ვაშაძის შტაბი გაყალბების ნაციონალურ მეთოდებზე მუშაობს

ვაშაძის შტაბი გაყალბების ნაციონალურ მეთოდებზე მუშაობს

თუ ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის მიერ გამოქვეყნებული „Edison research“– ის ახალი კვლევის შედეგებით ვიმსჯელებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 52%–იანი მხარდაჭერა აქვს, დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხარს 48% უჭერს. „Edison research“– ის კვლევების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ აქვს მმართველ გუნდს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ პირველი ტურის წინასაარჩევნო კვლევები სიზუსტით არ გამოირჩეოდა და შესაბამისად, უზუსტობაში ეგზიტპოლის შედეგებს არ თვლის.

„ასეთი კვლევების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ მაქვს, იმიტომ, რომ სოციოლოგია არ არის ზუსტი მეცნიერება. მით უმეტეს, გარკვეული ტენდენციურობა გამოიკვეთა პირველი ტურის განმავლობაში. წინასაარჩევნო კვლევები არც განსაკუთრებული სიზუსტით არ გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით ეგზიტპოლს. ამიტომაც, ზოგადად, სოციოლოგიური კვლევა უფრო ანალიტიკოსებს დავუტოვოთ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ მინიმუმ 200 ათასი ხმით მაინც მოიგონ საპრეზიდენტო არჩევნები. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთლიანობაში, ორივე გამოცხადებულ შედეგზე მაღალი იქნება შედეგი, რომელსაც მიიღებს „ქართული ოცნება“.

„ბოლო დღეების ტენდენცია ასეთია. ვფიქრობთ, რომ ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ, სადღაც 200 ათასი ხმით მაინც მოვიგოთ ეს არჩევნები. 200 ათასი ხმა ნიშნავს დაახლოებით 56%–ს და ვფიქრობთ, რომ ეს არის რეალისტური მიზანი. ეს არის რეალისტური და ამისთვის ვმუშაობთ. ტენდენცია რომ ძალიან პოზიტიურია, ადასტურებს „ქართული ოცნების“ შიდა კვლევაც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი ცესკოს არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს. კერძოდ, ბეჟაშვილის ინფორმაციით, გაზრდილია იმ ამომრჩევლების რიცხვი, ვინც ხმა გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით უნდა მისცეს. ამის დასამტკიცებლად ბეჟაშვილმა ფარულად გადაღებული ვიდეო მასალაც წარადგინა, სადაც ის ადამიანები ჩანან, რომლებიც თითქოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადასატან ყუთს საჭიროებენ, რეალურად კი მათ გადაადგილების არანაირი პრობლემა არ აქვთ.

„გადასატანი საარჩევნო ყუთი კვლავ რჩება ცესკოს და საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ იარაღად, რომ მოახდინოს არჩევნების მანიპულირება, როგორც წესი, ამ მეთოდით ხდება ამომრჩევლის ნების გაკონტროლება. პირდაპირ თავზე ადგანან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და კომისიის წევრები და ცდილობენ, რომ შემოახაზინონ 48, მაშინ, როდესაც საარჩევნო ყუთის მიტანა მოქალაქესთან დილის საათებში ხდება, ამ მოქალაქეებს სთხოვენ, რომ საღამოს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დამატებით მისცენ ხმა. არ გაგაყალბებინებთ ამ არჩევნებს, ფეხდაფეხ მოგყვებით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბრალდებას უარყოფენ მმართველ გუნდში. მამუკა მდინარაძეს განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე გაუჭირდა, რომ უკვე თავის კოორდინატორებს და წარმომადგენლებს, მათ შორის კომისიებში, ალაპარაკებს სიცრუეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორსაც მოუწოდებს, ინფორმაცია მის გავრცელებამდე გადაამოწმონ.

„მაგალითად მე მაქვს ერთ–ერთი ინფორმაცია, ქალბატონმა, გვარად კელენჯერიძემ განაცხადა, რომ მისი დედამთილი მოისყიდეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა, ეს ახალი ინფორმაციაა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული და დადასტურდა, ახალ ინფორმაციას გეუბნებით, რომ ეს ადამიანი, რომელიც ამას აცხადებს, არის „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრი სოფელ ზედა გორაში. ეს არის ვანის რაიონი.

მოვუწოდებ მათ, არ ღირს არც ერთი განსხვავებული შეხედულება, რომ ასეთი ტყუილები ილაპარაკონ პირდაპირ ეთერში და ვთხოვ, რომ ტყუილებისგან თავი შეიკავონ. მესამე სექტორის განცხადებები ხშირად ეყრდნობა არასწორ ინფორმაციებს, არასწორ წყაროებს და ეს ვნახეთ მაგალითად დოკუმენტების თითქოსდა ბეჭდვასთან დაკავშირებით და რა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

არჩევნებამდე 2 დღე დარჩა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახადა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით „ქართული ოცნების“ აქტივისტები მათი მხარდამჭერების მიმართ იყენებენ. ვიცე–სპიკერი გამორიცხავს, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების აქეთ–იქით სროლაში „ქართული ოცნება“ იყოს ჩართული. გიორგი ვოლსკის განცხადებით, ეს პირდაპირი დარტყმაა „ქართულ ოცნებაზე“ და ამის გაკეთება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო.

„მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების ეზოში შეგდება რაიმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და მით უმეტეს, „ქართულ ოცნებასთან“ იყოს დაკავშირებული. ეს არის ძალიან ცუდი, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთი პლუსი დაუსვას ქართულ არჩევნებს, როგორც ამას უკვე მივეჩვიეთ.

თუკი ამას გარეშე პირი აკეთებს, ეს არის პირდაპირი დარტყმა „ქართულ ოცნებაზე“ და ამ დარტყმის ერთადერთი მსურველი და შემოქმედი შეიძლება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს. ამდენად, გამოვრიცხავ, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების აქეთ–იქით სროლაში „ქართული ოცნების“ ჩართულობა არსებობდეს. მით უმეტეს, ბავშვებიან ოჯახს შეუგდო ეს ნიშნავს, რომ თვითმკვლელობა ჩაიდინო, ერთი – მორალური თვალსაზრისით და მეორე – სერიოზულად დააზიანო შენი სახელმწიფო, როგორც პოლიტიკური ერთეული. ამას „ქართული ოცნება“ არც ერთი ნიშნით არ ჩაიდენს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შს მინისტრი გიორგი გახარია პირობას დებს, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ, წყნარ და დემოკრატიულ გარემოში.

„პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარდება - ეს ერთი, მეორე – მე კიდევ უფრო ხშირად ვიქნები აქ, სამეგრელოში. რაც შეეხება უკავშირდება თუ არა ეს წინასაარჩევნო პროცესებს, ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, უკავშირდება. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, დღეს, სამწუხაროდ, გამსჭვალულია წინასაარჩევნო კონტექსტით, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია. ჩვენ არჩევნებიდან არჩევნებამდე არ უნდა ვცხოვრობდეთ და უნდა გვქონდეს დიდი, ნათელი მიზნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურზე თუ რაიმე სახის გადაცდომა იქნება, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოსა და მსოფლიოს აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია.

„არავითარ შემთხვევაში არ გვჭირდება დაპირისპირება. არ დავუშვებთ, რასაც ვისმენთ ოპოზიციის ლიდერების მხრიდან - გადატრიალებებს, რევოლუციებს და ა. შ. ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. თუ რაიმე სახის გადაცდომა იქნება, კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება. 2012 წლის შემდეგ ასეთი მძიმე საარჩევნო კამპანია არ მახსოვს, ასეთი სიბინძურე, ცილისწამება, სიცრუის პროპაგანდა, პირადი შეურაცხყოფები სალომე ზურაბიშვილის მიმართ... ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“.

დღეს უკვე ოპოზიციაში მყოფები აჩვენებენ სრულიად საქართველოსა და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს და როგორ არ უნდა იქცეოდეს ოპოზიცია. 2012 წლამდე კი ისინი აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფალი საკუთარი მოსახლეობის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.