სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია, სააკაშვილი - „დაუმორჩილებელი“

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია, სააკაშვილი - „დაუმორჩილებელი“

სოციოლოგის ვალერიან გორგილაძეს განცხადებით, ცესკოს მიერ 17.00 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად შეიძლება დავასკვნათ შემდეგი: ვინაიდან, ვაშაძეს ელექტორალური პოტენციალი ვერ აღემატება 750 ათას ხმას, ხოლო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობა აღემატება 1 მილიონ ხმას, საბოლოო შედეგი ასე გადანაწილდა.

სალომე ზურაბიშვილი: 1 მილიონო ხმა (58%),

გრიგოლ ვაშაძე: 750 ათასი ხმა (42%).

როგორც ვალერიან გორგილაძე ამბობს, თუ აქტივობამ გადააჭარბა 1 800 ათასს ხმას, სალომე ზურაბიშვილის უპირატესობა მხოლოდ გაიზრდება.

„რა თქმა უნდა, აქაც უნდა

 გავითვალისწინოთ ცდომილება, ეს ხომ მხოლოდ ინტუიციაზე და ზოგადი ტენდენციების ცოდნაზე დამყარებული მსჯელობაა“, – აცხადებს ვალერიან გორგილაძე.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „გელაპის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 58% მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ხოლო 42% გრიგოლ ვაშაძეს აქვს. „გელაპმა“ ამომრჩევლის გამოკითხვა 10 204 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით აწარმოა. საერთო ჯამში ცდომილება 2%-ია.

რაც შეეხება „რუსთავი 2“– ის და კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებით, 17:00 საათის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 55% – იანი მხარდაჭერა მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 45%.

ცესკოს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას ელოდება დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს კომენტარს. არჩევნების საბოლოო შედეგებს ელოდება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომლის განცხადებით, ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა 17:00 საათის შემდეგ მივიდა.

„უღრმეს პატივს ვუდასტურებთ „რუსთავი 2“–სა და „ედისონ რისერჩს“, მაგრამ დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა მივიდა არჩევნებზე ზუსტად 17:00 საათის შემდეგ. ასეთი „არჩევნები“ საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია, მოსყიდვა მოხდა. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი საქმეში იყო ჩართული“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. როგორც ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, ახლა უკვე ნამდვილად არის შესაძლებელი რეაქციის გაკეთება, ვინაიდან ეგზიტპოლების შედეგები გამოაცხადა არა მხოლოდ მმართველი გუნდის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ, არამედ ოპონენტების მიერ დაქირავებულმაც.

„პირველი ტურის შემდგომ, ალბათ, სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევა აღარ გახლავთ, უცხოური კომპანია მოვიწვიეთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას.

„დარწმუნებული ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისიას ქალბატონი სალომე საუკეთესოდ შეასრულებს. დღევანდელი დღე იყო ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მოქალაქეებისგან გზავნილი მიღებულია, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობის დონე იყო საკმაოდ მაღალი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში გვაქვს შემდგარი დემოკრატია.

„ჩვენთვის, როგორც მმართველი ძალისთვის, მნიშვნელოვანი იყო როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის შედეგები. ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ვიცით, თუ რა არის გასაკეთებელი. დღეს, ბუნებრივია, არ არის ის დრო, რომ დრო დავკარგოთ ზეიმისთვის. ახლა არის მუშაობის დრო. მინდა პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას რაც ქვეყანაში გვაქვს. ჩვენ ვართ მზად, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცადებით, ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები და არ აღიარებს. საკაშვილი მოსახლეობას მიმართვს, რომ არც მათ აღიარონ შედეგები. მან ასევე მიმართა პოლიციას და შეიარაღებულ ძალებს არ შეასრულონ ხელისუფლების დაკვეთა.

„ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას. მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება. მოგიწოდებთ, ერთიანობისკენ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის კანდიდატს ძალიან მაგარი შედეგი აქვს, ახლა მთავარია, რომ ყველა ხმა იქნას დაცული.

„ახლა მთავარია, რომ ყველა უბანს ვამაგრებთ, ყველა ხმას ვიცავთ. ეს 17:00 საათის მონაცემებია. ჩვენ თითოეულ ხმას და თითოეულ ბიულეტენს დავიცავთ. აქტივობა 17:00 საათის შემდეგ, 20:00 საათამდე ძალიან მაღალი იყო. შესაბამისად, ოპოზიციური ამომრჩეველი თვითდინებით სწორედ დღის მეორე ნახევარში მიდის. განსაკუთრებით ის ხალხი, ვისაც სამსახურებიდან დღის მანძილზე არ უშვებდნენ.

ამიტომ, ყველა ხმას ვიცავთ. ყველა ჩვენს კომისიის წევრს, საუბნო წევრს, ყველას მოვუწოდებთ, გავმაგრდეთ, თითოეული ხმა დავიცვათ. ძალიან მაგარი შედეგი გვაქვს. ჩვენი ძალა, ერთობაშია და სიმართლე ბოროტებაზე აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს ასე იქნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.