მზად ვარ ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის, მაგრამ არა ერთჯერადი კონტრაქტით

მზად ვარ ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის, მაგრამ არა ერთჯერადი კონტრაქტით

მზად ვარ ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის, მაგრამ არა ერთჯერადი კონტრაქტით, გარანტიებია საჭირო; მე გარანტიად ვითხოვ სისტემურ ცვლილებებს, სისტემურ პრობლემებზე სისტემურ პასუხს და არა კოსმეტიკურს; არა პოლიტიკური დომინანტებს, არამედ, სახელმწიფო ინტერესების დომინირებას, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოწოდების საპასუხოდ განუცხადა.

როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, ჯობდა, ბიძინა ივანიშვილს ეს განცხადება არჩევნებამდე გაეკეთებინა, რადგან პრობლემის წინაშე დადგომის შემდეგ თქმა, გარკვეულწილად კარგავს დამაჯერებლობას.

„განცხადების პათოსი ნამდვილად მისასალმებელია, ის აღიარებს ბევრ რამეს. ეს კარგია, თუმცა ჯობდა, რომ ეს განცხადება გაკეთებულიყო არჩევნებამდე, 28 ოქტომბრამდე, ამ შემთხვევაში განცხადების ეფექტი ბევრად მეტი იქნებოდა. დღეს ეს დაემსგავსა უკან მიდევნებულ განცხადებას და არა განცხადებას, რომელიც დამახასიათებელია ლიდერისგან. ლიდერი კი, ჩვეულებრივი მოკვდავისგან იმით განსხვავდება, რომ ის პრობლემებს წინასწარ უსწორებს თვალს და პრევენციულად რეაგირებს. პრობლემის წინაშე რომ დადგები და მერე ამბობ იმას, რაც სათქმელია, გარკვეულწილად ეს კარგავს დამაჯერებლობას. ამის მიუხედავად, მე მაინც არ მინდა მას დავუკარგო და ვთქვა, რომ ბევრი რამ მან აღიარა. ჩემს მიმართ მისი აგრესიაც ამით იყო განპირობებული და სწორედ ამას ვეუბნებოდი. ის ვალდებული იყო ამაზე არჩევნებამდე ესაუბრა, როდესაც ვთქვი, რომ მან ლიდერის თვისებები დაკარგა, ეს მქონდა მხედველობაში.

რაც შეეხება ძველ გვარდიას, მე არ ვიცი ეს ერთჯერადი გამოყენების ობიექტია ამ შემთხვევაში თუ ძველი გვერდიით უნდა ამ ქვეყნის მომავლის შენება, მეტი განმარტებაა საჭირო. ერთჯერადი გამოყენების ობიექტი ვერასდროს გავხდები, არც ვყოფილვარ და არც მომავალში ვაპირებ. ვფიქრობ, მან მიმართა ყველას, ვინც 2012 წელს ქუჩაში იდგა, მიტინგებზე გამოდიოდა, ცვლილებები სურდა, ალბათ, ეს ჰქონდა მხედველობაში. აქედან გამომდინარე, მე პირადად სიტყვების აღარ მჯერა. მზად ვარ ქვეყნის სახელით ყველაფრისთვის, მაგრამ არა ერთჯერადი კონტრაქტით. სიტყვებმა დაკარგა ფასი, გარანტიებია საჭირო, წარმოადგინოს ეს გარანტიები და მერე ვილაპარაკოთ. ბიძინა ივანიშვილის დახმარება არ არის ჩემთვის საინტერესო, ჩემთვის საინტერესოა ქვეყნის დახმარება. თუ რაიმეს სასიკეთოს აპირებს და გააკეთებს ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სიკინჭილაშვილი, ან ნებისმიერი სხვა, ყველას დავეხმარები, მაგრამ არა იმიტომ რომ მათ ვეხმარები, ქვეყნის დახმარება მსურს. კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, სამწუხაროდ, ჩემთვის დიდი ხანია საინტერესო აღარ არის. მე გარანტიად ვითხოვ სისტემურ ცვლილებებს, სისტემურ პრობლემებზე სისტემურ პასუხს და არა კოსმეტიკურს; არა პოლიტიკურ დომინანტებს, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ - 9 წელს და 6 წელს, არამედ, სახელმწიფო ინტერესების დომინირებას. როდესაც ამ ჭკუაზე მოვა ეს ხელისუფლება თუ სხვა, მაშინ ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მე მასთან პირადი კომუნიკაცია მქონდა და ვცდილობდი, რომ გარკვეული ნაბიჯები მას გადაედგა, მაგრამ ეს არ გააკეთა. თუ ახლა არის მზად ამისთვის, მაინც კმაყოფილი ვიქნები. ეს პირადი კომუნიკაცია დაიკარგა იმ დღეს, როდესაც გამოვედი და გამოვაცხადე, რომ მან დაკარგა ლიდერის ფუნქცია, რაზეც ის ძალიან გაბრაზდა და ტალახი მესროლა. ბოლო დღემდე გრძელდებოდა ჩვენს შორის ეს კომუნიკაცია, იმ დღემდე, როდესაც მან ჩათვალა, რომ წითელი ხაზი გადავკვეთე და მის ლიდერობაში ეჭვი შევიტანე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, მან არ იცის, რამდენად აქვს ბიძინა ივანიშბვილს გააზრებული ქვეყანაში არსებული ვითარების სიმწვავე და აქვს თუ არა მას სურვილი პრობლემები რეალურად გადაჭრას.

„მე არ ვიცი, რა არის ახლა ბიძინა ივანიშვილის ამოცანა. თუ ამოცანა სისტემურია და რეალურად გააზრებულია ვითარება, ეს არის კარგი. მიუხედავად პირადი გულდაწყვეტისა, ამას მხარს დავუჭერ. თუ ეს არის ერთჯერადი კონტრაქტის სურვილი, რომ კიდევ ერთხელ ადამიანების მეშვეობით პოლიტიკური ამოცანა იყოს გადაწყვეტილი, მაშინ... მე არ მაქვს საფუძველი ზედმეტი პესიმიზმის, მაგრამ ვერც ზედმეტად ოპტიმისტი ვიქნები, ამის საფუძველი მაქვს.

ფაქტია, რომ ამ განცხადების პათოსი განსხვავდება იმ ინტერვიუებისგან, რაც ჩვენ მოვისმინეთ არჩევნებამდე. ტონი აბსოლუტურად სხვანაირი და ბევრად უფრო ადეკვატური აქვს. ხელისუფლებამ დაინახა, რომ მას აქვს სერიოზული პრობლემა და ახლა ცდილობს ეს პრობლემა გადაწყვიტოს, მაგრამ ჩნდება კითხვა, რა პრობლემას წყვეტენ ისინი - საკუთარი ტყავის გადარჩენას, თუ სახელმწიფოებრივ პრობლემას? მე დღეს ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ამაზე პასუხს ისტორია, მომავალი გასცემს. იმედი მაქვს, რომ ივანიშვილმა პრობლემები რეალურად დაინახა და უნდა მათი გადაწყვეტა. დღემდე მე მისი დაპირებების შესრულებით კმაყოფილი არ ვარ, ვნახოთ რა იქნება დღეის შემდეგ.

იმედგაცრუება არის დიდი, ვიღაც მივა ამ დაძახილზე, ვიღაც არ მივა. ეს ადამიანები ძალიან გულგატეხილები არიან და ჩნდება კითხვა - დაიჯერებენ, რომ ეს გზავნილი მათდამი რეალურია? -ამაზე ვერაფერს გეტყვით. ბევრი რამ რასაც მე ვეუბნებოდი ივანიშვილს ამ განცხადებაში ასახულია, მაგრამ შუაში იყო ის, რაც იყო, გაბრაზებულმა მესროლა ტალახი. არ ვიცი, რის გამო აკეთებს ამას. ქვეყანას ყოველთვის ვეხმარებოდი სხვადასხვა ფორმით, ახლაც ვეხმარები და მომავალშიც დავეხმარები, მაგრამ ქვეყნის დახმარება არ ნიშნავს პიროვნებების დახმარებას. არც არასდროს ვეხმარებოდი ბიძინა ივანიშვილს და არც მომავალში ვაპირებ პირადად მის დახმარებას. თუ დავინახავ, რომ ის იქნება თუ სხვა, ქვეყნისთვის სასიკეთოს აკეთებს, ნებისმიერს დავეხმარები ყოველგავრი გვარის და სახელის გარეშე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ვიდემიმართვაში „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას მოუწოდებს, კიდევ ერთხელ დადგნენ მის გვერდით.

ივანიშვილი პირობას იძლევა, რომ „ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!“.