ბერძენიშვილი: „ქართული ოცნების“ იდეოლოგები ვერ ერკვევიან ტერმინ „პორტირების“ მნიშვნელობაში

ბერძენიშვილი: „ქართული ოცნების“ იდეოლოგები ვერ ერკვევიან ტერმინ „პორტირების“ მნიშვნელობაში

რესპუბლიკური" პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ განმარტავს თუ რატომ დაუჭირეს "რესპუბლიკელებმა" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი გრიგოლ ვაშაძეს.

"როგორც ვატყობ, რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს გრიგოლ ვაშაძეს, მოჰყვა კარგად ორკესტრირებული გამოხმაურება, რომლის მესიჯბოქსში, ძირითადად, სამი შეტყობინება დომინირებს: „ბოდიში", „პორტირება" (მისი მოადგილე „მიგრაციით") და „ზნეობა". ქართული ოცნების იდეოლოგები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ 1. სააკაშვილმა ბერძენიშვილს ბოდიში მოუხადა და ეს რესპუბლიკურ პარტიას ისე გაუხარდა, რომ ვაშაძეს დაუჭირა მხარი; 2. რესპუბლიკელები პორტირებულები არიან ქართული ოცნებიდან ნაციონალურ მოძრაობაში; 3. რესპუბლიკელები უზნეოები არიან.

1. რესპუბლიკურმა პარტიამ, როგორც ოპოზიციურმა პარტიამ, სერიოზული შიდაპარტიული მსჯელობის საფუძველზე დაუჭირა მხარი ოპოზიციის კანდიდატს. ეს გასაოცარი არ არის, გასაოცარი ის იქნებოდა, ოპოზიციურ პარტიას სახელისუფლებო „დამოუკიდებელი" კანდიდატისთვის რომ დაეჭირა მხარი; კიდევ უფრო გასაოცარი იქნებოდა, პარტიას ხალხისთვის მოეწოდებინა, არც ერთ კანდიდატს არ დაუჭიროთ მხარი და არჩევნებზე არ მიხვიდეთო, ანუ პოლიტიკური თვითლიკვიდაცია გამოეცხადებინა. ბოდიშის მოხდა სწორი იყო და მე ეს მესიამოვნა, მაგრამ გადაწყვეტილება პარტიამ ახალი პოლიტიკური რეალობის მიხედვით მიიღო - ზურაბიშვილის დამარცხების რეალური შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

2. „ქართული ოცნების" იდეოლოგები ვერ ერკვევიან ტერმინ „პორტირების" მნიშვნელობაში და დარწმუნებული არიან, რომ მაინც გააცურებენ ამომრჩეველს, რომელიც, მათი აზრით, მით უმეტეს ვერ უნდა ერკვეოდეს ამ ტერმინის მნიშვნელობაში. ეს ტერმინი პოლიტიკურ დისკურსში შემოვიდა ნაციონალების სახელისუფლებო პარტიაში გადასვლასთან დაკავშირებით. კარგად დაფიქრდნენ „იდეოლოგები" ამ ტერმინის გააქტიურებით რას აკეთებენ. გარდა ამისა, მე არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, რომ რომელიმე რესპუბლიკელი ახლა ნაციონალურ მოძრაობაში გადადიოდეს. ასე რომ, რესპუბლიკელების მისამართით „პორტირების" გამოყენებით ქართული ოცნების ადეპტები და „მიგრაციის" გამოყენებით სხვები მხოლოდ თავის ენობრივ უუნარობას ადასტურებენ, კარგად ვერ ერკვევიან „აღსანიშნისა" და „აღმნიშვნელის" ურთიერთმიმართებაში. როგორც ჩანს, ეს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის თავისებური ხერხია; ეტყობა, ამშვიდებენ კანდიდატს, მარტო შენ არ გიჭირს ქართულიო.

3. რესპუბლიკელებს ანამუსებენ, შეახსენებენ, რაც უნდა ავი მამკერძონ, ბილწთ არ შევეკვრი ზავითაო. ამას აკეთებენ ბოტასების ქურდ ფარცხალაძესთან შეკრული „ზნეობრივი" გმირები, საყდრისის ამფეთქებლები, სასახლეთმშენებლები, მექრთამეები, პორტირებულები, მესამე სექტორთან მებრძოლები, შვილმკვდარი მამის დამპატიმრებლები და შვილმკვდარი მშობლების პოლიტიკაში ჩამრთველები. სწორედ ბილწებთან არშეკვრის ნიმუშია რესპუბლიკური პარტიის უკანასკნელი გადაწყვეტილება", - წერს ბერძენიშვილი.