[მარი ოთარაშვილი]
გალელები აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში სერგეი ანქვაბს დაუჭერენ მხარს. „ჩვენი სიმპათია იხრება ანქვაბისკენ. ეს იმიტომ, რომ ანქვაბს უფრო ქართული განწყობა აქვს, ვიდრე სხვებს. ადამიანურ ურთიერთობებშიც ძალიან კარგია. გალელი ქართველები მას დავუჭერთ მხარს“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას გალის რაიონის ერთ-ერთი მკვიდრი.
აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატ რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერთა დიდი ნაწილი სერგეი შამბას გუნდში გადავიდა. ამის შესახებ სააგენტო „პირველის“ ცნობით, აფხაზეთიდან „ლაივპრესს.გე“-ს კორესპონდენტი ამრა ადლეიბა იუწყება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულმა კანდიდატმა 2 აგვისტოს თავისი სამოქმედო პროგრამა გაავრცელა.
ადლეიბა იტყობინება, რომ გუშინწინ აფხაზეთის ყოფილმა მეომრებმა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შამბას მხარდამჭერებს შეუერთდნენ.
ადლეიბას ინფორმაციით, შამბას მხარს ასევე რუსეთსა და თურქეთში მოღვაწე აფხაზი ბიზნესმენები უჭერენ. მისივე მონაცემებით, სერგეი შამბა თავის საარჩევნო შტაბში დასაქმებულ ახალგაზრდებს თვეში 7000 ათას რუსულ რუბლს უხდის.
აფხაზეთის „სამამულო ომის“ ვეტერანთა კავშირი „ამცახარა“ კი დეფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატ ალექსანდრე ანქვაბს, აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტს დაუჭერს მხარს.
„ამცახარა“ ყოველთვის მხარს უჭერდა კანდიდატს, რომლისთვისაც მთავარი არა ხელისუფლება, არამედ სახელმწიფოს ინტერესები, მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა იყო.
„ქვეყანას ბრძენმა, სინდისიერმა, მამაცმა და პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკოსმა უნდა უხელმძღვანელოს, ადამიანმა, რომელსაც შეუძლია, ერი შეკრას. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ალექსანდრე ანქვაბს შეუძლია სერგეი ბაღაფშის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელება. შექმნას, გაზარდოს და დაიცვას რესპუბლიკის ღირსება - ალექსანდრე ანქვაბის კრედოა. იგი არაპოპულისტი, არამედ ჭკვიანი და პრინციპული პოლიტიკოსია, რომელიც ცარიელ დაპირებებს არ იძლევა. ალექსანდრე ანქვაბმა იცის, რა უნდა აკეთოს“, - ნათქვამია „ამცხარას“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება. მასში დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი, დე ფაქტო პრემიერი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა მიიღებენ მონაწილეობას. ჯერჯერობით სხვა კანდიდატი ამ დროისთვის დარეგისტრირებული არ არის.
ქართულ-აფხაზური კავშირის „პირისპირ“ წარმომადგენელი, რუსუდან მარშანია, რომელიც ხშირად იმყოფება აფხაზეთში, „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ დროისთვის აფხაზეთში ხმები შამბასა და ანქვაბს შორის ნაწილდება. რომელი გაიმარჯვებს არჩევნებში ეს ჯერ, მისი თქმით, უცნობია.
„ბაღაფშის სიკვდილის შემდეგ რუსეთისთვის ცხადი გახდა, რომ აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევა (ამ არჩევნებს ვგულისხმობ), არ მოხდება. ლიდერები ანქვაბი და შამბა არიან. ერთი ავტორიტარული პოლიტიკის მომხრეა, მეორე - ლიბერალურ-დემოკრატიულისა. რომელი უნდა დღეს აფხაზეთს, ამას არჩევნები გვიჩვენებს. ვისკენ იხრება ამ ორიდან ხალხის დიდი სიმპათია, ამას ვერ გეტყვით. შემიძლია ის გითხრათ, რომ ხალხი დაიღალა კორუფციით, ბანდიტიზმით... ამიტომაც ვისაც წესრიგის მომტანად ჩათვლიან, იმას აირჩევენ“.
„რეზონანსი“ იმის გარკვევას შეეცადა, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს დე ფაქტო არჩევნებისას გალელი ქართველები. ამისათვის ჩვენ მათ გალში დავუკავშირდით.
„ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია ის, რომ ჯერჯერობით სამი კანდიდატია დარეგისტრირებული: შამბა, ანქვაბი და ხაჯიმბა. მოსახლეობაში ის განწყობაა, რომ ეს სამივე მოიაზრებიან პრორუსულ კანდიდატებად. ამის მიუხედავად, ჩვენი სიმპათია იხრება ანქვაბისკენ. ეს იმიტომ, რომ ანქვაბს უფრო ქართული განწყობა აქვს, ვიდრე სხვებს. ადამიანურ ურთიერთობებშიც ძალიან კარგია. გალელი ქართველები მას დავუჭერთ მხარს“, - ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას ერთ-ერთი გალელი მამაკაცი.
როგორც შევიტყვეთ, ანქვაბისა და ხაჯიმბას გუშინდელი შელაპარაკების შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ პრაქტიკულად არაფერი იცის. ისინი ამ ფაქტს ჩვეულებრივ წინასაარჩევნო ციებ-ცხელებას მიაწერენ.
„ანქვაბისა და ხაჯიმბას შელაპარაკებაზე ჩვენ არაფერი ვიცით. თუმცა რომ იქნებოდა ეს, გასაკვირი არც არის, რადგან წინასაარჩვენო პერიოდს ასეთი რაღაცეები ახლავს ხოლმე“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას გალელი ქალბატონი.
„როგორც ვიცით, კანდიდატები კიდევ დარეგისტრირდებიან. თუმცა გალელებს უკვე თითქმის არჩევანი გაკეთებული გვაქვს, რომ ხმას ანქვაბს მივცემთ, რადგან ანქვაბს ადრე ქართველებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ვიცნობთ როგორც კარგ პიროვნებას. ქართულ-აფხაზური ომის დროსაც კი ანქვაბს ქართველების მიმართ ძალიან კარგი განწყობა ჰქონდა“.
გალელებისვე ცნობით, ამ დროისთვის გალში სტაბილური სიტუაციაა. როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, გალის რაიონი სრულიად ცალკე არის დანარჩენი აფხაზეთისგან. გალს აფხაზი გამგებლი ჰყვას, რუსი სამხედროები კი უმეტესად დე ფაქტო საზღვარზე დგანან და ე.წ. სასაზღვრო ბილიკებსაც აკონტროლებენ. თვითონ აფხაზები ცდილობენ გალელ ქართველებთან ომამდელი ურთიერთოებების აღდგებას, რადგან ძალიან ბევრია იქ შერეული ოჯახი. სწორედ ამიტომაც მათ გალელ ქართველებთან ნათესაურ-მეგობრული ურთიერთობები შემონახული აქვთ.