„ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!

„ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოში პროცესი ისე გაიმართა, რომ მედიისთვის ცნობილი არ იყო. ფარცხალაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს. როგორც ცნობილი გახდა, ფარცხალაძისთვის 5.000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა თავად პროკურატურამ დააყენა, რაც მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა.

ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ „ელ ცენტროში“ მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.

ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია, რომელიც იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

ხელისუფლება შეფასებებისგან თავს იკავებს და გამოძიების დასრულებას ელოდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა როგორც აღნიშნა, არ გამორიცხავს არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ ამ ნაწილში ისევ და ისევ სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

თბილისის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე კი აცხადებს, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა.

მისივე თქმით, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი.

„ოთარ ფარცხალაძეს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. მე მინდა გითხრათ მხოლოდ ის, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა. თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება, საარჩევნო კალენდართან დაკავშირებული არ არის. ამასთან, როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია თუ რა საქმეზე წაუყენეს ფარცხალაძეს ბრალი და თავადაც პროკურატურის მიერ ინფორმაციის გასაჯაროებას ელოდება.

„არ ვიცი დეტალები, ველოდებით პროკურატურას, რომელიც ინფორმაციას გაასაჯაროებს. ვნახოთ, კონკრეტულად რა ბრალდებაზეა საუბარი. სხვა დეტალები ჩემთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მნიშვნელოვანია რეაგირების ფაქტი. მუდმივად ხდება ასეთი ფაქტების საარჩევნო კალენდართან დაკავშირება, მაგრამ საარჩევნო კალენდრის მიუხედავად, გამოძიებას აქვს ვალდებულება რეაგირება მოახდინოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ყველაფრის გადაწყვეტა უნდა მოხდეს კანონის მაღალი სტანდარტით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გულის მოგებას უკავშირდება.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება რომ მოეპოვებინა, პროკურატურა ოთარ ფარცხალაძეს ბრალს არ წაუყენებდა.

„უბრალოდ, ახლა ძალიან კარგად დაინახეს, რომ ადამიანები მართლაც უკიდურესაც აღშფოთებულები არიან და გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად, მათ მოთხოვნას პასუხი გასცენ, მოიგონ ადამიანების გული, რომ მეორე ტურში როგორმე თავიანთი კანდიდატი გაიყვანონ. სხვა არაფერია ეს, თუ არა საარჩევნო „ტრუკი“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მხოლოდ და მხოლოდ საჩვენებლად იჭერენ წვრილფეხობას, მოქმედებენ პრინციპით „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაგლეჯს“, ამიტომ კატის ტყავსაც კი არ გლეჯენ.

როგორც გოცირიძე ამბობს, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ გამოსაჩენად „ლიფსიტებს დასდევს“, თუმცა, გამორიცხულია მაღალი თანამდებობის პირებს რაიმე ფორმით შეეხონ.

გოცირიძის აზრით, ხელისუფლების თითოული ნაბიჯი ემსახურება მათი ძალაუფლების შენარჩუნებას. ხალხმა კარგად დაინახა, რომ შიშმა გადაადგმევინა მათ ეს ნაბიჯები და არა გულწრფელმა მოქმედებამ.

ყოფილი გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია, როგორც აღნიშნავს, შეცდა და ციხეში ჩასმაზე გადააჭარბა მოლოდინს. როგორც თორდია აცხადებს, ფარცხალაძემ „მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას“.

„ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ. ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო“?! - წერს თორდია სოციალურ ქსელში.

ექსპერტი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საქმე იმდენად უხარისხოდ შეფუთეს, ტრაგიკომიკური სახე მიიღო.

„პროკურატურა თვითონ განიხილავს ამას არაორდინალურ საკითხად, რადგან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩხუბის გამო, როგორც ამას ამტკიცებენ, თურმე ჩამოუყვანიათ და ჩაურევიათ საქმეში უცხოელი სპეციალისტები. ეს ხომ სასაცილოა?! იმდენად უხარისხოდ შეფუთეს, რომ ტრაგიკომიკური სახე მიიღო ამ ყველაფერმა. საქმის კვალიფიკაცია მეტყველებს იმაზე, რომ ეს არადამაჯერებელია. შეხლა-შემოხლაში კი არ არის აქ დანაშაული, დანაშაული არის სახელმწიფოს ნებაზე ზეგავლენის მოხდენაში, რაც უკვე მძიმე კატეგორიაში გადადის. ფაქტია, რომ გამოძიება სულ სხვა მიმართულებით წავიდა“, - აცხადებს ხუხაშვილი.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ არნიშნა, საზოგადოებაში დაგროვდა ძალიან ბევრი კითხვა ოთარ ფარცხალაძის საქმიანობასთან დაკავშირებით.

„თუ პროკურატურამ დაიწყო ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია, თუმცა დავაკვირდები, ეს ნაბიჯები არჩევნების გადასაგორებლად იდგმება თუ ნამდვილად, იქიდან გამომდინარე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დადო 6 წლის განმავლობაში შედეგი და ძალიან რთულია ერთი განცხადებით ბევრი ადამიანი უპირობოდ გენდოს“.