„ოცნების“ ვარაუდით, ზურაბიშვილი 300 ათასი ხმით იგებს

„ოცნების“ ვარაუდით, ზურაბიშვილი 300 ათასი ხმით იგებს

უფლებადამცველის ირმა ჭკადუას ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისსა და რეგიონებში აპირებს პროვოკაციების მოწყობას და დესტაბილიზაციას. მისი თქმით, ყავთ ორგანიზებული ჯგუფები და აპირებენ დადგან სპექტაკლი ხელისუფლების სახელით საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგ.

„მივმართავ შსს–ს, არ დაუშვას დესტაბილიზაცია და დემოკრატიული პროცესის ჩაშლა საქართველოში. ასევე დაიცვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მათივე ლიდერების მანიაკალური გეგმებისგან. მივმართავ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს. გამოიჩინონ მაქსიმალური ინტერესი და აქტიურად დააკვირდნენ პროცესებს. აუცილებლად გავაკეთებ ძალიან მწვავე ანგარიშს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ანტისახელმწიფოებრივ განზრახვასა და ქმედებაზე“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.

აღსანიშნავია, რომ 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 47.31 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის საოლქო საარჩევნო ოლქში – 58%, ხოლო ყველაზე დაბალი წალკის საარჩევნო ოლქში – 37% პროცენტი. პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურისათვის ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 38,16 პროცენტი იყო, რაც რაოდენობრივად 1 337 284 ამომრჩეველს შეადგენდა.

არჩევნების დასრულებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი, თუმცა „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებლია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარეს განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს შანსი, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მინიმუმ 300 ათასი ხმით მოიგოს. მდინარაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს მონაცემები იცის და დაიწყო ამომრჩევლების მობილიზება იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კომპანია „ედისონ რისერჩი“ ეგზიტპოლებს ატარებს.

„თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა საარჩევნო პროცესი, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ, მინიმუმ, დაახლოებით, 300 ათასი ხმით. ამ შემთხვევაში ამ მოძრაობას, ამ ძალას, რომელსაც წყურია რევანში, მივმართავ, რომ აზრი ეკარგება ყოველგვარ მანიპულაციებს, პროვოკაციებს და აშ. მათ შორის კვლევებით და ეგზიტპოლით მანიპულაციას.

ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა ბრიფინგი და რუსთავში, ე.წ. კარუსელებში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამხილა და დაასახელა 10–ზე მეტი პირი, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ისინი გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა უბნებზე და ცდილობდნენ ორმაგი მარკირების მიუხედავად, ხმა მიეცათ კიდევ ერთხელ. ეს პროცესი შეჩერდა ჩვენი ძალისხმევით, ამის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა ეგზიტპოლებით მანიპულაციებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ეგზიტპოლების სავარაუდო გაყალბების შესახებ კადრები გაავრცელა „რუსთავი 2“–მა და აღნიშნა, რომ სკანდალური კადრები კურიერს ერთ–ერთმა დამკვირვებელმა მიაწოდა. აღნიშნულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორი დარღვევებით ატარებს ეგზიტპოლებს თითქოსდა „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული ტელეკომპანია „იმედი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ აქტივობა მაღალია დიდ ქალაქებში, სადაც მათ პირველი ტური მოიგეს. შესაბამისად, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შეეცდება იმ რაიონების ხარჯზე გაზარდოს შედეგი, სადაც დაბალი აქტივობაა.

„სამწუხაროდ, როგორც წესი, საღამოს უფრო ააქტიურებენ თავიანთ გაყალბების მექანიზმებს. აქტივობა ძალიან მაღალია. აქტივობა მაღალია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, დიდ ქალაქებში, სადაც ჩვენ პირველი ტური მოვიგეთ. დარწმუნებული ვართ, ესაა ის ამომრჩეველი, რომელსაც ძალიან დიდი საპროტესტო განცდა აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

იქ სადაც მათ მანიპულაციებით მოიგეს, არაა მაღალი აქტივობა. ახლა შეეცდებიან იქ გაზარდონ მაჩვენებელი, რაზეც ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ყურადღება. მე ვფიქრობ, იმხელა იქნება სხვაობა, რომ მანიპულაციები ვერ უშველის ამ შედეგს. აქედან გამომდინარე, მთავარია ყველანი არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტებისაგან პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნურად აწევის მცდელობისა, არჩევნები მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე აზრით, ოპოზიციის მხრიდან დაუდასტურებელი ფაქტების სისტემურ ჩავარდნად წარმოჩენა იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიციის კანდიდატი ვაშაძე, სავარაუდოდ, დამარცხდება.

„ნაციონალურ მოძრაობის“ სურვილია, შექმნას გარკვეულწილად იმის საბაბი, რომ გამოაცხადოს ეს არჩევნები არალეგიტიმურად. ცალკეული ხარვეზები ცხადია არის, იყო და იქნება, სანამ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბდებით ძლიერი ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ. თუმცა, ამ ხარვეზების, რიგ შემთხვევაში კი, დაუდასტურებელი ფაქტების სისტემურ ჩავარდნად წარმოჩენა მაფიქრებინებს იმას, რომ ვაშაძე, სავარაუდოდ, დამარცხდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი სურს, შექმნას საბაბი, რომ გამოაცხადოს ეს არჩევნები არალეგიტიმურად, „ხმათა მოპარვის“ ფაქტად“, – განაცხადა გია აბაშიძემ.