ზვიადაური, ჯაჭვლიანი და კურტანიძე

ზვიადაური, ჯაჭვლიანი და კურტანიძე "ოცნების" გადასარჩენად ბრუნდებიან

ამომრჩევლების მობილიზაციისთვის წინასაარჩევნო ოპერაცია - "მიშა მოდის" და "სისხლიანი 9 წელი ბრუნდება" უკვე დაიწყო. ჯერ 2012 წლამდე მოკლული ახალგაზრდების მშობლები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ "ნაციონალების" წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ, შემდეგ კი ახმეტის ყოფილმა მაჟორიტარმა, ყოფილმა სპორტსმენმა ზურაბ ზვიადაურმა დააანონსა, რომ მეგობრებთან ერთად ახმეტიდან იწყებს აქტიურობას და სხვა ყოფილ თუ მოქმედ სპორტსმენებთან ერთად სათავეში უნდა ჩაუდგეს წინასაარჩევნო პროცესს.

ზვიადაურის მოწოდება მოიწონა სოსო ჯაჭვლიანმაც და ისიც გეგმავს, "ოცნების" ძველი სახეები, 2012-იანელები, შეკრიბოს და გააქტიურდეს, რათა არ დაბრუნდეს "სისხლიანი 9 წელი", რისი საფრთხეც პირველი ტურის შემდეგ გაჩნდა. ოღონდ ჯერ არ იცის, როგორ, რა ფორმით ჩაერთოს ამ "წინასაარჩევნო ოპერაციაში".

სოსო ჯაჭვლიანის თქმით, ის გაბრაზებულია იმის გამო, რომ "ნაციონალების" დაბრუნების საშიშროება გაჩნდა, რაც კოაბიტაციის შედეგია.

"არამც და არამც არ შეიძლება, ის 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი დაბრუნდეს. ჩემს ძმას, ზვიადაურს, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას და ხალხში სიარულს დაიწყებს, მე, რა თქმა უნდა, ვუერთდები. ძველი სახეები, 2012-იანელები, ყველა შევიკრიბებით, რათა ადამიანები დავარწმუნოთ, რომელი რომელს სჯობს. ჯერ არ ვიცი, ეს როგორ მოხდება, ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს, ამ დღეებში შევიკრიბებით და ფორმაზე ჩამოვყალიბდებით", - ამბობს ჯაჭვლიანი.

ასევე, ყოფილი პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ის აქტიური იყო პირველი ტურის წინაც და აქტიურობას გააგრძელებს ამ ერთ თვეშიც, თუმცა ზვიადაურთან შეერთებას არ გეგმავს. მისი თქმით, ძველი სახეების მონაწილეობით, ერთობლივად ჯგუფის შექმნა და კლიპები არ იგეგმება, მაგრამ საქართველოში აქტიურობის ძალიან დიდი არეალია და სადაც მივა, ყველგან მოუწოდებს ხალხს, რომ "ნაცმოძრაობის" დაბრუნება არ უნდა მოხდეს.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ყოფილმა მაჟორიტარმა, 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელმა ზურაბ ზვიადაურმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სპორტსმენებთან ერთად ახმეტაში იწყებს ბრძოლას.

"მე ვარ ახმეტაში. მე, ზურაბ ზვიადაური, ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან, მოჭიდავეებთან ერთად შევეცდები, რომ ყველას მივაწვდინო ხმა, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს.

"გუშინ ჩამოვედი ახმეტაში და მეორე ტურამდე დარჩენილ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებ, რომ "ნაციონალური მოძრაობის", მოძალადეების წინააღმდეგ მისცეს ხალხმა ხმა. ეს ომია. არ შეიძლება "ნაცმოძრაობის" უკან დაბრუნება. არ შეიძლება, საქართველოში დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი", - აღნიშნა მან.

კონკრეტულად ვისთან ერთად შეიძლება ზვიადაური გამოჩნდეს? ამ კითხვაზე ყოფილი პარლამენტარი არ პასუხობს. ამბობს, რომ ამას ყველა დაინახავს და მის გვერდით დადგებიან ყოფილი და მოქმედი სპორტსმენები.

"ახლა ვერ ვიტყვი, ვინ იქნება, ყველა გამოჩნდება და თვითონ იტყვის. არ მინდა, მათ მაგივრად მე ვილაპარაკო. საუბარია მოჭიდავეებზე და სხვადასხვა სახეობის სპორტსმენებზე, მათ შორის მოქმედი სპორტსმენებიც იქნებიან. ყველა დაინახავს, ვინ დგას ქვეყნის გაერთიანების მხარეს.

"ჩემს მეგობრებს დავუკავშირდი და, რა თქმა უნდა, ყველა ჩემთან ერთად ჩაერთო. კურტანიძე, ჯაჭვლიანი თავისთავად ჩაერთვებიან იმიტომ, რომ ჩვენ 2012 წელს ვუთხარით "არა" მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, გავერთიანდით და ცხადია, დღეს, როცა დავინახეთ ეს საშიშროება, ისევ უნდა გამოვიდეთ.

"ეს ადამიანები, რომლებიც სისხლისმღვრელები არიან, სამწუხაროდ, ისევ წამოიწივნენ და ჩვენებმა, "ოცნებამ" კი, ალბათ ვიღაც-ვიღაცების გამო რეიტინგი დაკარგეს. ეს საშიშროება რომ დავინახეთ, გამოვთქვი სურვილი ნებაყოფლობით და ჩავერთე ამ კამპანიაში," - აცხადებს "მთელ კვირასთან" ზვიადაური.

რას მოიტანს კამპანია "არა მიშას"

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, დღეს "ქართული ოცნება" იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მისთვის ნებისმიერი ადამიანის მხარდაჭერა ფასეული და ღირებულია.

"აქ ლაპარაკი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ რამეზე - არ უნდა წამოსწიონ ისეთი ხალხი, ვინც ხმებს ვერ მიიღებს. ამიტომ ეს იქნება ზვიადაური თუ სხვა ვინმე, ამას მნიშვნელობა არა აქვს, არც იმას, რამდენად დიდ გავლენას შესძენს ეს "ოცნებას". მთავარია, ხმა არ დააკარგვინოს.

"ზვიადაურს შეიძლება სადღაც აქვს გავლენა, სადღაც - არა, მაგრამ ცნობადი სახეა და, აქედან გამომდინარე, მერყევ ამომრჩეველზე, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს. კოლოსალური რაოდენობის ხმების მომტანი და საზოგადოებრივი აზრის კარდინალურად შემცვლელი ვერ იქნება ვერც ზვიადაური და ვერც სხვა რომელიმე სპორტსმენი, ვინც შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ გარკვეულ ხმებს მოკრეფს და მეორეც, თუ ასეთი ჯგუფები ბევრი იქნება, ეს იმოქმედებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, ზოგადად.

"როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ერთი გზა იმ სტრატეგიიდან, რომელიც ყალიბდებოდა და რომელსაც ჰქვია "გეშინოდეთ, რომ 9 წელი ისევ დაბრუნდება და განმეორდება". ეს პიარის ერთ-ერთი მიმართულებაა - ამომრჩეველს ისევ და ისევ შეახსენონ განვლილი 9 წელი და რამდენადაც შესაძლებელია, შეაშინონ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებით.

"მთავარია, ამ ჯგუფებმა არ დაკარგონ ზომიერების გრძნობა. თუ ზომიერების გრძნობას დაკარგავენ და დაუკრეფავში გადავლენ, მაშინ საწინააღმდეგო შედეგსაც მიიღებენ," - ამბობს ძაბირაძე.