[რეზონანსი ელზა წიკლაური]
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე 18 დღით ადრე სერგეი შამბას საარჩევნო შტაბი რიგით მეორე გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერები შამბას გუნდში წევრიანდებიან. გაყოფილია ეთნიკური სომხების აზრიც, მათი სიმპათია სამივე კანდიდატისკენ იხრება. გალის ქართველობის დიდი ნაწილი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ალექსანდრე ანქვაბს უჭერს მხარს. ამ დროისთვის გამოკვეთილი ლიდერი არ სახელდება, რეიტინგებში ანქვაბსა და შამბას შორის სხვაობა მინიმალურია, ხაჯიმბას კი მოსახლეობის თითქმის 10-12% უჭერს მხარს.
26 აგვისტოს დანიშნულ "არჩევნებამდე" 2 კვირაზე მეტია დარჩენილი და გამორიცხული არ არის, რომ ამ პერიოდში სიტუაცია ერთი რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ შეიცვალოს. თუმცა, როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, ცვლილება მნიშვნელოვანი არ იქნება და შედეგად, მეორე ტური დაინიშნება.
შამბას რეიტინგები
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატის, სერგეი შამბას საარჩევნო შტამბა 1-3 აგვისტოს რიგით მეორე გამოკითხვა ჩაატარა. ამ გამოკითხვების მიზანი "პრეზიდენტობის" კანდიდანტთა რეიტინგის დადგენაა.
აგვისტოს გამოკითხვის შედეგად, პირველ ადგილზე 38,5%-ით შამბა გავიდა, გამოკითხულთა 24,9% მხარს ალექსანდრე ანქვაბს უჭერს, რაულ ხაჯიმბამ კი ხმათა 12,9% აიღო.
ანალოგიური ტიპის გამოკითხვა შამბას საარჩევნო შტაბმა 5-12 ივლისსაც ჩაატარა. მაშინაც, პირველ ადგილზე, როგორც მოსალოდნელი იყო, შამბა გავიდა. წინა გამოკითხვაში მას მხარს 26,4% უჭერდა, ანქვაბს - 22,8%, ხაჯიმბას კი - 7-8%.
"კანდიდატის საარჩევნო შტაბის მიერ წინასაარჩევნოდ ჩატარებული გამოკითხვები არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი და ასეთი გამოკითხვის შედეგები რეალობას არ ასახავს. მათ ამით სურთ საზოგადოებაში შექმნან ისეთი განწყობა, რომ ხალხი მხარს სწორედ მათ კანდიდატს უჭერს. ასე ხდება თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და ამიტომაც ასეთი კვლელები სანდო ნამდვილად არ არის", - განუცხადა "მთელ კვირას" ზაქარეიშვილმა.
გალის ხმები
თბილისშიც და სოხუმშიც ვარაუდობენ, რომ გალის რაიონის ქართული ხმები ძირითადადა ალექსანდრე ანქვაბისკენ გადაიხრება. ამას თავად გალელებიც ჩვენთან პირად საუბარშიც ადასტურებენ და არგუმენტად ანქვაბის მხრიდან ქართველებისადმი კეთილგანწყობას ასახელებენ.
"გალის რაიონის ქართველები მხარს ალექსანდრე ანქვაბს უჭერენ. თანაც აქ საგულისხმოა ისიც, რომ ქართველები ყოველთვის უპირისპირდებიან სომხებს და ვისაც სომხური დიასპორა მხარს უჭერს, გალელები მას ხმას არ აძლევენ. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ გალში ანქვაბი აიღებს ხმათა 60%-ს, შამბა - დაახლოებით 30%-ს, დანარჩენი 10% კი ხაჯიმბა მიიღებს", - ამბობს ზაქარეიშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანქვაბს მხარდაჭერა უკვე გამოუცხდა აფხაზეთის "სამამულო ომის" ვეტერანთა კავშირმა "ამცახარამ". კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ამცახარა" ყოველთვის მხარს უჭერდა კანდიდატს, რომლისთვისაც მთავარი არა ხელისუფლება, არამედ სახელმწიფოს ინტერესები, მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა იყო.
"ქვეყანას ბრძენმა, სინდისიწერმა, მამაცმა და პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკოსმა უნდა უხელმძღვანელოს, ადამიანმა, რომელსაც შეუძლია, ერი შეკრას. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ალექსანდრე ანქვაბს შეუძლია სერგეი ბაღაფშის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელება.
"შექმნას, გაზარდოს და დაიცვას რესპუბლიკის ღირსება - ალექსანდრე ანქვაბის კრედოა. იგი არა პოპულისტი, არამედ ჭკვიანი და პრინციპული პოლიტიკოსია, რომელიც ცარიელ დაპირებებს არ იძლევა. ალექსანდრე ანქვაბმა იცის, რა უნდა აკეთოს," - ნათქვამია "ამცხარას" განცხადებაში.
რაც შეეხება ზოგადად ანქვაბს, 2004 წლის "საპრეზიდენტო არჩევნებში" მან აფხაზეთში მუდმივი ცხოვრების ხანგრძლივობის ცენზის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო. ამის გამო სერგეი ბაღაფშს დაუჭირა მხარი და "პრემიერის" თანამდებობა ერგო.
2009 წელს იგი "ვიცე-პრეზიდენტად" აირჩიეს. ხუთი შეიარაღებული თავდასხმის გადატანის შემდეგ ანქვაბი მკაცრი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს. კორუფციასთან ბრძოლისთვის მან მოსახლეობაში გარკვეული სიმპათიებიც კი მოიპოვა.
სომხური ხმები
თუ წლების განმავლობაში აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების სიმპათია ძირითადად გამოკვეთილ პრორუსული კანდიდატისკენ იხრებოდა, ამჯერად სიტუაცია შეიცვალა და დღეს სომხებს ერთი კონკრეტული ფავორიტი აღარ ჰყავთ. როგორც ინტერნეტგამოცემა "აბხაზია.ორგ" წერს, ეთნიკურ სომხებში აზრი იმდენ ნაწილადაა გაყოფილი, რამდენი კანდიდატიცაა.
"მე მხარს ალექსანდრე ანქვაბს ვუჭერ, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ხაჯიმბას ლაპარაკი არ ეხერხება, შამბას გარშემო კი კრიმინალები არიან. ვინღა დარჩა?", - ამბობს "აბხაზია.ორგ"-თან საუბარში ამიაკ ტ-იანი.
ტიგრან მ-იან: "ხმას სერგეი შამბას ვაძლევ. შამბა, პირდაპირი გაგებით, ინტერნაციონალია. მე კარგად ვიცნობ გალუსტ ტრაპიზონიანს, რომელიც შამბას გუნდშია".
ვლადიმირ დ-იან: "ვფიქრობ, რომ მხოლოდ ხაჯიმბას შეუძლია აფხაზების ინტერესების გატარება. ჩვენი აფხაზებთან ვართ დაკავშირებულები. რაც აფხაზებისთვისაა კარგი, რა თქმა უნდა, ის ჩვენთვისაც კარგი".
"აბხაზია ორგ"-ის მიერ ჩატარებულ მინიგამოკითხვაში ერთი საინტერესო ფაქტიც დაფიქსირდა - ეთნიკური სომხების ხმათა უმრავლესობა ალექსანდრე ანქვაბისკენ გადაიხარა, მეორე ადგილას შამბა აღმოჩნდა, მესამეზე კი - ხაჯიმბა. თუმცა კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ამ მინიგამოკითხვაშიც ეჭვი ეპარება და აცხადებს, რომ დღეს აფხაზეთში ეთნიკური სომხების ხმები ძირითადად შამბასა და ხაჯიმბას ერგებათ.
"სომხების ხმები ძირითადად ხაჯიმბასა და შამბას ერგებათ. ამ მინიგამოკითხვის სანდოობაც ეჭვქვეშაა, რადგან სომხებს ანქვაბის ეშინიათ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის არის უფრო ნაციონალისტი და შესაბამისად, სომხების ინტერესებს არ დაიცავს.
"შამბა უფრო დემოკრატად და ლიბერალად ითვლება. მართალია, შამბა პროსომხურობით არ გამოირჩევა, მაგრამ სომხებს ჰგონიათ, რომ ის მათ ნამდვილად არ შეავიწროებს. ყველაზე მეტად კი ენდობიან ხაჯიმბას, რადგან ის ითვლება რუსეთის კაცად", - დასძინა ზაქარეიშვილმა.
"აბხაზია.ორგ"-ის მიერ ჩატარებულ ბლიც-გამოკითხვაში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თითოეული კანდიდატის მინუსებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. როგორც სტატიის ავტორი წერს, ხაჯიმბას მიმართ პრეტენზიები იმიტომ აქვთ, რომ ამ უკანასკნელს არ შესწევს უნარი საკუთარი მოსაზრებების ხალხამდე მიტანის. სომხებს თითქმის არ აქვთ პრეტენზია მის ნაციონალურ ხედვასთან დაკავშირებით.
შამბას მოწინააღმდეგეები მის მინუსად კრიმინალზე ფსონის დადებას თვლიან. მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს, ეთნიკური სომხები მთავარ პრობლემად სწორედ ამას ასახელებენ.
"საპრეზიდენტო" სკამისკენ შამბასთვის კიდევ ერთ დაბრკოლებად ის ვიდეო ითვლება, სადაც ის გოგა ხაინდრავასთან ერთად თბილისის ქუჩებში სეიონობს, ამ ყველაფერს კი ქართველი ჟურნალისტის კომენტარი ახლავს თან.
"ანქვაბის მხარდამჭერი სომხები ამ პიროვნებაში გამოკვეთილ "პლუსებს" ვერ ხედავენ. ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ისინი მზად არიან მას მისცენ ხმაა, ისაა, რომ ანქვაბი არის ყოფილი ძალოვანი და ფიქრობენ, რომ ის მძიმე კრიმინალურ სიტუაციას დაარეგულირებს.
"ანქვაბს მხარს ისინიც დაუჭერენ, ვისაც საგარეო პოლიტიკაში რაიმე კარდინალური ცვლილებების შეტანა არ სურთ, ვისაც აქვს ბიზნესი და მუდმივი შემოსავალი", - წერს "აბხაზია ორგ" და დასძენს, რომ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად აფხაზეთში ეთნიკური სომხების აზრი სულ უფრო და უფრო იყოფა.
"არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ შამბა და ხაჯიმბა მზად არიან გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთი მინისტრის პოსტი ეთნიკურ სომეხს დაუთმონ. თუმცა, ამ დრომდე არ სახელდება ის უწყება, რომელსაც სწორედ სომეხს ჩააბარებენ. ასეთი სიგნალი კი ანქვაბისგან არ წამოსულა, რომელსაც, როგორც ჩანს, დამატებითი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება არ სურს, რადგან ესმის, რომ მისი ეს პოზიცია სხვებთან შედარებით მომგებიანია", - მიაჩნია სტატიის ავტორს.
თავად შამბა, პროფესიით ისტორიკოსი, აფხაზეთში ერთ-ერთ საუკეთესო დიპლომატად ითვლება და მიიჩნევა, რომ ევროპაში ის ყველაზე ცნობილია, დანარჩენ კანდიდატებს შორის. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სულ ახლახან მას მხარდაჭერა აფხაზეთის მმართველი პარტიის, "ერთიანი აფხაზეთის" ლიდერმა დაუდ თარბამ გამოუცხადა, რომელსაც სავარაუდოდ, პარტიის ახალგაზრდული ფრთაც შეურთდება.
1997 წელს შამბა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში, რომელსაც გასული წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი "პრემიერად" დაინიშნა. 2004 წელს მან "საპრეზიდენტო არჩევნებში" საკუთარი კანდიდატურა დააყენა, თუმცა სერგეი ბაღაფშს და რაულ ხაჯიმბას მნიშვნელოვნად ჩამორჩა. ახლა მას ბევრად მეტი შანსი აქვს.
შამბას სასარგებლოდ მეტყველებს მისი სამუშაო გამოცდილება აფხაზეთის "საგარეო საქმეთა მინისტრის" თანამდებობაზე. მთავარი კი მისი ფართო კავშირებია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციასთან.
ხაჯიმბას მომხრეები ტოვებენ
კიდევ ერთ კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ბედს უკვე მეორედ სცდის, საქმე მთლად კარგად არ აქვს. გასულ კვირას მისი მხარდამჭერთა დიდი ნაწილი სერგეი შამბას გუნდში გადავიდა. "ლაივპრესის" კორესპონდენტი ამრა ადლეიბას ინფორმაციით, აფხაზეთის ყოფილმა მეომრებმა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შამბას მხარდამჭერებს შეუერთდნენ.
ადლეიბას ინფორმაციით, შამბას მხარს ასევე რუსეთსა და თურქეთში მოღვაწე აფხაზი ბიზნესმენები უჭერენ. მისივე მონაცემებით, სერგეი შამბა თავის საარჩევნო შტაბში დასაქმებულ ახალგაზრდებს თვეში 7 ათას რუბლს (დაახლოებით 420 ლარი) უხდის.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნები" 26 აგვისტოს გაიმართება. მასში დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, დე ფაქტო პრემიერი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა მიიღებენ მონაწილეობას.
"მეორე ტური აუცილებლად იქნება. პირველ ტურში ანქვაბი დაახლოებით 35%-ს აიღებს, ხმათა 25-30%-ს მიიღებს შამბა, 12-15%-ს კი - ხაჯიმბა. მეორე ტურში კი მცირე უპირატესობით გაიმარჯვებს ანქვაბი, მათ შორის სხვაობა სულ რაღაც 7-8% იქნება", - ასეთ პროგნოზს აკეთებს პაატა ზაქარეიშვილი.