[ბანკები და ფინანსები. ნინო დარბაისელი]
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთავარი ფუნქცია, რომ ობიექტების პრივატიზება გახდა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. ისიც ყველასთვის ნათელია, რომ ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ნუსხაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს სამედიცინო კლინიკები წარმოადგენს.
სამინისტრო არც ამჯერად ღალატობს თავის ფუნქციას და თბილისის ალადაშვილის სახელობის კლინიკას - ყოფილ მერვე საავადმყოფოს სარემონტო სამუშაოების დაწყების მიზეზით 26 აგვისტოდან 1,5 წლით დახურავს, რის შემდეგაც კლინიკის გასხვისება იგეგმება.
ალადაშვილის სახელობის კლინიკა, თავის დროზე ყოფილი მერვე საავადმყოფო, თავდაპირველად, ,,ბლოგ ჯორჯიას", მოგვიანებით კი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს გადაეცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბლოკ-ჯორჯიას" გეგმა ჩაუვარდა, ამის შემდეგ საავადმყოფო შპს მე-4 კლინიკურ საავადმყოფოდ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკად გარდაიქმნა. უნივერსიტეტმა კი აღნიშნული დაწესებულების რემონტი განიზრახა, რისთვისაც მედპერსონალს შენობის დაცლა სთხოვა, რის შედეგადაც 600–მდე ექიმი სამსახურის გარეშე რჩება.
კლინიკის თანამშრომლები, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გაიგეს, მოითხოვენ, რომ საავადმყოფო არ დაიხუროს და შენობა ეტაპობრივად გარემონტდეს. კოლექტივი კლინიკის დახურვას აპროტესტებს და პრეზიდენტთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვს. მათი მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი ბრძოლის გააგრძელებას აპირებენ და საპროტესტო აქციების მოწყობასაც არ გამორიცხავენ.
"ბატონო პრეზიდენტო! 90-იანი წლებიდან მედპერსონალი ზრუნავდა კლინიკის გადარჩენისთვის, დანაზოგებით ხდებოდა ეტაპობრივი რემონტი, ინვენტარის განახლება. ჩვენს კლინიკაში ინვესტიცია არ ჩადებულა. შემოსავალი გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ გვეფუნქციონირა და წარმატებით გაგვეგრძელებინა სამედიცინო საქმიანობა…
რესპუბლიკაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, რიგ კლინიკებში რეაბილიტაცია განხორციელდა ეტაპობრივად და წარმატებულად. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით: კლინიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმოს ეტაპობრივად, შრომითი საქმიანობის შეწყვეტის გარეშე", - აღნიშნულია საავადმყოფოს მედპერსონალის მიმართვაში.
სამედიცინო საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციაში კი განმარტავენ, რომ აუტანელი პირობების გამო, კლინიკის სრული და დროული რეაბილიტაცია აუცილებელია. მედპერსონალის სხვა საავადმყოფოებში გადანაწილება კი უკვე მიმდინარეობს.
მედიკოსების თხოვნას სამედიცინო უნივერსიტეტიდან რეაგირება მალევე მოყვა. ადმინისტრაციის უფროსი, ზურაბ ორჯონიკიძე განმარტავს, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი საავადმყოფოს მთლიანად დახურვა იმ კომპანიამ მოითხოვა, რომელიც შენობაში რემონტს ჩაატარებს. რაც შეეხება მედპერსონალს, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, თითოეული მათგანი სამუშაოს თბილისის სხვადასხვა კლინიკაში მიიღებს.
თუმცა, მედპერსონალი ირწმუნება, რომ მათ საავადმყოფოდან ყრიან და დასაქმების სხვა პერსპექტივას არ სთავაზობენ.
"პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თქმით, ჩვენ მათ აღარ ვჭირდებით. აქამდე ჩვენთან რომ იმუშავე, ეს ჩვენი კეთილი ნება იყოო. კლინიკაში ინვესტიციები არ ჩადებულა. "ბლოკ-ჯორჯიას" ისე მიჰყიდეს საავადმყოფო, არაფერი გვკითხეს. დღეს ისე ყიდიან (თუ ჩუქნიან) 1000 ლარად, არავინ არაფერს გვეუბნება",- აცხადებს კარდიოლოგი დავით კირკიტაძე.
ამის ფონზე, აღარ არის გასაკვირი, თუ რატომ არ ხდება საქართველოში პაციენტის და საავადმყოფოს პერსონალის ინტერესების გათვალისწინება და იმის გარკვევა, რეალურად ვინ არის ინვესტორი და ვის ხელში გადადის ესა თუ ის მნიშვნელოვანი ობიექტი.
"ის, რაც ამ კოლექტივს აღელვებს, სამწუხაროდ, კერძო შემთხვევა არ არის. მრავლადაა შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ობიექტის გასხვისება მოტყუებით, ანგარებით ხდება და კოლექტივი ფაქტობრივად უმუშევრად რჩება. ამის გამოსწორება მხოლოდ საზოგადოების ერთად ყოფნით, მობილიზებით და ამ ძალის ხელისუფლებისთვის ჩვენებითაა შესაძლებელი. ცალკე ექიმები, ცალკე ჟურნალისტები, ცალკე იურისტები და სხვა პროფესიის ადამიანები კი ვერასდროს ვერაფერს გახდებიან და ხელისუფლება მათ ყოველთვის დაჩაგრავს", - განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა.