"ციხის უფროსიდან დაწყებული, ბადრაგით დამთავრებული, ყველა ჯალათი იყო. ამ ჯოჯოხეთში ხუთწელიწად-ნახევარი გავატარე. მორგში, ფაქტობრივად, მკვდარი შემიყვანეს. იქ მკვდარ ადამიანზე ზედ გაბამდნენ მომაკვდავ, ნაცემ-ნაბეგვ ადამიანს და ასე გტოვებდნენ რამდენიმე დღე, მიცვალებულზე დაბმულს…იქ შესული ადამიანები ჭკუიდან იშლებოდნენ, ბევრს ფსიქიკური პრობლემა გაუჩნდა. ბევრი ხონის ფსიქიატრიულში წაიყვანეს...
ხათუნა კალმახელიძე (სასჯელაღსრულების იმჟამინდელი მინისტრი - თ.დ.) პირადად ესწრებოდა ჩემს წამებას და ის არავის დაუსჯია. ციხის დირექტორი, გაგა მკურნალიძეც პირადად ხედავდა ჩემს წამებას, თვითონაც მცემდა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო
ცივსისხლიანი ლევან პაჭკორია, რომელიც ყველაზე სადისტი იყო იმ მწამებლებს შორის. ვინ იცის, რამდენჯერ ვყავარ გალახული, ხერხემალი მან დამიზიანა... მათგან კი არც ერთი დასჯილა", - ეს არის ამონარიდი ყოფილი პოლიტპატიმრის, უფლებადამცველის ალექსანდრე ახალკაცის 2016 წელს ჟურნალ "გზისთვის" მიცემული ინტერვიუდან. მან სააკაშვილის ხელისუფლების დროს ციხეში გატარებული უმძიემსი
წლები თავის რომანში "გამოცდა ხელბორკილით" ასახა, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L" - მა გამოსცა.
ეს ნაწარმოები დაედო საფუძვლად სერიალ "ჰეროკრატიის" რამდენიმე სერიას. დღეს ალექსანდრე სამოქალაქო აქტივისტია და თავის აზრს გვიზიარებს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე:
- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა საპრეზიდენტო არჩვენების პირველი ტურის ასეთი შედეგი?
- ვფიქრობ მოსალოდნელი იყო ეს შედეგი. არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა არ მიმიღია, ისევე, როგორც იმ ადამიანების დიდ ნაწილს, რომელთაც 2012 წელს აბსოლუტურად სხვა რამ დაუკვეთეს "ქართულ ოცნებას" სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და სულ სხვა რამ მიიღეს. შედეგად, მათი ნაწილი დღეს საქართველოში აღარ არის, დღევანდელმა ხელისუფლების უმოქმედობამ, სიდუხჭირემ, უმუშევრობამ იძულებული გახადა ემიგრაციაში წასულიყვნენ, რათა ლუკმა პური იშოვონ, მათ შორის არიან ყოფილი პოლიტპატიმრებიც. დანარჩენების გულისწყრომამ კი გამოიწვია ის, რომ საარჩევნო უბნებზე "ქართულმა ოცნებამ" მხარდამჭერთა მცირე რაოდენობა მივიდა.
ისევ მაღალ თანამდებობაზეა ის ხალხი, რომელთა წინააღმდეგაც 2012 წელს, ქართველმა ხალხმა მისცა ხმა; საკუთარი ოჯახების, სიცოცხლის ფასად ვიბრძოდით ასეთი უსამართლობის წინააღმდეგ, რადგან ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, წინსვლის საკითხზე იყო ლაპარაკი. კოჰაბიტაციამ კი მოიტანა ის, რომ ყველა სექტორი გაავსეს "ნაციონალებით". არ ვუარყოფ, რომ მათთანაც ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი მუშაობდა, რომლებსაც დღესაც შეეძლოთ მუშაობა, მაგრამ ისინი დათხოვილები არიან, ხოლო ვინც არაკეთილსინდისიერად მუშაობდა, დააწინაურეს კიდეც - პროკურატურაში, შსს-ში, პარლამენტში და ყველგან! მათ ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ამ ყველაფერმა მოგვცა ის შედეგი, რომლის გამოც ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს მაგიდაზე მუშტების დარტყმა მოუწია. მან რეალური სურათი არ იცოდა, რადგან მასთან სხვა ინფორმაცია მიჰქონდათ, ვიმედოვნებ, უკვე ყველაფერი დაინახა.
წესით, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური პარტია, აღარც უნდა არსებულიყო. პირველი ორი წელი, "სისხლისმსმელი" ადამიანები გასუსულები და გატრუნულები იყვნენ, ზოგი ქვეყნიდან გარბოდა, მათ შორის, კურდღელი და მშიშარა სააკაშვილი. მისგან განსხვავებით, ახალაია და მერაბიშვილი ციხეში ჩასხდნენ და შეწყალებას არც ითხოვენ.
"ქართულმა ოცნებამ" მიიღო ის, რაც მიიღო - 38%-მდე. ადამიანს როცა შია და უკიდურეს გაჭირვებაშია, სულ აღარ ახსოვს, ადრე ქუჩაში ვის კლავდნენ და რას სჩადიოდნენ. ის საწყალი ხალხი, ვინც "ოცნება" რეალურად ხელისუფლებაში მოიყვანა, განზე დარჩა და სწორედ მათი პასუხია ძალიან მკაცრი, ამ ციფრებში გამოსახული. უნდა შეეცადონ, ეს გაბრაზებული ხალხი საარჩევნო ურნებთან როგორმე მიიყვანონ. გაბრაზებულ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ვაშაძე თუ მოვა პრეზიდენტად, "ქართული ოცნების" ჯიბრზე, უფრო მეტ რამეს გაუკეთებს. ამიტომ, "ოცნებამ" სწორი მესიჯები უნდა გაუშვას და გუნდი ერთიანი უნდა იყოს, ერთმანეთი კი არ უნდა დაჭამონ...
- დღეს ბევრი ადამიანი გამოდის და ცდილობს, საზოგადოებას მკაფიოდ შეახსენოს, თუ რა ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს და რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი მათ საპრეზიდენტო კანდიდატს - გრიგოლ ვაშაძეს. თქვენ რას იტყვით, რატომ "არა მიშას"?
- მე რატომაც არ უნდა მინდოდეს მიშა და მისი პარტია, საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, ჩემი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები, ჯანმრთელობა, ოჯახის წევრები იმ რეჟიმთან ბრძოლას შევწირე. თუმცა, მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პოზიციიდან, ეგოისტურად არ ვმსჯელობ. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც გამოვიარე, დღესაც იმ გზას ავირჩევდი. ვხედავდი, ჩვენი ქვეყანა იღუპებოდა და მწამდა, რომ როგორც რიგით ქართველს, რითაც შემეძლო, ჩემი ერთი აგური უნდა დამედო ჩემი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებისთვის.
რა მოხდება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება? მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მოწოწიალე პოლიტიკოსად იქცა, ბოლო იმედი - უკრაინაც ჩაუვარდა და საერთოდ, შოკშია, მის მფარველ აშშ-შიც კი აღარ მიიღეს. დადასტურებულ ინფორმაციას გეუბნებით. ამ ყველაფერმა ის გააბოროტა. ასეა გაბოროტებული კიდევ უამრავი ადამიანი, რომელიც მისი რეჟიმის ნაწილი იყო...
თუ ესენი მობრუნდებიან, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები, რომლებმაც დიდი ფული იშოვეს, გემრიელად მოკალათდებიან ევროპაში, პოლიტიკურ თავშესაფრებს მოითხოვენ ან ისევ აქ დარჩებიან და კოჰაბიტაცია მათთვისაც გამოიძებნება, რა პრობლემაა? სამაგიეროდ, ვინც თავი შეაკლა და თითოეულ ხმას, ქვეყანას სისხლის ფასად იცავდა 2012 წელს, სწორედ იმ ხალხის დევნა დაიწყება. ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში არაფრის დიდებით არ უნდა მობრუნდეს!
არ შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას" რევანში საშუალება მივცეთ, თუმცა ამავდროულად ხელისუფლება უნდა ვაკონტროლოთ უმკაცრესად! ვაშაძე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა სრულ ქაოსსა და დესტაბილიზაციას მიეცეს. ახალციხე და ახალქალაქი მოგვენატრება, ისეთი თავპირისმტვრევა წავა.
- ციხეში გატარებული დღეების გახსენება, მესმის, რომ ძალიან მძიმეა თქვენთვის, მაგრამ ალბათ ამ გადასახედიდან კიდევ სხვაგვარად აღიქვამთ და აფასებთ ყველაფერს?
- ეს საკითხი ყველაზე მძიმეა ჩემთვის. მარტო როცა ვრჩები, მაშინ ყველაზე მეტად მაწუხებს... რაც მე იქ საკუთარი თვალით ვნახე და საკუთარ თავზე განვიცადე...
დღეს ტუბზონაში 50 ადამიანია, მაშინ კი 4-5 ათასი პატიმარი იყო და იქ სპეციალურად მიჰყავდათ იმისთვის, რომ დაავადებულიყვნენ და მერე, მომკვდარიყვნენ. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ტუბზონაში რეალურად დაავადებულებს წამლების მიღებას განგებ უწყვეტდნენ, რათა დაავადება გამწვავებოდათ...
იქ "გლობალურ ფონდს" სანდრა რულოვსი ხელმძღვანელობდა და ასევე, ზოგიერთი, დღეს მაღალ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი. დღევანდელმა არაერთმა პარლამენტარმა კარგად იცის, თუ რა ხდებოდა ხუდადოვის ტუბდაწესებულებაში.
წარმოიდგინეთ, ტუბზონაში კარცერი იყო. დაახლოებით კონცლაგერის სისტემა იყო. ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანს, რომელიც, ბოდიში და პირიდან სისხლს იღებს, კარცერში იმის გამო აგდებდნენ, რომ მაგალითად, ხელები ზურგზე არ დაილაგა, "პრავერკის" დროს ფეხზე ვერ წამოუდგა თანამშრომელს. ავადმყოფ ხალხზე მაქვს საუბარი. სცემდნენ, კარცერში აგდებდნენ, მაგალითად, მეც, იანვარ-დეკემბერში, სიცივეში და იატაკზე წყალსაც კი მისხამდნენ, რომ შეწყალების თხოვნაზე ხელი მომეწერა. დანაშაული აღიარე და თქვი, - "მიშა მაგარიაო". რაც ვერ მიიღეს. ამ ჩემს ბრძოლას ჩემი ოჯახის წევრები შეეწირნენ. ეს საშინელი სისტემა იყო აბსოლუტურად ყველგან.
ის რეფორმები, რაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით გაატარა, აუცილებელი იყო, სხვანაირად ქვეყანა ფეხზე ვერ დადგებოდა, მაგრამ ამას თავისი საზღვარი უნდა ჰქონოდა. ამ ზღვარგადასულმა სისასტიკემ ციხეები ჯერ კონცლაგერებად აქცია, მერე კი სისტემად, რომელიც ადამიანებს აწამებდა, სიცოცხლეს უსპობდა, ავიწროვებდა, ფსიქოლოგიურად ანადგურებდა.
გირაოს სახით გადახდილი მილიონობით ლარი გარკვეული ადამიანების ჯიბეში მიდიოდა და რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" ამ ადამიანებისათვის? მათ სახლები გაყიდეს და ოჯახები დაზარალდნენ. მაშინ დაჭერილი ადამიანებიდან, ზოგი დღესაც პატიმრობაშია, წარმოგიდგენიათ? მაღალ თანამდებობებზე მყოფი ის პირები ამ მთავრობას სასწრაფოდ უნდა მოეცილებინა, დაეჭირა, მათი ქონებების კონფისკაცია მოეხდინა და მათი მსხვერპლებისთვის, ადამიანებისთვის დაერიგებინა.
საშინელება იყო და იგივე განმეორდება, თუ მიშა სააკაშვილი დაბრუნდება. ის ათიათასობით ადამიანს დაიჭერს და სიმართლე გითხრათ, ვისაც დაიჭერს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მართლაც დასაჭერები არიან. მე და ჩემნაირ თანამებრძოლებს ვერც მიშა შეგვაშინებს და ვერც ვინმე სხვა დიქტატორი! აქ ვიქნებით და ისევ ბრძოლას გავაგრძელებთ! სამოქალაქო აქტივისტი ვარ, ჩემი ქვეყნის განვითარება მინდა და მხოლოდ სიმართლეს ვლაპარაკობ "ქართულ ოცნებაზეც" და "ნაციონალურ მოძრაობაზეც".
- როგორ ფიქრობთ, რა მოხდება არჩევნების მეორე ტურში?
- არჩევანის წინაშე ვართ - ცუდსა და ძალიან ცუდს შორის. პირდაპირ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, არ მომწონს, უკეთესის მოძებნა შეიძლებოდა მათსავე რიგებში. ახლა "ნაციონალები" პოლიტიკურ ავანგარდზე არიან და 2020 წელს თუ უმრავლესობით მოვლენ, ეს იმ პარლამენტარების, მერების, გამგებლების ბრალი იქნება, ვინც მაღალ ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს იღებენ, "ჯიპებით" დადიან, რომელთა საწვავში უამრავი თანხა იხარჯება და იმ ვაუჩერებს, მათი ოჯახის წევრებიც სიამოვნებით იყენებენ. ვფიქრობ, "ოცნება" მეორე ტურს მაინც მოიგებს, მაგრამ მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა გავაფრთხილო ისინი, რომ თუ არ გამოფხიზლდებიან, 2020-ში საპარლამენტო არჩევნებს წააგებენ.