„ნაციონალებს“ რევოლუციური რესურსი არ აქვთ, მათი პოტენციალი ძალიან შეზღუდულია“

„ნაციონალებს“ რევოლუციური რესურსი არ აქვთ, მათი პოტენციალი ძალიან შეზღუდულია“

როგორი იქნება არჩევნების მეორე დღე და დასრულდება თუ არა საზოგადოების გახლეჩვა ორ ბანაკად, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

არჩევნების მეორე ეტაპისთვისნაციონალებიგულდასმით ემზადებოდნენ და რევოლუციურ სცენარსაც არ გამორიცხავდნენ. რას უნდა მოველოდეთ არჩევნების მეორე დღეს?

- სიმართლე გითხრათ, რევოლუციურ პოტენციალს ვერ ვხედავ, რა თქმა უნდა, იქნება რყევები, „ქართულ ოცნებას“ აქვს გრძელვადიანი ძალიან სერიოზული პრობლემა ამ არჩევნების შედეგების მიუხედავად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მათი გამარჯვება, ეს არის „ნაცმოძრაობის“ დამარცხება და არა მათი გამარჯვება, შესაბამისად, ეს მათ პრობლემას ვერ წყვეტს. ის, რომ ახლა მეყსეული კრიზისი მოხდება და საშინელებები დატრიალდება, ასეთი მოლოდინი არ მაქვს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ისეთი ბოლო არჩევნები, სადაც ჯერ კიდევ იმუშავამიშა მოდისფაქტორმა და შემდგომში ეს ფაქტორი გამოირიცხება?

- მე მგონი, „მიშა მოდის“ ფაქტორის მხრივ ეს არის ბოლო არჩევნები, ანუ, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა კრედიტი, ვალი, რომელიც მან აიღო. სამწუხაროდ, ის უკვე ვალებში გადავიდა საქართველოს მოსახლეობასთან. ასე რომ, მომავალში ის ამ იარაღს ვეღარ გამოიყენებს და, თუ შეეცდება, ამით უკუშედეგს მიიღებს.

მაშინ რა იქნება მომავალშიქართული ოცნებისიარაღი?

- მე ვერ ვხედავ ვერანაირ იარაღს მათ ხელში, თუ ახლავე ვერ იპოვეს საკუთარ თავში ძალა და სისტემური ცვლილებები არ დაიწყეს. რეაბილიტაციის თეორიული შანსები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ, პრაქტიკულად, რესურსს ვერ ვხედავ. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია მობილიზება და ამის გაკეთება, არის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ მან მთელი ეს სისტემა უნდა მოიშოროს, რომელიც პარაზიტირებს მის მხრებზე და, ფაქტობრივად, ნულიდან ახალი შენობა ააშენოს, თუ უნდა, რომ გადარჩეს.

მაგრამ საკადრო პოლიტიკის შესახებ გეგმა, რასაც ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ინახავს, დიდი წინააღმდეგობების წყარო გახდება თვითოცნებაშიცკი.

- ეს არ არის მარტივი პროცესი და ამიტომ ვუყურებ სკეპტიკურად. თუმცა, თუ ის ამას მოახერხებს, გამიხარდება.

შეიძლება, ცინიკურადაც ჟღერდეს, მაგრამ, თუ ის მოიშორებს გარკვეულ ადამიანებს, შეიძლება ვიხილოთ, სიტყვაზე, ბიძინაზე გაბრაზებული ბესელია, გაბრაზებული ვოლსკი და ასე უსასრულოდ?

- დიდ საფრთხეს ამაში ვერ ვხედავ, რადგან ეს ხალხი, თუნდაც თქვენს მიერ დასახლებული ფრთა ავიღოთ და თუნდაც ახალგაზრდები პრობლემას ვერ შექმნიან. ეს ახალგაზრდები აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან, მე ვერ ვხედავ, რომ მათ შეუძლიათ სერიოზული პრობლემა შეუქმნან ბიძინა ივანიშვილს, რადგან ესენი არ არიან პოლიტიკოსები, არანაირი პოლიტიკური კაპიტალი მათ არ აქვთ, არანაირი ავტორიტეტი არ აქვთ, რა პრობლემა უნდა შექმნან? საპნის ბუშტებივით გაქრებიან და ამით დამთავრდება ყველაფერი. მაგრამ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს გააკეთოს, პარალელური სისტემა უნდა ააშენოს. აქ მიჩნდება ეჭვი, აქვს კი მას ამის რესურსი, რომ პარალელური, ახალი სისტემა ააშენოს? აქ მაქვს კითხვები, რადგან ეს იმდენად ცხადი იყო და მე ვცდილობდი, მისთვის გამეგებინებინა ეს ერთი წლის განმავლობაში, მან აბსოლუტურად არაადეკვატურად აღიქვა ეს ყველაფერი და გაბრაზდა კიდეც. ბოლოს, ვნახეთ ჩვენ მისი სიბრაზე.

შესაძლოა, მას ვალდებულებები აქვს ამ გუნდთან, ვინც მოიყვანა.

- თუ მას ვალდებულებები აქვს და მძევალია სისტემის, მაშინ მეც ვერ ვუშველი ვერაფერს, სამწუხაროდ.

თქვენ ერთგან ბრძანეთ, რომქართული ოცნება“ „პატრიოტთა ალიანსმაგადაიბარა. ხედავთ ამის რესურსებს, რომპატრიოტთა ალიანსი დაწინაურდეს?

- ვერ ვხედავ ამის რესურსებს. მართალია, „პატრიოტთა ალიანსს“ ჰყავს თავისი სტაბილური მნიშვნელოვანი ელექტორატი, თუმცა არა კრიტიკული, რომ მათ რაღაც მოახერხონ. როდესაც ვთქვი, რომ „ქართული ოცნება“ „პატრიოტთა ალიანსმა“ გადაიბარა, აქ ვგულისხმობდი იმას, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ ამ არჩევნებზე ითამაშა გადამწყვეტი როლი. ამ ულტრაკონსერვატიული ფრთის გააქტიურების გარეშე სალომე ზურაბიშვილს, პრაქტიკულად, შანსი აღარ ჰქონდა. შესაბამისად, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა შეგნებულად თუ შეუგნებლად დაუთმო „პატრიოტთა ალიანსს“ ინიციატივა. ეს ინიციატივა „პატრიოტთა ალიანსმაც“ აიღო ხელში, ეს არის აქტიური ნაწილი ქართული პოლიტიკის და ეს ფაქტორი ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ არჩევნებშიც.

სხვათა შორის, 2012 წლის არჩევნებშიც ბედუკაძის კადრები გახდა გადამწყვეტი ფაქტორი, ირმა ინაშვილის მაშინაც გამოადგა ბიძინას.

- ასეთ ვითარებებში ასე ხდება. როდესაც ვითარება მყიფეა, მაშინ აქტიური, კარგად მობილიზებული ელემენტი ხდება გადამწყვეტი. გამოჩნდა კიდეც, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ შესაძლოა, მცირერიცხოვანი, მაგრამ კარგად ორგანიზებული ძალაა და მათ თავისი სიტყვა თქვეს. მათ, ფაქტობრივად, გაადაარჩინეს არა ბიძინა ივანიშვილი, რადგან ამ არჩევნებით ეს ხელისუფლება არ იცვლება, არამედ გადაარჩინეს არჩევნები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.

მესამე ძალადპატრიოტთა ალიანსისწარმოგიდგენიათ?

- მათ ყოველთვის ექნებათ თავიანთი ადგილი ქართულ პოლიტიკაში, რადგან ულტრაკონსერვატული სეგმენტი საკმაოდ დიდია დარჩენილი. ეს არის საკმაოდ მობერებული, მაღალი ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც ტრადიციების შენარჩუნებას ეპოტინება ბოლომდე და ცვლილებაზე არ არის ორიენტირებული, მაგრამ ეს სეგმენტი რაოდენობრივად შეზღუდულია, დაახლოებით 10%-ის ფარგლებში. მათ რომ გაზარდონ ეს მონაცემი, ამის შანსს მე ვერ ვხედავ, რადგან ცხოვრება წინ მიდის, ძირითადად ახალგაზრდებში უფრო ცვლილებების მოთხოვნილებაა, ვიდრე ტრადიციულ ფასეულობებზე ჩაბღაუჭება, შესაბამისად, ეს სეგმენტი სამომავლოდ არ ექნება მოთხოვნადი, მას ზრდის პოტენციალი არ აქვს, უფრო კლებისკენ წავა.

როგორც ჩანს, მალე არ მოვა ისეთი დრო, როცა ჩვენი მოსაწონი, იდეალური პოლიტიკოსები გამოჩნდებიან. თქვენც ვერ ხედავთ, რომ ასეთი დრო დადგება?

- ამ წუთას ვერ ვხედავ, მაგრამ ეს არის ობიექტურად აუცილებელი მოთხოვნა. გამომდინარე იქიდან, რომ ამის სასიცოცხლო აუცილებლობაა ქვეყანაში, მეც კი ვთვლი ვალდებულად თავს, ხელი შევუწყო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენას არა როგორც აქტიურმა პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ერთ-ერთმა ხელშემწყობმა ელემენტმა. მე აქტიური პოლიტიკოსი არც ვყოფილვარ არასდროს და არც ვაპირებ.

თქვენ დააანონსეთ მესამე ძალის შექმნის თაობაზე, მაგრამ პარალელურად სოკოებივით ჩნდებიან ანალოგიური ტიპის ძალები, რომლებიც მესამე ძალას უწოდებენ თავს. ესენი პორტირებულინაცებიარიან?

- ეს არის სხვის ფეხს აყოლილი ხალხი, კიდევ ბევრი ასეთი დააანონსებს, რომ მესამე ძალის შექმნას ცდილობს, 200 პარტიას მაინც მივიღებთ. ბუნებრივია, ეს არის არასერიოზული განცხადებები და რამდენიმე თვის განმავლობაში დაიწმინდება სიტუაცია, მაგრამ რადგან მოთხოვნილებაა, ყველას უნდა ხმამაღალი განცხადების გაკეთება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ყველა პოტენციური „პრეზიდენტია“, ასეთი პროცესები არ უნდა გაგვიკვირდეს. მთლიანობაში, საქმე არ არის ისე ოპტიმისტურად, რომ „ნაცები“ დღეს მთავრდებიან, სინამდვილეში, შეხედეთ, რა ხდება, „ნაცმოძრაობის“ დინამიკა კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს „ქართული ოცნების“ ბრიყვული პოლიტიკის შედეგია. რაც ჰქონდათ ვალდებულება, რომ „ნაცმოძრაობის“ ელექტორატი შემცირებულიყო წლების განმავლობაში, ნაცვლად ამისა, პირიქით ხდება, იზრდება „ნაცმოძრაობის“ ელექტორატი, მათ გაიმყარეს პოზიციები, მიუხედავად იმისა, არჩევნებს წააგებენ, თუ არა. ასე რომ, დასალხენი აქ მაინცდამაინც არავის აქვს.

სამწუხაროდ, „ნაცმოძრაობა“ უფრო სტაბილური პოლუსია ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე „ქართული ოცნება“, რომელიც არის კლასიკური სახელისუფლებო პარტია, რომელსაც როგორც კი პრობლემა შეიქმნება, ერთ დღეში დაიშლება. იქ არ არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში იყვნენ, იქ არიან არსაიდან მოსული ადამიანები, დასმული კაბინეტებში, მათ ბრძოლისუნარიანობა, ოპოზიციაში ყოფნის არანაირი გამოცდილება არ აქვთ. ეს „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის ზონაა. მათ უზრუნველყვეს აბსოლუტური რეანიმირება „ნაცმოძრაობის“, ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ კი არ იგებს არჩევნებს, არამედ „ნაცმოძრაობა“ აგებს, თანაც, აგებს არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ ე.წ. ანტიმიშასთან, ანუ ადამიანებთან, რომელთაც არ უნდათ „ნაცთა“ დაბრუნება. არც „ქართული ოცნება“ მოსწონთ, მაგრამ „ნაცების“ დაბრუნება არ უნდათ. ეს ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ ამ არჩევნებზე, არ არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგეები და ეს ორი სხვადასხვა რამეა.  

თუკი ხვალიდანვენაცმოძრაობაარ შეეცდება არეულობის განხორციელებას, მაშინ, შესაძლოა, სამომავლოდ რევოლუციური სცენარი ძალაში იყოს?

- „ნაციონალები“ ან ემზადებიან ამისთვის, ან არ ემზადებიან, მაგრამ, უბრალოდ, მათ რევოლუციური რესურსი არ აქვთ. ერთადერთი, რითაც ზიანი შეიძლება მიაყენონ ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც, ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტებში დისკრედიტაცია და დელეგიტიმაცია არჩევნების, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ, ქვეყნის შიგნით დიდი სახალხო მოძრაობისთვის კი მათი პოტენციალი ძალიან შეზღუდულია.

თუკი ბოკერია და სხვები გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან, მაშინ რა მოხდება? დასავლეთისგან ხელმეორედ შეხვდებაოცნებასწინააღმდეგობა, თუ ბიძინა ივანიშვილს ვერწმუნოთ, რომ მათ დასავლეთში პროცესებიოცნებისსასარგებლოდ გადატეხეს?

- როგორ შეეხები ბოკერიას, თუ შენ მოსამართლე გყავს მურუსიძე და პარლამენტში გიზის ზარდიაშვილი? რანაირად უნდა შეეხო ბოკერიას? ჩვენ პირიქით პროცესს ვაკვირდებით, პარლამენტში როგორ კითხავდა დღევანდელ პროკურორებს გიგა ბოკერია ე.წ. კომისიაში. ასე რომ, ეს ილუზია და ბაქი-ბუქია ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ ლატენტური ანტიმიშა გაეღვიძებინათ, თორემ, სინამდვილეში, ბოკერიასთან ისინი ბევრად უკეთესად გრძნობენ თავს, ვიდრე ირმა ინაშვილთან. უბრალოდ, ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ.

ცხოვრება წინააღმდეგობით აღსავსეა, მაგრამ ამიტომ არის სამართლიანობა მთავარი, რომ, თუ შენ მართალი ხარ, რაც არ უნდა პრობლემები შეგიქმნას ვიღაცამ, შენ ბოლომდე უნდა გაიარო ეს გზა. ამისთვის ეს ხელისუფლება არც არასდროს იყო მზად და არც დღეს არის მზად. ეს ყველაფერი ერთჯერადი ილუზიის შექმნის მცდელობაა.