„იმ ადამიანების თავგანწირვა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ გვერდით დაუდგნენ, სათანადოდ არ დაფასდა“

„იმ ადამიანების თავგანწირვა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ გვერდით დაუდგნენ, სათანადოდ არ დაფასდა“

„ახლა მთავარია, ხელისუფლების დასჯის სურვილით, ქვეყანა არ დავსაჯოთ“, – საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმართა. ვიდეომიმართვაში ივანიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ამომრჩევლებზე ამახვილებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მმართველობასთან დაკავშირებით იმედგაცრუებულია. ივანიშვილი განმარტავს, რომ მათ ხალხის უკმაყოფილების ესმის.

„რამდენიმე თვის წინ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნება. მომიწია, რადგან ვხედავდი, რომ პრობლემები ღრმავდებოდა და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. თუმცა, ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს! ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია.

დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან. ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით. როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას და ახლა მინდა ვთქვა ყველას გასაგონად: ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იღებს პასუხისმგებლობას ერთ წელიწადში გაასწოროს მართვის ყველა ხარვეზი და მთელი რესურსი გამოიყენოს, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. ბიძინა ივანიშვილმა ასევე მიმართა „ქართული ოცნების“ ძველ სახეებს და განაცხადა, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა მათი ერთგულება და გამოცდილება.

„მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში – საქართველოს კიდევ ერთხელ დაჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

პარტიის თავმჯდომარის განცხადებას იზიარებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაშვებული ერთ–ერთი შეცდომა იყო ე.წ. კოაბიტაცია.

„რა თქმა უნდა, ბევრი სხვა შეცდომებიც იყო, თუმცა დანაშაული ჩვენ არ ჩაგვიდენია. შეცდომებიდან მე გამოვყავი კოაბიტაცია. შეიძლება, იმ დროისთვის ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ოპონენტებმა ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოაბრუნეს. აქაც ჩვენ ვართ დამნაშავეები. ჩვენ ვერ შევძელით საზოგადოებისთვის სწორად აგვეხსნა და მიგვეტანა რას ნიშნავდა ეს ყოველივე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, „ქართული ოცნება“ არ აპირების საზოგადოების ჯგუფებად დაყოფას და ერთმანეთთან დაპირისპირებას. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს ყველაფრის მიუხედავად გვერდით დაუდგნენ, მათი თავგანწირვა სათანადოდ არ იყო დაფასებული.

„მათი თავგანწირვა არ იყო სათანადოდ დაფასებული, რაც ჩვენი დანაშაულია. ეს შეიძლება მომხდარიყო სხვადასხვა ფორმით. შეცდომებია დაშვებული. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ არ ვაპირებდით ისე მოქცევას, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ 2010 წელს იქცეოდა – ყველას ხაზი გადაუსვა. ისინი ადამიანებს ყოფდნენ ჯგუფებად, „ჩარეცხილებად“, მისიანებად. პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდებისთვის კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოება დავყოთ დაჯგუფებებად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას აფასებენ ოპოზიციაში. „ევროპურლი საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ივანიშვილის გამოსვლა იყო სამართლიანად დამარცხებული ლიდერის გამოსვლა, რომელიც ახალ სიცრუეს ჰპირდება ამომრჩეველს და საზოგადოებას.|

„ბიძინა ივანიშვილის უკვე აღარავის სჯერა და ხალხს ახალ სიცრუეს ჰპირდება. ივიწყებდა რამდენჯერ მოატყუა მან უკვე ჩვენი საზოგადოება ამ წლების განმავლობაში და ხელახლა სთავაზობდა სიძულვილს და ისევ ფოფხაძის მსგავსად, სხვა ენაზე, ისევ ჰპირდებოდა არეულობას და აშინებდა ძალადობით, აშინებდა რევანშით.

აღარ გაუვა ეს ივანიშვილს, მისი აღარავის სჯერა და მთელი ეს გათვლა სიძულვილია და ეს არის ფუჭი. ამ შედეგს უნდა შეეგუონ მშვიდად და ერთადერთი, რისი გაკეთებაც დღეს შეუძლიათ ხალხისთვის, არის ხალხის ვერდიქტის მშვიდად მიღება. სხვა მიმართულებით მათ პოლიტიკური რესურსი არ აქვთ. ერთადერთი, მათ დარჩათ, მშვიდად შემოებან პოლიტიკურ განაჩენზე“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ–ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ივანიშვილს შეეშვას ხალხის დაშინებას და არავითარი დაპირისპირება არ იქნება. ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია არის იმის გარანტი, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება არ მოხდება.

„ყველა თქვენს ძალადობრივ ფაქტზე, რასაც თქვენ ახორციელებთ ამ დღეების მანძილზე, ჩვენ მშვიდობით გპასუხობთ. ეს სიტყვა რასაც თქვენ ამბობთ, რა კავშირშია ახალქალაქში თქვენს მიერ მოწყობილ მართლა თავ-პირის მტვრევასთან, რაც ჩვენს აქტივისტებს მოუწყვეთ? ჩვენ მშვიდად და წყანარად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს და სრულიად ახალი განვითარების ეტაპს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება ივანიშვილის მიერ დასახელებულ ძველ გვარდიას, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ მზად არის იყოს ქვეყნის სამსახურში.

„მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყანას გამოვადგე. მე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოვცილდი, თუმცა ვთვლი, რომ ჩემი თავი დიპლომატიაში ჯერ არ ამომიწურავს. მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყნის სამსახურში ვიყო და მზად ვარ, რომ ამ ასპარეზზე ქვეყანას გამოვადგე. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ არანაირი შემოთავაზება არც ერთი მხრიდან ჯერ არ ყოფილა. მე თბილისში ვცხოვრობ, ყველამ იცის ჩემი მისამართი და არავის გაუჭირდება ჩემი პოვნა“, – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

„რესპუბლიკურ პარტიაში“ დარწმუნებული არიან, რომ „ძველი გვარდიის“ ნაწილში ივანიშვილი მათ არ გულისხმობდა. როგორც დავით ბერძენიშვილმა განმარტა, ახლა მარცხისთვის განწირული ივანიშვილის „ოცნება“ ითხოვს ძველი სიძლიერის კოალიციის ჩამოყალიბებას, რაც „რესპუბლიკელებისთვის“ მიუღებელია.

„ბიძინა ივანიშვილმა ორპოლუსიანობის არსებობა დააანონსა ქვეყანაში. დაადასტურა, რომ მისი პოლუსი სუსტია და მოითხოვს გაძლიერებას. დასუსტებული, მარცხისთვის განწირული ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ითხოვს ივანიშვილის 2012 წლის დროინდელი სიძლიერის მქონე დიდი კოალიციის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, „რესპუბლიკელებს“ ეს არ გვეხება, ეგღა გვაკლია“, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პარტიისთვის უმჯობესი იქნებოდა ეს განცხადება არჩევნებამდე გაეკეთებინა, რადგან პრობლემის წინაშე დადგომის შემდეგ თქმა, გარკვეულწილად კარგავს დამაჯერებლობას.

„დღეს ეს დაემსგავსა უკან მიდევნებულ განცხადებას და არა განცხადებას, რომელიც დამახასიათებელია ლიდერისგან. ლიდერი კი, ჩვეულებრივი მოკვდავისგან იმით განსხვავდება, რომ ის პრობლემებს წინასწარ უსწორებს თვალს და პრევენციულად რეაგირებს. პრობლემის წინაშე რომ დადგები და მერე ამბობ იმას, რაც სათქმელია, გარკვეულწილად, ეს კარგავს დამაჯერებლობას.

ამის მიუხედავად, მე მაინც არ მინდა მას დავუკარგო და ვთქვა, რომ ბევრი რამ მან აღიარა. ჩემს მიმართ მისი აგრესიაც ამით იყო განპირობებული და სწორედ ამას ვეუბნებოდი. ის ვალდებული იყო ამაზე არჩევნებამდე ესაუბრა, როდესაც ვთქვი, რომ მან ლიდერის თვისებები დაკარგა, ეს მქონდა მხედველობაში“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება ძველ გვარდიას, ხუხაშვილი ამბობს, რომ არ იცის ეს ერთჯერადი გამოყენების ობიექტია, თუ ძველი გვერდიით უნდა ამ ქვეყნის მომავლის შენება. ექსპერტის განმარტებით, ამას მეტი განმარტება სჭირდება.

„ერთჯერადი გამოყენების ობიექტი ვერასდროს გავხდები, არც ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ. ვფიქრობ, მან მიმართა ყველას, ვინც 2012 წელს ქუჩაში იდგა, მიტინგებზე გამოდიოდა, ცვლილებები სურდა, ალბათ, ეს ჰქონდა მხედველობაში. აქედან გამომდინარე, მე პირადად სიტყვების აღარ მჯერა. ბიძინა ივანიშვილის დახმარება არ არის ჩემთვის საინტერესო, ჩემთვის საინტერესოა ქვეყნის დახმარება.

მე გარანტიად ვითხოვ სისტემურ ცვლილებებს, სისტემურ პრობლემებზე სისტემურ პასუხს და არა კოსმეტიკურს – არა პოლიტიკურ დომინანტებს, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ – 9 წელს და 6 წელს, არამედ, სახელმწიფო ინტერესების დომინირებას. როდესაც ამ ჭკუაზე მოვა ეს ხელისუფლება, მაშინ ვილაპარაკოთ ყველაფერზე“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.