1-ლ ნოემბერს რუსთავში ე.წ. რუსთავის ბაზარში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით, 19 წლის ახაგაზრდა დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ოპერატიური ინფორმაციის საფუძველზე მათ 1999 წელს დაბადებული დ. მ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.მ.-მ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში მდებარე ე. წ. სტამბული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს „ლურჯ მარკეტს" ცეცხლი მოუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 800 კვ.მ. ფართობზე განლაგებული შენობა-ნაგებობა და ეზოში გაჩერებული მიკროავტობუსი. ხანძარმა ზარალი ბაზარში მოვაჭრე 50-მდე მოქალაქეს მიაყენა.
ბაზრის მოვაჭრეები ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიებზე იმავე დღეს საუბრობდნენ. მათი ინფორმაციით, დარაჯმა დაინახა, როგორ შეაგდეს უცხო პირებმა რაღაც ნივთი ავტომობილიდან, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. დარაჯი აცხადებდა, რომ მათ ხანძრის გაჩენისთანავე ტერიტორია დატოვეს და ადგილიდან მიიმალნენ.
ბაზარში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე არის ვიდეოკამერებიც, სადაც კარაგად უნდა ჩანდეს ვინ და რატომ გააჩინა ბაზარში ხანძარი. ისინი ვარაუდობენ, რომ დაკავებული ახალგაზრდა მარტო არ მოქმედებდა და მას ვიღაც ეხმარებოდა. ხანძრის შედეგად მსუბუქად თავად დარაჯიც დაშავდა, რომელმაც თავს გაქცევით უშველა.
მოვაჭრეებისთვის უცნობია რა არის მოტივი, რის გამოც ახალგაზრდამ ბაზრის დაწვა სცადა. მათი თქმით, ბაზარში დაახლოებით 80-ზე მეტი მოვაჭრე მუშაობდა. სავაჭრო ტერიტორია მთლიანად დაიწვა და როგორც ისინი აცხადებენ, მათი საქონელი მთლიანად განადგურდა. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ცეცხლი იმ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყიდებოდა.
„არ ვიცით ვინ არის ეს ახალგაზრდა, რომელიც დააკავეს. არც ის ვიცით, რა იყო მიზეზი, რის გამოც მან ბაზრის დაწვა გადაწყვიტა. ჩვენ ხანძრის დღესვე ვამბობდით, რომ ცეცხლი ვიღაცამ მიზანმიმართულად გააჩინა, რადგანაც დარაჯმა დაინახა ავტომობილიდან უცხო პირებმა როგორ გადმოაგდეს რაღაც ნივთი, რომლის შემდეგც ხანძარი გაჩნდა. არაოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს.
„ამ ბიჭმა კარგად იცოდა სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იყო. ამიტომ სწორედ იმ ადგილას შეგდო ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, რამაც ბაზრის ტერიტორიის სწრაფად აალება გამოიწვია. ყველაფერი წამებში განადგურდა.
„დაზღვევას ვადა აგვისტოში გაუვიდა და ხელახალ პაკეტზე მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. ამიტომ ამ ზარალის კაპიკის ამნაზღაურებელი არავინ არის. ამ დრომდე ზარალის ოდენობაზე არ საუბრობენ. ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილისგან სიტყვიერი დაპირება კომპენსანციების თაობაზე მივიღეთ, თუმცა ეს პროცესი ზარალის დათვლის და გამოძიების ოფიციალური ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.
„ჩვენც ძალიან გვაინტერესებს რა გახდა ჩვენი ასეთი განადგურების მიზეზი და ამ ბავშვს რა დავუშავეთ. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ მას თანამზრახველი ჰყავდეს, რადგანაც დარაჯმა ერთზე მეტი ადამიანი დაინახა", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
რუსთავის „სტამბოლის ბაზრობის" დირექტორი გოჩა სირაძე, ამ დრომდე ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას გამორიცხავდა. მისი ინფორმაციით, უსაფრთხოების ნორმები ტერიტორიაზე დაცული იყო.
ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის დადგენის მიზნით კომისია შეიქმნება.
მისი თქმით, პირველ რიგში განსაზღვრავენ ზარალს და მოხდება ზიანის იდენტიფიცირება, იმისთვის, რომ კანონიერ სივრცეში მოექცეს და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელდეს დაზარალებულების დახმარება.
ოფიციალური ინფორმაციით, დამწვარია 1000 მ ფართობი,მათ შორის ბაზრობის შენობა. გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.