"ალიას" წინა ნომერში გენერალმა წითელაშვილმა ბაჩო ახალაიას მეუღლის ბრალდებებს უპასუხა, თითქოს აფხაზეთის ომში თავისი ჯარისკაცები ჩაახოცვინა და მოსკოვში გაიქცა. გაზეთის გამოსვლის დღეს შევიტყვეთ, რომ წითელაშვილს აქვს აგენტურის 25-კაციანი სია, ვინც რუსეთის სპეცსამსახურებს დღემდე ემსახურება.
თუ რა სიაა და რა აგენტურული ქსელი მოქმედებს საქართველოში, ამის დასაკონკრეტებლად "ალია" ტრისტან წითელაშვილს დაუკავშირდა:
ბატონო ტრისტან, რა სია გაქვთ, ვინ არიან ეს ადამიანები?
- ჯერ პიროვნებებს ვერ დავასახელებ, შეიძლება კიდევ დაემატოს და მერე ვიტყვი. ეს ადამიანები არიან ყოფილი და მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც დღესაც აქტიურად მუშაობენ და ემსახურებიან რუსეთის სპეცსამსახურებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სპეცსამსახურები არჩევენ ისეთ კონტინგენტს, რომლის მიმართაც გარკვეული კომპრომატები აქვთ და ამის საფუძველზე ისინი ახდენენ მათ "დავერბოვკებას". არსებობს კონტინგენტი, რომელიც ფინანსური დაინტერესების გამო ასრულებს დავალებას. კარგად იცით, რა ინტერესიც აქვს რუსეთს და რა დავალების შესრულებაში გადაიხდის უხვად.
რა ინფორმაციები აინტერესებს, რუსეთს?
- მათ აინტერესებთ ინფორმაციები, ძირითადად, სამხედრო მიმართულებით, არა მხოლოდ ტექნიკური კუთხით, არამედ განწყობებიც ჯარში. მარტო სამხედროებზეც არ არის საუბარი, სააკაშვილის ხელისუფლების მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირებიც თანამშრომლობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან და ემსახურებიან მათ დღემდე. გივი თარგამაძე, რომელსაც მაშინ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ასევე გია ბარამიძე, რომელთა შესახებაც მაქვს მასალები, მათ ვაგროვებ და წარმოვადგენ მალე. იმ 25 კაცის გარდა, როცა ამ თემაზე ვმუშაობდით, წავაწყდით გარკვეულ კონტინგენტს, რომლის გამოაშკარავებასაც უმოკლეს ხანში ვაპირებთ. ამიტომ არ ვასახელებ ჯერ მათ სახელებსა და გვარებს, რადგან ამ ადამიანებზე ოფიციალურმა მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
პარლამენტს გულისხმობთ?
- დიახ, რადგან კარგი იქნებოდა, თუ დღევანდელი პარლამენტი დასვამდა საკითხს, ლუსტრაციის შესახებ მიეღოთ კანონი, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაწმენდილიყო საქართველო მოღალატე და გარეწარი თანამდებობის პირებისგან.
კიდევ რა აღმოაჩინეთ, როცა ამ საკითხზე მუშაობდით? რა სეგმენტს მიაკვლიეთ, რომელიც ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული?
- ჩვენგან ამ საკითხებზე მუშაობენ თავდაცვის სპეციალისტები და ექსპერტები უსაფრთხოების საკითხებში, ვმუშაობთ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით და ამ მუშაობის პროცესში საკმაოდ სერიოზული, კარგად ორგანიზებული აგენტურული ქსელი აღმოვაჩინეთ.
შეგიძლიათ, გვითხრათ ერთი ფაქტი მაინც, რაც ამას ადასტურებს?
- რა თქმა უნდა, გეტყვით რამდენიმე ფაქტს: ჩვენ აღმოვაჩინეთ სააკაშვილის გენერალურ შტაბში კარგად ჩამჯდარი აგენტურა. აღმოვაჩინეთ ის ადამიანები, რომლებსაც ბრიგადის მეთაურების პოსტი ეკავათ და რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის სადაზვერვო სამსახურს ინფორმაციებს აწვდიდნენ. აღმოვაჩინეთ სააკაშვილის ბრძანება, რომლის საფუძველზე გენერალური შტაბის უფროსმა, კონკრეტულად მეოთხე ბრიგადის მეთაურს მისცა მითითება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. ბრძანების შინაარსს ვერ გავახმაურებ, მაგრამ დაიწერა 6 აგვისტოს და 8-ში ის უკვე ნათარგმნი და გადაცემული აქვთ რუსეთისთვის. ვინ გადასცა რუსეთს? პირდაპირ ვამბობ - ეს ბრძანება იყო მეოთხე ბრიგადის მეთაურის ხელში, ასევე ოპერატიული სამმართველოს უფროსისა და შტაბის უფროსის ხელში. ცხადია, ისმის კითხვა, ვინ არის 2-3 კაცში რუსეთის აგენტი?
მაგ დოკუმენტებით შეიძლება იმის დასაბუთება, რომ ომი გაყიდული იყო?
- მე პირდაპირ ვამბობ, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთთან შეთანხმებით განახორციელა. რუსებს აინტერესებდათ საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლი, საკმაოდ სერიოზული სტრატეგიული ობიექტები ჩაიგდეს მათ ხელში ოჩამჩირის, კოდორისა და სამაჩაბლოს სახით და სურთ გააკონტროლონ მთელი საქართველო. ამაში ხელი სწორედ სააკაშვილმა შეუწყო მათ. ჩვენ გვაქვს მასალები გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, რომ რუსეთში საქმეს პუტინის წინააღმდეგ კი არა, მის სასარგებლოდ აკეთებდა. მან რუსეთის ოპოზიციას ერთად მოუყარა თავი და ფარული გადაღებები განახორციელა.
იარაღის კონტრაბანდაზე ბევრჯერ ისაუბრეთ. ახალი გაქვთ რამე ამ თემაზე?
- კი, და ჩვენ ამ საკითხით დავინტერესდით იმიტომ, რომ ომის დროს საქართველოს საჰაერო სივრცე მოშალა რუსულმა ბომბდამშენებმა, საქართველოში გაჩნდა ახალი ტიპის საჰაერო-საზენიტო კომპლექსები, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვეძლო, გაგვენადგურებინა რუსეთის ბომბდამშენები, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ქაღალდზე ირიცხებოდა, სინამდვილეში კი არ გვქონდა. როცა დავიწყეთ ამის კვლევა, პირდაპირ მივადექით სააკაშვილს, გივი თარგამაძეს, დავით კეზერაშვილს, თემურ ალასანიას. მათ არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ 2007 წელსაც აქტიური ბიზნესი ჰქონდათ უკრაინასთან იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით. ამაზე "კვირის ქრონიკაშიც" ვისაუბრე. ჩვენ გადავეცით უკვე მასალები უწყებას, რომლის საფუძველზეც შემდეგ ნინუა იქნა დაპატიმრებული და დანარჩენი პირების მიმართაც მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა. ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
ბატონო ტრისტან, დათა ახალაიაზეც უნდა გკითხოთ, რადგან მის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე ხართ. ხომ არ იცით მის დაკავებასთან დაკავშირებით რამე ისეთ, რაც მედიით არ გავრცელებულა?
- კონკრეტული არაფერი. დათა ახალია, მისი ძმა და ვანო მერაბიშვილი თვითონ "ნაციონალურმა" მოძრაობამ გაწირა. მას უმოკლეს ვადაში ჩამოიყვანენ და იმის გამო, რომ გაწირეს, ახლა დაიწყებს კონკრეტული პირების დასახელებას.