„ხელები არ ჩამოუშვათ, თუ შედეგი დაუყოვნებლივ არ დადგება, საქართველოსთვის ისტორიული ფანჯარა აუცილებლად გამოჩნდება“

„ხელები არ ჩამოუშვათ, თუ შედეგი დაუყოვნებლივ არ დადგება, საქართველოსთვის ისტორიული ფანჯარა აუცილებლად გამოჩნდება“

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ექსკლუზიური ინტერვიუ „რეზონანსს“
 „არასოდეს არ გაწბილდეთ და ხელები არ ჩამოუშვათ, თუ შედეგი დაუყოვნებლივ არ დადგება, დაელოდეთ შესაძლებლობის ისტორიულ ფანჯარას, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება და ზუსტად ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველო მზად უნდა იყოს.

„უპირველეს ყოვლისა შეეცადეთ, რომ სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ თავად ინტეგრაციის პროცესისგან, ანუ რეფორმებისგან და იმ მატერიალურ-ტექნიკური დახმარებისგან, რასაც თქვენი პარტნიორებისგან იღებთ," - განაცხადა „რეზონანსთან" ინტერვიუში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სვენ მიკსერმა, ვისაც ტალინში მის ოფისში შევხვდი და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის თემაზე და ევროპის წინაშე არსებულ პრობლემებზე ვესაუბრე.

„რეზონანსი": მიმდინარე წელს ესტონეთი დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ზეიმობს. დღეს თქვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და თავისუფალია, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა კი მდგრადი განვითარების საფუძველს ქმნის. ეს ყოველივე გარანტირებულია ნატოსა და ევროკავშირის წევრობით. როგორ ფიქრობთ, მიაღწია თუ არა ესტონეთმა თავის უმთავრეს მიზნებს, რაზეც ალბათ ესტონელი ხალხის თაობები ოცნებობდა, თუ თქვენი ქვეყნის წინაშე ახლა ახალი ამოცანები დგას?

სვენ მიკსერი: ესტონეთმა სადღეისოდ თავის ძირითად მიზნებს მიაღწია, ჩვენ კარგად გამოვიყენეთ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ხშირად არ ჩნდება ისტორიაში, მითუმეტეს ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნებისათვის და 100 წლის შემდეგ ნატოსა და ევროკავშირის წევრობა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ესტონეთი გააგრძელებს თავის განვითარებას მომავალი 100-200 წლის განმავლობაშიც.

მეორეს მხრივ უნდა გვესმოდეს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჯერ მხოლოდ 27 წელია გასული და ჩვენ კიდევ ბევრი რამის გაკეთება გვმართებს. ახლა გვსურს, რომ ჩვენი ხმა უფრო მტკიცედ ისმოდეს საერთაშორისო არენაზე, რაშიც ძალიან დაგვეხმარება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრობა 2020-2021 წლებში.

„რ": 90-იანი წლების დასაწყისში ბალტიის ქვეყნები და საქართველო თავისუფლებისთვის ერთად იბრძოდნენ და ამ ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ. მას შემდეგ ესტონეთი, ლიტვა და ლატვია ევროკავშირისა და ნატოს წევრები გახდნენ და თავისი მომავალი განვითარება უზრუნველჰყვეს, საქართველო კი ჯერ კიდევ ინტეგრაციის გზის დასაწყისში იმყოფება. რამ განაპირობა ამხელა განსხვავება ჩვენს შორის?

ს.მ: ამის განმსაზღვრელი ბევრი ფაქტორია: გეოგრაფიული თავისებურება, ნაციონალური კონსენსუსი სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, საშინაო დავალებების შესრულების ხარისხი და ოპერატიულობა, მოუგვარებელი პრობლემები და რაღა თქმა უნდა შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა, რომელიც ყოველთვის არ იხსნება, მაგრამ როდესაც ასეთი შესაძლებლობა ჩნდება, ის ეფექტურად უნდა გამოიყენო.

დღეს გაფართოების თემა, განსაკუთრებით ევროკავშირში, არ არის პოპულარული, რადგანაც არსებობს უამრავი შიდა პრობლემა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ხშირად ჭირს კონსოლიდაცია.

შესაბამისად, არსებობენ სკეპტიკოსი ქვეყნები ამ პროცესთან მიმართებაში, მაგრამ არსებობენ ისეთები, როგორიც მაგალითად ესტონეთია, რომელიც თვლის, რომ გაფართოების პოლიტიკის გაგრძელება და საერთო ღირებულებების გავრცელება მხოლოდ დადებითად აისახება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე.

„რ": როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რუსეთის ფაქტორი ის, რაც კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში აფერხებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას?

ს.მ: საერთოდ, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფაქტორი რაღა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მთელს საერთაშორისო პოლიტიკაში და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში.

რუსეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ საბჭოთა იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე, არამედ კრემლი შეეცადა ჩარეულიყო კატალუნიის, მაკედონიის, ჩერნიგორიის საკითხებში, გვახსოვს სკრიპალების თემაც, ამიტომაც, ეს გლობალური საკითხია.

მაგრამ, მე მჯერა მტკიცედ, რომ (თუ თქვენ კონკრეტულად ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე მეკითხებით) საბოლოო ჯამში ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნები კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ კანდიდატი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით და ამ გადაწყვეტილებას მესამე მხარე წინ ვერ აღუდგება. ასე იქნება საქართველოსთან მიმართებაშიც.

„რ": რამდენად აქტიურია რუსული პროპაგანდა ესტონეთში და ახდენს თუ არა ის რეალურ გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?

ს.მ: ტყუილს ტყულით არასოდეს არ უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენი იარაღი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში არის მეტი განათლება, მეტი ფინანსები, მაღალი ხარისხის მედია და მეტი ადამიანური რესურსები.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი პოზიციები გაცოლებით უფრო მტკიცეა, რადგანაც ჩვენ სიკეთის და სიმართლის მხარეს ვდგევართ და ერთად ჩვენ ამ პრობლემას აუცილებლად გავუმკლავდებით.

„რ": რა საფრთხეს ქმნის ბრექსიტი ევროკავშირის ერთანობისთვის. შესაძლებელია, რომ ბრიტანეთის მაგალითს სხვა ქვეყნებმაც მიმართონ?

ს.მ: ბრიტანეთის გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირში იყო გარკვეული შიში, რომ შესაძლოა ეს პროცესი გადამდები ყოფილიყო და სხვა წევრებსაც მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება. თუმცა, გადაწყვეტილებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ ჩვენ საპირისპირო პროცესებს უფრო ვსედავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გარკვეულ სახელმწიფოებში გააქტიურებულნი არიან სხვადასხვა პოპულისტური ჯგუფები, ყველას მაინც კარგად ესმის, რომ ევროპა ეს არის სახლი, სადაც ცხოვრება თითოეული მისი წევრისთვის სარგებლის მომტანია. ამიტომაც, ამ სახლში, საერთო ოჯახში ცხოვრება უკეთესია, ვიდრე მის გარეთ.

„რ": კიდევ ერთხელ გთხოვთ დავუბრუნდეთ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის თემას, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. რა შეუძლია გააკეთოს საქართველომ, რომ ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს?

ს.მ: უპირველეს ყოვლისა შეეცადეთ, რომ სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ თავად ინტეგრაციის პროცესისგან, ანუ რეფორმებისგან და იმ მატერიალურ-ტექნიკური დახმარებისგან, რასაც თქვენი პარტნიორებისგან იღებთ.

არასოდეს არ გაწბილდეთ და ხელები არ ჩამოუშვათ, თუ შედეგი დაუყოვნებლივ არ დადგება, დაელოდეთ შესაძლებლობის ისტორიულ ფანჯარას, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება და ზუსტად ამ ისტორიული მომენტისთვის საქართველო მზად უნდა იყოს.

რაღა თქმა უნდა, არიან ქვეყნები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი საქართველოს წევრობის მიმართ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ თქვენ უფრო მეტი მეგობარი გყავთ, მათ შორის გავლენიანნი, რომლებიც არასოდეს მიგატოვებენ და დაეხმარებიან ქვეყანას საბოლოო მიზნის მიღწევაში.