საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში 1918 წელს, დიდი წვილილი შეიტანა გერმანიის იმპერიამ. გერმანია გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი, ხოლო გერმანულმა ჯარმა საქართველო ოსმალეთის აგრესიისგან დაიცვა. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ვახტანგ გურული.
ბატონო ვახტანგ, რატომ მაინცდამაინც გერმანია და არა სხვა რომელიმე ქვეყანა გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი?
– პირველი მსოფლიო ომის წინ დიდი სახელმწიფოები ორ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად გაიყო. ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი ერთ სამხედრო ბლოკში – ანტანტაში გაერთიანდნენ, ხოლო გერმანია, ავსტრია-უნგრეთი და ოსმალეთი მეორე სამხედრო ბლოკში, სამთა კავშირში. ქართველი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში მოღვაწენი, სწორად ვარაუდობდნენ, რომ საფრანგეთი და ინგლისი რუსეთის მოკავშირეები იყვნენ, რის გამოც ისინი რუსეთის საწინააღმდეგო ნაბიჯს არ გადადგამდნენ. რაც შეეხება გერმანიას, ის პირველ მსოფლიო ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ამიტომ დაინტერესებული იყო, ყველა ანტირუსულ ძალასთან ეთანამშრომლა. ქართველებმა ისიც კარგად განსაზღვრეს, რომ გერმანიას, ინგლისისა და საფრანგეთისაგან განსხვავებით, მახლობელ აღმოსავლეთში პოზიციები არ გააჩნდა – კოლონიებს არ ფლობდა. საქართველო კი გერმანიისთვის შესანიშნავი ფორპოსტი იყო მახლობელ აღმოსავლეთში გასაჭრელად. ასე რომ, საქართველოსა და გერმანიის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და სამხედრო პოლიტიკური კავშირიც შედგა. თუ როგორ განვითარდებოდა მომავალში საქართველო-გერმანიის ურთიერთობა, ეს მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული.
რას გულისხმობთ ამ ფაქტორებში?
– პირველ ყოვლისა, იმას, რომ გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერა, მიმდინარე პირველი მსოფლიო ომის პირობებში, უმნიშვნელო იქნებოდა, თუ გერმანია ჩვენ სამხედრო დახმარებას არ აღმოგვიჩენდა. მოგეხსენებათ გერმანია შორსაა საქართველოდან, ამიტომ ყველაზე ეფექტური დახმარება შეიძლებოდა შავ ზღვაში გერმანიის სამხედრო ფლოტის შემოყვანით. ამას კი ორი რამ აფერხებდა. ხმელთაშუა ზღვას, ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებისკენ მიმავალ საზღვაო გზას ინგლისისა და საფრანგეთის სამხედრო ფლოტი აკონტროლებდა. ამიტომ იყო, რომ პირველი მსოფლიო ომის წლებში, შავ ზღვაში გერმანიის მხოლოდ ორმა სამხედრო კრეისერმა შეძლო შემოსვლა. იყო მეორე შემაფერხებელი გარემოებაც. შავ ზღვაში შემოსულ გერმანიის სამხედრო გემებს რუსეთის სამხედრო ფლოტის წინააღმდეგობა უნდა დაეძლია. რაც ადვილი საქმე არ იყო. დაბოლოს, თუ გერმანია პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე წარმატებას ვერ მოიპოვებდა, ცხადია, საქართველოს ეფექტურ სამხედრო დახმარებასაც ვერ აღმოუჩენდა.
როგორც ვხედავთ, პერსპექტივა არცთუ ისე დიდი ყოფილა...
– ცხადია. ამიტომ იყო, რომ გერმანელებმა სხვა ზომებსაც მიმართეს. ოსმალეთის ტერიტორიაზე გერმანიის მიერ ტყვედ აყვანილი ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისაგან დაიწყო ქართული ბატალიონების ფორმირება. ეს ბატალიონი უნდა გამხდარიყო მომავალი ქართული ჯარის ჩანასახი. სამწუხაროდ, კარგად დაწყებული საქმე შეფერხდა და შედეგიც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ელოდნენ.
გერმანელებმა სხვა ზომებსაც მიმართეს, რუსეთის არმიის მიერ ტყვედ აყვანილი გერმანელი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისგან, რომელთა ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე მოხვდა, შექმნეს სპეციალური რაზმი. ამ რაზმს ჩააცვეს გერმანიის სამხედრო ფორმა, მისცეს გერმანული იარაღი.
რაში გამოიყენეს ეს რაზმი?
– ამ რაზმმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პროცესში. ოსმალეთს პრეტენზიები ჰქონდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე – ტაო-კლარჯეთსა და აჭარაზე. ოსმალეთმა ისარგებლა შექმნილი ურთულესი ვითარებით და 1918 წლის მარტ-აპრილში დაიკავა მთელი აჭარა მდინარე ჩოლოქამდე. ოსმალები ქუთაისის დაპყრობაზეც ოცნებობდნენ. საფრთხე ემუქრებოდა ფოთსაც. ქართული ჯარი მხოლოდ ჩანასახოვან პროცესში იყო და ოსმალეთის არმიას წინააღმდეგობას ვერ უწევდა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თხოვნით მიმართა გერმანულ მისიას და დახმარებამაც არ დააყოვნა – გერმანელთა რაზმი სადგურ „ნატანებში“ ჩავიდა და იქ გერმანიის იმპერიის დროშა აღმართა. ოსმალები შეშინდნენ. ოსმალეთს იმოდენა ჯარი ჰყავდა, გერმანელთა მცირერიცხოვანი ჯარის განიარაღება ან განადგურება, არ გაუჭირდებოდა. მაგრამ, გერმანია ოსმალეთის მოკავშირე იყო და ოსმალები კარგად ხვდებოდნენ, რომ გემანელების გაღიზიანება ხელს არ აძლევდათ. გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური დამხარება ოსმალებს მომავალში ჰაერივით დასჭირდებოდათ. ამიტომ იყო, რომ ოსმალებმა ქუთაისსა და ფოთისაკენ შეტევა ვეღარ განავითარეს და მდინარე ჩოლოქზე შეჩერდნენ.
გერმანიის სამხედრო დახმარება, მართლაც ქმედითუნარიანი ყოფილა, მაგრამ რაში გამოიხატა პოლიტიკური მხარდაჭერა?
– 1918 წლის აპრილში ქართველებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმა შექმნეს სამოკავშირეო სახელმწიფო – ამიერკავკასიის დემოკრატიულ-ფედერაციული რესპუბლიკა. ეს სახელწმიფო მკვდრადშობილი აღმოჩნდა. მისი არსებობა შეუძლებელი იყო მასში შემავალი ერების სხვადასხვა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გამო. ქართველები გერმანულ პოლიტიკურ ორიენტაციას აღიარებდნენ, სომხები – ინგლისურს, აზერბაიჯანელები – ოსმალურს. ყოველგვარი ცდა, ერთი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეემუშავებინათ, უშედეგო გამოდგა. ასეთ ვითარებაში, გერმანიის წარმომადგენელმა, გენერალმა ოტო ფონ ლოსოვმა საქართველოს ეროვნულ საბჭოს ურჩია, დაეშალათ ამიერკავკასიის ფედერაციული სახელწმიფო და გამოეცხადებინათ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამ დამოუკიდებლობის გარანტი კი იქნებოდა გერმანიის იმპერია. ქართველები ასეც მოიქცნენ. ჩვენი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერით გამოცხადდა.
შემდეგში როგორ განვითარდა საქართველოსა და გერმანიის პოლიტიკური თანამშრომლობა?
– გერმანიის იმპერია საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა. აღმოუჩინა სამხედრო დახმარებაც. საქართველოში შემოვიდა გერმანიის არმიის ერთ-ერთი ელიტური ბავარიის დივიზია. ისე ჩანდა, რომ გერმანიის იმპერიის სახით, საქართველომ ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე შეიძინა. მაგრამ, ბედმა აქაც გვიმუხთლა, უფრო სწორად, ბედმა უმუხთლა გერმანიას. 1918 წლის აგვისტოს დამდეგიდან ყველა ფრონტზე მოვლენები გერმანიისთვის საბედისწეროდ განვითარდა. ინგლისმა, საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმძლავრეს. გერმანიის სამხედრო მანქანა ჯერ კიდევ ბრძოლისუნარიანი იყო, მაგრამ გერმანიაში დაწყებულმა რევოლუციამ საბოლოოდ დაუსვა ყველაფერს წერტილი. გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა – 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანიამ ანტანტის წინაშე კაპიტულაციის აქტზე მოაწერა ხელი. 1918 წლის დეკემბერში ბავარიის დივიზიამ საქართველო დატოვა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა პოლიტიკური და სამხედრო მოკავშირის გარეშე დარჩა.
როგორ ფიქრობთ, გერმანია რომ პირველ მსოფლიო ომში არ დამარცხებულიყო, როგორი იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი?
– საბჭოთა რუსეთი ვერ შეძლებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობას და ჩვენი ქვეყანა ევროპის განუყოფელი ნაწილი, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა.
მეორე მსოფლიო ომში რომ გერმანიას გაემარჯვა, მაშინ რა ბედი ეწეოდა საქართველოს?
– ეს იმდენად რთული საკითხია, რომ მასზე პასუხის გაცემა სათანადო ფაქტების მოშველიების გარეშე, შეუძლებელია. ამიტომ, ეს სამომავლოდ გადავდოთ.