაც სწორედ ამ საკითხზეა საუბარი.ანგარიშში საუბარია 2008 წლის კონფლიქტის წინა პერიოდზე. ასევე რუსეთის მიმართ ქართული მხარის ბრალდებებზე და პირიქით. ასევე საქართველოს მთავრობის შეხედულებებზე კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით და რუსეთის ხედვებსა და პოზიციებზე.
ანგარიშში საუბარია, რომ დაპირისპირებული მხარეები მხოლოდ მოლაპარაკებათა 2 ფორმატის ფარგლებში ხვდებიან ერთმანეთს. ერთია ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და მეორე - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე მიმდინარე ქართულ-რუსული მოლაპარაკება.
"როგორც "კრიზისების ჯგუფს" ერთ-ერთმა ქართველმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, ქართული მხარე მზად არის, გარკვეული უსაფრთხოების შეთანხმების შემთხვევაში გახსნას აფხაზეთის რკინიგზა რუსული ტვირთისთვის. ასევე დაუთმოს რუსეთს ბათუმისა და ფოთის პორტები სოჭის ოლიმპიადისთვის მიმდინარე მშენებლობისთვის სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავდა ნოვოროსიისკის პორტს და რუსულ რკინიგზას", - წერს ორგანიზაცია და იქევ დასძენს, რომ ასეთი შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის თავიდან დააყენებს დღის წესრიგში აფხაზეთის სტატუსის საკითხს და შესაძლოა ამის გამო რუსეთი ამ წინადადებას არ დათანხმდეს.
ორგანიზაცია არ აკონკრეტებს რომელი ქართველი მაღალჩინოსანი აკეთებს ამ განცხადებას. ანგარიშში მხოლოდ ისაა მითითებული, რომ მასთან ინტერვია "კრიზისების ჯგუფმა" 2011 წლის მარტში ჩაწერა.
ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი წინადადება მას ძალიან არადამაჯერებელად მიაჩნია.
"დაუჯერებელია, რომ ქართველ ჩინოვნიკს ჰქონდეს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლებამოსილება. ეს ამბავი არ მიმაჩნია დამაჯერებლად. ამ ეტაპზე, მითუმეტეს ოლიმპიადის კონტექსტში, უფრო სხვა ტიპის მოლოდინებია, ვიდრე ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი წინადადება შესთავაზოს რუსეთს.
"საქართველოს ხელისუფლება სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს და როგორ გგონიათ, ამის ფონზე რაიმეს დათმობს?,მსგავს წინადადებას და შეთანხმებას არ ველოდები და შესაბამისად, ვერც იმაზე ვისაუბრებ, თუ რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს მას. ასეთი თემები უნდა განხილულიყო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლის ჭრილში. ცალკე სოჭის ოლიმპიადაზე ამის განხილვა არარეალურია", - ამბობს ცისკარიშვილი.
მისი თქმით, ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება გარკვეული შეთანხმების და უსაფრთხობის შემთხვევში დააყენებს ამ წინადადებას და ეს იმდენად ზოგადი განცხადებაა, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება დათანხმდება, თავს მოიტყუებს.
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ ორ ქვეყანაში მსგავსი ტიპის ეკონომიკური მოძრაობა დაიწყება, ეს ცუდი არ არის. თუმცა, მასაც ამ ეტაპზე მსგავსი ნაბიჯის გადადგმა არადამაჯერებლად მიაჩნია.
"თავისთავდ ასეთი ტიპის თანამშრომლობაში ცუდი არაფერი არ არის. სხვა საკითხია, რომ თუ ასეთი რამ ხდება, რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება საზოაგდოების ზურგს უკან. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება საკუთარ საზოგადოებასთან", - ამბობს ხუხაშვილი - "გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, თუ ასეთი შეთავაზება გაკეთდება, რას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლება ამის სანაცვლოდ. მაგრამ, თუ მსგავს რამეს აპირებს, რატომ უნდა მალავდეს ამას?
"მედვედევი როცა ამბობს, რომ სააკაშვილს ხელს არ ჩამოართმევს, ეს ბევრ რამეზე მეტყევლებს. შესაბამისად, თუ მედვედევის ხელის ჩამორთმევა სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ასეთი შეთანხების გაკეთება აბსოლუტურად წარმოუდგენელია", - ამბობს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მედვედევმა ბოლო ინტერვიუს დროს "ხულიგნური" განცხადებები გააკეთა, საქართველოს ხელისფლება ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს.
"სააკაშვილის და შემდეგ მედვედევის ინტერვიუების ფონზე, ასეთი ინფორმაცია არადამჯერებლად მეჩვენება. ჯერ ერთი, მარტო პორტი არაფერს ნიშნავს. რკინიგზას რაც შეეხება, აფხაზეთის რკინიგზის გახსნას სჭირდება ძალზე დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოები და ეს ძალიან გრძელვადიანი საკითხია", - ამბობს ცინცაძე.
მისი თქმით, დიპლომატიას თავისი წესები აქვს. ამიტომ როდესაც მხარეები ემზადებიან მსგავსი ტიპის შეთანხმებისთვის, ისინი რიტორიკას ცოტა "ვარცხნიან" და ისეთ განცხადებებს არ აკეთებენ, როგორსაც მედვედევი.
"ამიტომ ის ინფორმაცია, რაზეც ეს ორგანიზაცია წერს, ძალიან არარეალურად გამოიყურება. ის, რომ საქართველო ამდენ დათმობაზე წავიდეს - რკინიგზა გახსნას და პორტები დაუთმოს რუსეთს - ამ ეტაპზე არარეალური მგონია. ამის არავითარი წინაპირობა არ არსებობს, ხოლო ის ფაქტი, რომ რომელიმე მაღალჩინოსანმა რაღაცა თქვა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. თან არ ვიცით რომელ მაღალჩინოსანზეა საუბარი. ქართველი მაღალჩინოსანი სულ სხვა რეჟიმში ჩინოსნობს და მის ანონიმურად მიცემულ განცხადებას ვერ დავეყრდნობით", - აცხადებს სოსო ცინცაძე.