"მოღალატეები", "მოძალადეები", "პრორუსები", "სისხლიანი რეჟიმი"... - ხმაურიანი დაპირისპირება პარლამენტში

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პარლამენტში პირველივე პლენარული სხდომა ძალიან დაძაბული აღმოჩდა და მწვავე, შეურაცხმყოფელი განცხადებებითა და ერთმანეთისადმი "მოღალატეებისა" და "მოძალადეების" ძახილით დაიწყო. "ქართულმა ოცნებამ" და "პატრიოტთა ალიანსმა" ერთიანი ძალით შეუტიეს "ნაცმოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს".

განცხადებების მთავარი თემა არჩევნების პირველი ტურის შედეგები იყო. დაპირისპირება გამოიწვია ოპოზიციის განცხადებებმა, რომ "ოცნების" კანდიდატი მოღალატე და რუსული ინტერესების გამტარებელია, მმართველი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნების გზით პრეზიდენტის ინსტიტუტის ოპოზიციისთვის გადასაცემად, ხელისუფლებამ ეს არჩევნები წააგო და რომ ახლა მმართველი პარტია ცდილობს, სამოქალაქო დაპირისპირების მუქარით დააშანტაჟოს ამომრჩეველი.

საპასუხოდ კი "ოცნებამ" თავად "ნაციონალები" დაადანაშაულა ღალატშიც, პრორუსობაშიც, ძალადობაშიც, არეულობაზე მინიშნებაშიც და საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა მეორე ტურში მობილიზება, რომ არ დაუშვან "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ხელახალი დაბრუნება.

შეურაცხმყოფელი განცხადებები არა მარტო ტრიბუნიდან ისმოდა, არამედ დარბაზიდანაც, საიდანაც მიკროფონების გარეშე ყვიროდნენ დეპუტატები. "2008 წლის ომი", პრორუსი", "მოღალატე", "ავტორიტარი" "მოძალადე" - ეს სიტყვები ისმოდა ორივე დაპირისპირებული მხრიდან.

უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევა რუსულ ინტერესებში შედის და ამას არ დაუშვებენ. მან "ოცნების" ამომრჩეველს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ "მტერი არ გააცინოს".

"ჩვენ არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, "მატრიოშკას" გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით ზის სააკაშვილი, იმის შიგნით ზის მერაბიშვილი და სხვა "მატრიოშკებში" სხედან სხვადასხვა დამნაშავეები, სხვადასხვა კალიბრის", - თქვა ქანთარიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო ბატალიები გლადიატორების ბრძოლას დაემსგავსა და ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს არეულობაზე ქადაგებას, როდესაც ამას თავად გვპირდება.

"ადამიანები პირდაპირ გვპირდებიან, არც მეტი, არც ნაკლები, სამოქალაქო დაპირისპირებას, ყველაფრის დანგრევას და ამ ნანგრევებზე იმ ხელისუფლების აშენებას, რომელიც თვითონ აწყობთ და გვეუბნებიან, რომ ამას უმრავლესობის წევრები ქადაგებენო", - განაცხადა ვოლსკიმ.

"ევროპული საქართველოდან" სერგი კაპანაძემ თქვა, რომ "ოცნება" ავტორიტარულ ძალად ჩამოყალიბდა და ამიტომ წააგო არჩევნებში. ხოლო სერგო რატიანმა "ოცნებას" უწინასწარმეტყველა, რომ როგორც აგდებული ქვა არ ასცდება მიწას, ისე "ოცნებას" არ ასცდება დამარცხება.

გიგა ბოკერიამ კი უმრავლესობას მიმართა, რომ გაემიჯნონ გედევან ფოფხაძის განცხადებას სამოქალო ომის საფრთხეზე.

"თქვენ აპირებთ სამოქალაქო ომის დაწყებას, თუ ხალხი უარს გეტყვით, ამას ნიშნავდა გედევან ფოფხაძის განცხადება და თქვენი დუმილი არის ამ განცხადებაზე შეერთება...

"დღეს წინა ხელისუფლების შეფასების არჩევნები კი არ მიმდინარეობს, 2012 წელი კი აღარ არის, დღეს არის თქვენი მოღვაწეობის შეფასების არჩევნები და იმიტომ წააგეთ.

"თქვენ წამოაყენეთ კანდიდატი, რომელიც დღეს, ეთნიკური წმენდის და ოკუპაციის შემდეგ, კვლავ ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა დაიწყოო ომი. დაავიწყდა, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო", - განაცხადა ბოკერიამ.

"ნაცმოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ "ოცნებას" მოუწოდა, რომ მშვიდად შეეგუონ დამარცხებას და მოემზადონ ოპოზიციაში გადასასვლელად, რადგან 6 წლის განმავლობაში "ოცნებამ" შექნა უსამართლო, ძალადობრივი, სისხლიანი, სიღარიბის მომტანი რეჟიმი.

დავით მათიკაშვილმა ოპოზიციას უთხრა, რომ "ოცნების" მხარდამჭერები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე "ნაცმოძრაობის" და "მეორე ტურს დაასრულებს ისე, როგორც ეკადრება საქართველოს, ევროპას და არა ისე, როგორც ეკადრება რუსეთს და იმ პიარჯგუფს, რომელიც გრიგოლ ვაშაძეს დასდევს, რომლებიც კრემლიდან წამოსული ჯგუფები არიან".

"აღარ გაგივათ მოდელირებული "ქრონიკა" და მოდელირებული "კალანდობა". ეს ნაბიჯი არის თქვენი ბოლო მცდელობა, რომ მოატყუოთ საზოგადოება. ქართველი ხალხი აღარასდროს მოტყუვდება", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

"ოცნებას" მხარდაჭერა "პატრიოტთა ალიანსმაც" გამოუცხადა. ემზარ კვიციანმა თქვა, რომ "ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ სააკაშვილის ხელით, რისი დამალვაც უნდათ "ნაციონალებს", მაგრამ არ გამოუვათ" და უმრავლესობას მოუწოდა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა არ გაიზარდოს ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი.

ამ მწვავე დებატებში "ოცნების" რიგებში ყველაზე დიდი აღშფოთება და გაღიზიანება გამოიწვია "ნაცმოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილის გამოსვლამ, როდესაც მან სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ მოიხსენია.

სამადაშვილმა ჯერ განაცხადა, რომ "ოცნება" უნდა მოემზადოს პრეზიდენტის ინსტიტუტის ოპოზიციისთვის გადასაცემად, რადგან ეს ნება ხალხმა 28 ოქტომბერს უკვე აჩვენა. შემდეგ კი მან მმართველ პარტიას გამაფრთხილებელი განცხადებითაც მიმართა, რომ "ხელი არ წაუცდეთ" და მეორე ტურში სუს-ის რესურსები არ გამოიყენონ, რადგან "ეს პოლიტიკური კრახით დასრულდება", მათ შორის დასრულდება "ოცნების" პოლიტიკური პატრონისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებით.

მისი თქმით, უმრავლესობას არ უნდა გაუკვირდეს, რომ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს ეძახის და მათ ურჩია ზურაბიშვილის წიგნისა და წერილების წაკითხვა. "მოღალატეებად" შეფასებას მოჰყვა დარბაზში დიდი ხმაური. "მოღალატეები ხართ თქვენ", - მიმართა კარლო კოპალიანმა სამადაშვილს.

ამ დებატებისას იყო განცხადებები ახალქალაქში არსებულ დაპირისპირებაზეც, სადაც "ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა მხარდამჭერებთან ერთად გრიგოლ ვაშაძის შტაბის 3 წევრი სასტიკად სცემა.

არჩილ თალაკვაძემ ახალქალაქში დაპირისპირების პროვოცირებაში "ნაცმოძრაობას" დასდო ბრალი. როგორც დეპუტატმა თქვა, ვაშაძის მხარდამჭერებმა დემონსტრაციულად ჩამოხიეს ზურაბიშვილის პლაკატები და, სავარაუდოდ, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს მის მხარდამჭერებს, რამაც გამოიწვია ძალადობა.

გარდა ამისა, თალაკვაძემ "ნაცმოძრაობას" შეახსენა გრიგოლ ვაშაძის მიერ 2008 წლის ომიდან ერთ თვეში მოსკოვში გაგზავნილი წერილი.

"მინდა, შეგახსენოთ კრემლში გაგზავნილი წერილი, სადაც ომიდან ერთ თვეში კონცერტის ჩატარებას ითხოვდით. რა ღალატზე და სამშობლოზე ლაპარაკობთ საერთოდ?! ან 9 წელზე საუბარი გაგიკვირდათ, როდესაც ხელისუფლებაში მოხვედით, წინა ხელისუფების შურისძიებაზე გქონდათ აწყობილი მთელი კომუნიკაცია," - განაცხადა თალაკვაძემ.

მან "ოცნების" მხარდამჭერებს მეორე ტურში მისვლისკენ და ვაშაძის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდა. "ოცნების" დეპუტატების განცხადებები, "ნაცმოძრაობის" ლანძღვის გარდა, სწორედ საკუთარი ამომრჩევლების მისამართით სრული მობილიზაციისკენ მოწოდებას შეეხებოდა.