სააკაშვილი რევოლუციას ითხოვს

სააკაშვილი რევოლუციას ითხოვს

„სააკაშვილის ახალი რევოლუცია“ – უკრაინული ვებ-გვერდი zdes.com.ua მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბრის აუდიოჩანაწერს ავრცელებს. აუდიოჩანაწერის თანახმად, სააკაშვილი უკმაყოფილოა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში რევოლუციური განწყობა არ აქვთ და პროცესები მისი სასურველი სცენარით არ მიმდინარეობს.

სააკაშვილი ვაშაძეს საყვედურობს, რომ ოპოზიცია რევოლუციის ხასიათზე არ არის. თავის მხრივ, ვაშაძე პასუხობს:

- პარტიაში მხოლოდ ფული აკერიათ პირზე. ფულის გარეშე რა ჩემი ყ… უნდა ვქნათ, რა აზრი აქვსო?! ვეუბნები, ბიჭო, დავიწყოთ მაგის დედა ვატირე, თუ არ დავიწყეთ, რა ფული მოვა? ხომ უნდა თქვას, რომ რაღაც შედეგზე შეიძლება გავიდნენ რაა, სიტყვაზე ვამბობ... ნერვები მეშლება „პროსტა“, რა, რისი იმედი აქვთ მაგ ყ…ბს?“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მიხეილ სააკაშვილი: ჰო და მთელი აქცია სინამდვილეში, როგორც კი ესენი ამას გააკეთებენ, ფულის პონტია და ვსიო „ნახუი“, ვაშაძე არ იწვევს ახლა ხალხში სიყვარულს, მარა, მეორეს მხრივ, ვაშაძე არის აქტიური ტიპი.

გიორგი ვაშაძე: თვითონაც არ მიაჩნია თავი კაცად, თორე სხვას რომ მიაჩნდეს... რა არის ისეთ ყ...– ს ბაზრობს ხოლმე, ხალხი გამო...ბულია.

მიხეილ სააკაშვილი: საბოლოო ჯამში, შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა ან დროზე დავამხოთ და, თუ იტყვის რიგგარეშე არჩევნებს, ბოდიშს ვიხდი უნდა გადაიყვანოთ სიტუაცია რევოლუციურზე, ძაან მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების მოედანზე გადავიტანოთ.

გიორგი ვაშაძე: ხომ ხედავ, რომ ვერ ვშვებით;

მიხეილ სააკაშვილი: არის დავალებები, რომელიც უნდა სრულდებოდეს, მე არ ვარ შეჩვეული, როცა არ სრულდება.

გიორგი ვაშაძე: ისრაელთან დაკავშირებით მთელი ამბავია ატეხილი, გუშინ ღამე ვეკონტაქტებოდი რა.

მიხეილ სააკაშვილი: მაგ ღორების დედაც... „პროსტა“, ისიც იფიქრეთ, იქ 1000 დაინტერესებული პრ...ია ადეიშვილის გამწარებული.

სკანდალური საუბრის მონაწილეები არ ადასტურებენ ჩანაწერის ავთენტურობას. ჩანაწერმა ბავშობა გაახსენა პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, რომლის განცხადებით, მას ამდენი ცირკშიც არ უცინია. ვაშაძე ოპონენტებს მიმართავს სპეციალური კურსები გაიარაონ.

„გუშინ შესანიშნავი ძილისპირული მოგვიწყო ე.წ. „ქართულმა ოცნებამ“. ამდენი ბავშვობაში ცირკში არ მიცინია. არ ვიცი, ამას ვინ ამონტაჟებს. ხმის მონტაჟის სპეციალური კურსები არსებობს, ჩაეწერეთ, რომ ქართველები სიცილით არ დახოცოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს გიორგი ვაშაძე, რომლის განცხადებით, არ აქვს ინტენსიური კონტაქტი მიხეილ სააკაშვილთნ და არ ახსოვს როდის ესაუბრა ბოლოს. ამბობს, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ფიგურანტი არ არის. ამბობს, რომ ხმა მას არ ეკუთვნის. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ხმა არის ჩვეულებრივი სინთეზატორით დამზადებული სისულელე და ბოდვა.

„ჩვეულებრივი ადამიანიც რომ მოისმენს, ნახავს, რომ საერთოდ ეს ორი ადამიანი ერთმანეთში არ საუბრობს, აბსოლუტურად სხვადასხვა თემებზე არის საუბარი. საერთოდ, ამ საარჩევნო პერიოდში ბაქრაძეს პირადად არ შევხედრივარ. ისრაელი საერთოდ რა შუაშია ვერ გავიგე. ისრაელში საერთოდ ნამყოფი არა ვარ, თუ ძალიან გაინტერესებთ საარჩევნო კამპანიის პერიოდში.

ყველაფერს აქვს საზღვარი. სინთეზატორით გაკეთებული ხმა ჩემი ხმა არ არის. ეს საერთოდ ჩემი ლექსიკონი არ არის. ძალიან კარგად მიცნობს მთელი საქართველო და ძალიან ბევრი ადამიანი. ამის იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“? მივმართავ მათ – სასაცილოები ხართ. მოუსმინეთ და მიხვდებით, რომ ორი ადამიანი საერთოდ ერთმანეთს არ ელაპარაკება. რაღაცებია აღებული, მიჭრილ–მოჭრილი. ეს ორი ადამიანი საერთოდ არ ესაუბრება ერთმანეთს, ერთი სხვას ამბობს, მეორე სხვას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინაში მიემგზავრება და უკრაინელ სამართალდამცველებს თხოვს, აღნიშნული ჩანაწერის შესახებ გამოძიება ჩაატარონ.

„ნაციონალური მოძრაობა“ უარყოფს რევოლუციისთვის მზადებას, შესაბამისად, არც ამ შემთხვევაში ადასტურებენ ჩანაწერის ავთენტურობას, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას შემთხვევაში. თუმცა, ექსპერტიზის შედეგად მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დადასტურდა.

ხელისუფლება ოპონენტებს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი პროვოკაცია დროულად იქნება აღვკვეთილი. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახი კახიშვილის განცხადებით, დღევანდელი ოპოზიცია მთელს სურათს ხატავს ისე, რომ, როგორც ჩანს, მათი საბოლოო მიზანია რევოლუცია.

„საზოგადოებას სხვა ქვეყნებში არაერთი ფერადი რევოლუცია უნახავს და ფაქტობრივად, საქართველოში ოპოზიციის მხრიდან ყველაფერი იგივე სცენარით მიდის. ხელწერა არ შეცვლილა და ყველაფერი კეთდება ნაბიჯ–ნაბიჯ იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუცია მივიღოთ.

ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და მათი ხელმძღვანელი პირები განსაკუთრებული დარტყმის ობიექტები არიან. ასევე, ოპოზიცია შესაძლო რევოლუციის ლეგიტიმაციის მიზეზების შექმნას ცდილობს, რომ თითქოს საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა მხრიდან თავისუფალი ნების გამოვლენაზე პრობლემებია. ჩვენ ვეცდებით, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაცია დროულად აღვკვეთოთ“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ჩანაწერები, რომელიც ვრცელდება, მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები ისევ არეულობას, სისხლისღვრასა და რევოლუციას გეგმავენ.

„ბოლო პერიოდში იმდენი ჩანაწერი მოვისმინე მედიაში, რომ უკვე მიჭირს რეაგირება. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რომ ადამიანები საუბრობენ და გეგმავენ, რომ ისევ არეულობა, ისევ სისხლისღვრა და რევოლუცია იყოს. ძალიან მძიმე მოსასმენია ეს. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია სტაბილური იქნება და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს არეულობას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, არავის უკვირს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს რევოლუციური ფიქრები, მაგრამ დარწმუნებულია რომ ამას ვერ გაბედავენ

„ჩვენ დავინახავთ ნაბიჯებს, რაზეც საუბრობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვერ გაბედავენ, რადგან მათ ხალხის რეალური მხარდაჭერა არ აქვთ. მეორე ტურის შემდეგ დავინახავთ, სად არის „ნაციონალური მოძრაობა“ და სად არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.