იგი 3 დეკემბერს ვაგანკოვოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ბელა ახმადულინა ე.წ. სამოციანელთა” თაობას მიეკუთვნებოდა. მან ლექსების პირველი კრებული 1962 წელს გამოაქვეყნა, იმ მწერლებთან ერთად, რომლებსაც ოფიციალური ორგანოები არ სწყალობდნენ, მონაწილეობდა ალმანახ "მეტროპოლის" დაარსებაში, რომელიც 1979 წელს 12 ეგზემპლარად გამოიცა. “
1993 წელს ბელა ახმადულინამ ხელი მოაწერა“ე.წ. "42"-ის წერილს, რომელშიც ცნობილი ლიტერატორები კომუნისტური და ნაციონალისტური პარტიების აკრძალვას მოითხოვდნენ.
МНЕ КАЖЕТСЯ, НИКТО НЕ ЖИВЕТ В ТОКОЙ БЛИЗОСТИ ПЕНИЯ КАК ГРУЗИНЫ. МЕЖДУ ВЕСЕЛИЕМ И ПЕНИЕМ, ПЕЧАЛЬЮ И ПЕНИЕМ, ЛЮБОВЮ И ПЕНИЕМ ВОВСЕ НЕТ ПРОМЕЖУТКА. ЕСЛИ ГРУЗИН НЕ ПОЕТ СЕИЧАС, ТО ТОЛЬКО ПОТОМУ, ЧТО СОБИРАЕТСЯ ПЕТЬ ЧЕРЕЗ МЕНУТУ.
БЕЛЛА АХМАДУЛИНА
ომამდე სულ ცოტა ხნით ადრე მოსკოვს გახლდით. თითქმის ქალაქის ბოლოს კულტურის უზარმაზარი ცენტრია, თავისი უზარმაზარი დარბაზით, რომელიც ცნობილი რუსი კინორეჟისორის, ელდარ რიაზანოვის სახელს ატარებს. თავად რიაზანოვი უძღვებოდა იმ დღეს უმშვენიერესი ქალბატონის, დიდი პოეტის - ბელა ახმადულინას - შემოქმედებით საღამოს.
მე და იურა როსტი პირველ რიგში ვისხედით, საპატიო ადგილებზე. თუმცა ბელა ვერ გვხედავდა, თვალისჩინი უკვე წართმეული ჰქონდა... კითხულობდა თავისი განუმეორებელი ხმით თავისივე საოცარ ლექსებს, ხანდახან თუ ჩაეჩხირებოდა ხელოვნების რომელიმე გამოჩენილი მოღვაწე მისასალმებელი სიტყვით.
იმ საღამოს ულამაზესი ლექსების ამწყობმა თუ შემთხზველმა ბელამ, რომელიც პოეტი-ქალის სიმბოლოდაც კი შეიძლება აღიარო, კიდევ ერთხელ გამაოცა და აღმაფრთოვანა... სამჯერ ახსენა ჩემი სამშობლო. არც იტალია უხსენებია, არც ინგლისი, არც საფრანგეთი და არც სხვა რომელიმე ქვეყანა. საქართველო ახსენა...
სამჯერ. ჩემთვის გაუგებარი რამეც ბრძანა, საქართველო ჩემი მეორე სამშობლოაო. მაშინ ვერ ჩავწვდი ამ სიტყვების არსს, დღესაც ასე მიმაჩნია - დედა და სამშობლო ერთი ჰყავს ადამიანს, მაგრამ მისი გარდაცვალებით გულჩაწყვეტილი სხვა რამემ ამაფორიაქა - უცხო ქვეყნის მიმართ გაცხადებულმა გულწრფელმა, უანგარო სიყვარულმა, მისი ხალხისა და კულტურის მიმართ უდიდესმა მოკრძალებამ, მისი შვილობის გაცნობიერებულმა თუ გაუცნობიერებელმა სურვილმა და კიდევ იმან, რომ ეს ყველაფერი გაქრა იმ ურთიერთობებსა და ხალხთან ერთად. გაქრა და არასდროს განმეორდება, ყველა ხიდი დამწვარია...
რამდენი დამპყრობელი ჰყოლია ჩვენს ქვეყანას: თურქი, ოსმალო, სპარსი, სელჯუკი... ყველამ რაღაც კვალი დააჩნია ჩვენს ენას, ყოფას, ცნობიერებას, იქნებ ცოტაც ჩვენგან წაიღო, მაგრამ არც ერთ მათ პოეტს ისე არ უმღერია საქართველოსთვის, როგორც პუშკინს, ლერმონტოვს, პასტერნაკს, მანდელშტამს, ესენინს, ევტუშენკოს, ვოზნესენსკის, ბროდსკის და ბოლოს ბელას, რომელმაც მას მეორე სამშობლო უწოდა და შესანიშნავი კრებული "სიზმრები საქართველოზე" გვისახსოვრა.
ეს წიგნი მეც მაქვს, მისივე წარწერით: Дорогому Гоги Харабадзе от всегда очарованной и блогодарной Буллы Ахмадулиной. С новым годом! 30 декабря,1979.
მე ის ბევრად ადრე გავიცანი, ჯერ კიდევ სტუდენტი მისადმი მიძღვნილ სატელევიზიო გადაცემაში მის ლექსებს ვკითხულობდი. მერე იყო თბილისური დუქნები, შეხვედრები ოჯახებში, გურამ ასათიანი, გია მარგველაშვილი, შურა ციბულევსკი, ძმები ჭილაძეები... ვერ ვმალავდით აღფრთოვანებას მისი ნიჭით, სილამაზით, მომხიბვლელობით, მაგრამ მივაგეთ კი ის პატივი სიცოცხლეში, რასაც იმსახურებდა?!
ახლა, გვიანია? შეიძლება.
P.S. ამბობენ, პოეზიის თარგმნა შეუძლებელიაო. ალბათ, იმიტომაც არის მიუწვდომელი გენიალური რუსთაველი, ვაჟა...
საუკეთესო თარგმანი გალაკტიონისა ისევ ბელას ეკუთვნის:
"А дождик лил и всю ночь лил
Все утро и во мгле опасной
Все плакал я, как старый Лир
Как бувный Лир прекрасный".
გოგი ხარაბაძე
"სიზმრები საქართველოზე"
(ამონარიდი წერილიდან)
"... საქართველო ჩემი სულის სინათლეა. ამ მიწაზე ბევრი ალერსიანი, კეთილი სიტყვა უთქვამთ, და არა მხოლოდ ჩემთვის, სხვებისთვისაც, რაც უფრო მნიშვნელოვანია.
ო ღმერთო, - ვწერ მე, - შენ დაიფარე დედამიწის ეს კუთხე და ყველაფერი, რასაც ვხედავთ, რაც ვიცით, და ისიც, რის გაგებაც არ გვიწერია.
არასოდეს მისცემოდეს დავიწყებას სახელები, ეს ლექსები რომ ეძღვნება".
ბელა ახმადულინა
2000 წელი