საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია - სიმართლე არ ნიშნავს გამარჯვებას

საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია - სიმართლე არ ნიშნავს გამარჯვებას

[დავით შალიკაშვილი kvirispalitra.ge]

ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, სენატმა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთი "მწვავე სიგნალი" გამოუგზავნა. საქმე ეხება აშშ-ის სენატის საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელშიც ვკითხულობთ: "სენატი ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობას. სენატი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის საქართველო-რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პუნქტის შესასრულებლად".
   
შემდგომ დოკუმენტში ჩამოთვლილია ყველა ის პირობა, რომლის შესრულებაც რუსულმა მხარემ იკისრა, მაგრამ შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული არაერთი განცხადებისა თუ რეზოლუციის მიუხედავად, დღემდე შეუსრულებელია. კერძოდ, სენატი რესეთს მოუწოდებს სამხედრო ძალები ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს, ასევე, ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელ ადგილებში ღირსეულ დაბრუნებას და კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო მისიების შესვლას. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მშვიდობიან, კონსტრუქციულ და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებს საქართველოს მთავრობასა და იმ ძალებს შორის, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აკონტროლებენ. სენატი ასევე ადასტურებს, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებებით და დიპლომატიურ და პოლიტიკურ ძალებს შორის ხანგრძლივი დიალოგით.
   
რეზოლუციის ავტორები არიან ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და სენატორი ლინდსი გრაჰამი. შაჰინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რეგიონში ვითარება კვლავ მოუგვარებელია, რადგან რუსეთის ჯარები კვლავ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რჩებიან. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის მესამე წლისთავზე ამერიკა კვლავ დაკავებულია ამ რეგიონით, ცდილობს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. ხოლო სენატორი გრაჰამი 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრას არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ საზოგადოდ, ახალგაზრდა დემოკრატიაზე განხორციელებულ აგრესიად აფასებს.

  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს საქართველოს მხარდასაჭერად ამერიკის სენატის პირველი რეზოლუცია არ არის, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიიღეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი ვითარება უცვლელია.

  რეზოლუციის შესახებ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს:  
- ბატონო რამაზ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მიღებული რეზოლუცია და არის თუ არა რეალურად სიახლის მატარებელი ეს დოკუმენტი?

- ეს არის პოლიტიკური განცხადება და ამიტომაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მით უმეტეს, რომ მასში ძალზე რეალისტურად არის ასახული სიმართლე, ნახსენებია ჩვენთვის აგრერიგად "ძვირფასი" ტერმინი "ოკუპაციაც". მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პილიტიკური განცხადება არ არის და ვერც იქნება პრობლემის გადაწყვეტის საშუალება. სამწუხაროდ, ისიც ცნობილია, რომ სიმართლის თქმა სრულიად არ ნიშნავს გამარჯვებას. ასე რომ, ამ მხრივ ზედმეტის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

- თქვენი აზრით, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს დოკუმენტზე რუსულ მხარეს?

- რა თქმა უნდა, უარყოფითი. რუსეთი ისეთი პოლიტიკური კულტურის ქვეყანაა, რომ ასეთი განცხადებების შემდეგ შეიძლება ჯიბრით რაიმე გვავნოს, რათა საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინოს. ერთადერთი ფაქტორი, რასაც რუსეთმა შეიძლება ანგარიში გაუწიოს, ამერიკის ეკონომიკური ზეწოლაა, რასაც ამერიკა-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკის ფონზე, დღეს ვერ ვხედავთ.

  რეზოლუციაში ლაპარაკია იმ ძალებთან დიალოგზე, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რეალურად აკონტროლებენ.

  ამაში ახალი და საგანგაშო არაფერია. ამერიკული მხარე ყოველთვის მოგვიწოდებდა, ურთიერთობა და დიალოგი გვქონოდა აფხაზებთანაც და ოსებთანაც.