[კვირის პალიტრა]
"ისინი კი არ არიან მაგრები, ჩვენ ვართ ლობიოები"
"ის ხალხი მრევლი ხომ არ გეგონათ? ვიღაც პარანოიკებისა და საკუთარი წევრების გარდა, "ნაცმოძრაობას" დამცველი აღარავინ ჰყავს"
"საქართველოს სინგაპურიზაციამიმდინარეობს. ხელისუფლება ებრძვის ყოველივე ეროვნულს, ქართულს, სახელმწიფოებრივს. ჰგონიათ, ყველაფერი გატეხეს, დაამსხვრიეს და უნდათ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ - სინგაპურის კარიბჭემდე მიგვაგორონ, მაგრამ ეს ხელისუფლებისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს, რადგან ყოველივე არაბუნებრივი ცუდად მთავრდება", - გვითხრა "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.
- ხელისუფლებას ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხი და ჟურნალისტებზე შეტევა ცუდად მოუბრუნდება.
ეკლესიის იგნორირებამ, შეურაცხყოფამ და ნაადრევმა სიხარულმა, - ეკლესიაც გავტეხეთ და აწი ყველაფერი ჩვენს ჭკუაზე იქნებაო, მრევლი გაააქტიურა და აქამდე პოლიტიკაში თუ ნაკლებად ერეოდა, ძალიან აქტიური გახდება. 26 მაისიც, ეკლესიის თემაც და ჟურნალისტებზე შეტევაც ყველა გადადებული პარტიაა და თუ ზაფხულშივე არ გამწვავდა ვითარება, შემოდგომაზე ეს უთუოდ მოხდება.
- თქვენ გადადებული პარტიები ახსენეთ, რომელიც საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლების გამარჯვებად აღიქვა. განა რაში ჩანს, რომ 26-მა მაისმა ხალხში ბოღმა დააგროვა?
- როდესაც ბოღმას არ გამოხატავ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ენერგია გროვდება და ერთ დღესაც გასკდება. სააკაშვილის მომხრეების რიცხვი მცირდება და იზრდება ოპოზიციურად, პრინციპულად განწყობილი ადამიანების რაოდენობა. ქვეყანა ორად გაიყო - ჩვენ და ისინი. არ მინდოდა ეს მომხდარიყო. კაცობრიობის ისტორიაში დიქტატორებისა და ხალხის დაპირისპირება ყოველთვის ხალხის გამარჯვებით მთავრდება.
- მაგრამ ის ხალხიც ხომ არსებობს, სვეტიცხოვლის ეზოში "მიშა, მიშას" რომ იძახოდა?
- ის ხალხი მრევლი ხომ არ გეგონათ? პარანოიკებისა და საკუთარი წევრების გარდა, "ნაცმოძრაობას" დამცველი აღარავინ ჰყავს. ვიღაც ე.წ. მსახიობები გამოჰყავთ. ბუბა კიკაბიძე ჩემთვის ყოველთვის არასერიოზული კაცი იყო. ოთარ კობერიძეს კი თავი ისევ ბაში-აჩუკი ჰგონია. მოაზროვნე კაცი როგორ დადგება სააკაშვილის გვერდით, რომელიც ქალებს და კაცებს დასდევს და ურტყამს?
- ვის სცემა?
- ჭორი დადის ქალაქში, რომ სააკაშვილმა ბათუმში ნახევარ მთავრობას სცემა. ბარამიძეს ფეხი რატომ აქვს მოტეხილი? ამ ჭორების მერე ხომ ნახეთ, ვერა ქობალია გვერდით რომ დაიყენა? სააკაშვილის ამალის სულიერი სამყარო ჩემთვის გამოცანაა. ყველაზე სასაცილო ის არის, ვითომ რომ ვაჟკაცობენ და ბიჭობენ. ბავშვობაში თავში ჩარტყმულები იყვნენ და ახლა დაიწყეს ძველბიჭობა. სააკაშვილს დიდი მათრახი უნდა გავუგზავნო, ჩემს მიშიკოს რომ გააბრაზებენ, კარგად დაჟვეროს სუყველა. არიან ასე ცემა-ტყეპაში დიდი ქართველი ლიბერალები. ვაი, მართლა მაგათ პატრონს უბედურს! მაგათ დღე ელით... ეტყობა, მაგათი ლიბერალიზმი ამასაც გულისხმობს, კაცს თუ გალახავ, ქალიც უნდა გალახო. ესაა მაგათთვის ქალისა და კაცის თანასწორობა. ეს უკვე მარაზმია და იუმორით უნდა შეხედო. ჩვენ კიდევ არ ვიცით, ეგენი ისეთ რამეებს სჩადიან.
- სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ელით რელიგიურ საკითხზე ვითარების გამწვავებას?
- სინოდმა უკან დაიხია, რათა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება არ გამწვავებულიყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი გაგრძელდება. მიშა ეკლესიასთან დაპირისპირებაზე ხელს არ აიღებს. როდესაც მეზობელი ქვეყნის პატრიარქი საქართველოს პატრიარქს შეურაცხყოფს და საქართველოს პრეზიდენტი მეზობლის მხარეს იჭერს, ხომ გასაგებია ყველაფერი? აღარ უნდა გამოვიდეთ აღშფოთების რეჟიმიდან ქართველები? როდემდე უნდა ვიძახოთ, დედა, ეს რა ხდებაო! არ მოველოდით, რომ ხელისუფლება ეკლესიას დაარტყამდა? საქართველოში სინგაპურის აშენებას ხელს უშლის ქართული ეკლესია და ამიტომაც შეუტიეს. სინგაპურს არც სამოციქულო ეკლესია სჭირდება და არც ეროვნული ფასეულობები. სახელმწიფო ენა ინგლისური გვექნება და ვიცხოვრებთ ასე. ნუ ვინერვიულებთ, რაც დასანგრევი იყო, დაინგრა. საქართველო ახლა ნანგრევებისაგან უნდა გავწმინდოთ და ახალი ქვეყანა ავაშენოთ.
ევროპაში ეროვნული ფასეულობები წამოვიდა წინ. მთელი ცივილიზებული სამყარო ძველს ეძებს. ჩხრეკს, რა და ვინ იყო. ისტორიისა და ფესვების ძიების ბუმია და მხოლოდ საქართველოა შავი ხვრელი, სადაც გვეუბნებიან, რომ ისტორია არ უნდა გვახსოვდეს, რაც ძველია, უნდა გადავაგდოთ, რად გვინდა ეკლესია, ისტორია და მშობლიური ენა, როდესაც ისტორიას 2003 წლიდან ვიწყებთო. ასეთ ხალხს რა უნდა ველაპარაკო? რატომ წერია ინგლისის კანონმდებლობაში, რომ ინგლისის მეფე აუცილებლად პროტესტანტი უნდა იყოს? არ არის ეს აპარტეიდი? ხომ ვიცით, რომ პრინცესა დაიანა ინგლისურმა სპეცსამსახურებმა იმიტომ მოკლეს, სხვა რელიგიისა და ჯიშის შვილს აჩენდა და საკუთარ ქვეყანას პრობლემას უქმნიდა. რატომ არიან ებრაელები გადახრუკულ წმინდა მიწას კბილებით ჩაფრენილი? ჩვენ კი ლიბერალები ვართ და ყველას ვეპატიჟებით, მობრძანდი, მიმირთვი, შემჭამეო. არასოდეს ექნება აქ ქართულ და სომხურ ეკლესიას ერთნაირი სტატუსი.
- ფოტორეპორტიორებზე შეტევის საფუძველი რა გახდა?
- ეკლესიის ამბები გადაფარეს. რა ჯაშუშები ისინი არიან? აქედან ძალიან ცუდ მოსავალს მოიმკის სააკაშვილი. წინ დიდი დაპირისპირება გველის, მაგრამ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, დელფოს ორაკული კი არა ვარ.
- გავიგე, რომ ბადრი ბიწაძის საქმეზე მოწმედ გიბარებენ.
- პირველად მესმის. მივალ და ვეტყვი, რაც იყო. ჩვენ ნათელმირონები ვართ, ნინო ჩემი ნუციკოს ნათლიაა. თუ მეც რამეს დამაბრალებენ, ჩემთვის ცხონება იქნება, წონაში დავიკლებ. ციხეში ვივარჯიშებ, თან წიგნი მაქვს დასამთავრებელი - "ისლამამდელი ირანის ისტორია". დავჯდები ციხეში, არავინ შემაწუხებს, ვენაცვალე ჩემს ვანოს, შემიწყობს ხელს.
- ირონიით კი ლაპარაკობთ, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ოპოზიციის ყველა წინააღმდეგობა გაანეიტრალა.
- იმიტომ, რომ ოპოზიცია შეთანხმებული არ იყო ბევრ რამეზე. გამოვალთ და მიშა ორ კვირაში გაიქცევაო, არ იყო სწორი არგუმენტი. ისინი კი არ არიან მაგრები, ჩვენ ვართ ლობიოები. იმას, რაც ქვეყანაში ხდება, ფინიში ერთი აქვს - კა-ტას-ტრო-ფა! ქუჩაში "ნაცების" დევნა დაიწყება და ხელს ვერ შევუშლი, რადგან შეიძლება მეც მათ მიმაკლან.
"ექვსიანი" სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბების პროცესშია. საშემოდგომოდ ვგეგმავთ გააქტიურებას. თუ ერთმანეთის ლანძღვას გავაგრძელებთ, მიშა დააქცევს და ამოაგდებს ქვეყანას.ოპოზიციისა და საზოგადოების აზრი გაყოფილია - ზოგს რევოლუცია უნდა, ზოგს არჩევნები. 2012 წელს არის ერთი ასეთი კონკრეტული თარიღი. რატომ არ შეიძლება ამ ორივე მიმართულების კონცენტრირება ამ თარიღზე მოხდეს. აი, ეს იქნება სწორი.