STRATFOR: „მოსკოვი ეკლესიას უკრაინასა და საქართველოზე გავლენის გასაზრდელად იყენებს“

STRATFOR: „მოსკოვი ეკლესიას უკრაინასა და საქართველოზე გავლენის გასაზრდელად იყენებს“

[ნიკა მეტრეველი]

ქართული საეკლესიო მამების უკრაინულმა ვიზიტმა მედიასივრცეში დიდი ინტერესი გამოიწვია. „ჩვენი უდიდესი პრობლემა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები, აფხაზეთი და ცხინვალია“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ უკრაინის პირველ ნაციონალურ არხს განუცხადა.

უწმინდესმა აღნიშნა, რომ 11 წლის განმავლობაში იყო სოხუმისა და აფხაზეთის მიტროპოლიტი: „ვიცოდი ამ ავტონომიური რესპუბლიკის ყველა კუთხე-კუნჭული. ყოველთვის ვგრძნობდი იმ დიდ სიყვარულს, რომელიც იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის. ჩვენ არ გვქონდა არანაირი უთანხმოება, მაგრამ ალბათ, ვიღაცას ეს არ მოსწონდა და დატრიალდა სეპარატიზმის ტრაგედია.

სეპარატიზმი საშიში დაავადებაა. არ შეიძლება, საკუთარ ქვეყანაში ებრძოდე სეპარატიზმს და სხვა ქვეყანაში მხარს უჭერდე. ეს არასწორია. მაგრამ ჩვენ იმედით ვცხოვრობთ. . . დევნილები, რომლებიც საქართველოს სხვდასხვა კუთხეებში არიან, თავიანთ კერას უნდა დაბრუნდნენ. მე უკრაინაში სიყვარულით და იმედით ჩამოვედი“.

პატრიარქის განცხადებით, საქართველოს კანონიკური ეკლესიდან გამოყოფის სურვილი თავად აფხაზებისთვის საშიშია. ილია მეორე იმედოვნებს, რომ ისინი თავიანთ შეცდომას მიხვდებიან და საქართველოს კანონიკურ ეკლესიას დაუბრუნდებიან:

„ის, ვინც კანონიკურ საზღვრებს არღვევს, ვინც ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს ეკლესიაში, წმინდა მამები ამბობენ, რომ მოწამეობრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება. მოვუწოდებ აფხაზეთის და ცხინვალის სასულიერო პირებს, შევხვდეთ და ვისაუბროთ“.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ პატრიარქი საქართველოში დიდ იმედად და ერთადერთ ნათელ წერტილად მიიჩნევა და ინტერესდება, როგორ ახერხებს უწმინდესი ანუგეშოს გაჭირვებულებიც და ესაუბროს მთავრობასაც.

პატრიარქი ამბობს, რომ მთავრობა ცდილობს გააკეთოს, რაც შესაძლებელია:

„მთავრობა მძიმე მდგომარეობაშია ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სხვა ფინანსურ ურთიერთობებში. ძნელია, როცა მოდის შენთან ადამიანი და გეუბნება, ბავშვებს სკოლაში ვერ ვატარებ, ან მშიერი დამრჩნენ. ადამიანებზე ფიქრი აუცილებელია. ადამიანი, ეს მარადიული ღორებულებაა დედამიწაზე. ჩვენი დიდი მწერალი და წმინდანი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა - მამული, ენა, სარწმუნოება. მე ცოტა გავაფართოვე ეს და ვამბობ – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. თუ ადამიანი დაკარგავს ღვთის რწმენას, თავის სამშობლოს და კეთილ ურთიერთობებს, ეს ცუდად დასრულდება.

ვფიქრობ, რომ ვაკეთებ იმას, რაც უნდა ვაკეთო. არავითარ შემთხვევაში არ მინდა პოლიტიკური დებატებში შევიდე ვინმესთან. უბრალოდ, ყველას მშვიდობას და ღვთის მფარველობას ვუსურვებ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, მნიშვნელობა არ აქვს, ის რომელი რწმენის და ეროვნებისაა. ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვისაც სჭირდება და რადენადაც ეს შესაძლებელია, რადგან ჩვენც ასევე შეზღუდულები ვართ ეკონომიკური კუთხით“.

ილია მეორეს კითხვა ომის შემდგომ პერიოდზეც დაუსვეს. პატრიარქმა ომის შემდგომი გორი და ცხინვალის ეპარქია გაიხსენა:

„მე ჩავედი გორსა და ცხინვალის ეპარქიაში. ძალიან მიჭირს გახსენება იმისა, რაც ვნახე. იყვნენ მოკლული ადამიანები, რომლებსაც დამკრძალავი არავინ ჰყავდათ. გზაზე დავინახეთ ავტომანქანა, რომელშიც იჯდა მძღოლი. როცა დავბრუნდით, ის ისევ იქ იყო. გავაჩერებინე ავტომანქანა, რომ გვენახა, რა უჭირდა. ვნახეთ, რომ მიცვალებული იჯდა საჭესთან. . . ძალიან ძნელია ახლა ამის გახსენება“.

ილია მეორე აღნიშნავს, რომ ცხედარი თბილისში გადმოასვენა და შემდგომ რეგიონში სასულიერო პირები მოავლინა, რათა მათ მიცვალებულთა დაკრძალვა უზრუნველეყოთ.

საუბრის დასასრულს პატრიარქმა უკრაინელ ჟურნალისტს თავისი საგალობლების დისკი აჩუქა. ასევე, ისაუბრა საგალობლის, „დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო“ შექმნის ისტორიაზე. პატრიარქი ამბობს, რომ ასეთ სიტყვებს ადამიანი მაშინ ამბობს, როდესაც ხვდება, რომ უფლის დახმარების გარეშე გზის გაგრძელება და უფალთან მისვლა აღარ შეუძლია:

„სწორედ ამ დროს სთხოვს ადამიანი უფალს, რომ მასთან მივიდეს და გზის გაგრძელებაში დაეხმაროს“.

ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ მისი საგალობლები მოწონებას დაიმსახურებს. უწმინდესმა კიევის და სრულიად უკრაინის პატრიარქ ვლადიმირს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების ლიდერების კიევში გამართულ შეხვედრებს ვრცელ სტატიას უძღვნის STRATFOR–ი. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, „მოსკოვი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინასა და საქართველოზე გავლენის გასაზრდელად იყენებს, ხოლო პატრიარქი კირილი უკვე დიდი ხანია, ჩართულია ტაქტიკაში, რომელსაც მოსკოვი საბჭოთა დროსაც იყენებდა“.

„საქართველოში, უკრაინაში და ბელორუსში მართლმადიდებლობა დომინანტი რელიგიაა. საბჭოთა პერიოდში მოსკოვი რელიგიურ კონტექსტს პროპაგანდისთვის და ჯაშუშობისთვის იყენებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართულმა და სომხურმა ეკლესიებმა ავტოკეფალია მოიპოვეს, ხოლო ბელორუსისა და უკრაინის ეკლესიები მოსკოვის საპატრიარქოსადმი ლოიალურები დარჩნენ.

თუმცა რუსულმა ეკლესიამ მეზობელ ქვეყნებში კავშირებით ვერ ისარგებლა, რადგან რუსეთი თავად იყო რთულ სიტუაციაში. 1997 წელს პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მართლმადიდებლობის, იუდაიზმისა და ისლამის გარდა, ყველა რელიგია აკრძალა. ამ ფაქტმა მართლმადიდებლურ ეკლესიას დე ფაქტო დომინანტური როლი მიანიჭა. 2000 წელს, როცა ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტი გახდა, მას სურდა, ეკლესიას პოლიტიკური როლის შესრულება დაეწყო, რუსეთის მოსახლეობაზე გავლენა მოეხდინა და ამავდროულად მეზობელ ქვეყნებზე ზეგავლენა აღედგინა.

სწორედ ეს გახდა პუტინსა და პატრიარქ ალექსი მეორეს შორის დაძაბულობის მიზეზი. ამ უკანასკნელს სურდა, ეკლესია კრემლის პოლიტიკურ იარაღად ქცეულიყო. ალექსი მეორის გარდაცვალების შემდეგ ახალ პატრიარქად კირილის კურთხევამ პუტინს მიზნის განხორციელება გაუადვილა, რადგან კირილი საბჭოთა პერიოდში კა-გე-ბე-სთან თანამშრომლობდა, ხოლო „ეფ-ეს-ბეს“-თან კავშირებს დღესაც ინარჩუნებს.

კირილმა საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის ეკლესიას სლავებზე და აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლებზე გავლენის გაზრდა სურდა, რეალურად კი მისი მთავარი სამიზნე უკრაინა და საქართველო იყო. უკრაინაში შეხვედრას კირილი სწორედ ამ მიზნის მიღწევისთვის გამოიყენებს და მას ამაში ქართულ და უკრაინულ ეკლესიებში არსებული პრობლემები ეხმარება“, - ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც ავტორი უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებში არსებულ პრობლემებსაც მიმოიხილავს.

 უკრაინის შემთხვევაში მთავარ პრობლემად რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესიის არსებობაა მიჩნეული.

 რაც შეეხება საქართველოს, სტატიაში ვკითხულობთ: „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერის კიევში ყოფნა რამდენიმე ფაქტთან მოდის წინააღმდეგობაში. მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს მოსახლეობის 84%-ს ფარავს, ხოლო დარჩენილ 16%-ს ძირითადად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობა, აჭარაში მცხოვრები მუსლიმები და გრიგორიანელები შეადგენენ.

დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას აღიარებდა, რასაც საერთაშორისო საზოგადოება წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებად აღიქვამდა. პარლამენტის მიერ რელიგიური გაერთიანებების შესახებ მიღებულმა კანონმა მართლმადიდებელი ეკლესიის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, ხოლო ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდა და  გამოაცხადა, რომ მომავალში რელიგიურ თემებზე მისაღები გადაწყვეტილებების შესახებ დისკუსიაში მართლმადიდებელი ეკლესიაც იქნება ჩართული.

თუმცა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა გაფუჭდა და პატრიარქმა გადაწყვიტა, რომ აღარ არის აუცილებელი, ხელისუფლების საშიანაო და საგარეო პოლიტიკას მიჰყვეს. მას რუსეთის ეკლესიასთან ძველი ურთიერთობების აღდგენა ყოველთვის სურდა, ხოლო როცა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები გაფუჭდა, ილია მეორემ ხელისუფლების გამოწვევა გადაწყვიტა და მოსკოვთან კავშირების დამყარებას ცდილობს. სწორედ ამით იყო განპირობებული კიევში კირილთან შეხვედრა. ახლა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა აქვს, კრემლის მიერ დაკისრებული როლი შეასრულოს და საქართველოზე გავლენა გაავრცელოს, ხოლო იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად პოლიტიზირებულია რუსული ეკლესია, ეს ძალიან საშიშია“.

„Stratfor“–ის  აზრით, „პატრიარქ კირილის განცხადებები არაფერს ცვლის და რუსეთი საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის ეკლესიებში თავისი ხალხისა და ფულის გაგზავნას გააგრძელებს“:

„რუსეთის პატრიარქის მხრიდან იმის დეკლარირება, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიებზე ოფიციალურად პასუხისმგებელი არ იქნება, უბრალოდ რევერანსი იყო ილია მეორეს წინაშე და რეალურად არაფერს ცვლის, რამდენადაც რუსეთი ორივე რეგიონის ეკლესიებში თავისი ხალხისა და ფულის გაგზავნას კვლავ გააგრძელებს.

მოსკოვი ორივე რეგიონში საკუთარ გავლენაში საკმაოდ დარწმუნებულია, რათა ამ საკითხში რეალურ დათმობებზე წავიდეს. რუსეთს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების გამყარება სურს, რათა ამ ურთიერთობებმა ქართულ რელიგიურ საზოგადოებაში რუსეთის გავლენის გაძლიერებას შეუწყოს ხელი. ქართული ეკლესია კი შესაძლოა, ხვდება, რა იმალება რუსეთის ამ მეგობრული ჟესტის მიღმა, თუმცა მაინც იღებს რუსეთის ამ „დათმობას“ იმ იმედით, რომ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან რელიგიური საზოგადოების გამოყენებით მოლაპარაკებების დაწყებას შეძლებს“, - ნათქვამია სტატიაში.

მისივე შეფასებით, „ის ფაქტი, რომ რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები ხვდებიან, ძალიან არაერთმნიშვნელოვანია, რადგან ეს ეკლესიები ამ ქვეყნების ხელისუფლებების პოლიტიკური ინსტრუმენტები არიან“.