"ნაციონალებისა" და "ევროპელების" დიდი შერიგება ვის წაადგება და რა ფორმით შეიძლება ერთ დროს ერთიანმა პოლიტიკურმა ძალამ ერთმანეთი გამოიყენოს.
პოლიტოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ შერიგებით "ევროპული საქართველო" დარჩება წაგებული, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი მათი მხარდამჭერების ხმებით იხეირებს. რა გარიგება შეიძლება შემდგარიყო უგულავა-ბოკერიასა და სააკაშვილის გუნდს შორის.
პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სააკაშვილი "ევროპელებს" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ადგილებს დაჰპირდა. თუმცა ევროპელებს" ურჩევენ, რომ არ ენდონ მას, რადგანაც თუ დასჭირდა, ყველა იმ ათ პარტიასთან ერთად, რომლებთანაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანდა, მათაც გარეთ, პარალმენტის მიღმა დატოვებს.
ანალიტიკოსების ნაწილი კი პირიქით ვარაუდობს, რომ "ევროპული საქართველო" და გრიგოლ ვაშაძე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილს თავიდან მოიშორებენ.
მათი აზრით, ვინც სააკაშვილს იცნობს, ყველამ იცის, რომ ის მეორე კაცად ყოფნას არ დასთანხმდება და ვაშაძეს გვერდით გასწევს. ამიტომაც პრეზიდენტობის კანდიდატს მხადამჭერები სჭირდება და ვინ, თუ არა ბოკერია და უგულავა, რომლებიც ხელისუფლების მართვაში ასეთი გამოცდილება არიან.
ფინეთის დედაქალაქში "ნაციონალური მოძრაობიდან" განდგომილი "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს გრიგოლ ვაშაძესთან ერთად შეხვდა. საუბრის თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და სამომავლო გეგმები იყო. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ე.წ. ყოფილ თანაგუნდელებს ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვთ.
"მე გიგის მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, ეხლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა... ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან.
ოფიციალურად ეს სააკაშვილი-უგულავას პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიმე ადამიანი გამოეყო და ახალი პარტია "ევროპული საქართველო" ჩამოაყალიბა. "ევროპული საქართველო" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 2017 წლის იანვარში გამოეყო.
მაშინ გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და "ჯართი" უწოდა. როგორც მაშინ უგულავამ თქვა, სააკაშვილი "საკუთარი თავის პრობლემაა" და არა ქვეყნის.
"ჩვენ, პოლიტიკოსები, ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ. როცა ის მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ სხვა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, მაშინ ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში", - თქვა მაშინ გიგი უგულავამ ყოფილ თანაპარტიელზე, მიხეილ სააკაშვილზე.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში "ევროპულ საქართველოს" საკუთარი კანდიდატი - დავით ბაქრაძე ჰყავდა, თუმცა მან ხმების მხოლოდ 10.97% მიიღო.
მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა განაცხადეს, რომ მეორე ტურში "ნაციონალების" პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერდნენ მხარს.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ საქართველოში მორალისტური პოლიტიკა უცხო ხილია, შესაბამისად, მათი სახეცვლილება არც არავის უნდა გაუკვირდეს. მისი აზრით, თავის დროზე "ევროპულმა საქართველომ" ჩათვალა, რომ წონიან პოლიტიკურ პარტიას შექმნიდნენ და "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველს ნახევრად მაინც გაიყოფდნენ, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. მათ მხოლოდ ამომრჩევლის 10%-მა მისცა ხმა. ამიტომაც "ევროპელებმა" გადაწყვიტეს, რომ შეურიგდნენ მათ და ერთობლივი ძალით ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იბრძოლონ.
ძაბირაძე ამბობს, რომ უგულავა-ბოკერიას გუნდს ვაშაძის გამარჯვება იმიტომ ადარდებს, რომ ორ წელში საპარლამენტო არჩევნები იქნება და იქ ბრძოლა ადგილებისთვის დაიწყება. ახლა კი მათ გასაყოფი არაფერი აქვთ, თუმცა როცა გაყოფის დრო დადგება, არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა, სხვა პოლიტიკური პარტიების მსგავსად, ისინიც გარეთ, პარლამენტს მიღმა დატოვოს.
"თუ "ევროპული საქართველო" ძლიერი ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბებას აპირებდა, ამას შერიგების შემდეგ ვეღარ შეძლებენ. ისედაც არავის სჯეროდა, რომ ისინი ერთნი აღარ იყვნენ და ახლა მით უმეტეს.
"მგონია, რომ ამ ყველაფრით "ევროპელები" დაზარალდებიან, რადგანაც სააკაშვილის ნდობას დიდად არავის ვურჩევდი. ამ არჩევნებზე ვაშაძე თუ მათი მხადამჭერების ხმას მიიღებს, მას ამით არაფერი დაუშავდება, მაგრამ როდესაც საპარლამენტო არჩევნების დრო მოვა, არავინ არის დაზღვეული, რომ ადგილების გამო ესენი ისევ არ იჩხუბებენ.
"სააკაშვილი, როგორც იმ ათ პარტიას, რომლებთან ერთადაც ახლა გაერთიანდა, გარეთ დატოვებს და იმავეს "ევროპულ საქართველოსაც" უზამს. "ევროპელები" კი ამომრჩევლის ნდობას დაკარგავენ და მათ აღარავინ დაუჯერებს. ახლა თუ 10%-იანი მხადაჭერა აქვთ, საპარლამენტო არჩევნებამდე ამ გადაწყვეტილების შემდეგ 5%-მდე ჩამოვლენ", - ამბობს ძაბირაძე "რეზონანსთან".
იგი არ გამორიცხავს, რომ მათი შერიგების ინიციატორი ამერიკის "სახალხო პარტიაც" ყოფილიყო. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება მისი გუნდის წევრებშიც გაღიზიანებას გამოიწვევს, ექსპრეზიდენტს ის ერთგული გუნდის წევრები გაუნაწყენდებიან, რომლებმაც მას ზურგი არ აქციეს.
ძაბირაძის აზრით, "ევროპული საქართველო" მიხვდა, რომ სააკაშვილისგან დისტანცირებით წაგებულები უფრო აღმოჩნდნენ. მათ ეგონათ, რომ სააკაშვილს ქართულ საზოგადოებაში მხადამჭერები აღარ ჰყავდა და მასთან მათი სახელის ასოცირება ზიანს მოუტანდათ. რადგანაც ნახეს, რომ ამით ხეირი კი არა, ზიანი მიიღეს, ისევ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. ამით "ევროპულმა საქართველომ" მთელი ის ორწლიანი გაყოფის პერიოდი წყალში ჩაყარა და გააბათილა.
"ვეროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" შერიგებაში იურისტი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია სრულიად სხვა სცენარს ხედავს -რომ გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ წინასაარჩევნოდ იყენებს და დარწმუნებულია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ვაშაძე მას გვერდით გასწევს. სწორედ ამიტომ, იურისტი ფიქრობს, რომ მას "ევროპული საქართველოს" მხადაჭერა და იმ იდეოლოგიური ჯგუფის გვერდში დგომა დასჭირდება, როგორიც ბოკერია-უგულავაა.
მუხაშავრია ამბობს, რომ ვინც სააკაშვილს იცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ის რიგით მეორე არასდროს იქნება და გვერდით არ გადგება. ეს ვაშაძესაც კარგად ესმის და ამიტომაც დასახმარებლად "ევროპულ საქართველოს" უხმო.
"ახლა მიშა ცოტა არ იყოს შავ დღეშია და მგონია, რომ მოკავშირეების ძიებაშია. არ ვფიქრობ, რომ ვაშაძე გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანას მოისურვებს.
"ვინც სააკაშვილს მეტ-ნაკლებად იცნობს, იციან, რომ ის მეორე კაცად ყოფნას არასდროს მოისურვებს. ამიტომ მისი საქართველოში ჩამოყვანა ვაშაძისთვის გვერდით ჩაჩოჩებას ნიშნავს. მას არავინ მოუსმენს და იქ პირველიც, მეორეც და მესამეც მხოლოდ სააკაშვილი იქნება.
"ამიტომ თუ ამას "ნაციონალები" მიხვდნენ და როგორც მე ვხედავ, მიხვდნენ, ვაშაძეს სხვა მოკავშირეები დასჭირდებოდა. ამიტომ ლოგიკურია, რომ ის უგულავასთან შეიკვრება და "ევროპულ საქართველოსთან" დამეგობრდება.
"ვინც მიშას კარგად იცნობს, მასთან უკან დაბრუნება არავის მოუნდება. მასთან ერთად რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებაში ყოფნა არამც და არამაც ქართულ საზოგადოებაში ხელშემწყობი გარემოება არ არის. ამიტომ ეს ყველაფერი დროებითია, რაც ორივე მხარის ინტერესშია და დიდხანს არ გაგრძელდება", - ამბობს ლია მუხაშავრია "რეზონანსთან".
მისივე თქმით, სააკაშვილის პერსონით როგორც "ოცნება", ასევე "ნაციონალებიც" თამაშობენ და ამომრჩეველზე მისი პიროვნების ფაქტორს სხვადასხვანაირად იყენებენ. მმართველი გუნდი მისი პერსონით მოსახლეობას აშინებს, ოპოზიცია კი მის სახელს ამომრჩევლის მოზიდვისთვის იყენებს. მუხაშავრია ამბობს, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა როგორც დასჭირდება, ისე მოიქცევა. მათ მორალური და პრინციპული მოსაზრებები არ აკავებთ.