„სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის წარმართვის საქმე ხელში აიღო „ქართულმა ოცნებამ“, რადგან „ნაცმოძრაობის“ მოტრიალების საფრთხე დადგა“

„სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის წარმართვის საქმე ხელში აიღო „ქართულმა ოცნებამ“, რადგან „ნაცმოძრაობის“ მოტრიალების საფრთხე დადგა“

მცირეხნიანი ტაიმ-აუტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კვლავაც გამოჩნდა და მისი გააქტიურების კვალდაკვალ რადიკალი „ნაციონალებიც“ გამოფხიზლდნენ.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო ფალავანი ატოცში გამოჩნდა, მან სიტყვიერი შეურაცხყოფაც იწვნია „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრ ლანა ღვინჯილიასგან. ლანა ღვინჯილია, რომელიც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია, დაინტერესდა, „რა ნამუსით ჩავიდა“ პრეზიდენტობის კანდიდატი ატოცში მის მიერვე აგვისტოს ომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ?!

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მომავალმა პრეზიდენტმა, პირველ რიგში, უნდა იმუშაოს, რათა საოკუპაციო ხაზი მოიშალოს და ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის საზღვრები.

ატოცში ჩასვლა, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს ატარებენ და იქ „ნაციონალების“ „გულთბილი“ დახვედრა პირველი დაბრკოლებაა, რომლის გადალახვაც სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მოუწია. სავარაუდოდ, ასეთი სიურპრიზებით „ნაციონალები“ კვლავაც გაანებივრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს. თუმცა მანამდე საზოგადოებისთვის საინტერესოა, რატომ არ ჩანდა და სად იყო მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი? რატომ არ იყოს ის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში? ხომ არ ფიქრობს „ქართული ოცნება“, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოჩენა მისთვის წამგებიანია, რათა მან არ დაუშვას მორიგი შეცდომები და საზოგადოების სხვადასხვა ფენები არ გაანაწყენოს, როგორც ეს მოხდა აგვისტოს ომის, მარიხუანას თემატიკის, სასულიერო პირთა შემთხვევაში?!

გააქტიურდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი, ამის შესახებ For.ge-სთან საუბარში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ ქალბატონი სალომეს გაუჩინარების რეალური მიზეზი არც არსებობს და სალომე კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდება. უბრალოდ, ამ ეტაპზე მისი საარჩევნო კამპანიის წარმართვის საქმე ხელში აიღო „ქართულმა ოცნებამ“, რადგან „ნაცმოძრაობის“ მოტრიალების საფრთხე დადგა.

„დღევანდელი საკონსტიტუციო მოწყობით, პრეზიდენტი პოლიტიკური თანამდებობა საერთოდ არ არის. მავანნი გარკვეული პარტიული კურსის გატარებას ამით არ უნდა ცდილობდნენ, მაგრამ რადგან ასე მოხდა და კრიზისულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ახლა ეს პროცესი თავის თავზე აიღო „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის ისევ „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ დაპირისპირება. თუ გახსოვთ, ადრე მე ამას საკონსტიტუციო მახე დავარქვი. სალომე ამ პროცესში ცოტათი მეორე ადგილზე გადავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ დაბრუნდება. ის ზეპარტიული პრეზიდენტი უნდა იყოს და ამ იდეის გადარჩენისთვის მოუწია ბრძოლა პარტიას“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე განმარტებით, სრული აბსურდია, თითქოს სალომეს მალავენ, რომ შეცდომები არ დაუშვას. დავით ზარდიაშვილის განმარტებით, ზურაბიშვილს შეცდომები არ დაუშვია, უბრალოდ, ვინც არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ მხარეს, გინდ ბიძინა, გინდ სალომე, მის ნათქვამს ისეთ კუდს გამოაბამს გვარამია, რომ „ნაციონალები“ სიმართლესაც უკუღმა გამოიყენებენ.

„სალომე ჩრდილში არ არის, მაგრამ ცოტათი უკან გადაიწია და წინა პოზიციებზე აუცილებლად გამოვა, ამიერიდან უფრო ხშირად გამოჩნდება. ველოდები, რომ ისევ მთავარ როლში იქნება. უბრალოდ, ასეთი ვითარება შეიქმნა პირველი ტურის შემდეგ, რაც, პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“ იყო მძიმე დარტყმა, შეიქმნა საფრთხე და საზოგადოების სხვადასხვა ფენა გააქტიურდა, ვინც ეს საფრთხე დაინახა. შესაბამისად, საზოგადოებაც გააქტიურებულია და პარტიასაც მიჰყავს ეს პროცესი, ჯერჯერობით მოვლენები ასე იკითხება“.

ანალიტიკოსი მარინე მუსხელიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ძლიერი ლიდერია და არავის ჭკუაზე მოსიარულე ადამიანი არ არის, მან საზოგადოებას პირში უთხრა სიმართლე, რომლის გაგონებაც ამ საზოგადოებას არ სურს, რამაც გამოიწვია მწვავე რეაქცია. ასე მოხდა 2008 წლის ომთან მიმართებითაც და ასე მოხდა მარიხუანას თემასთან მიმართებით. მარიხუანას თემა წამოწეული იყო „ქართული ოცნების“ მიერ და, უბრალოდ, სალომე ზურაბიშვილის ნათქვამის მანიპულირება და გადაკეთება მოხდა.

„ის, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველი ტურის შემდეგ ჩუმად იყო, მე მგონი, ეს იყო შეცდომა და არასწორი ქმედება. თუ ამას სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნების“ „პიარშჩიკები“ ურჩევდნენ, მინდა შევახსენო ამ „პიარშჩიკებს“, რომ აქამდე დიდი წარმატებები მათ არ ჰქონიათ და ახლა რატომ ჰგონიათ, რომ სწორ რჩევებს აძლევენ?! 2007 წლიდან დაწყებული, სალომეს გვერდით დიდი ბრძოლა მაქვს გამოვლილი, კარგად ვიცნობ ამ ადამიანს, შესაძლოა, ყველა შეხედულებაში არ ვეთანხმებოდე, მაგრამ დამოკიდებულება, რაც საზოგადოების ნაწილში სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჩამოყალიბდა, აბსოლუტურად არაადეკვატურია მისი პიროვნებისა და შესაძლებლობების მიმართ. ამიტომ უნდა გამოაჩინონ ქალბატონი სალომე და გამოაჩინონ ისე, რასაც ეს ადამიანი წარმოადგენს და, რაც არის მისი ძლიერი მხარეები. „რუსთავი 2“-ის პროპაგანდას, პრინციპში, ვერაფერი ვერ დაუპირისპირა „ქართულმა ოცნებამ“ და ეს არის მათი პიარის სისუსტის საკითხი და არა სალომე ზურაბიშვილის სისუსტის საკითხი“,-აცხადებს მარინა მუსხელიშვილი.