გორის რაიონის სოფელ კარალეთში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების სტუმრობას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
კახი კალაძეს, სოზარ სუბარს, გიორგი ვოლსკის და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი დახვდა.
სიტყვიერი შელაპარაკება და ურთიერთშეურაცხყოფა შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რის შემდეგადაც "ქართული ოცნების" აქტივისტებს "ქვების წვიმა" დაატყდათ თავს. მომხდარის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.
მედიის წარმომადგენლებმა თავდამსხმელებში ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის, ბადრი ბასიშვილის "ზონდერები" ამოიცნეს. ბასიშვილის მტკიცებით კი, ჩხუბის პროვოცირება კალაძემ და მისმა თანხმლებმა პირებმა მოახდინეს.
მოგვიანებით, შსს-მ ინციდენტის 5 მონაწილე დააკავა და გორის სასამართლომ მათ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ცოტნე შენგელია კახი კალაძის დაცვის წევრია, კახა გოგიაშვილი და ვლადიმერ ჯანეზაშვილი - "ქართული ოცნების" აქტივისტები, ლევან მაისურაძე და გიორგი გოჩაშვილი კი კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებნი.