[რეზონანსი ლანა ბერიძე]
"რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ავიაცია გვაყვს, იმდენად სუსტია ჩვენი საჰაერო ძალები, რომ ვერც შევადარებ მეზობელი ქვეყნებისას. მით უმეტეს იმის ფონზე, როცა ჩვენს უშუალო ღია მოწინააღმდეგეს - რუსეთს - აქვს კოლოსალური შესაძლებლობები და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო ძალები მსოფლიოში.
სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ჩვენთან შედარებით რამდენჯერმე ძლიერი საჰაერო ძალები ჰყავთ," - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი, რომლის თქმითაც, საქართველოს სამხედრო ავიაციას სერიოზული პრობლემები აქვს როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით.
რა პრობლემებია ავიაციაში? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს საჰაერო თავდაცვის გაუქმებას და სახმელეთო ძალებზე მიბმას, რატომ არის სამხედრო პილოტების დეფიციტი და რას აკეთებს ხელისუფლება ამ კუთხით, "რეზონანსი" ამ თემებზე ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.
"რეზონანასი": რა ვითარებაა სამხედრო ავიაციაში - როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით? ზოგადად, რა ხდება დღეს საქართველოს ავიაციაში?
ირაკლი სესიაშვილი: სად გვყავს ავიაცია? ფაქტია, რომ ბაჩო ახალაიას მოსვლის შემდგომ ავიაცია გაუქმდა და შეუერთდა სახმელეთო ძალებს. ამას, ვფიქრობ, ერთი მხრივ რაციონალური ახსნაც ჰქონდა იმიტომ, რომ ავიაცია მოწინააღმდეგის ძალების გათვალისწინებით ფაქტობრივად ძალიან დაბალ დონეზე იყო და მას პირდაპირი შედეგის მოტანის საშუალება მოკლევადიან პერსპექტივაში არ ჰქონდა.
მაგრამ, მეორე მხრივ, შეცდომა იყო იმიტომ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს სჭირდება სამხედრო ავიაცია. შესაბამისად ავიაციის გაუქმებით იკარგება უნარ-ჩვევები, გამოცდილება, სისტემა და გარკვეული ადამიანების ჯგუფს ეკარგება მოტივაცია დარჩეს სამხედრო ავიაციაში.
პილოტის პროფესია მსოფლიოში ყველგან ფასობს და თუ მათ არ ექნებათ აქ სტაბილური მდგომარეობა და სათანადო უზრუნველყოფა, აუცილებლად გაიქცევიან სამოქალქო ავიაციაში, სადაც მათ აფასებენ, სადაც უკეთესი პირობებია და კარგი ხელფასი.
ამ რეფორმით თითქოსდა ერთი შეხედვით არაფერი შეცვლილა, მაგრამ რეალურად ავიაციის მომსახურე პერსონალის სოციალური უზრუნველყოფის პირობები გაუარესდა. თუკი აქამდე ისინი იღებდნენ მაღალ ხელფასს, რეფორმის შედეგად იღებენ ნაკლებს. გარდა ამისა, გაუქმდა შესაბამისი სასწავლებელი, სადაც საკმაოდ კარგ სპეციალისტებს წრთვნიდნენ. ამას გარდა ჩვენი საავიაციო ქარხანა გადაკეთდა და ძირითადად აქცენტი ბრონირებულ მანქანებეზე კეთდება, რაც, რა თქმა უნდა, ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ამ დარგის მიმართ ყურადღება ნაკლებია.
რაც თქვენ ახსენეთ - ადამიანური რესურსი და პილოტების დაკავება - დღეს შეიძლება პილოტების დეფიციტის პრობლემა ისე აქტუალური არ იყოს, მაგრამ მომავალში ეს საკითხი სულ უფრო გამძაფრდება და ნათლად გამოჩნდება, რომ ქვეყანაში არ არის საკმარისი პილოტები. ადრე თუ გვიან ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება და ჩვენ შეიძლება უცხოელი პილოტების დაქირავება მოგვიწიოს, სწორედ იმიტომ, რომ დღეს ამ სფეროს სათანადო ყურადღება არ ექცევა.
ბევრ ქვეყანაში კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რომ ყველა პილოტი თავის მხრივ ჯერ სამხედრო პილოტია. მაგალითად ისრაელში ყველა პილოტი ჯერ სამხედრო პილოტია და მერე გადადის სამოქალქო ავიაციაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მიხვდეს ხალხი თუ რა მნიშვვნელობა ენიჭება სხვა ქვეყნებში სამხედრო ავიაციას და ჩვენთან როგორ არ აქცევენ მას ყურადღებას.
"რ": რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, რამდენი კვალიფიციური პილოტი დაგვრჩა ახლა, მას შემდეგ, რაც სპეცოპერაცია "ენვერის" შედეგად 7 მფრინავი დააკავეს?
ი.ს: ბევრი სამოქალაქო ავიაციაში გადავიდა, კერძო ფირმებში არიან დასაქმებული, სადაც საკმაოდ კარგი ანაზღაურება აქვთ. პილოტების ჯაშუშობას რაც შეეხება და მათ დაპატიმრებას, ამანაც იმოქმედა და შეამცირა პილოტების რიგები. მთავარი პრობლემა ის არის, რომ შემცვლელი რესურსი არ გააჩნია ქვეყანას. ვერ ვხედავ ალტერნატივას. ვიცი, რომ ამერიკელები და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები გვეხმარებიან პილოტების მომზადებაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ არ გვექნება ჩვენი სკოლა და სხვაზე ვიქნებით დამოკიდებული, გაგვიჭირდება პილოტების სათანდო მომზადება, რადგან ეს ძალიან ძვირი ჯდება. პილოტის მომზადება სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, დასავლეთი რომ აღარ დაგვეხმაროს, მოგვიწევს საკუათრი რესურსით საზღვარგარეთ მოვამზადოთ კადრები და ეს გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ადგილზე მომზადება. შორეულ პერსპექტივაში ვინც დღეს ვერ ხედავს, თუ რაოდენ სერიოზული პრობლემები გვაქვს სამხედრო ავიაციაში, ამას აუცილებლად დაინახავს, მთავარია მერე დაგვიანებული არ იყოს.
"რ": რაც შეეხება ტექნიკას, ამ კუთხით რეგიონში რომელ ადგილზე ვართ? იგივე სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით რა მდგომარეობა გვაქვს?
ი.ს: რეგიონში ყველაზე სუსტი ავიაცია გვყავს. იმდენად სუსტია ჩვენი საჰაერო ძალები, რომ ვერც შევადარებ მეზობელი ქვეყნებისას. ყველაზე სუსტი საჰაერო ძალები გვაქვს, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა ჩვენს უშუალო ღია მოწინააღმდეგუს, რუსეთს აქვს კოლოსალური შესაძლებლობები და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო ძალები მსოფლიოში.
"რ": რუსეთს, ბუნებრივია, ვერ გავეჯიბრებით, მაგრამ სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით რა ვითარებაა?
ი.ს: სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ჩვენთან შედარებით რამდენჯერმე ძლიერი საჰაერო ძალები ჰყავთ, მით უმეტეს აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც ჰყავს, მაგალითად, ისეთი ავიაგამანადგურებელი, როგორიცაა მიგ-29, რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვყავს. მიგ-29 რომ ჰაერში აფრინდება, ჩვენი სამხედრო თვითმფრინავების აფრენას საერთოდ აზრი ეკარგება. მიგ-29-ს იმხელა უპირატესობა აქვს, რომ რაც არ უნდა ავაფრინოთ, ჩამოგვიგდებენ.
"რ": როგორ ფიქრობთ, რატომ არ ექცევა სათანადო ყურადღება სამხედრო ავიაციას?
ი.ს: პირველი ის, რომ ძალიან ძვირი ჯდება, მეორე ის, რომ ჩვენი სახელმწიფო უნდა ფიქრობდეს არა მხოლოდ მოკლე, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებზე. თუმცა ჩვენს ხელისუფელბას ყველა სფეროში ახასიათებს სისწრაფე. მათ ურჩევნიათ, დღეს გაანადგურონ რაღაცა სისტემა და არსებული რესურსი სხვაგან გადაქაჩონ და მერე პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ. ისინი საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე არ ფიქრობენ და არ თვლიან, რომ ამ შემთხვევაში სარგებელს მიიღებენ. სამხედრო ავიაცია ის დარგია, რომელშიც უნდა ჩადო ფული და შედეგი გექნება თუ არა, არ იცი, მაგრამ მაინც უნდა ჩადო, რადგან ქვეყანას სჭირდება. ჩვენი ხელისუფლება კი რეალურად ხომ ქვეყანაზე არ ფიქრობს, ისინი მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობენ და შედეგიც სახეზეა.
აგვისტოს ომის წინ მიხეილ სააკაშვილისთვის რომ გეკითხათ, როგორი არმია ჰყავს საქართველოსო, გეტყოდათ, რომ არა თუ რეგიონში, არამედ კონტინენტზე ერთ-ერთი უძლიერესი არმია გვყავდა, მაგრამ თქვენც ხომ იცით, რომ რეალობა სხვა იყო. მათ არ იციან და არ აქვთ უნარი, შეაფასონ ჩვენი ძალების რეალური შესაძლებლობები, ამიტომ არის, რომ საკაშვილი მუდმივად გაიძახის, ყველზე, ყველაზე, ყველაზე ლამაზები და კარგები ვართო, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი არის ბლეფი და პოლიტიკური ტექონოლოგიები. მათ არ ესმით ამ სფეროს მნიშვნელობა და არ უნდათ გამოვიდნენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან.
თუ ჩვენ საჰაერო ძალები მხოლოდ იმისთვის გვყავს, რომ 26 მაისს აღლუმზე ერთი ფრენა განახორციელონ, მაშინ შეიძლება მართლა არ ღირდეს ამ სფეროში დღეს რაიმე რესურსის ჩადება, მაგრამ თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ათი წლის მერე უნდა გვყავდეს ძლიერი საჰაერო ძალები, რომელსაც რეალურად შეეძლება კონკრეტული ამოცანების შესრულება, ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა და მოწინააღმდეგის სამხედრო თვითმფრინავების გადგურება, მაშინ, რა თქმა უნდა, საჭიროა ამ სფეროში გარკვეული რესურსის ჩადება.
ღარიბი ქვეყნები, სულ მინიმუმ, რასაც აკეთებენ, პერსონალს ამზადებენ, რაც ჩვენთან არ ხდება. ჰყავთ მომზადებული პერსონალი და კრიზისის შემთხვევაში სასწრაფო წესით შეიძენენ ხოლმე თვითმფრინავს და უკვე მომზადებული მფრინავები როცა ჰყავთ, ადვილად უმკლავდებიან პრობლემას. თუ სამხედრო ვერტმფრენები გყავს, ის აუცილებლად საჭიროებს პროფესიონალ მფრინავს - სხვა შემთხევაში ტექნიკას ვერ გამოყენებ.
"რ": კი მაგრამ, აგვისტოს ომმა არ დაგვანახა საჰაერო ძალების მნიშვნელობა?
ი.ს: ზოგადად ბევრი რამე გვასწავლა ომმა და ეს დიდი გაკვეთილი იყო, მაგრამ საჭიროა დასკვნების გამოტანა და ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა. ეჭვი მეპარება, რომ ჩვენი ხელისუფლება მაინც და მაინც არ არის დაინტერესებული პრობლემების მოგვარებით, ის დაინტერესებულია ხელისუფლების შენარჩუნებით. ამიტომ ჩვენს ხელისუფლებას ურჩევნია, ჰყავდეს ძლიერი პოლიციური ძალები, რომლებიც ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებენ და თუნდაც უკანონო ბრანებას დაემორჩილებიან, ვიდრე გვქონდეს რეალური საჰაერო თავდაცვითი სისტემა.
"რ": ანუ, დღეს საქართველოს ავიაცია, თქვენი შეფასებით, ძალიან დაბალ დონეზეა?
ი.ს: ობიექტური რეალობაა ფინანსების სიმწირე და არასწორი პრიორიტეტების განსაზღვრა. სამხედრო ავიაციას ხელისუფლება სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს, რადგან განვითარების კუთხით სერიოზულ საფრთხეებს უქმნის. ამიტომ ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ მინიმუმ კადრების მომზადება მაინც განახორციელონ, რადგან შეიძლება რამდენიმე წელში ქვეყანას ძლიერი ეკონომიკა ჰქონდეს, მაგრამ აღარ ჰყავდეს სპეციალისტები და შემდეგ კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამიტომ ცოტა მომავალშიც უნდა გაიხედოს ჭკვიანმა ხელისუფალმა.