ჩვენმა დიდმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ერთიანობას და ყველანაირად უშლიდნენ ხელს ქართველი ერის დაშლისა და დანაწევრების ნებისმიერ მცდელობას. როგორც ჩანს, ეს საშიშროება დღესაც არსებობს და რეალურია!
"საქართველოს დანაწევრების გეგმა 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია!" - ამტკიცებს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე და იმ შემაშფოთებელი ინფორმაციის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მას რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა მიაწოდეს:
- დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაა "Всероссийская перепись населения 2010 года" რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებმა ქართველმა გადმომიგზავნა. მან საერთო ნაცნობის, - მღვდელ დავით კონჯარიას დახმარებით დამირეკა და აღელვებულმა მითხრა: ამ აღწერის მასალებში ცალ-ცალკე "ნაციებად" ვართ წარმოდგენილი მეგრელები, იმერლები, აჭარლები, კახელები და სხვა ქართველებიო...
ბატონო ტარიელ, რა დოკუმენტზეა ლაპარაკი?
- 2010 წლის 27 იანვარს რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ შექმნილი ნომერი 74 დოკუმენტი თავის მოქალაქეებს სთხოვს, მიუთითონ საკუთარი ეროვნება. სავარაუდო პასუხებიც იქვეა ჩამოთვლილი. სიაში 1840 დასახელებაა. ზოგიერთი "ნაციის" სახელწოდება რამდენიმე ვარიანტად არის მოცემული, მაგალითად, კუთხური წარმომავლობის აღმნიშვნელი სახელი: "აჭარელი" წარმოდგენილია ორი ვარიანტით: аджарели, аджарцы; რაც უნდა გაგიკვირდეთ, სხვადასხვა ეროვნებად არის მიჩნეული грузины და грузины-аджарцы; თუმცა, რა გასაკვირია, როცა პატივცემულ რუს სტატისტიკოსებს ფაქტების დამახინჯების მრავალწლიანი, უფრო სწორად კი საუკუნოვანი "ტრადიცია" აქვთ. ამის დასტურად 2002 წლის აღწერაც საკმარისია. ამ აღწერის მიხედვითაც, ცალკე ეროვნებებად არიან წარმოდგენილი ქართველები, აჭარლები, ინგილოები, ლაზები, მეგრელები, სვანები...
2010 წლის აღწერისთვის რუსი მოხელეები უფრო "მობილიზებულად" ემზადებიან. ამის გამო ეროვნების გრაფაში ქართველი ერი უფრო დაშლილადაა წარმოდგენილი. აღდგენილია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის რუსული "მოდელი", კერძოდ, "გათიშე და იბატონეს" გზით საქართველოს სამუდამოდ დაპყრობის მოსურნე იმპერიის მესვეურნი ქართველებს 12 დამოუკიდებელ "ნაციად" ყოფენ: აჭარლები, ქართველები, გურულები, იმერლები, ინგილოები, კახელები, ლაზები, მეგრელები, მესხები, თურქი-მესხები, რაჭველები და ხევსურები (!).
ეს "ანკეტები" უკვე შედგენილია, გავრცელებულია და საერთაშორისო ორგანიზაციების კატეგორიული მოთხოვნაც კი ვერ შეაჩერებს ამ პროცესს.
როგორც თქვით, ეს ხერხი რუს მეცნიერებს უკვე მრავალჯერ აქვთ გამოცდილი.
- სამწუხაროდ, ასეა! 1886 წლის რუსეთის იმპერიის აღწერით, თბილისის გუბერნიაში ცხოვრობდნენ ქართველები, თუშები, ფშავლები, ხევსურები, მთიულები, იმერლები, ქისტები, თათრები და ა.შ.…ქუთაისის გუბერნიის მოსახლეობა კი ასეა წარმოდგენილი: იმერლები, გურულები, მეგრელები, სვანები, რაჭველები, აჭარლები... დაახლოებით იგივე განმეორდა 1926 წელს. სტალინის დროინდელ აღწერაში კი საქართველოს ტერიტორიად საერთოდ არ არის მიიჩნეული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
ჩემი აზრით, რუსულ ტანკებზე საშიში მათი სამეცნიერო დივერსიებია, რადგან რუსეთის ხელისუფლება სამი მიმართულებით მუშაობს:
რუსეთი ცდილობს, დააჯეროს მთელი მსოფლიო, რომ აჭარლები, ლაზები, მეგრელები, ხევსურები, მესხები, თუშები ქართველები არ არიან, მათ თავს მოხვეული აქვთ "დამპყრობელი" ქართველების ენა და მსოფლიო აუცილებლად უნდა დაეხმაროს ამ "დაჩაგრულ ეთნოსებს", რომ არ არსებობს ერთიანი ქართული კულტურა და რომ საქართველო მცირე იმპერიაა.
ამ ფონის შექმნის შემდეგ რუსეთისგან დაფინანსებული პოლიტიკური ძალების დახმარებით უნდათ ქართული მხარეების ავტონომიზაციას და ე.წ. ფედერაცია-კონფედერაციის გზით საქართველოს დაშლას შეუწყონ ხელი.
საინტერესოა, თუ ჰყავს ამ იდეოლოგიას მხარდამჭერები საერთაშორისო ასპარეზზე?
- რუსული იდეოლოგიური და საინფორმაციო მანქანის აქტიური ზეგავლენის გამო დასავლეთში ზოგიერთები საქართველოს ისე უყურებენ, როგორც მცირე იმპერიას, სადაც არაქართველებად მიიჩნევიან არა მხოლოდ აფხაზები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ასევე, ხევსურები, იმერლები, აჭარლები, სვანები, მეგრელები, მესხები, გურულები... უცხოელი ექსპერტები კი ამ "სამეცნიერო" ინფორმაციებზე დაყრდნობით საქართველოს ხელისუფლებას არცთუ სახარბიელო რეკომენდაციებს აძლევენ.
ქართველი ერისა და საქართველოს ენობრივ-ეთნიკური და ტერიტორიული დანაწევრების რუსული, 150-წლიანი გეგმა დღეს თავის ბოლო ფაზაშია: ან საბოლოოდ დაგვშლიან და დაგვამარცხებენ, ან გავუძლებთ და გადავრჩებით, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო.