"რუსთავის #17 დაწესებულებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვხდებოდი, როდესაც უცებ კარი ჩაიკეტა. ეს იყო სრული შოკი, როცა ბრალდებულთან ერთად ფაქტობრივად დამაკავეს.
"როცა ზედამხედველს დავუძახე და მომხდარის ახსნა მოვთხოვე, მითხრა, რომ ბრძანება ჰქონდა ციხის ადმინსიტრაციიდან და იმას ასრულებდა. გაითვალისწინეთ, რომ არიან ბრალდებულები, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ. არიან ბრალდებულები, რომელნიც მძიმე დანაშუალზე იხდიან სასაჯელს და ამ დროს ადვოკატის ბრალდებულთან ჩაკეტვა ხდება, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია", - იხსენებს ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადვოკატების უფლებები ყოვედღიურად ირღვევა.
ანდრიაშვილი, რომელიც ჯაშუშობით ბრალდებულ ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი იყო, ადვოკატების მიმართ განხოციელებულ დარღვევებზე საუბარს სწორედ ამ საქმის გახსენებით იწყებს. მისი თქმით, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თითქმის ყველა სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი, რაც შეიძლება ადვოკატის წინააღმდეგ გამოიყენონ.
ადვოკატები შალვა შავგულიძე, სანდრო ბარამიძე, თამარ ჩუგოშვილი და მერაბ ჩიქოვანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ მათ პრობლემები ყოველდღიურ საქმიანობაში ექმნებათ. საქმის მასალების გაცნობისას, კლიენტთან შეხვედრისას, მტკიცებულებების მოპოვების კუთხით და ხშირად "უპრინციპო" ადვოკატები პროკურატურის გარიგების მსხვერპლნიც ხდებიან.
ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი, რომელიც ფოტორეპორტიორების გახმაურებულ საქმეში გია აბდალაძის დაცვას ახორციელებდა, აცხადებს, რომ არათუ ბრალდებულების უფლებები, არამედ ადვოკატების უფლებებიც ისე ხშირად ირღვევა, რომ ამის მერე ადვოკატს რეალური დაცვის განხოციელება ძალიან უჭირს.
"ბოლო გახმაურებული საქმე, რომელიც ფოტორეპორტიორებს ეხებოდა, ძალიან თვალსაჩინო იყო ამ დარღვევების გამოსავლენად. ზოგადად ძალიან ხშირად არის პრობლემები მასალებთან დაკავშირებით, მტკიცებულებებთან დაკავშირებით. არის მრავალმხრივი შეზღუდვები მტკიცებულებების მოპოვების დროს, სადაც სასამართლო აპელირებას აკეთებს კანონზე.
"კონკრეტულად რეპორტიორების საქმე რომ ავიღოთ, აქ აპელირება ხდებოდა გრიფით საიდუმლოზე. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საიდუმლოების შესახებ კანონი არაფერ შუაში არ იყო. გასაგებია, რომ გასაიდუმლოებულია მასალები და ეს არ უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე, მაგრამ დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს საშუალება სრულად მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რათა მაქსიმალური ეფექტიანობით განხაორციელოს კონკრეტული პირის დაცვა. გავეცანი ამ საქმეს, მაგრამ არ მქოდნა საშუალება, რომ მასალები გამეანალიზებინა და ასლები გადამეღო, რაც ჩემი უფლებების დარღვევაა.
"ზოგადად ძალიან ხშირად ირღვევა ადვოკატების უფლებები და ეშლებათ მათ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი. როცა მტკიცებულებების მოძიების საშუალება არ გაქვს, ამ შემთხვევაში არც დაცვის განხორციელება შეგიძლია ეფექტურად", - განუცხადა "რეზონანსს" მერაბ ჩიქოვანმა.
ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი, რომელმაც ქურციკიძესთან საპროცესო გარიგების გაფორმების დროს თვითაცილებას მიმართა, აცხადებს, რომ ფოტორეპორტიორების საქმის მასალების განხილვისას ძალიან ხშირად აწყდებოდა პრობლემებს როგროც საგამოძიებო ორაგნოების მხრიდან, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
"ამ კონკრეტულ საქმეზე პრობლემა იყო, რომ საქმეს ედო გრიფი "საიდუმლო". ჩვენ ხელი გვქონდა მოწერილი განცხადებაზე და არ შეგვეძლო საქმის დეტალების გახმაურება. გარდა ამისა პრობლემა იყო საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებითაც. როდესაც საქმეს გავეცანით, მთელი დღე მოგვიწია ლოდინი. ერთი გამომძიებელი ადგილზე არ იყო, მერეს არ ეცალა. როგორც იქნა გავეცანით საქმეს, მაგრამ ისიც ერთი ადვოკატი ხმამაღლა კითხულობდა და დანარჩენები ვუსმენდით", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ნინო ანდრიაშვილი.
მისივე თქმით, საქმის ერთხელ წაკითხვა მისი საფუძვლიანად შესწავლისთვის საკმარისი არ იყო. სწორედ ამიტომ ადვოკატებმა მეორედ მოითხოვეს საქმის გაცნობა, რაც საკამოდ რთული აღმოჩნდა. ადვოკატებს საქმის მეორედ წაკითხვის ნება მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დართეს, მაშინ, როცა ბრალდებულებთან უკვე საპროცესო გარიგება გაფორმდა.
"გვინდოდა საქმეს ბრალდებულთან ერთად გავცნობოდით. გამომიძებელმა გვითხრა, რომ განცხადებით მიგვემართა. დავწერთ განცხადება, მაგრამ კანცელარიაში გვითხრეს, რომ ფოსტით უნდა გაგვეგზავნა, რადგან ისე არ ჩაიბარებდნენ. ასეც მოვიქეცით, მაგრამ გამომძიებელმა თავად მითხრა - ვინაიდან თქვენ ბრალდებულთან ერთად გინდათ საქმის გაცნობა, ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთო. არადა ადვოკატს ნებისიმიერ დროს შეუძლია საქმის მასალების შეუზღუდავად გაცნობა.
"მხოლოდ ერთი კვირის მერე მივიღეთ პასუხი, რომ საქმის მასალების გაცნობა შეგვეძლო, მაგრამ გამოძიება ამ დროს უკვე ფარულად აწარმაობდა მოლაპრაკებებს ბრალდებულთან საპროცესო გარიგებაზე. ანუ დრო გაგვიწელეს ადვოკატებს და ისეთ დროს მოგვცეს საქმის გაცნობის საშაულება, როცა გარიგება შედგა, რაც კანონის და ადვოკატების უფლებების უხეში დარღვევაა", - განაცხადა ნინო ანდრიაშვილმა.
როგორც ანდრიაშვილი ამბობს, ადვოკატებს ასევე პრობლემები ჰქონდათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც, სადაც საბუთების ჩაბარებას ვერ ახერხებდნენ და რამდენიმე საათი უწევდათ ლოდინი.
ადვოკატის თქმით, ასევე პრობლემა იყო ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განცხადების ან რაიმე სახის ჩანაწერის გამოტანა, რისი კანონიერი უფლებაც ადვოკატს აქვს.
"ბრალდებულს ვესაუბრებოდი საქმის დეტალებზე ისეთ მასალებზე, რომელიც მან არ იცოდა. ამის მერე ჩემმა კლიენტმა კონკრეტული დეტალები მითხრა, რომელიც ჩავინიშნე, რადგან მნიშვნელოვანი საკითხები იყო და ამ კუთხით უნდა წამეყვანა გამოძიება, მაგრამ როდესაც კამერაზე დაფიქსირდა, რომ ჩანაწერები გავაკეთე, ზედამხედველმა არ მომცა ჩანაწერის გამოტანის საშუალება.
"მომთხოვეს, რომ ჩანაწერი მეჩვენებინა, რაზეც შევეწინააღმდეგე და ავუხსენი, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ედო და მათ ამ ჩანწერს ვერ გადავცემდი. ამის მიუხედავად ფაქტიურად მეჭიდავა ზედამხედველი მამაკაცი და იძულებული გავხდი, რომ ჩანაწერი დამეხია. ეს ფაქტი ადმინისტრაციში გავაპროტესტე, შევხვდი და მათ განმიცხადეს, რომ არ აინტერესებდათ გრიფით საიდუმლო ედო თუ არა საქმეს და რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ კიდევ ერთი დანაშუალის თავიდან აცილების მიზნით წაეკითხათ რა გამომქნდა გარეთ.
"ამით ირღვევა როგორც ჩემი, ასევე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები. მე რომ ზედამხედველისთვის ჩანაწერის წაკითხვის საშუალება მიმეცა, შეიძლება გრიფით საიდუმლოს გაცემის მუხლით ჩემს წინააღმდეგ შემობრუნებულიყო საქმე", - განუცხადა "რეზონანასს" ადვოკატმა ანდრიაშვილმა.
ის ამბობს, რომ გარდა რეპორტიორების საქმისა, ზოგადად თითქმის ყველა საქმეზე აქვთ მსგავსი პრობლემები:
"წარმოიდგინეთ თვითონ ადვოკატების უფლებები როგორ ირღვევა და ბრალდებულებზე საერთოდ საუაბრიც აღარ არის, მათი უფლებები ნულზეა დაყვანილი".
ანდრიაშვილი იხსენებს ფაქტს, როდესაც ციხის ზედამხედველმა ბრალდებულთან შეხვედრის დროს ის და მისი კლიენტი ოთახში საგულდაგულოდ ჩაკეტა.
"რუსთავის #17 დაწესებულებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვხდებოდი, როდესაც უცებ კარი ჩაიკეტა. ეს იყო სრული შოკი, როცა ბრალდებულთან ერთად ფაქტიურად დამაკავეს. როცა ზედამხედველს დავუძახე და მომხდარის ახსნა მოვთხოვე, მითხრა, რომ ბრძანება ჰქონდა ციხის ადმინსიტრაციიდან და იმას ასრულებდა.
"გაითვალისწინეთ, რომ არიან ბრალდებულები, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ; არიან ბრალდებულები, რომელნიც მძიმე დანაშუალზე იხდიან სასაჯელს და ამ დროს ადვოკატის ბრალდებულთან ჩაკეტვა ხდება, ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. ხანდახან ჩვენ სწორედ ისე გვექცევიან, როგორც ბრადლებულებს.
"იმის მერე, როცა ჩაკეტილ კარებში ვესაუბრე ბრალდებულს, რამდენიმე წუთი ვეძახდი ზედამხედველს, რომ კარი გაეღო. ის კი ამ დროს ეზოში იჯდა და ჭორაობდა.
"ამას გარდა ხშირად გვაქვს პრობლემა საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით, ასევე დაცვის ქევშ მყოფთან შეხვედრის კუთხით. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩემს კლიენტს ჩემთვის აცილება მოუცია სამართალდამცავების ზეწოლის გამო. მთლიანობაში ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს ადვოკატებს მუშაობა", - აცხადებს ნინო ანდრიაშვილი.
ადვოკატი სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ადვოკატებს პრობლემები როგორც კანონმდებლობიდან, ასევე ყოველდღიური პრაქტიკული სამუშაოებიდან გამომდინარე ძალიან ხშირად ექმნებათ.
"ახალ სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არის სერიოზული შეზღუდვები. კერძოდ, საპროცესო კოდექსის მიხედვით, ადვოკატს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის თანხმობის გარეშე არ შეუძლია გაასაჩივროს აღმკვეთი ღონისძიება. ასევე არ შეუძლია შეიტანოს სააპელაციო და საკასაციო საჩივარი. მაგრამ, თუ სააპელაციო და საკასაციო საჩივართან დაკავშირებით ამ შეზღდვის კომპენსირება იმით შეიძლება, რომ ერთი თვე არის გასაჩივრების ვადა, აღმკვეთი ღონისძიების შემთხვევაში სულ 48 საათიანი ვადაა და ამ 48 საათში შეიძლება ადვოკატი ვერ შეხვდეს კლინეტს. ერთი იმიტომ, რომ შეიძლება შაბათ-კვირა დაემთხვეს, ან არ მოგეცეს საერთოდ ბრალდებულთან შეხვედრის საშუალება ადმინისტარციის მხრიდან. გამოდის, რომ ამით პირს გასაჩივრების უფლებაც კი ერთმევა და ადვოკატი რეალუროი დაცვის საშუალებას კარგავს.
"ასევე პრაქტიკაში არის უმარავი დარღვევა. ამ ბოლო დროს იმატა შემთხვევებმა, როდესაც პირის დაკავება ხდება თბილისში და რატომღაც დაკავების მერე ეს ადამიანი მიყავთ თელავში, ქუთასიში, თერჯოლაში ან კიდევ უფრო შორს, იმ საბაბით, რომ თბილისში ადგილი არ არის.
"რეალურად ამის მიზეზი ის არის, რომ დაკავებული ვერ შეხვდეს თავის ადვოკატს. ადვოკატი, რომელიც ყოველდღიური საქმიანობით არის დაკავებული თბილისში, ვერ ივლის ყოველდღე მოულოდნელად ქუთაისში, თელავში და ა.შ. ისევ და ისევ იმ 48 საათიანი შეზღუდვის პირობებში და ესეც კლიენტის და ადვოკატის უფლებების დარღვევაა, რადგან, როცა მოულოდნელად გეუბნებიან, რომ შენი კლიენტი ქუთაისში გადაიყვანეს და საათებში ხარ შეზღუდული, შეიძლება ვერ მოახერხოს ამ დროში ჩასვლა და ადამიანი დაცვის გარეშე რჩება", - განუცხადა "რეზონანასს" სანდრო ბარამიძემ.
ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ადვოკატებს საკონონმდებლო დონეზე, რომელიც დაუყონებლივ უნდა შეიცვალოს.
"უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ საკანონმდებლო დონეზე აბსოლუტურად შეიზღუდა ადვოკატის უფლებები და ფაქტიურად ადვოკატს კანონმდებლობის მიხედვით აღარ ძალუძს განახორციელოს ეფექტური დაცვა. თანასწორობის პრინციპი ბრალდების მხარესა და დაცვის მხარეს შორის აბსოლუტურად იგნორირებულია ბრალდების მხარის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე უკვე შედეგიც ცუდი დგება. თუ ადვოკატი ვერ ახორციელებს რეალურ დაცვას და ამის საშუალებას მას კანონი არ აძლევს, ბუნებრივია ის ეფექტურ დაცვას ვერ განახორციელებს.
"იმ დროს, როცა ადვოკატისთვის ძალიან რთული ხდება დაცვის განხორციელბა, პროკურატურა სთავაზობს ადვოკატებს, რომ ითანამშრომლონ მათთან, დაეხმარონ პროკურატურას მათთვის სასურველი საპროცესო გარიგების გაფორმებაში. ბოლო დროს ბევრი ადვოკატი თანხმდება პროკურატურის ამ შეთავაზებას. ასეთ შემთხვევაში პროკურატურა ადვოკატებს პირდება, რომ ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან გარკვეული შემოსავლით.
"ხშირად პროკურატურა ბრალდებულს მიუთითებს, რომ სწორედ ის ადვოკატი აიყვანოს, რომელიც საპორცესო გარიგებას დათანხმდება. მეორეს მხრივ პროკურატურა ასევე აქტიურად მიუთითებს ბრადლებულს კონკრეტულ ადვოკატებზე, რომელბიც რეალურ დაცვას ახორციელებენ, რომ ის არ აიყვანონ, თორემ კანონის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯიან მას. ეს უკვე აჩენს მე-5 კოლონას ადვოკატებში, რაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს კლინეტის დაცვაზე", - განუცხადა "რეზონანასს" შალვა შავგულიძემ.
იგი დარღვევებზე საუბრისას რეპორტიორების საქმეს იხსენებს და აცხადებს, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა არც გამომძიებელმა ჩაიბარა მისი დაცვის ორდერი, არც კანცელარიამ და ატყუებდნენ, რომ ქურციკიძემ მას აცილება მისცა.
"ეს იყო ერთ დღეზე გათვლილი ქმედება, რადგან მეროე დილით უკვე გადაწყვეტილი იყო საპროცესო გარიგების გაფორმება, ანუ ერთი დღე მოიგეს, რადგან შეეშინდათ მე ქურციკიძისთვის აზრი არ შემეცვლევინებინა. მთლიანობაში დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადვოკატები სერიოზული წნეხის ქვეშ მუშაობენ, მათზე არის როგორც ზეწოლა, ასევე არ ეძლევათ რეალური დაცვის განცორხიელების საშუალება.
"ასევე, ახალი კანონით ძალიან მარტივად შეუძლიათ თავად ადვოკატზე აღძრან სისხლის სამართლის საქმე. საბედნიეროდ ჩვენ გვყავს ადვოკატები, რომლებიც ამ ყველაფრის მიუხედავად იბრძვიან და ცდილობენ რეალური დაცვის განხორციელებას. ჩვენ ვაპირებთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ, გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რომ ადვოკატების უფლებები დავიცვათ. ჩვენ უნდა შევძლოთ ადვოკატების დაცვა იმისთვის, რომ ეს ინსტიტუტი არ მოკლან", - ამბობს შავგულიძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მათ ადვოკატებს პრობლემები ძირითადად ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით ექმენებათ.
"ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვისაუბროთ ადმინისტარციული სამართალდარღევევის განხილვის კუთხით ასრებულ პრობლემებზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება ხდება პირის მიმართ. ამ დროს ძალიან სერიოზული პრობლემაა დაცვის განხორციელება. როგორც ცნობილია, ძალიან შემჭიდროვებული ვადებია ადმინსიტრაციული სამართალწარმოების დროს, სულ 24 საათი აქვს სასამართლოს, რომ გადაწყვეტილება გამოტანოს. ადვოკატს კი ფატქიურად დრო საერთოდ არ აქვს რომ საქმის მასალებს გაეცნოს.
"როგროც წესი ადვოკატს მხოლოდ და მხოლოდ ათ წუთს აძლევენ. ხშირად ეს ათი წუთიც არ აქვთ ხოლმე საქმის გასაცნობად. ასევე დაკავებულები ხშირად ვერ ახერხებენ ოჯახთან ან ადვოკატთან დაკავშირებას. ძალიან ხშირად ვერ ვახერხებთ საერთოდ ადამიანების დაცვას. ერთია, რომ საქმის გაცნობის საშუალება არ გვეძლევა ადვოკატს და მეორე, როცა დაკავებული პირის მონახულებას ვერ ახერხებს.
"როცა 26 მაისის დარბევის დროს დაკავებული პირები გადაყავდათ ერთი იზოლატორიდან მეორეში, ამის შესახებ შეტყობინება არ მოსდიოდა არც ადვოკატს და არც ოჯახს. შესაბამისად, შეუძლებელი იყო ამ ადამანების მოძებნა. როცა ადამიანის პოვნა ვერ ხერხდება, გასაჩივრების უფლებასაც კარგავ, რადგან ადვოკატს კლიენტის ხელმოწერის გარეშე გასაჩივრების უფლება არ აქვს. ხოლო როცა ადამიანს ვერ პოულობ, მას, ბუნებრივია, ხელსაც ვერ მოაწერინებ საბუთებზე. ძალიან ხშირად თითქმის ყოვედღიურ საქმიანობაში გვექმნება ასეთი პრობლემები რაც ეფექტური დაცვის უფლებას გვართმევს ადვოკატებს", - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.