არჩევნები და კორიოლანოსის კომპლექსი

არჩევნები და კორიოლანოსის კომპლექსი

დაგვიანებულმა და გახანგრძლივებულმა პოსტმოდერნმა ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ აურია და დააგვიან-დაანაგვიანა.

ისიც კი ხდება, რომ ისტორიკოსს არ სჯერა ისტორიის. ჰო, არ სჯერა! მიაჩნია, რომ ესაა ფაქტების გროვა, რომელსაც როგორც გინდა ისე დაალაგებ, რათა სასურველი სურათი დახატო.

არ სჯერა, რომ ოლიგარქიის მომძლავრებისას, ტიმოკრატია იწყებს ამბოხს და ძალაუფლებას ესწრაფვის. ოლიგარქია და ტიმოკრატია ყელს ღადრავენ ერთმანეთს და მათ ქიშპობაში ასპარეზზე გამოდის დემოკრატია, რომელიც ორივეს დაამხობს, განდევნის და ყველაფერს აურ-დაურევს. ამ დროს გამოჩნდებიან დემაგოგები, მათ შორის ყველაზე ძლიერი და მოხერხებული დაეუფლება უპატრონო ძალუფლებას და ხდება ტირანი.

ეს კლასიკური ფორმულაა, პლატონისა და არისტოტელეს დროინდელი.

პოსტმოდერნისტ ისტორიკოსსა თუ ფილოსოფოსს აღარ სჯერა ამ ფორმულისა. იგი მიესალმება დემოსის მღელვარებას, მძვინვარებას, ძალაუფლებას, ჰგონია, რომ შეძლებს მის დაშოშმინებას და კალაპოტში ჩასმას, ჰგონია, რომ ტირანი ვერ გაიმარჯვებს, რომ უძველესი ფორმულა არ მუშაობს პოსტმოდერნულ ეპოქაში და ურჩევნია ჯონ ლოკის ფორმულა ამოარჩიოს და მოიმარჯვოს. ხომ გახსოვთ? - როცა ხელისუფლება ვეღარ ემასხურება მოქალაქეებს, ქვეყანას და მის საზიანოდ მოქმედებს, ხალხს უფლება აქვს დაამხოს ხელისუფალი! ჰოდა, აიწევს თუ არა პოლიტიკური ტემპერატურა ქვეყანაში, დემაგოგები გამოვარდებიან ხოლმე და მთავრობის დამხობისაკენ მოუწოდებენ ხალხს.

ინგლისელის მიერ გამოგონილმა ამ ფორმულამ ინგლისში ვერ იმუშავა, რადგან ათასწლოვანი კონსტიტუცია გადაეღობა წინ. სამაგიეროდ, საფრანგეთში მოიმკო მოსავალი ბარაქიანად.

ჩვენ რა უნდა ვქნათ? რა გვეშველება? ათასწლოვანი კონსტიტუცია რუსებისა და კომუნისტების მმართველობის ორასწლოვან პერიოდში დავკარგეთ. ახლა აღარც გვახსოვს, ასეთი რამ თუ არსებობდა და არც სურთ ამ თემაზე ლაპარაკი ჩვენს პოლიტიკოსებსა თუ კონსტიტუციონალისტებს.

ჩვენი დაწერილი კონსტიტუცია სხვა ქვეყნების კონსტიტუციების თარგზეა მოჭრილი. და, რაკი ჩვენი დაწერილია და მერე კი მიღებულია ჩვენს მიერვე, კონსტიტუციაზე უფრო მაღლა მდგომად მიგვაჩნია თავი, დამწერთაც და ხმის მიმცემთაც.

ჩვენს პარლამეტარებს კონსტიტუციის შეცვლა ისე ეადვილებათ, მით უმეტეს, თუ საკონსტიტუციო უმრავლეობა დაბევებული აქვთ, რომ, თუ დასჭირდათ, ხალისით გამოცვლიან ყოველ სესიაზე.

კონსტიტუციის ხშირ ცვლას ზიანი მოაქვს ქვეყნისათვის!

დღეს უკვე ცხადია, რომ, 2004 წლიდან მოყოლებული, 1995 წელს მიღებულ, კომპილაციურ კონსტიტუციაში აურაცხელი ცვლილებების შეტანას კარგი არაფერი მოჰყოლია.

ცუდი კი ბევრი მოჰყვა და მათ შორის ისიც, რომ საპრეზიდენტო მმართველობა შეიცვლა და საპარლამენტო მმართველობა დამკვიდრდა. თავიდან, თითქოს მომეწონა კიდეც ამგვარი ცვლილება, მაგრამ როდის იყო კონიუნქტურულ, ან სუბიქტურ გადაწყვეტილებას სიკეთე მოეტანოს ქვეყნისათვის?!

მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სურდა რუსეთის მოდელის განმეორება და ძალაუფლების შენარჩუნება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მაგრამ იმედი გაუცრუვდა, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და ქვეყნიდან გაიქცა. თავისთვის ცდილობდა და სხვისთვის კი გამოუვიდა.

ახალმა, საპარლამენტო მოდელმა ასპარეზი გაუხსნა მათ, ვისაც შეუძლია სასურველი წევრები შეიყვანონ პარლამენტში და სასურველი პრემიერ-მინისტრი აარჩევინონ.

ასე და ამგვარად, კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა ოლიგარქიისათვის სასურველი ამინდი მოიტანა საქართველოში. და სულ ტყუილად ბრაზობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სულ ტყუილად ემუქრება ქართველ ოლიგარქებს. ისინი თვითონ მოიყვანა ხელისუფლებაში, თვითონ შექმნა ქვეყანაში ოლიგარქია და თვითონაა ოლიგარქი.

საპრეზიდენტო მმართველობა შეძლებდა ძალაუფლების არდათმობას, თუნდაც მისი ნაწილის შენარჩუნებას, ახლა კი თითქმის შეუძლებელია, რადგან უბრალო ამომრჩეველი, ვის კისერზეც გადაივლის ქვეყანაში განვითარებული აურზაური, რომც გაერკვეს ამ პოლიტიკურ ლაბირინთებში, ვერაფერს შეცვლის - ცოდნა, მგზნებარება და თავგანწირვა არ ეყოფა.

ამ საქმეს ილიას დარი კაცი თუ შეეჭიდებოდა და იმასაც მალე მოკლავდნენ!

ეს მსჯელობაც უქმია, რადგან ვერაფერს შეცვლის და ვერავის შეეწევა, რადგან უგუნურება და ამპარტავნება მძლავრობს. აბა სხვას რას უნდა მივაწეროთ მმართველი პარტიის გაუგონარი თავდაჯერება?! მას შეეძლო ახლავე აემოქმედებინა კანონი, რომლის ძალითაც პრეზიდენტს ხმოსნები აირჩევდნენ, მაგრამ გადადო და, საპარლამეტო რესპუბლიკაში, უძალაუფლებო პრეზიდენტის თანამდებობა საერთო სახალხო არჩევნებზე გაიტანა. გაიტანა და ხიფათში ჩააგდო ქვეყანაც და საკუთარი ძალაუფლებაც. რა ჰქვია ამას, პარადოქსი? არა - უგუნურება!

ამას რომ ვწერ, 28 ნოემბრის დილის რვა საათია, დაიწყო საყოველთაო ხმის მიცემა, დაიწყო დემოკრატიული, პოპულარული არჩევნები. ვნახოთ, საღამოს რა იქნება…

29 ნოემბერია, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დამაჯერებლად გაიმარჯვა. მას უკვე ულოცავენ მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტები და ვეღარაფერს შეცვლის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მუქარა და გაერთიანებული ოპოზიციის ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ გაფართხალება. არჩევნები შედგა, საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი, კარგი წარმოშობის, კარგი განათლებისა და გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი. მის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ უცხო, თუდაც მეგობარი ქვეყნის უშიშროების ორგანოებთანაა ნათანამშრომლები, მაგრამ, რას ვიზამთ, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი სულაც მტრული ქვეყნის უშიშროების ორგანოებთან ნამუშევარი გახლავთ.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება და შეეცდება დაძლიოს ქართულ საზოგადოებაში არსებული განხეთქილება, რაც ქვეყანას აფეთქებით ემუქრება. ეს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა და თუ გვსურს აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მტერი განვდევნოთ ჩვენი ქვეყნიდან, ჯერ ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირება და განხეთქილება უნდა აღმოვფხვრათ.

დავწერე ეს სიტყვები და ფილარმონიის დარბაზიდან გრიგოლ ვაშაძის შეურიგებელი სიტყვები მოისმა, ამას „ნაცმოძრაობის“ ლიდერების გააფთრებული ხმები დაემატა და ამსტერდამიდან ექსპრეზიდენტმა მოსახლეობას დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა.

მართლაც რა მოურჩენელი ჭირი გვჭირს?! წინ წყალი, უკან მეწყერიო - ამაზე იტყვიან!

უგუნურება გვჭირს და კიდევ - ამპარტავნება, ერთი სიტყვით, კორიოლანოსის კომპლექსი.

გაიუს მარციუს კორიოლანუსი, ლეგენდარული რომაელი მეომარი იყო. კორიოლანოსი, (მაჩაბლის თარგმანის მიხედვით კორიოლანოსია და მეც ასე მოვიხსენიებ) ვოლსკების ქალაქ კორიოლის აღების გამო ეწოდა. კორიოლანოსი იყო მამაცი, უძლეველი მეომარი, სამშობლოსათვის თავდადებული, კეთილშობილი, მაგრამ ამავე დროს ამპარტავანი და უგუნური.

„კორიოლანოსი“ შექსპირის ტრაგედიაა და ჩვენც აქედან ვიცნობთ. მანამდე კორიოლანოსის ცხოვრება პლუტარქემ აღწერა და შექსპირმაც აქედან აიღო თავისი ტრაგედიის სიუჟეტი.

ამბავი ასე ხდება: კორიოლანოსს სენატი კონსულად დაასახელებს. წესის მიხედვით, დამატებით, დემოსის ხმებიც უნდა მოიპოვოს, ხმები უბრალო მოქალაქეებისა, ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ მას პირდაპირი კენჭისყრით არ ირჩევენ. დემოსს არჩეული ჰყავს დელეგატები და მათ წინაშე უნდა წარსდგეს ხმების მთხოვნელი.

ასეთი იყო რომაული არჩევნები, მანამდე - ბერძნული არჩევნებიც, ასეთია ამერიკული არჩევნები დღეს. მარტო ჩვენა ვართ „ჭეშმარიტი დემოკრატები“, მაჟორიტარულ არჩევნებს რომ ვაწყობთ და ყოველ ჯერზე ქვეყანას საფრთხეში ვაგდებთ.

მაგრამ, სიუჟეტს დავუბრუნდეთ: გაიუს მარციუსი, სანიადაგო სამოსში გამოწყობილი, წარსდგება ამომრჩევლების წინაშე, დასძლევს ამპარტავნებას და თხოვს ხმა მისცენ. მოქალაქეებმა იციან მისი დამსახურება და ხმას აძლევენ, მაგრამ არ მოსწონთ მისი სიამაყე. ხალხი რომ უყვარდეს, მაგაზე ღირსეული კაცი არ მოინახებოდაო - ამბობენ. თხოვენ, ხმას კი გაძლევთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ტკბილად გვთხოვეო. კორიოლანისი ბრაზობს, რომ უნდა ითავმდაბლოს და ეს სახეზე აწერია.

სწორედ ამით სარგებლობენ დემაგოგი ტრიბუნები, ბრუტოსი და სიცინიოსი, დემოსის ეჭვებს გაამძაფრებენ და ბრბოს აამღელვარებენ.

კორიოლანოსი უკვე არჩეულია, მაგრამ მასები გამოდიან ქუჩებში, აურზაურს მოაწყობენ, არჩევანს არ სცნობენ და კორიოლონოსს, ვინც მკვახედ და შეურცხმყოფელი სიტყვებით შეხვდება ტრიბუნებსა და მოქალაქეებს, ეტყვის არც თქვენი კონსულობა მინდა და არც თქვენ მჭირდებითო, მრავალ არადემოკრატიულ სიმართლესაც მიახლის პირში. ამის გამო გაასამართლებენ და ქალაქიდან განდევნიან.

აი, კომპლექსი კორილანოსისა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირს!

ამის მერე კორიოლანოსი მტერთან მიდის, მის ჯარს სათავეში ჩაუდგება და მშობლიური ქალაქის დასაპყრობად გამოუძღვება, მაგრამ დედის ვედრება შეაჩერებს, უკან გაბრუნდება და მტრის ხელით აღესრულება.

მაგრამ ეს სხვაა, ეს ტრაგედიაა, ესაა მრავალჯერ განმეორებული უბედურება, რაც საქართველოსაც დასტეხია თავს და სხვა ქვეყნებსაც.

ესეც კორიოლონასოს კომპლექსია, მაგრამ, ამჯერად სხვაზე ვწერ, სხვაზე ვწუხვარ, ტრაგედიაზე კი არა, ფარსზე მოგახსენებთ, ფარსზე რომელიც პოპულარული, ანუ სახალხო არჩევნების დროს თამაშდება. როცა კორიოლანოსის კომპლექსზე ვსაუბრობ, შექსპირის პიესაში განვითარებულ საარჩევნო, დემოკრატიულ აურზაურს ვგულისხმობ და არა თვით პროტაგონისტის ფსიქოლოგიას.

კორიოლანოსის კომპლექსი მოქმედებს მაშინ, როცა კანდიდატმა იცის, რომ ერთხელაც იქნება, არჩევნებში გასვლა მოუწევს და, მაინც, ისეთ რამეს დაწერს ან იტყვის, რაც სანანებლად გაუხდება, რასაც დემაგოგები გამოიყენებენ და თავი უნდა იმართლოს.

კორიოლანოსის კომპლექსი მოქმედებს მაშინ, როცა კანდიდატი ამპარტავნებას იჩენს და ისეთ რამეს ამბობს საარჩევნო კამპანიისას, რაც ამომრჩევლებს, ერთ ნაწილს მაინც, არ მოეწონებათ ან შეაშინებთ.

კორიოლანოსის კომპლქსი მოქმედებს მაშინ, როცა კანდიდატი გაურბის შეკითხვებს ან აგდებით ექცევა შემკითხველებს.

კორიოლანოსის კომპლექსი მოქმედებს მაშინ, როცა კანდიდატი უკვე არჩეულად მიიჩნევს თავს და ამით აღიზიანებს, აბრაზებს ამომრჩეველს.

მაინცა და მაინც უცხოელი მრჩეველი უნდა ჩამოსულიყო დასახმარებლად, რომ, მეორე ტურში, კანდიდატს ამპარტავნება გვერდზე გადაედო, თავმდაბლად წამდგარიყო ამომრჩეველთა წინაშე, ეჩვენებინა წინაპართა ღვაწლი, მათი და თავისი „ჭრილობები“, ოჯახი, ცოდნა და გამოცდილება, რომ ამომრჩევლის გული მოელბო?!

და ესეც მხოლოდ ერთმა კანდიდატმა შეძლო, სალომე ზურაბიშვილმა. მეორეს, გრიგოლ ვაშაძეს, როგორც ჩანს, ამ მხრივ მოსაწონი ბევრი არაფერი ჰქონდა.

კიდევ ერთი არჩვენები დასრულდა საქართველოში და მთელი ძალით ამოქმედდა კორიოლანოსის კომპლექსი.

დემაგოგებმა - ვთხოვ, არ იწყინოს ვისაც ეს ეხება, დემაგოგი პოპულარულ ლიდერს ნიშნავს ძველბერძნულად, შექსპირის პიესაში ისინი ბრუტოსი და სიცინიოსი არიან - ვიმეორებ, ჩვენმა ქართველმა დემაგოგებმა არჩევნები არ სცნეს და ხალხს მღელვარებისაკენ მოუწოდეს. მათი მთავარი მოთხოვნაა საარჩევნო კანონის შეცვლა - ამას არა უშავს რა - და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.

ეს მოთხოვნები წმინდა წყლის რადიკალიზმი და რევოლუციზმია და არაფერი აქვს საერთო არც ლიბერალიზმთან და არც კონსერვატიზმთან.

საარჩევნო კანონის შეცვლას არც საპარლემენტო უმრავლესობა უარობს, მაგრამ მათ შიგნით გარკვეული წინააღმდეგობაა და უმტკივნეულოდ სურთ მისი დაძლევა. ისე, მაინცადამაინც არც სიამოვნებთ ასეთი ცვლილება, მაგრამ, ასე იქნება თუ ისე, ამ მთხოვნას დაჰყვებიან.

მაგრამ ეს რიგგარეშე არჩევნები მაინც რა უბედურებაა?!

არადა, მთელი ოპოზიციური ძალები ამ საკითხის გარშემო დაირაზმნენ, პარლამენტში შესვლა მოუნდათ.

არავითარი სამართლებრივი თუ კონსტიტუციური საფუძველი რიგგარეშე არჩევნებს არ გააჩნია.

და განა ოპოზიცია არ აყვედრის ხელისუფლებას, რომ ფინანსური კრიზისიაო?! კიდევ უნდა დაიხარჯოს ფული საარჩევნო ციებ-ცხელებაში?! და რას მოაკლდება ეს ფული, პენსიებსა და დახმარებებს ხომ არა?! ან ამ ორთვიანი ფსიქოზით არ დაიღალნენ?! და თვითონ თუ არ იღლებიან და ფსიქოზში ყოფნა მოსწონთ, უბრალო მოქალაქეები მაინც შეიბრალონ.

 ამას კიდევ რა უშავს, მთავარი არჩევნების შედეგების არცნობაა. აი, ეს კი ტრაგედიაა, უბედურებაა ისედაც გახლეჩილი ერისა და ხალხის კიდევ უფრო გახლეჩა და დაპირისპირებაა, ჩვენი არაცივილიზებულობისა და უკულტურობის დასტურია.

ესაა კორიოლანოსის კომპლექსი!

ჭკუითა და გამოცდილებით ცნობილი დიპლომატი და პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი, ვისაც ქუჩის აქციები არ მოსწონს, მაინც დაიჟინებს, არჩევნებმა ძალთა სხვაგვარი ბალანსი აჩვენა და პარლამენტიც ამის მიხედვით უნდა შეიცვალოსო, ადგილები ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადანაწილდესო. ამისათვის რიგგარეშე არჩევნებია საჭიროო. და რომ ჰკითხო, სად გიწერია, რომელ კანონში, ან რომელი კონსტიტუციის პატივისმცემელი სახელმწიფო მოიქცეოდა ასეო? გიპასუხებს, - ჩვენს ხალხს ასე სურსო.

ეს პასუხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს მსოფლმხედველობა არა აქვთ, კონსტიტუციას პატივს არ სცემენ, მოქმედება მხოლოდ საკუთარი ინტერესებისა და მიზანშეწონილობის მიხედვით იციან.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხი უნდა გამოიყვანოს ქალაქის ცენტრში. მათ გამარჯვება სურთ, თუნდაც ქვეყნის დაქცევის ხარჯზე.

და, თუ ეს ქვეყანა უნდა დაიქცეს, მაშინ კონსტიტუციის პატივისმცემელი ხელისუფლება ძველ შეგონებას გაჰყვებოდა - Fiat justitia, et pereat mundus! (დაიქცეს ქვეყანა, მაგრამ აღსრულდეს სამართალი}.

თუ კანონი და სამართალი ამოქმედდება, ყველაფერი მოგვარდება.