ნეთანიაჰუს ხელისუფლებისთვის ირანთან ზავი შესაძლოა მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს იმ პირობებში, როდესაც გრძელდება ღაზაში ყბადაღებული მოვლენები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ.
„ნეთანიაჰუს ხელისუფლებისთვის ირანთან ზავი შესაძლოა მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს იმ პირობებში, როდესაც გრძელდება ღაზაში ყბადაღებული მოვლენები. მოგეხსენებათ, რომ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული არამარტო ჰააგაში, ისრაელის შიგნითაც. რაც შეეხება ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების შესახებ ტრამპის განცხადებებს, მან ეს რომ არ განაცხადოს, მისი მთელი ნარატივი ფუჭი ხდება. ამასთანავე ვნახეთ ვიდეო და ფოტომასალა ირანის მხრიდან, რომ გაჰქონდათ სტრატეგიული ობიექტებიდან მასალები. ვინ დაიჯერებს, რომ ირანს დამატებითი ვარიანტები არ აქვს?! დადებითად ვაფასებ, რომ დროებით შეჩერდა ეს კონფლიქტი. დიდ ოპტიმიზმს ამასთან დაკავშირებით ვერ გამოვხატავდი, თუმცა შესაძლებლობა არსებობს და თუ რეგიონული აქტორები იმუშავებენ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის საერთო ენა მოინახოს“, - აღნიშნა მანჯავიძემ.
გვიან ღამით ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. მოგვიანებით, ირანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას ოფიციალურად დათანხმდნენ.