ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილი დღესაც მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელია და ხელისუფლების თამაშს თამაშობს.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის ვარაუდით, ასეთი განწყობა "ქართული ოცნების" ლიდერს შეუქმნა მისმა გარემოცვამ, რომელიც ზვიად გამსახურდიას გარემოცვასაც კი "ღირსეულ კონკურენციას" გაუწევდა.
ოქრუაშვილი ივანიშვილს სთხოვს, მისი ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დამადასტურებელი ფაქტი წარმოადგინოს და ასეთ შემთხვევაში პოლიტიკიდანაც წავა და საქართველოში ჩამოსვლაზეც სამუდამოდ ხელს აიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილს მატყუარად მიიჩნევს.
ოქრუაშვილს პასუხი "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გასცა და გაიხსენა, თუ როგორ სწრაფად გაათავისუფლეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაპატიმრების შემდეგ და როგორ გაამგზავრეს უცხოეთში. ეს ბადებს ეჭვს, რომ ის ხელისუფლების მოთამაშეა.