გრიგოლ ვაშაძის იმდროინდელი იმიჯი გია აბდალაძის ხელწერაზე იყო დამოკიდებული, შეუძლებელია ვაშაძეს არ ახსოვდეს აბდალაძე, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გედენიძე პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. ვაშაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე.
“თავი მოვალედ ჩავთვალე, როგორც არამარტო დაზარალებულმა, არამედ, როგორც დედამ, როგორც ქალმა საზოგადოებას შევახსენო ჩემი ტკივილი და ის ქეისი, რომელიც ჩვენს ოჯახში და ჩვენს გარშემო დატრიალდა. მაქვს დიდი იმედი მედიის და საზოგადოების გამჭრიახობის, რომ ისინი სწორად განსაზღვრავენ იმას, თუ რა გველის, თუ ხელს შევუწყობთ დაბრუნდეს რეჟიმი იმ ფორმით, რა ფორმითაც, როგორც იქნა, ცოტა შორს გავიდა ჩვენგან. მინდა, ყველამ ჩაიხედოს არქივში, გაიხედონ მომავლისკენ და არ დაუბრუნდნენ იმ ავბედით წარსულს.
კარგია, რომ არქივში მასალა აღმოჩნდა, შეუძლებელია არ იცნობდეს და არ ახსოვდეს ადამიანს, მით უმეტეს მინისტრს, მისი თანამშრომელი, მით უმეტეს ის, ვინც მის იმიჯზე მუშაობს. მისი იმდროინდელი იმიჯი გიას ხელწერაზე იყო დამოკიდებული. ვერ ვხედავ ვერანაირ მის დიაგონიზს, საიმისოს, რომ ეს არ ახსოვდეს“, – განაცხადა გედენიძემ.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე.
ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ „ტელეიმედის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ ფოტორეპორტიორების (ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე) დაკავების საქმე გაიხსენა და აღნიშნა: „გრიგოლ ვაშაძემ უფრო კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვა ციხეში, რატომ აწამებინა ჩემი თავი? ხომ დამიჭირე, რატომ გამიშვი ერთ კვირაში, თუ ორ კვირაში“.
ფოტოგრაფები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს.
სწორედ ახალი გამოძიების საფუძველზე, ფოტოგრაფების დაკავების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.
ამასთან, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფოტორეპორტიორები დააკავეს იმიტომ, რომ მათ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადაიღეს.