[GEWORLD.NET: ჯაბა ჟვანია]
რასაც წინამდებარე წერილში წაიკითხავთ, ჰალსტუხიცოხნია დიქტატორის დამხობაზე მეოცნებე გაბოროტებული ადამიანის ავი ნატვრა არ გეგონოთ, უბრალოდ, მინდა, ათასობით «ბედნიერი ქართველის» გულისწადილი გავახმიანო. ორიოდ კვირის წინ ჩვენი «სუპერმენი» პრეზიდენტი ბათუმში ზურგზე ჟანგბადისბალონებაკიდებული წყალქვეშ თექვსმეტი მეტრის სიღრმეზე რომ ვიხილე, თავიდან თვალებს არ დავუჯერე; მეგონა, «დისქავერზე» დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი სელაპებზე, მაგრამ მერე, როცა «მივხვდი», რომ ის, ვინც შავი ზღვის აკვატორიაში თევზებს მყუდროება დაუფრთხო, სელაპი კი არა «ნაცმოძრაობის ბელადი» იყო, მეხსიერებაში უნებურად ერთი ტრაგიკული ამბავი ამომიტივტივდა: 1967 წელს ავსტრალიაში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰაროლდ ჰოლტი მეტად უცნაურ გარემოებებში გაუჩინარდა. ამ ამბავმა მსოფლიო შეძრა.
ჰაროლდ ჰოლტი პროფესიონალი მოცურავე იყო და წყალში ყვინთვა მას ბავშვობიდანვე იტაცებდა, ერთ-ერთი ყვინთვის დროს კი (მელბურნთან ახლოს, ერთ-ერთ ყურეში), სავარაუდოდ, მას თავს დაესხა თეთრი ზვიგენი. მიუხედავად სამწლიანი ძებნისა, ჰოლტი ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც მკვდარი, იგი ოკეანის მორევში (ან თეთრი ზვიგენის სტომაქში) სამარადისოდ გაუჩინარდა...
ეს ამბავი რომ გამახსენდა, «გუგლიში» რატომღაც ჩავწერე საძიებო ფრაზა - შავი ზღვის ზვიგენი. მგონი, ხვდებით, რისი გარკვევაც მინდოდა - ბინადრობს თუ არა შავ ზღვაში იმავე ჯიშის ზვიგენი, რომელსაც 1967 წელს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჰოლტი გადაეყარა... გაირკვა, რომ ერთადერთი სახეობის ზვიგენი, რომელიც შავ ზღვაში გვხვდება, კატრანია, რომლის შესახებაც ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: «კატრანი - შავი ზღვის ზვიგენი - ბინადრობს ღრმა წყლებში, ნაპირიდან საკმაო დაშორებაზე. კატრანის მაქსიმალური სიგრძე ერთი მეტრია, წონა კი - თხუთმეტი კილოგრამი და ის ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს».
თუ გავითვალისწინებთ, რომ «ნაცმოძრაობის მამამთავარმა» წყალში მხოლოდ 16 მეტრი ჩაყვინთა და თანაც ნაპირთან ახლოს, კატრანი კი ნაპირს სიახლოვეს არ ეკარება, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ «ვარდოსანთა მამამთავარს», შუა ზღვაშიც რომ აიშენოს «სადაივინგო რეზიდენცია», ზვიგენის ხახაში მოხვედრა არამც და არამც არ ემუქრება; ანუ შავი ზღვის ფაუნა, ისევე როგორც ქართული ოპოზიცია, სააკაშვილისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ზღვა, რომელშიც თუნდაც ერთი რუსეთუმე ან, გნებავთ, შეფიცული თეთრი ზვიგენიც კი არ ბინადრობს, მესტიიდან თხილამურებით დაშვებულ ორმეტრიან გიჟს «მუხლებამდე» თუ მოსწვდება...
...ეჰ, რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ხვედრი და რეალობა, - კატრანი ჩვენ არ გვწყალობს და ცისფერი ვეშაპი, ვრჩებით მხოლოდ ხამსასა და ქაფშიის იმედად... თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ არც პოლონეთის პირველი პირები «გვწყალობენ», უფრო სწორედ, მათი სტუმრობა თარსად და სავალალოდ გვაქვს დაცდილი.
ალბათ, გახსოვთ, აწგანსვენებული ლეხ კაჩინსკის ერთი ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც სააკაშვილმა დათვს იმდენი უჩხიკინა, რომ ბუნაგიდან გამოიყვანა და მერე იძულებული გახდა, თბილისის ცენტრში უცხო ქვეყნების პრეზიდენტთა ცოცხალი ფარით ესარგებლა; აქაოდა, დათვი ან დამგლეჯს, ან ერთი ადგილით ჩამომკიდებს და, არიქა, მიშველეთო. კაჩინსკის მეორე ვიზიტიც სკანდალური იყო, მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელი კოლეგა შუაღამისას ახალგორისკენ გააქანა, სადაც მათ ესკორტს ცეცხლი გაუხსნეს. ქართული მხარე ამტკიცებდა, რომ ცეცხლი რუსებმა გახსნეს, თუმცა მოგვიანებით პოლონეთის სპეცსამსახურებმაც კი აღიარეს რომ ცეცხლი პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და მისი მიზანი იყო მსოფლიო მედიის ყურადღების მიქცევა - ნახეთ, რუსებმა საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტსაც ესროლესო. მოკლედ, ამ ავანტიურაში პოლონელებმა გვამხილეს.
დათარსული აღმოჩნდა პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის - ბრონისლავ კომოროვსკის ვიზიტიც. კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა არც აცია, არც აცხელა და «წაწალ ოპოზიციად» ცნობილ «ქრისტიან-დემოკრატებსა» და «ახალ მემარჯვენეებს» მთელი კონსპირაცია წყალში ჩაუყარა, რადგანაც, როგორც თავად განაცხადა, «ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინც და მაინც გულზე არ მეხატება. ეს საკითხი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას შეეხება. არ მომწონს ეს ფაქტი, მაგრამ საარჩევნი სისტემის შეცვლა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყოო». ამ განცხადებით სააკაშვილმა ნათელი გახადა, რომ თარგამაძე-გამყრელიძის ტანდემის სურვილი და პოლიტიკური მიზანი პარლამენტში რამდენიმე სავარძლით მეტის მიღება რომ იყო მხოლოდ.
ანუ «წაწალმა ოპოზიციამ», ფეშქაშად მიღებული «30 დამატებითი სავარძლის» სანაცვლოდ, გაყიდა ყველაფერი. ვინაიდან გასაყიდი ამ ოდიოზურ და გაკოტრებულ პოლიტგვამებს არაფერი ჰქონდათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ, «30 დამატებითი სავარძლის» სანაცვლოდ, ისინი ლეღვის ფოთლის როლზე დასთანხმდნენ იმპრესარიოს.
ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების «წაწალია», აქამდეც ცნობილი იყო. ხელისუფლებაც «წაწლობის» წესებს გულმოდგინედ იცავდა, ანუ უკეთებდა ოპოზიციას ყველაფერს, მაგრამ უნარჩუნებდა მას ოპონენტის ფასადს, გასაგებად რომ ვთქვათ, - «ქალიშვილობას».
მაგრამ სააკაშვილის ეს «ბათუმური აღიარება» საჯარო პორნოგრაფიული აქტის ტოლფასი იყო და მან გამოუსწორებელი ოპტიმისტების თვალშიც კი გააქარწყლა მითი, რომ თარგამაძე-გამყრელიძის ტანდემი ხელისუფლებასთან ურთიერთობაში «წაწლობაზე» შორს არ მიდის... დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა აქამდე მხოლოდ «წაწალი» ოპოზიციონერები საჯაროდ გააბახა.
ვინც სააკაშვილის ხასიათს მეტ-ნაკლებად იცნობს და ვინც უავგუსტესის ფსიქიკაზე საკმაოდ წონიანი სპეციალისტების კომპეტენტურ შენიშვნებს გასცნობია, შეიძლება ივარაუდოს, რომ სახეზეა მორიგი უნებლიე წამოცდენა, რომ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, არ სურდა კონსპირაციული გეგმების გამჟღავნება და წაწალ ოპოზიციასთან საჯარო პორნოგრაფიული აქტის ჩატარება, მაგრამ ვერ გაუძლო ცდუნებას, სახასიათო შტრიხით გაეძლიერებინა დიადი დემოკრატის როლი და «გამოტყდა», რომ დეპუტატების რაოდენობა მომავალ პარლამენტში, ოპოზიციის თხოვნით და არა მისი ახირების გამო, გაიზრდება.
თუმცა იყო კი ეს მხოლოდ წამოცდენა, თანაც უნებლიე? ეს განცხადება უფრო ჰგავდა დემონსტრაციულ აღიარებას, რომ საქართველოში ზღვარი ოფიციოზსა და ოპოზიციას შორის პირობითია. იგი მოწყალე პრეზიდენტის ხოშზე გადის და, თუ მას მოუნდება, წაწალსაც ლაჯებშუა გამოივლებს. სააკაშვილმა შინ და გარეთ ყველას დაანახა, რომ როგორც ოფიციოზი, ასევე ოპოზიციაც «მისი ტერიტორიაა» და ჟინს ამ ტერიტორიაზე მოიკლავს, როცა უნდა, ვისთანაც უნდა და სადაც უნდა (გნებავთ - ღია აუზში, გნებავთ - რეზიდენციაში და გნებავთ - პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ კონფერენციაზე).
ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, გაუპატიურების საქმეზე მოწმედ გამოსულ კახელზე რომ ანეკდოტია, იმის არ იყოს, ჩვენ რომ წაწალი გვეგონა, ის თარგამაძე და გამყრელიძე თურმე ხარჭები ყოფილან...
და ბოლოს, ამ ორი პარტიის («ქრისტიან-დემოკრატები» და «ახალი მემარჯვენეები») მესანთლეებმა ნათქვამი სხვაგვარად რომ არ მოთარგმნონ, აქვე განვმარტავ, რომ წაწლობა ქალ-ვაჟს შორის სქესობრივი ურთიერთობის წეს-ჩვეულებაა ფშავში. იგი შეზღუდულია ხვევნა-კოცნითა და წელს ზევით ალერსით, ხოლო ხარჭა იგივეა რაც - ხასა, საყვარელი... ერთი სიტყვით, - მეორადი გამოყენების წაკლა.