„ეს იქნება პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა სადამსჯელო რაზმებით“

„ეს იქნება პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა სადამსჯელო რაზმებით“

„ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით“, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც განცხადებით, ახლა მთავარია, ხელისუფლების დასჯის სურვილით, ქვეყანა არ დავსაჯოთ.

შეგახსნებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოგების შემდეგ, შეიწყალებს ძმებ ახალაიებს, ვანო მერაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის და ყველა იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეზე არიან ბრალდებულები.

აქედან გამომდინარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.

„ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომის დაწყების, ამაში დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისტული განწყობა და მიზანი აქვთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ, ციხიდან მერაბიშვილი და ახალაია გამოიყვანონ. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომელიც სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ამ საფრთხის წინაშე ყველა გავერთიანდებით და იმ წყენას დავივიწყებთ, რაც შეიძლება ერთმანეთთან მიმართებაში ექვსი წლის განმავლობაში გვქონოდა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაში რომ დესტაბილიზაცია შედის, ამაზე საუბრობენ ექსპერტები. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ქვეყანა რევანშიზმის საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია საქართველოს განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი. პოლიტოლოგის განცხადებით, ვაშაძის და მის უკან მდგარი პარტიის გეგმაში რომ რევანშია, ეს არაერთხელ მოგვისმენია.

„თუ გავიხსენებთ სულ ცოტა ხნის წინ რას ამბობდა იგივე ვაშაძე, რომელმაც ახლა მოხსნა ეს რიტორიკა, იქ რევანში პირდაპირ იყო აფიშირებული. ჩვენ გავიმარჯვებთ და შევცვლით ხელისუფლებასო, მართალია სიტყვა რევანში არ უხსენებია, მაგრამ მეტი რა არის რევანში? ვაშაძის და მის უკან მდგარი პარტიის გეგმაში რომ რევანშია, ეს არაერთხელ მოგვისმენია.

რევანიში რომ აგრესიული იქნება და ეს არ იქნება უბრალოდ პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა, არამედ ეს იქნება პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა სადამსჯელო რაზმებით, ეს არის ფაქტი. ეს იქნება ხელისუფლების ფორმაში ჩაცმული სადამსჯელო გუნდი. ეს ჩანს იმ აგრესიაში, რაც აქვთ რიგით, თუ ლიდერ ნაციონალებს. აგრესიის მატარებელი ყოველთვის არის სახიფათო, ის სულ აგრესიისკენ იქნება მიმართული“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, განვლილმა 30 წელმა დაგვარწმუნა იმაში, რომ ოპოზიციას არასდროს არ ჰქონია პროცესების არევის საშუალება, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა იმის ბერკეტი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შეენარჩუნებინა.

„თუ ამას არ აკეთებს ხელისუფლება, მაშინ ეს სხვა თემაა. ძალიან საინტერესოა, რა იგულისხმება დესტაბილიზაციაში, ის, რომ რუსთაველზე მიტინგები იქნება? ყველაზე ტრაგიკული ისტორიაც რომ გავიხსენოთ, 1991 წლის ოქტომბერში რიგგარეშე არჩევნები რომ დანიშნულიყო, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა. ამიტომ, ხელისუფლებამ დესტაბილიზაციაზე კი არ უნდა ილაპარაკოს, არამედ იმაზე, რას გააკეთებს თვითონ. საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რა დესტაბილიზაცია უნდა მოაწყოს?“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს. თუ ხელისუფლების მიზანია შეწყვიტოს საპროტესტო ტალღა, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„მე ვლაპარაკობ პროტესტზე და არა დესტაბილიზაციაზე. რა თქმა უნდა, არასტაბილური პოლიტიკური გარემო იქნება, ეს უკვე არის, მაგრამ არ არის დესტაბილიზაცია. დღეს 800 ათასი კაცი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, იმაზე იფიქრონ ეს 800 ათასი როგორ ჩამოიყვანონ 500 ათასზე. რუსთაველზე სააკაშვილმა ორჯერ დაარბია 2–ჯერ მიტინგი, მაგრამ რა მიიღო? ამიტომ, ხელისუფლებას მეტი გონიერება მართებს.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ დესტაბილიზაციით ვინმეს შეაშინებს, ძალიან ცდება. აღარ მუშაობს ნაციონალების შიში და ფაქტორი. ამიტომ, ივანიშვილი იქ უნდა დაბრძანდეს, საიდანაც იმართება სახელმწიფო და არა პარტია.

მეორე – საჭიროა ითქვას, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შემოდგომაზე და რომ იქნება პროპორციული სისტემა. ეს იქნება სიმშვიდე.

ივანიშვილი ხომ ითხოვს ერთ წელს, დაახლოებით ეს დრო სჭირდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. ასეთ შემთხვევაში 800 ათასი ამომრჩეველი, რომელიც ოპოზიციაში გადაბრგდა, მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ვერ ხედავს პერსპექტივას, ისევ აქეთ გადმობრაგდება. ხელისუფლება არჩევნებში გაიმარჯვებს და ყველაფერი იქნება კარგად. მოქმედების ძალიან მარტივი გეგმაა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.