ვაჟა ადამია: „საქართველოში 21 კი არა, 44 ათასი „კაგებეშნიკია!“

ვაჟა ადამია: „საქართველოში 21 კი არა, 44 ათასი „კაგებეშნიკია!“

[ქართული სიტყვა]
ე.წ. ფოტორეპორტიორების სკანდალი, ასე თუ ისე, მინავლდა, მაგრამ პარლამენტის უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე „ქართულ სიტყვასთან“ საუბრისას არცთუ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს. „რადგან ხელისუფლებამ ფოტორეპორტიორები უფასო საპროცესო გარიგებით და პირობითი სასჯელებით გაათავისუფლა, ის ძალიან შორსაა წასული. საპროცესო გარიგება ამ ადამიანების კისერზე დამოკლეს მახვილია იმ წლების განმავლობაში, რამდენიც აქვთ პირობითად განსაზღვრული. სხვათა შორის, ჯაშუშობას აბრალებდნენ ირაკლი ბათიაშვილსაც, მაგრამ ამ კაცს არ მოუნანიებია, საპროცესოზე ხელი არ მოუწერია, არც შეწყალება უთხოვია და ისე გამოუშვეს,“ – ამბობს „მერაბ კოსტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე ვაჟა ადამია:
– სხვათა შორის, ჟურნალისტებით საკავშირო დაზვერვაც იყო დაინტერესებული, ანუ „კა-გე-ბე“-ს არ აინტერესებდა მეეზოვეები და დამლაგებლები. არ მინდა, ვინმემ ისე გამიგოს, რომ იმ დროს აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი „კა-გე-ბე“-ს თანაზიარი იყო. იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც, უბრალოდ, აგროვებდნენ ინფორმაციას, შემდეგ, ამ ინფორმაციას სხვები ალაგებდნენ, ანალიზს აკეთებდნენ და იმ პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით ავრცელებდნენ, რომელსაც, ფაქტობრივად, „კა-გე-ბე“ განსაზღვრავდა.
...ოქრუაშვილმა ორი დღე ვერ გაძლო ციხეში, ამ ბიჭებმა კი, გაძლეს და ერთმა მათგანმა იშიმშილა კიდეც. კაცი როდესაც შიმშილობ, ეს უკიდურესი ზომაა, თავი გაქვს გადადებული სასიკვდილოდ და როცა სიმართლისთვის სიკვდილი გაქვს გადაწყვეტილი და შიმშილობას შეწყვეტ, რა ვიცი, ამას რა დავარქვა?
ისე, ბატონო ვაჟა, შესაძლებელია, რომ ფოტორეპორტიორს ჩაუვარდეს ხელში ისეთი საიდუმლო მასალა სხვა, უფრო მაღალი რანგის თანამშრომლების გარეშე, რომელთაც ხელი მიუწვდებათ მსგავს ინფორმაციაზე?

– არ მაქვს საბაბი, ვიფიქრო, რომ ხელისუფლება შორს არ წავიდა... ეს საქმე გაგრძელდება... გამოყოლილი „კუდი“ ფოტორეპორტიორებს აიძულებს, ხელისუფლებასა და სამართალდამცველ ორგანოებთან მჭიდროდ ითანამშრომლონ. საპროცესო გარიგება დამოკლეს მახვილია მათ კისერზე იმ წლების განმავლობაში, რამდენიც აქვთ პირობითად განსაზღვრული.
...კომუნისტების დროს გაზეთში მოხვედრის ერთი გზა იყო – უნდა მომკვდარიყავი, რომ შენი პატარა ნეკროლოგი მოთავსებულიყო გაზეთ „თბილისში“. სხვა შანსი არ არსებობდა, რომ რიგითი მოკვდავის გვარი  მოხვედრილიყო გაზეთის ფურცლებზე... იმ დროდან რამდენი აგენტი გადმოჰყვა და კიდევ დაემატა? სწორედ ასეთი ადამიანები ისვრიან ტალახს ჩვენი და სხვების მიმართ.

ამბობენ, ხელისუფლება ჯაშუშებს ეკლესიის მაღალ იერერქთა შორისაც ეძებს და 20-მდე სამღვდელო პირის დაპატიმრებას აპირებსო. როგორ ფიქრობთ, წავა ამაზე ხელისუფლება?

– არ ვიცი, წავა თუ არა. ამ ხელისუფლების წევრი კი არა, შეურიგებელი ოპოზიციონერი ვარ, თუმცა ამას ისინი იბრალებენ, ვინც ამათგან ხელფასებს იღებენ. რუის-ურბნისი რომ მოსაწყობია ჩვენს ეკლესიაში, ამაზე თვითონ საეკლესიო პირები, სამების დიკონიც კი ალაპარაკდა სახალხოდ თუ კულუარულად. პატრიარქის გარემოცვა რომ გაწმენდას მოითხოვს, ამაზე დიდი ხანია საუბარი, თითქმის უკანასკნელი ორი ათეული წელი. უნდა იყო ბევრად უფრო სუფთა და ამაღლებული, რომ ეკლესიას შეეხო. სამღვდელოების დიდი ნაწილი რომ თანამშრომლობდა „კა-გე-ბე“-სთან, შემიძლია, ამაზე მაგალითი მოგიყვანოთ:

ახლანდელ აღმაშენებელზე, იქ, სადაც რუსეთის საელჩო იყო, იქვე იყო ერთი შენობა, რომელც კომუნისტების დროს, ვიდრე ჩვენ ხელისუფლებაში მოვიდოდით, გვინდოდა, იერიშით აგვეღო, რადგან რაღაც გაუგებარი დასახელება ჰქონდა. ჩვენ ის გვჭირდებოდა საოფისედ და შევუტიეთ. იქ დაგვხვდა მაშინდელი შს მინისტრი შოთა გორგოძე, რომელმაც მუდარა დამიწყო, ოღონდ დღეს არ შეხვიდეთ ამ შენობაში, ხვალ მე თვითონ ჩაგაბარებ გასაღებსო. არ ვთანხმდებოდი, მაგრამ ცოლ-შვილი დაიფიცა და პირობა მომცა. აქციის მონაწილეებმაც მითხრეს, კაცი ასე იფიცება და დაყაბულდიო. მართლაც, ჩაგვაბარა მეორე დღეს გასაღები და ბრწყინვალე შენობა, სადაც „მრგვალი მაგიდის“ სხდომებიც ჩატარდა.

როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, გავიგე, რომ ეს იყო „კა-გე-ბე“-ს ცალკე განყოფილება, რომელიც მუშაობდა სამღვდელოებასთან. შემდეგ ვკურირებდი ამ დაწყევლილ „კა-გე-ბე“-ს და ვნახე, თუ რა შენობაში შევედით... იმ ღამით გაიტანეს იმ ღვთისმსახურთა და მღვდლების არქივები, რომლებიც „კა-გე-ბე“-სთან თანამშრომლობდნენ. მართალია, სმოლენსკში გაიტანეს არქივი, მაგრამ ჩვენ, ვიდრე დამოუკიდებლობას გამოვაცხადებდით და სსრკ-დ ვითვლებოდით, გვაძლევდნენ საშუალებას, მასზე გვემუშავა. მეც გამიგზავნია იქ თანამშრომლები სამუშაოდ და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასაც. ასე რომ, რაღაც მასალები წამოვიდა იქედან, რაღაც მასალები დარჩა.

აქ დარჩნენ „კა-გე-ბე“-ს ის თანამშრომლები, ოპერმუშაკები, რომლებიც ამ აგენტებს კურირებდნენ. ასე რომ, ეს ხალხი აქაა და იმ აგენტების მოძებნას რაღა უნდა? ქართველი რა ქართველია, ვინც ამათ დასმენებს და ხელწერილებს არ შეინახავს?!

გასაკვირია, რომ აქამდე გარკვეული მუშაობა არ განხორციელდა ამ მიმართულებით. გარეგინის ჩამოსვლა შემთხვევით არ მოხდა და არც ის, რომ ეს ვიზიტი ამ დოკუმენტის მიღებას დაემთხვა, რომელიც თავად ეკლესიამ აღიარა. სინოდმა თავის განცხადებაში აქცენტი გაკეთდა ქონების გადაცემაზე, რადგან ისინი იურიდიული პირები იქნებიან, ქონება ხომ არ უნდა მივცეთო. რატომ უნდა მივცეთ იურიდიულ პირებს ქონება, ადგნენ და თვითონ შექმნან ეს ქონება?!

გუშინდელმა შექმნილმა რა უნდა მოითხოვოს? ევროპამ და  დასავლურმა ინსტიტუტებმა ძალიან ჯეროვნად შეაფასეს ეს. დარეგისტრირებულს შენ მოსთხოვ იყოს იმ ჩარჩოებში, რომლითაც დარეგისტრირდა და ამას ვერ გასცდება. როგორ მოგთხოვს, ეკლესია მომეციო? მას შეუძლია, შეაგროვოს ფული, თუ ამდენი მრევლი ჰყავს, ხელისუფლებისგან იყიდოს მიწა და ეკლესია ააშენოს. გამომიყავიო, ვერ ეტყვის. ისინი ხელისუფლებას ვერაფერს მოსთხოვენ. ხელისუფლება აფინანსებს მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას.

ბატონო ვაჟა, საკმაოდ დიდი ინფორმაცია გაქვთ აგენტებსა და აგენტურულ ქსელებზე...

– უშიშროებას ვკურირებდი და ხომ არ მეძინა იმ თანამდებობაზე? ძალიან –ინტენსიურად ვმუშაობდი. სსრკ 12 მილიონს ხარჯავდა საქართველოს „კა-გე-ბე“-ს შენახვაზე, მე ვატარებდი რეფორმას და ეს ციფრი 8 მილიონზე ჩამომყავდა. რასაკვირველია, მქონდა ინფორმაცია იმიტომ, რომ პრეზიდენტი დღეში, დაახლოებით, 12-ჯერ მეძახდა ამა თუ იმ საკითხზე და მხოლოდ აგენტურული ინფორმაციით შეიძლებოდა რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემა. მით უმეტეს, მაშინ რუსეთის კლანჭებში ვიყავით და იყო ამ ორგანოთი დაინტერესება და ჩაღრმავება. ჩვენ არ ვიცნობდით ქართველ „კაგებეშნიკებს“, მათ ზვიადი, მერაბი და წერეთელი იცნობდნენ. მე იმიტომ არ ვიცნობდი, რომ უშიშროებას არასდროს დავუკავებივარ. მერაბის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უკვე მილიცია გვაკავებდა, „კა-გე-ბე“ – აღარ, ის მარტო დაზვერვას აწარმოებდა.

საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ხელისუფლებას ჯაშუშომანია სჭირს. ამაზე რას იტყვით და, საერთოდ, როგორ ხელისუფლებას ახასიათებს ესდაავადება“?

– გამაკვირვა ერთმა თანამდებობის პირმა, ვინც შსს-ს სახელით აკეთებს განცხადებებს. საქართველოში 21 ათასი აგენტი იყო და ჩვენ მათზე ვმუშაობთო. მინდა, ვუსაყვედურო მასაც და ხელისუფლებასაც. როდესაც „მერაბ კოსტავას საზოგადოება“, სხვა ეროვნულ პარტიებთან ერთად, ხელისუფლებაში მოვიდა, ჩვენ მარტო „კა-გე-ბე“-ს 44 ათას აგენტზე მეტი დაგვხვდა. მან საიდან მოიტანა 21 ათასი თუ მალავს? ეს ერთი. მეორე – თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ არიან მხილებულნი ამ ორგანოსთან თანამშრომლობაში, ამიტომ, სხვა მიზეზი ვერ მომიძებნია, რატომ არ ეცემა ამდენ აგენტს პასუხი? შეიძლება, მუშაობენ, აფრთხილებენ და მე არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ ეს „კა-გე-ბე“-ს აგენტები მე, რიგით ქართველს, იქეთ რატომ მესვრიან დღემდე ლაფს და ტალახს? მე არ ვარ მათგან დაცული და ხელისუფლებას ამიტომ ვლანძღავ. რატომ არ ირჯება? დღეს ვნახე რუსული მედია ყირაზეა დამდგარი, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ავიწროებენო. რუსული მედია რომ იცავს ქართულ ეკლესიას, საეჭვო არ არის? თან ისვრის ტალახს პრეზიდენტის მისამართით – თურმე „კა-გე-ბე“-ს უმცროსი ლეიტენანტი ყოფილა, როგორც კუკავამ ბრძანაო. რატომ მოჰყავთ კუკავას სახელი? საიდან იცის ეს კუკავამ?

კუკავას გარდა, ყველა მეორე ლაპარაკობს, რომ პრეზიდენტზე კა-გე-ე“- ჯარში მსხურობდა. ეს თქვენც გითქვამთ...

– ვთქვი, რომ ეს კაცი მსახურობდა სასაზღვრო ჯარებში, რომელიც „კა-გე-ბე“-ს ეკუთვნოდა. მეორე – ეს კაცი სწავლობდა ისეთ ინსტიტუტში, სადაც შენს საბუთებს არ მიიღებდნენ, არამცთუ სტუდენტი გახდებოდი, თუ უკვე „კა-გე-ბე“-სთან არ თანამაშრომლობდი, თუმცა არ მითქვამს, რომ ის აგენტია. კუკავა კი, ამას ამტკიცებს. საიდან?

და კახა კუკავა ამას რომ ამტკიცებს, ეს რას ნიშნავს?

– რას ნიშნავს? თვალებს თუ ფართოდ და კარგად გავახელთ, ყველა დავინახავთ, რა რას ნიშნავს.