რატომ მიაჩნდა ზვიად გამსახურდიას, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უნდა ყოფილიყო

რატომ მიაჩნდა ზვიად გამსახურდიას, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე უნდა ყოფილიყო

ბოლო 19 წლის განმავლობაში ქვეყანას სამი პრეზიდენტი ჰყავდა: პირველმა მხოლოდ 9 თვე დაყო პრეზიდენტის პოსტზე, მეორემ ყველა რეკორდი მოხსნა (იმ თვალსაზრისითაც, რომ ამ ქვეყანას ორ სრულიად განსხვავებულ ეპოქაში მართავდა), მესამეს კი 2010 წლის იანვარში საპრეზიდენტო 6 წელი უსრულდება. რა იყო და არის საქართველოს სამი პრეზიდენტის ძლიერი და სუსტი მხარეები; რა კვალი დაამჩნიეს ქვეყნის ბედს (თუ საქართველოს რუკას დავხედავთ, მთლად სასიკეთოც ვერა), – ამ საკითხებზე პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი გვესაუბრება.

გაამართლეს ჩვენმა პრეზიდენტებმა საპრეზიდენტო პოსტი?

– სულ მაწუხებდა, რანაირად მოხდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში თითქმის ერთდროულად დაემხო რეჟიმები და, ფაქტობრივად, ყველგან ხავერდოვნად შეიცვალა ხელისუფლება. ერთადერთი გამონაკლისი იყო რუმინეთი, მაგრამ იქაც მხოლოდ სამ დღეს გაგრძელდა არეულობა და დღეს რუმინეთი ევროკავშირის წევრიცაა და ნატოსიც. ასევე მოხდა საბჭოეთშიც, თუმცა, სახელმწიფოებრიობა, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის სამ რესპუბლიკას, ჰქონდა მხოლოდ საქართველოს, რომელმაც სახელმწიფოებრიობა ორასი წლის წინათ დაკარგა, თუმცა, რეალურად, ეს მაინც ხუთასი წლის წინათ მოხდა; სომხებმა უფრო ადრე, ათასი წლის წინათ დაკარგეს. სხვებს არანაირი სახელწიფოებრიობის გამოცდილება არ ჰქონიათ, ყველგან კომპარტია მართავდა და ყველა მოსკოვზე იყო დამოკიდებული, მაგრამ, მაინცდამაინც, ჩვენთან იყო არეულობა. რატომ ჩვენ?! ძალიან რთული საკითხია.

იმიტომრომ ჩვენ ყველაზე ექსცენტრიკულები ვართ?

– ყოველთვის გვინდა, რომ სხვას გადავაბრალოთ ჩვენი პრობლემები. ვამბობთ, რომ ჩვენთან სეპარატიზმის გაღვივება ხელოვნურად ხდებოდა, მაგრამ, მოდი, ასეც ვთქვათ: იქნებ, ჩვენ თვითონ შევუწყვეთ ხელი სეპარატიზმს?! რუსებს იმ დროს თავიანთი უბედურება ჰქონდათ, ისეთი ბაზარი იყო რუსეთში, რომ არავისთვის ეცალათ. რატომ ჰგონიათ ჩვენთან, რომ რუსეთში ისხდნენ და მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, როგორ გავაღვივოთ სეპარატიზმი საქართველოშიო?!

შესაძლოა, 1991 წელს ამისთვის არ ეცალათმაგრამჩვენ ხომ ვიცითრომ რუსული იმპერიული პოლიტიკა აქტიურად მუშაობდა აფხაზებთანაცსვანებთანაცმეგრელებთანაც... უბრალოდაფხაზებთან მიაღწიეს მიზანს?

– ამის თქმა მინდა სწორედ. რატომ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზმა ერმა თავისით იფიქრა, ვიქნები დამოუკიდებელი სახელმწიფოო?! თუმცა, რომ წაახალისებდნენ, ეს სხვა საკითხია. უბრალოდ, ჩვენთან ჰგონიათ, რომ მათ აიძულებდნენ დამოუკიდებლობას. მხოლოდ აფხაზებს კი არა, მაშინ ყველა ავტონომიას უნდოდა დამოუკიდებლობა. ამიტომაც იყო დასავლეთი საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგი და მალტაზე შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ სამი ბალტიისპირული რესპუბლიკა გამოდიოდა საბჭოთა კავშირიდან და მეტი არც ერთი. მე ვიყავი ეგრეთ წოდებული „სოვეტოლოგების“ შეკრებაზე, სადაც ითქვა, ჯერ ერთი, ერთმანეთს დაერევით, დამოუკიდებლები რომ გახდეთო და, მეორე, რუსეთის ავტონომიებიც მოინდომებენ დამოუკიდებლობასო. ჩვენ მაშინ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ოსები და აფხაზები დამოუკიდებლობას მოინდომებდნენ, მაგრამ, როგორც კი დაიწყო საბჭოთა კავშირის ნგრევა, ყველა პატარა ერმა მოინდომა დამოუკიდებლობა. უფრო ადრე, 1988 წელს, როდესაც დასავლეთმა მოითხოვა, რომ საბჭოთა კავშირში ერთპარტიული სისტემა მრავალპარტიულით უნდა შეცვლილიყო, სოციალისტური ეკონომიკა კი – საბაზრო ეკონომიკით, გაჩნდა შიში და შემოაგდეს ორი ვარიანტი: წაახალისეს სეპარატისტები, რომლებიც ისედაც არსებობდნენ და წაახალისეს ნაციონალიზმი.

რომ ერთმანეთი გაენეიტრალებინათ?

– კომუნისტური პარტიის შესანარჩუნებლად ნაციონალისტები და სეპარატისტები სჭირდებოდათ, რომლებიც ერთმანეთს დაერეოდნენ. ნაციონალიზმი უნდა გამხდარიყო უფრო მთავარი, ვიდრე დემოკრატია და მრავალპარტიული სისტემა. მე არ მახსოვს, გასული საუკუნის 90-იან წლების გამოსვლებისას ვინმეს მრავალპარტიული სისტემა ეხსენებინოს. გაგახსენებთ, პირველი შეტაკება ოსებთან 1988 წლის ნოემბერში მოხდა და პარტიის ცეკამ 50 ავტობუსი გამოყო, მიტინგი უნდა ჩავატაროთ ცხინვალის ცენტრში – რომ შეწყვიტონ სეპარატისტული ლაპარაკიო. არადა, ისინი მხოლოდ ავტონომიური ოლქისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ და 50 000 კაცი მიდიოდა 30 000-იან ქალაქში მიტინგის ჩასატარებლად. თან, ვიმეორებ, ეს ავტობუსები მათ ცეკამ მისცა. ესე იგი, ვისი ინტერესი იყო, რომ სისხლისღვრა მომხდარიყო?!

პარტიის ცენტრალური კომიტეტის.

– დიახ, ასეთი სიტუაცია იყო და ასეთ სიტუაციაში, მოდი, ვთქვათ გულახდილად, თვითონ ქვეყანა არ იყო მზად დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ არათუ მომზადებული, საერთოდ არ გვყავდა კადრები.

დავიწყოთ პრეზიდენტ გამსახურდიას შეფასებითრადგან ის პირველია.

– გაგახსენებთ ერთ ცნობილ ამბავს, რომელიც გამსახურდიას ძლიერი მხარის სასარგებლოდ მეტყველებს: როდესაც გამსახურდია ციხიდან გამოვიდა, მაშინვე ჩასვეს თვითმფრინავში და მოსკოვში წაიყვანეს. იქ ვაცლავ ჰაველი იყო ჩასული და მან მოითხოვა, გამაცანითო. გამსახურდიას მოსკოვის აეროპორტში დახვდა საგარეო საქმეთა მინისტრი ამხანაგი ედუარდ შევარდნაძე. მას დღისით საგარეო საქმეთა სამინისტროს საუკეთესო ლიმუზინი ემსახურებოდა, საღამოს კი შევარდნაძე მასპინძლობდა. შემდეგ გამსახურდია ბრუნდება თბილისში. მაშინ ძალიან ცნობილი წამყვანი იყო ჯულიეტა ვაშაყმაძე და მას იწვევენ ტელეეთერში. ქალბატონი ჯულიეტა ეკითხება გამსახურდიას, რომელიც ღია ეთერში თავის სიცოცხლეში პირველადაა: თუ საქართველო გახდება დამოუკიდებელი ქვეყანა, ბატონო ზვიად, იყრით კენჭს პრეზიდენტის პოსტზეო? ზვიადი პასუხობს: ჩვენ, ქართველებს, გვყავს ედუარდ შევარდნაძე და მე როგორ ვიყრი კენჭსო. ეს ჩანაწერი არსებობს. მაშინ არავის გაუკვირდა, რადგან შევარდნაძე პიკში იყო, მას ჰქონდა უზარმაზარი რეიტინგი და მის მიმართ საქართველოში არანაირი ნეგატივი არ არსებობდა. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ შევარდნაძემ თვითონ არ მოინდომა მაშინ პრეზიდენტობა. სხვათა შორის, იგივე გაიმეორა რამდენიმე თვეში გია ჭანტურიამაც – პრეზიდენტი უნდა იყოს შევარდნაძეო. ზვიადი არც ფიქრობდა პრეზიდენტობას და მისი ეს სიტყვები, ჯულიეტა ვაშაყმაძესთან ნათქვამი, იყო გულწრფელი და თვითკრიტიკული. ზვიადმა იცოდა, რომ არ იყო მზად პრეზიდენტობისთვის. ის არც კი იყო ნამყოფი უცხოეთში და არ იცოდა, რეალურად, რა ხდებოდა იქ, ამიტომ თვითონ მიხვდა, რომ მისი პრეზიდენტობის დრო ჯერ არ იყო მოსული და არც საქართველო იყო მზად დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ მაშინ ზოგიერთებს მოსკოვში ხელს აძლევდა, რომ საქართველოს პრეზიდენტად დამჯდარიყო გამოუცდელი კაცი და ზვიადს სხვა გზა არ დაუტოვეს. სხვათა შორის, ასეთივე თვითკრიტიკული აღმოჩნდა ჭანტურიაც: 1992 წელს მან უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და საჯაროდ განაცხადა – მე მზად არ ვარ, უნდა ჩავჯდე და კარგად ვისწავლოო. ჭანტურია გაქრა, მისი ცოლი შევიდა პარლამენტში და ის, ვიდრე არ მოკლეს, საერთოდ არ ჩანდა. ისევ გამსახურდიას დავუბრუნდეთ: ის თვითონაც გაოგნებული იყო თავისი გამარჯვებით და ძალიან ბევრმა ნახა მისი გაოგნებული სახე არჩევნების მეორე დღეს.

მისი უშუალო გარემოცვიდანაა ცნობილირომ ასეთ გამარჯვებას არ ელოდა და ამიტომაც პარლამენტში ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდარომლებიცუბრალოდსიის შესავსებად ეწერნენ პარტიულ საარჩევნო სიაში.

– გამსახურდია ელოდა პარლამენტში შესვლასა და ოპოზიციის ლიდერობას, მაგრამ, მოხდა ისე, რომ მოსკოვიდან კომუნისტებს უბრძანეს, არანაირ საარჩევნო კამპანიას არ აწარმოებთო. კომუნისტებმა ყოველგვარი კამპანიის გარეშე აიღეს 30 პროცენტი, კამპანია რომ ეწარმოებინათ, 70 პროცენტს მაინც აიღებდნენ და მაშინ პარლამენტში მივიღებდით ძალთა ნორმალურ გადანაწილებას, მაგრამ მოსკოვს სჭირდებოდა ეროვნული მოძრაობის გამარჯვება, რომ არეულიყო სიტუაცია. თან, გამსახურდიას შეუგზავნეს პროვოკატორები, ასევე, იყვნენ შემთხვევითი ადამიანებიც. ერთი-ორი ისეთი კადრი დაინიშნა მინისტრად, ოთხი კლასის განათლება რომ არ ჰქონდათ. ასე რომ, ამაში გამსახურდიას ნუ დავადანაშაულებთ, მისი გამარჯვება მოსკოვისთვის იყო ხელსაყრელი. თუმცა, მისი ნომერი პირველი შეცდომა ის იყო, რომ ერთდროულად დაუპირისპირდა ამერიკასაც და რუსეთსაც და ამით უკვე განწირული იყო. მისი შეცდომა იყო ის, რომ ადვილად ექცეოდა გავლენის ქვეშ და, როგორც ჩანს, ამიტომაც მოკლეს კოსტავა. ბევრი ამბობს, კოსტავა რომ არ მოეკლათ, სულ სხვანაირად განვითარდებოდა მოვლენებიო. მისი პლუსი ის იყო, რომ ძალიან იდეური იყო, ერთი იდეა ჰქონდა თავში – საქართველოს დამოუკიდებლობა და შეასრულა კიდეც; როგორც ვთქვი, ზვიადი იყო თვითკრიტიკული და იცოდა, რომ არ იყო მზად პრეზიდენტობისთვის. ის მაინც გახდებოდა პრეზიდენტი, ოღონდ, მოგვიანებით და იქნებოდა წარმატებული პრეზიდენტი, რომელსაც ასე ადვილად გადატრიალებას ვერ მოუწყობდნენ.

რომ არ გადადგაარ არის მისი მინუსი?

– აპირებდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ მან 22 დეკემბერსვე თქვა, გადავდგებიო, მაგრამ ხალხი, ძირითადად, ქალები მისი კაბინეტის წინ იატაკზე დაწვნენ და ფიზიკურად არ გაუშვეს. ზვიადის ნათქვამია არაფერი ღირს ერთი ქართველის სისხლის წვეთადაც კიო და, სწორედ მათ კისერზეა მისი სისხლიც, ვინც მას გადადგომის საშუალება არ მისცა.

თუკი გამსახურდიას გაპრეზიდენტება მოსკოვის სქემის ნაწილი იყოესე იგიამავე სქემის ნაწილი იყო შევარდნაძის გამოჩენაც?

– შევარდნაძეს რუსები ვერ იტანენ, რადგან, მიაჩნიათ, რომ გორბაჩოვთან ერთად დაანგრია და გაყიდა საბჭოთა კავშირი. მართალია, ჩვენთან ამბობენ, რუსებმა დაგვისვესო, მაგრამ არ დაუსვამთ რუსებს, მან თვითონ დასვა საკუთარი თავი და, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამერიკიდანაც ჰქონდა გარკვეული მხარდაჭერა. ეს ის მომენტია, როდესაც მოსკოვში დიდი ქაოსია და მანამდე შევარდნაძე მოსკოვში ერთ წელიწადს იჯდა უმუშევარი. შევარდნაძე მაშინ რომ ჩამოსულიყო, როდესაც ზვიადმა შესთავაზა, ეკონომიკა ჯერ არ იყო დანგრეული, პოსტებზე შევარდნაძის კადრები იყვნენ, ესე იგი, ყველა შესაძლებლობა არსებობდა, რომ განვვითარებულიყავით, მაგრამ ის ორი წლის დაგვიანებით ჩამოვიდა საქართველოში, უკვე ქაოსი იყო ქვეყანაში და შევარდნაძეს ვეღარ იტანდნენ.

პოზიტივი რა ჰქონდა მის ჩამოსვლას?

– ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ცნეს, ყველა მიიღეს გაეროში, ეუთოში და ჩვენ ვიყავით ერთადერთი, რომელსაც არ ცნობდნენ და შევარდნაძის ჩამოსვლიდან მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ მიგვიღეს გაეროში. ეს, უდავოდ, მისი დამსახურებაა, მაგრამ, ზუსტად ათ დღეში აფხაზეთის ომი დაიწყო, ეს კი უკვე ნეგატივია. ჩვენ ვერავის დავადებთ თითს და დავადანაშაულებთ სამოქალაქო ომის დაწყებაში, მაგრამ ეჭვები არსებობს. გაიხსენეთ სამეგრელოს ამბები. ამას ჯაბა იოსელიანი აკეთებდა, თუმცა პირდაპირ შევარდნაძეს ადებდნენ ხელს, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში შევარდნაძეს არც თენგიზ კიტოვანი უსმენდა და არც ჯაბა იოსელიანი. კატეგორიულად ვამბობ, არძინბა ვერ გაბედავდა, რაც გაბედა, სამოქალაქო დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო. სოხუმში ქართველების უდიდესი ნაწილი ზვიადისტი იყო და ისინი ამბობდნენ, შევარდნაძეს არ ვემორჩილებითო და არძინბამ იფიქრა, რა კარგი დრო დამიდგა, ქართველები ჩემს მხარეს იქნებიანო. ის მაშინ არც აპირებდა ეთნიკურ წმენდას, მაგრამ ვერ გათვალა, ქართველები მის მხარეს არ აღმოჩნდნენ.

ფაქტობრივადგამოვიდარომ ისტორიამ ჩამოაწერა სამხედრო და სახელმწიფო საბჭოებს თბილისში დახვრეტილი მიტინგებიდაწიოკებული სამეგრელომთელ საქართველოში გამსახურდიას მიმდევრების რბევა?

– ჯაბა იოსელიანი რომ შევარდნაძეს არ მოუსმენდა, ფაქტია.

თუმცაღასიგუა მუდმივად ამტკიცებსრომ იოსელიანი და შევარდნაძე ტანდემში მოქმედებდნენო?

– სიგუას თავისი თავის მამა აბრამის ბატკნად გამოყვანა უნდა. რასაკვირველია, ჯაბა იოსელიანს თავისი შეიარაღებული ძალები ჰყავდა, თენგიზ კიტოვანს – თავისი, სიგუასა და შევარდნაძეს კი არავინ ჰყავდათ. შევარდნაძე დაეყრდნო იოსელიანს. გარიგება ასეთი იყო: „მხედრიონი“ შენს მხარეს იქნება, შენ ჩვენს საქმეებში არ ჩაერიოო და სრული კარტ-ბლანში მიიღო. ბუნებრივია, სრული უფლება გვაქვს, რაც ხდებოდა, იმაზე პასუხისმგებლობა შევარდნაძეს დავაკისროთ, თუმცა, მეტი საქმე არ ჰქონდა ჯაბა იოსელიანს, შევარდნაძეს შეჰკითხვოდა რაიმეს. მაგრამ ფანტასტიკურ კორუფციაში ნამდვილად შევარდნაძის რაზმები იღებდნენ მონაწილეობას. მე კარგად მახსოვს, მან რამდენჯერმე ამაყად თქვა, ამერიკაში დღეს რომ ყველაზე დიდი კომპანიების ხელმძღვანელები არიან, მათმა წინაპრებმა იარაღით ხელში, ბანდიტობით შექმნეს თავიანთი კაპიტალიო. ნეგატივი იყო ის, რომ სულ ინტრიგებს ხლართავდა, რადგან სხვანაირად მართვა ვერ წარმოედგინა. პოზიტივი კი ის იყო, რომ საქართველოს გარეთ პატივს სცემდენ, რუსეთის გარდა. გახსოვთ, პრიმაკოვმა არძინბაც კი ჩამოუყვანა თბილისში და იყო პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა, მაგრამ არ გააკეთა. შევარდნაძეს ჰქონდა ასეთი თვისება: ის აბსოლუტურად უშიშარი ადამიანია, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისგან განსხვავებით, ომის არ ეშინოდა, მაგრამ ძალიან ეშინოდა საზოგადოებრივი აზრის. მაშინ არძინბა ფედერაციულ მოწყობას სთავაზობდა, მაგრამ შევარდნაძემ თქვა, ხალხი ვერ გაიგებსო. ახლა ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ, საშინლად ეშინოდა ნოდარ ნათაძის. მოკლედ, ჩაიშალა ეს ამბავი, თუმცა, სამაგიეროდ, ოსებთან მოახერხა საქმის მოგვარება და ისინი დე-ფაქტო ჩვენი იურისდიქციის ქვეშ იყვნენ 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე. ეს მისი პლუსია. შემიძლია, ვთქვა, შევარდნაძისთვის რომ ეცლიათ, „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემა აღარ იარსებებდა და, მშიშარა რომ არ ყოფილიყო და დასთანხმებოდა ფედერაციულ მოწყობას, დღეს საქართველო ერთიანი იქნებოდა. ავიღოთ აჭარასთან მისი მიმართება: ასლანი ცდილობდა გამწვავებას, შევარდნაძე კი ამის შესაძლებლობას არ აძლევდა. ასლანი ფეხებს აფიჩინებდა, არ ჩამოვალ თბილისშიო, მაგრამ ეს ჩადიოდა ბათუმში, მიუხედავად იმისა, რომ ასლანის უფროსი იყო. დიპლომატიური ნიჭი, უდავოდ, ჰქონდა. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს, პირველი ვიზიტი ჰელსინკიში ჰქონდა და პირველად იქ ნახა დასავლეთმა მისი ეს ხელოვნური ღიმილი: მთლიანად რომ გაწელავს ტუჩებს და ყველა კბილს აჩენს. მანამდე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს აკრძალული ჰქონდათ ღიმილი, მოღუშულები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ეჩვენებინათ საბჭოეთის სიძლიერე, ეს კი ჩავიდა და ფინეთის პრეზიდენტს გაუღიმა. მისი ფოტოებით იყო აჭრელებული დასავლეთის გაზეთები – ეს რა შესანიშნავი კაციაო.

უნდა ვაღიაროთრომ დასავლელები ხშირად მეტად გულუბრყვილოები არიან.

– მთელი დასავლური პოლიტიკური ელიტა მოთაფლა იმით, რომ კბილები გამოაჩინა, თუმცა, კბილების გამოჩენა სხვანაირადაც შეიძლება, გავიგოთ. ჩვენ კი ვიცით, რომ მისი ეს ღიმილი ხელოვნური იყო, მაგრამ მათ მოეწონათ. ერთი სიტყვით, დიპლომატიის ნიჭი ნამდვილად ჰქონდა. მაგრამ მისი შეცდომა იყო, რომ მაშინ არ ჩამოვიდა თბილისში, როდესაც საჭირო იყო და ჩამოვიდა მაშინ, როდესაც საჭირო აღარ იყო, ამიტომ ვერ დავიჯერებ, როდესაც მასზე ამბობენ, წინდახედულიაო. თუმცა, ორი აზრი არ არის, რომ ძლიერი პერსონაა. შევარდნაძეს, ასევე, პლუსში ჩაეწერება, რომ 2003 წელს არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. მართალია, თქვა, მაგრამ რამდენიმე საათში გადაიფიქრა და გადადგა. მის ყველა მინუსსა და პლუსს ერთ სტატიაში ვერ დავატევთ.

მესამე პრეზიდენტი როგორია?

 – ცოტა ნაადრევი ხომ არ არის მისი შეფასება?

არა მგონიაუკვე ექვსი წელიაპრეზიდენტად გვყავს.

– სააკაშვილი საუკეთესო დისიდენტი და ოპოზიციონერია. დღეს უკვე აღარ ახსოვთ, როგორც ოპოზიციონერი, მაგრამ, უდავოდ, ძალიან კარგი ოპოზიციონერია. ასევე, მისი ძლიერი მხარეა „ფიარშიკობა“. იცის, როგორ გამოაჩინოს საკუთარი თავი. სულ ვამბობ, რომ მისგან კარგი პროდიუსერი დადგებოდა, შოუბიზნესი ხომ მისთვისაა შექმნილი. მის გარდა რომელი ქვეყნის პრეზიდენტი იცით, იმას ფიქრობდეს, როგორ მოაწყოს ახალი წლის ღონისძიება, ვინ ჩამოიყვანოს და ასე შემდეგ?! მახსოვს, როდესაც პრეზიდენტად წამოაყენა თავისი კანდიდატურა, დავწერე: მიშა, ნუ ჩქარობ, ჯერ თბილისის მერი იყავი-მეთქი. მართლაც, პრეზიდენტობის პირველ წელს ფასადებს ღებავდა, იმიტომ რომ მერობისკენ ჰქონდა მიდრეკილება. დღესაც გაუსწორებს ხოლმე რაღაცეებს უგულავას. სამიოდე კვირის წინათ ქუთაისის მერი გალანძღა და ის იძულებული გახდა, გადამდგარიყო. გამსახურდიაზე ვთქვი, პრეზიდენტობისთვის მზად არ იყო-მეთქი, მაგრამ მან იცოდა ეს, სააკაშვილმა კი არ იცის, რომ პრეზიდენტობისთვის მზად არ არის. თუმცა, გამსახურდია დაბადებული იყო პრეზიდენტობისთვის, მაგრამ არასწორი დრო შეარჩია. სააკაშვილი კი არ არის დაბადებული პრეზიდენტობისთვის და, რაც მთავარია, არც იცის, რას ნიშნავს პრეზიდენტობა. არ აქვს იდეა. მისთვის იდეაა კარგი ცხოვრება, რომ ორ კვირაში ერთხელ იფრინოს უცხოეთში, დრო გაატაროს ღამის კლუბებში და ასე შემდეგ. როდესაც პრეზიდენტი გახდა, იფიქრა, რადგან პრეზიდენტი ვარ, ერთი კარგი ომი მჭირდებაო და დაიწყო კიდეც, მაგრამ ორ დღეში კაპიტულაციას მოაწერა ხელი. მისგან თბილისის შესანიშნავი მერი გამოვიდოდა.

ახლაც არ არის გვიან?

– ექვსიოდე წლის წინათ ვამბობდი, ჯერ თბილისის მერი უნდა გახდეს, რომ რაღაცეები ისწავლოს და მერე პრეზიდენტობისთვის ასაკიც შეუწყობს-მეთქი ხელს. მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ 35 წლის პრეზიდენტი მაინც არასერიოზულია, თუმცა, იმ ასაკში მერად რომ წასულიყო, ისწავლიდა და იქნებ გამოგვდგომოდა. ირბენდა სხვა ქვეყნების დედაქალაქებში და კიდევ უფრო ხშირადაც მოუწევდა სირბილი. ის არ არის დაბადებული პრეზიდენტად.

გამოდისრომ არც ერთი პრეზიდენტი არ გამოგვადგაროგორც პრეზიდენტი?

– გამსახურდია მოწოდებული იყო პრეზიდენტობისთვის, მაგრამ არ იყო მომზადებული. რაც შეეხება შევარდნაძეს: ის იყო საუკეთესო საგარეო საქმეთა მინისტრი და ცუდი პრეზიდენტი, მისი მთავარი ნიჭი იყო დიპლომატია. არც ერთი მათგანი არ იყო საპრეზიდენტო და ესაა პრობლემა. შევარდნაძე, შეიძლება, გამოდგომოდა ქვეყანას, 1991 წელს რომ გამხდარიყო სახელმწიფოს მეთაური; მაშინ ვერც არძინბა გაბედავდა რაიმეს და ვერც ოსები. როდესაც ჩამოვიდა, 1992 წელს, ავტორიტეტი უკვე აღარ ჰქონდა, ყველამ იცოდა, რომ მანამდე ერთ წელს უმუშევარი იჯდა მოსკოვში. რაც შეეხება სააკაშვილს: თუ პროდიუსერობა არ უნდა, ან პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიციის ლიდერად და შავ დღეს დააყრიდა ხელისუფლებას, ან მისი „პატალოკი“ პოლიტიკაში თბილისის მერობაა.