„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ამბოხისკენ მოუწოდა“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ამბოხისკენ მოუწოდა“

გრიგოლ ვაშაძის რუსმა პიარტექნოლოგმა დეკემბერში საქართველოში რევოლუცია უკვე დააანონსა. ვიტალი შკლიაროვი ამტკიცებს, რომ არის შანსი დეკემბერში საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლების ვადაზე ადრე აღების გეგმა მუშავდება, ამის შესახებ დეტალურად იცის შს მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, დეტალურად იცის, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს, დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად, მაგრამ დარწმუნებით ამბობს, რომ როგორც ნეიტრალური უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველაფერი გამოვლენილი აქვს.

მმართველ გუნდში კი დარწმუნებული არიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება მოვლენების ესკალაციისთვის. როგორც მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას არაფერი გამოუვა.

„დიახ, სწორედ მოსკოვიდან იგეგმება ის საფრთხეები, რის პრევენციასაც ჩვენი ხელისუფლება ახდენს. ეს არის რევოლუციის სურვილი, რა სურვილიც ამოძრავებს „ნაციონალურ მოძრაობას“. მისთვის მისაღებია ნებისმიერი სახის ძალადობა. აქ საუბრები რაიმე სახის უსისხლო და დემოკრატიულ რევოლუციაზე არის ინსინუაცია და ტყუილი. „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება მოვლენების ესკალაციისთვის, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ, სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ ქვეყანაში მოვლენების ესკალაცია მოხდეს. აუცილებლად ჩატარდება მეორე ტური და ქვეყანას აუცილებლად ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას არ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება და სიტუაციის ატრიალება უნდათ. ივანიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიციას არეულობის მცდელობა ექნება, მზაობაც დიდია, თუმცა რესურსი არ აქვთ.

„მცდელობა ექნებათ, მზაობაც დიდია, თუმცა რესურსი არ აქვს, არც ქუჩის რესურსი, 8000 ადამიანს აგროვებენ. მთავარი ძალა არის ხალხი. ხალხის ნდობა არის რესურსი, მე რომ ხალხის ნაწილი ვიყავი, ეს გამოჩნდა კარგად. ჩემი რესურსი არის ხალხის ნდობა და არა ფინანსები, რაზეც მიანიშნებენ. ყველაფერი სწორად აქვთ დანახული ადამიანებს. სამწუხაროდ, ამ ძალადობის და სიცრუის მანქანის დაზიანებული ნაწილი საზოგადოებაში დიდია. ესეც ჩვენი ბრალია. არავის გაუჩნდეს კითხვა, როგორ ახერხებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, კითხვა უნდა გაჩნდეს, თუ როგორ ახერხებს ამას „ქართული ოცნება“.

ამ კითხვას ვუსვამ გუნდის წევრებს - როგორ მოვახერხეთ, რომ ასეთი მაქსიმალური ნდობა ამ დონეზე მივიყვანეთ. ვიცი რესურსი, ეს როგორ უნდა გამოსწორდეს, ვარწმუნებ ყველას – არ მოხდება ამ არჩევნებში ეს. მცდელობა ექნებათ, რომ რამდენიმე პროცენტიანი სხვაობა გამოიტანონ ქუჩაში, თუმცა ამის რესურსი არ აქვთ“, – განაცხადა „იმედი ლაივის“ ეთრეში ბიძინა ივანიშვილმა.

დესტაბილიზაციას და პროცესების რადიკალიზაციას არ განიხილავს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არავისთვის არის საიდუმლო, ოპოზიცია განიხილავს პროცესების რადიკალიზაციას და ემზადებიან მესამე ტურისთვის უკვე ქუჩაში.

„მე დესტაბილიზაციას არ განვიხილავ, მაგრამ ოპოზიცია განიხილავს. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ემზადებიან მესამე ტურისთვის ქუჩაში. მგონი, ეს არ არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. საქართველოს ესაჭიროება სტაბილურობა, გაძლიერება, განვითარება. მე ამისთვის მოვდივარ და არა დესტაბილიზაციისთვის. ვისაც ეს სურს, მას არ აქვს ამ ქვეყანაში მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„სურვილი აქვთ, მაგრამ რესურსი არა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არის. თუმცა, მისი თქმით, ამ პროცესში ხელისუფლების ერთ–ერთი დანაშაულია ის, რომ მსობრივი ფსიქოზი შეჰყარა ადამიანებს და პროცესები მასობრივ ისტერიაში გადაიტანა, განსაკუთრებით პირველი ტურის შემდეგ.

„ფაქტიურად დაავადდა ხალხი. იმ პირობებში, როდესაც ყველამ კარგად ვიცით პრეზიდენტის უფლებამოსილება, არავითარი ძალა–უფლება არ აქვს, ხელისუფლებაში ისევ „ქართული ოცნება“ რჩება, ანუ პრეზიდენტი არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში, და ამის მიუხედავად, ხელისუფლება ტექნოლოგიურად ცდილობს ანტიარჩევანი გააკეთებინოს ადამიანებს, გამოიწვოს მათში განცდა, რომ, თუ ვაშაძე აირჩიეს, რაღაცა დიდი საშინელება დატრიალდება ამ ქვეყანაში.

ამიტომ როგორმე ცხვრებივით უნდა შეყარონ ადამიანები საარჩევნო უბანზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ მოსწონთ სალომე ზურაბიშვილი. მასობრივი მანიპულირების ეს ტექნოლოგია არის ყველაზე დიდი სიბოროტე რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, რასაც, სამწუხაროდ, ხელისუფლება იყენებს. მესის, რომ ეშინიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდა ძალაუფლების შენარჩუნებისა, სხვა ამოცანა ივანიშვილს ამ ქვეყანაში არ აქვს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადავიდა აგრესიული ტიპის პოლიტიკურ ქმედებებზე, მათი განცხადება, თუ მოქმედების სტილი არის საკმაოდ აგრესიული.

„თავიანთი მომხრეების და ამ შემთხვევაში, აგრესიული მომხრეების მობილიზაცია გააკეთეს. სამწუხაროდ, ვაშაძე შეეცადა გამოეყენებინა საქართველოს შეირაღებული ძალები პოლიტიკური პროცესების განვითარებისათვის. თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის ხელმძღვანელობით სამხედრო გადატრიალების მოწყობის შემდეგ, პირველად მოხდა ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიარაღებულ ძალებს ღიად მოუწოდა სამხედრო ამბოხებისაკენ.

როდესაც შეეცადნენ მუხროვანის ამბოხის მოდელირებული სცენარი გაეკეთებინათ, ახლა, როგორც ჩანს, აპირებენ ეს მოდელირებული სცენარი გადაიტანონ რეალობაში და ეს არის ყველაზე საშიში. შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა და მით უმეტეს ოპოზიციის მხრიდან, შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს, რასაც ჩვენი მტრები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ. ასეთი ძალისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მით უმეტეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია ასეთი გადატრიალების შექმნის უნარი და მათგან ასეთი რამ გასაკვირი არ არის“, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

ექსპერტი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ საქართველოს ფსიქოლოგიური ომის ოთხი სახე გაუხსნა, რაც აგრესიული ფორმით მიმდინარეობს. მაისაიას განცხადებით, გენერალ ჭანკოტაძემ და მისმა თანამოზარეება საქართველოს გაუხსნეს ფსიქოლოგიური ომი.

„ფსიქოლოგიურ ომს აქვს ოთხი ძირითადი მიმართულება: პირველი – ოპრაციების განხორციელება, რომლის მთავარი მიზანია ეროვნული სულისკვეთების დაკნინება, მეორე – ოპერაციები, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების სარდლობის დეგრადაციას, მესამე – ოპერაცია, რომელიც მიმართულია შეიარაღებული ძალების და სამხედრო მოსამსახურების წინააღმდეგ და მეოთხე – სოციალური კონფლიქტების გამოწვევა.

მიმდინარე პროცესებს თვალს თუ გადავავლებთ, ვნახავთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი ქმედებებით, ოთხივე მიმართულებით  განახორციელა ფსიქოლოგიური ომი. როდესაც გენერალი ჭანკოტაძე სამხედრო ფორმაში გამოვიდა და ძალიან ბინძური სპეკულაციისათვის გამოიყენა ჩვენი გმირების საფლავები, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, ფაქტობრივად, გადატრიალებისკენ მოუწოდა შეიარაღებული ძალების სარდლობას და ოფიცრებს.

გამოიყენეს რუსი პოლიტექნოლოგები, ფაქტიურად მათ დაგეგმეს აგრესიული პიარი და ძირგამომთხრელ საქმიანობას ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს ეროვნული სულისკვეთების წინააღმდეგ გალაშქრებას. ეს ოთხი პოსტულატი პირდაპირ შეესაბამება ფსიქოლოგიური ომის პრინციპებს, რომელიც კრემლმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და, რაშიც ჩართულია „ნაციონალური მოძრაობა“ და ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.