როდის ჩაიფიქრა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ომი

როდის ჩაიფიქრა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ომი

მიუხედავად რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების ხისტი დამოკიდებულებისა საქართველოსა და მისი ხელისუფლებისადმი, რუსეთის მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც ლიბერალური პოლიტიკური ძალები ჩვენი ქვეყნისადმი აშკარა სიმპათიით გამოირჩევიან. ისინი არც რუსული სახელმწიფოს აგრესიულობას აყენებენ ეჭვქვეშ და არც იმპერიულ ამბიციებს. რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გარი კასპაროვი გვესაუბრება.

გარი კიმოვიჩრა შთაბეჭდილებას ტოვებს ქართული დემოკრატია გარედან?

– გარე შთაბეჭდილებას ყოველთვის სიფრთხილით უნდა მიუდგე, რადგან ინფორმაციის იმ ნაკადში, რომელიც ხელმისაწვდომია, რთულია, გაარკვიო, სად არის სიმართლე, ნახევარსიმართლე თუ ტყუილი. ასე რომ, ძირითადად, ვხელმძღვანელობ საკუთარი თვალით ნანახით და სულ ახლახან ამის შესაძლებლობა მქონდა. გასაგებია, რომ ორი წლის წინანდელ მოვლენებსა და მთელ იმ კონფლიქტს, რომელიც პუტინის მმართველობისას დაიწყო და განვითარდა რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთში ლიბერალურად განწყობილი ადამიანებიც კი არაერთგვაროვნად აფასებენ. ძალიან რთულია, შეაფასო საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხი, როდესაც იმყოფები საქართველოს საზღვრებს გარეთ, მაგრამ ეს უზარმაზარი დემონსტრაციები, განხეთქილება ქართულ ელიტაში, ინტელიგენციის აშკარა უკმაყოფილება ქმნის გარკვეულ ნეგატიურ ფონს. ამას გარდა, ალბათ, უნდა გვესმოდეს, რომ არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირში, მთელ მსოფლიოში იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ტერიტორიული პრობლემები, სადაც იყო ომები ტერიტორიებისთვის, დემოკრატიის მხრივ საქმე, როგორც წესი, ცუდად აქვთ. თუმცა, ამ თვალსაზრისით, საქართველო განსხვავდება აზერბაიჯანისა და სომხეთისგან. აზერბაიჯანში მემკვიდრეობითი სანავთობო მმართველობაა, სომხეთში კი ხელისუფლება ეყრდნობა არმიას, რომელიც გამოიწრთო ყარაბაღის ომში. ჩემი შთაბეჭდილებით, მეგობრების მონაყოლით, რომლებიც ხშირად ჩადიან საქართველოში, საქართველო უფრო მომგებიანად გამოიყურება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად პოსტსაბჭოთა სამყაროში.

ეს შეკითხვა იმიტომ დავსვირომ ჰილარი ქლინთონმა დაგვაიმედაგარედან ქართული დემოკრატია თვალისმომჭრელიაო?

– ყოველთვის არის პრობლემა თვით ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებაშიც კი, ამიტომ სიტუაცია კომპლექსურად უნდა შეაფასო. ჩემი ხედვით, საქართველო ყველაზე შორს წავიდა საბჭოთა მემკვიდრეობის ლიკვიდაციის საქმეში. მას მხოლოდ ესტონეთს თუ შეადარებ: საბჭოთა კავშირი, თავისი ოდიოზური გამოვლენებით არ იგრძნობა მხოლოდ საქართველოსა და ესტონეთში. თვით ლიტვა-ლატვიაშიც კი რაღაც ნალექია დარჩენილი, აღარაფერს ვამბობ სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებზე. ერთი ისაა, რომ, როგორც ყოველთვის, თქვენთანაც ნაბან წყალს ბავშვს აყოლებენ. შევამჩნიე, რომ თქვენთან რუსული ენა ქრება, ამის გაგება შეიძლება, რადგან დაკავშირებულია ურთიერთობის გაფუჭებასთან, ომთან და ამის გამო ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მაინც რუსეთს ეკისრება, რომელიც საკმაოდ აგრესიულ პოლიტიკას ატარებს არა მხოლოდ საქართველოს, მთლიანად ყოფილი საბჭოთა სივრცის მიმართ. კავშირების დამსხვრევა, უპირველესად, უმსხვილესი უდიდესი გეოპოლიტიკური პრობლემაა. პუტინი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლაა უბედურება, მაგრამ უბედურება კავშირების ნგრევაა. იმპერიები იშლება, მაგრამ უნდა დარჩეს კულტურული კავშირები. თუნდაც, ბრიტანეთის იმპერიის დანგრევას არ გამოუწვევია კავშირების გაწყვეტა. სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლების აგრესიული და არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკა, ხანდახან ბოროტულიც, ხელს კრავს ურთიერთობებს.

რუსულ-ქართული კონფლიქტი ლოგიკურია რუსეთის იმპერიალისტური მიზნების გათვალისწინებთთუ რამ გამოიწვიარომრუსეთის დამსახურებითსაქართველოს ტერიტორიაზესაბედნიეროდჯერჯერობით მხოლოდ რუსეთისთვისუკვე სამი სახელმწიფოა?

– ჩემი აზრით, არ ღირს იმპერიალისტურ პოლიტიკაში ამ კონფლიქტის იდეოლოგიური შემადგენლის გაზვიადება. რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა, მიუხედავად იმისა რომ აგრესიულია, იმავდროულად, არის პრაგმატული. პუტინისა და მისი გარემოცვისთვის რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც უნდა განვითარდეს, ის უბრალოდ პირადი გამდიდრების ინსტრუმენტია: მთავარია „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ ინტერესები, რაზეც უნდა იმუშაოს მთელმა სახელმწიფო მანქანამ. საერთოდ, რუსეთში სახელმწიფო, როგორც ასეთი, არც არსებობს, რადგან ის პრივატიზებული აქვთ ფეოდალურ კლანებს. ანუ რუსეთი არის ფეოდალური იმპერიის აგრესიული ნარჩენი, სადაც კლანები მიისწრაფიან მაქსიმალური გავლენის მოსაპოვებლად. პუტინი, როგორც მთავარი ოლიგარქი, რა თქმა უნდა, თავისი კლანის ინტერესებს აყენებს ნებისმიერ სახელმწიფო ინტერესზე მაღლა.

და მხოლოდ გაზი და ნავთობია ამის მოტივი?

– ის მხოლოდ კონკრეტული ჩინოვნიკების გამდიდრებისთვის მუშაობს. პუტინი არ მუშაობს რაღაც სახელმწიფოებრივი ინტერესისთვის. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს რუსეთის ხელისუფლება, აქვს კონკრეტული შედეგი: ყოველთვის დაინახავთ პუტინის ჯგუფის ინტერესებს და მიხვდებით, რომ მმართველი ოლიგარქის ეკონომიკური ინტერესი დგას ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების უკან. ამ მხრივ, საქართველოსთან ომი გადაწყვეტილი იყო 2007 წელს, მას შემდეგ, რაც პუტინმა მიიღო სოჭის ოლიმპიადა. იმ მომენტში, როდესაც ოლიმპიურმა კომიტეტმა ყოველგვარი საღი აზრის, კლიმატის, ლანდშაფტის, ეკონომიკის გაუთვალისწინებლად მიიღო გადაწყვეტილება, ჩაეტარებინა სოჭის ოლიმპიადა, პუტინი უკვე მზად იყო აფხაზეთის ანექსიისთვის. რა თქმა უნდა, უპირველესად, მიზანი იყო აფხაზეთი, „ოსეტია“ უბრალოდ საბაბად გამოიყენეს. საქმე ის არის, რომ სოჭი კონფლიქტის სახიფათო ზონიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და პუტინს ძაბავდა ის, რომ ოლიმპიური სოფელი უნდა აშენებულიყო საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. ამას გარდა, სოჭში სამშენებლო მასალების ჩრდილოეთიდან ჩატანა შეუძლებელი იყო და სწორედ აფხაზეთი უნდა ქცეულიყო სამშენებლო ბაზად. ასე რომ, როდესაც სოჭი გამოცხადდა ოლიმპიურ ქალაქად, ომი გარდაუვალი იყო. თუმცა უნდა გვესმოდეს, პუტინს რომ შეძლებოდა მთელი საქართველოს დაპყრობა და სააკაშვილის ჩამოგდება, ის ამაზე უარს არ იტყოდა, მაგრამ ეს არ იყო პუტინის მთავარი მიზანი, ამიტომაც გაჩერდა. თუ გამოუვიდოდა, გააკეთებდა, მაგრამ ამის გამო, მას შემდეგ, რაც მიიღო, რაც უნდოდა, დასავლეთს აღარ დაუპირისპირდა.

მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებით ხსნით იმასრომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე მეტად სწორედ საქართველო დაზარალდაშესაძლოაეს ჩემს ქვეყანას ეხება და მე სუბიექტური ვარ.

– რა თქმა უნდა, თქვენ ქართველი ხართ და უფრო მტკივნეულად აღიქვამთ მომხდარს. სინამდვილეში ამოქმედდა სტალინის მიერ დანაღმული რუკა. სტალინმა კავკასიაში ისე გაავლო საზღვრები, რომ გარანტირებული ყოფილიყო სისხლისღვრა, თუ საბჭოთა კავშირის დაშლის საკითხი დადგებოდა. შეხედეთ საზღვრებს ჩრდილოეთ კავკასიაში, გაიხსენეთ მასობრივი გადასახლებები?! ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ყოველთვის ყოფილიყო კონფლიქტის წარმოქმნის შესაძლებლობა. ამდენად, საქართველო, რომელიც იმყოფება ამ ავტონომიების მოთუხთუხე ქვაბში, ნებისმიერ შემთხვევაში იყო განწირული კონფლიქტებისთვის.

როგორ აფასებთ საქართველოს შესაძლებლობასსაბოლოოდ გაარღვიოს რუსული გავლენის სივრცე?

– ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, არ არის არც ერთ სხვა მოკავშირე რესპუბლიკაში.

რუსეთისგან მენტალურ გამოყოფას გულისხმობთ?

– დიახ, დიახ. ხდება მენტალური გამოყოფა, აღარ არის რუსული წარწერები, ახალგაზრდა თაობამ არ იცის რუსული და ასე შემდეგ. ჩემთვის, როგორც საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანისთვის, რომლისთვისაც თბილისი, ფაქტობრივად, მშობლიური ქალაქია: თქვენთან გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 1976 წელს, ეს მძიმეა, მაგრამ მესმის, რომ ეს სწორი პოლიტიკური კურსია საქართველოს მხრიდან და კარგ ბაზას შექმნის სამომავლოდ, რადგან ამ ორი თითქოს დამოუკიდებელი რესპუბლიკისთვის ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ. იქ უბრალოდ ქრება მილიარდები, თორემ ამ ტერიტორიებს არასდროს აღიარებს ცივილიზებული მსოფლიო და რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდება, ადრე თუ გვიან, ამას შეეგუოს. ამდენად, რაც ძლიერი და მტკიცე იქნება ქართველი საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლება, მით უფრო ახლოს მივა ამ პრობლემის გადაჭრასთან.

ჩვენ ვლაპარაკობთ რუსეთისგან მენტალური გამოყოფის მართებულობაზემაგრამიმავდროულადსწორედ ეს იწვევს გაუცხოებას აფხაზებთან და ოსებთანრუსული ენა მათთან საკომუნიკაციო ენაცააანუ ისინი ჩვენ შეიძლებაგამოგვეყონ მენტალურად?

– ეს არის სწორედ დიდი კითხვის ნიშანი: თქვენ წყვეტთ ერთ პრობლემას და ამით საფრთხეს უქმნით მეორეს. რომელია პირველადი? ამ კითხვაზე პასუხი არ არის. არავის შეუძლია იმის თქმა, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა; რამდენ ხანს გაგრძელდება პუტინის რეჟიმი?! თუმცა, ვფიქრობ, რომ მისი კრახი გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ეს ჰგონიათ. ჩემი აზრით, სოჭის ოლიმპიადის კრახი გახდება პუტინის რეჟიმის კრახი, რადგან მე არ მჯერა, რომ რუსეთი შეძლებს ამ ოლიმპიადის ჩატარებას. ჩემი აზრით, რუსეთში სახელმწიფო სისტემის კოლაფსი გარდაუვალია და მნიშვნელოვანია, რომ ამ დროისთვის, საქართველოში იყოს მყარი მენტალური ბაზა, ქართველი საზოგადოება და ქართული დემოკრატია იყოს მტკიცე, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიძებნება აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ პრობლემის გადაწყვეტის საშუალება.

რამდენად ადეკვატურია დასავლეთი რუსეთისპუტინის ამბიციების შეფასებისას?

– დასავლეთი ცინიკურია. არ მგონია, რომ ისინი არაადეკვატურები იყვნენ და არ ესმოდეთ, რა ხდება. მათი ნაწილი აშკარად იყიდება, ზოგიერთი, მაგალითად, ბერლუსკონის მსგავსად, მომგებიან ხელშეკრულებებს აფორმებს რუსეთთან და ბიზნესს აკეთებს, ამერიკელებს სხვა პრობლემები აქვთ. ისინი ცდილობენ, თუ აუცილებლობა არ არის, არ გაამწვავონ ურთიერთობა, რადგან რუსეთთან მიმართებაში ყველაფერი გასაგებია.

გასაგებიარომ კრახი გარდაუვალია?

– ყველაფერი გასაგებია და თვითდინებაზეა მიშვებული: რუსეთი, როგორც სახელმწიფო, სუსტდება და ძველებურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. მთელი რუსული ელიტა დასავლურ ბანკებში ინახავს ფულს და ამიტომაც, ამერიკელების აზრით, არ არის საჭირო სკანდალების მოწყობა. თუმცა მე სასიამოვნოდ გამაკვირვა ჰილარი ქლინთონის გამოსვლამ, რადგან მან მისთვის უჩვეულო მკვეთრი ფორმით ილაპარაკა ოკუპაციაზე და ისეთი რაღაცეები თქვა, რის მოსმენასაც ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გადავეჩვიეთ.

ქართველი პოლიტოლოგების ნაწილის აზრითსაქართველო ასრულებს ტატამის როლსსადაც ამერიკა და რუსეთი თავიანთ ძალებს სინჯავენთქვენი აზრითდასავლეთსითვის საქართველომართლაცსაექსპერიმენტო ბოცვერია რუსეთის გასაღიზიანებლად და შემდეგ რეაქციაზე დასაკვირვებლად თუ დასავლეთი რეალურადაა დაინტერესებული საქართველოს გადემოკრატიულებით?

– დასავლეთში არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს აღიქვამენ, როგორც რუსეთის გაღიზიანების საშუალებას, მაგრამ ისინი აშკარა უმცირესობაში არიან. დასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტურქტურების უმეტესობა, ცინიზმის მიუხედავად, იძულებულია, რეაქცია ჰქონდეს საზოგადოებრივ აზრზე და ნათელია, რომ საქართველო არის რუსული აგრესიის მსხვერპლი. რაც უნდა თქვას სხვადასხვა კომისიამ და, როგორც უნდა ეცადოს რუსული პროპაგანდა, მაინც ყველას ესმის, რომ რუსეთის მოქმედება რეგიონში არაადეკვატური და არაკონსტრუქციულია. ვფიქრობ, დასავლელი პოლიტიკოსები თავიანთ თავს ვერ მისცემენ უფლებას, იგნორირება გაუკეთონ იმ საფრთხეს, რომელიც საქართველოს ემუქრება. ამიტომაც მათი უმეტესობისთვის ეს ტესტია, თუ ჩავარდებიან, დაკარგავენ ავტორიტეტს თავიანთ საზოგადოებებში. არადა აშკარაა, რომ ეს საზოგადოებრივი აზრი მათ არ მისცემს საშუალებას, ბოლომდე მისცენ პუტინს საქართველო გასაგლეჯად, თუმცა არ მაქვს შეგრძნება, რომ პუტინს ეს უნდა.

მესმისრომ თქვენ არ ხართ ამ კითხვის პირდაპირი ადრესატიმაგრამ რა უნდა ამ პუტინსრა მესიჯებს უშვებს დროდადროჩვენ გვეთამაშება თუ ვინმე სხვას?

– პუტინი წყვეტს საკუთარ პრობლემებს, მისთვის სულერთია: რა სააკაშვილი, რა ლუკაშენკო. ორივე მაღალია და მას ეს არ სიამოვნებს.

დამასწარითპუტინისგან ლუკაშენკოსაც იგივე ელისრაც სააკაშვილს?

– მიაქციეთ ყურადღება: წესით, ლუკაშენკოსთან პუტინს არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ დაპირისპირება მაინც დაიწყო. დაიწყო, რადგან რუსეთის ხელისუფლებას აქვს მიზანი: მოახდინოს ეკონომიკური იმპერიის ექსპანსია. ვინც უნდა გადაეღობოს გზაზე, სააკაშვილი, ლუკაშენკო თუ იუშჩენკო, კონფლიქტი გარდაუვალია.

იანუკოვიჩთანაც გარდაუვალია კონფლიქტიჯერჯერობით ხომ მხოლოდ იანუკოვიჩია მოგებული?

– ჯერჯერობით. სხვათა შორის, ჯერ კიდევ ტიმოშენკოს დროს, ასე თუ ისე, მოგვარდა პრობლემები. რა თქმა უნდა, იანუკოვიჩმა დიდი ეკონომიკური მოგება ნახა, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ რაღაც სათამაშოში, მაგალითად, ძველი დიდების სიმბოლოში დიდ ფულს იხდიან. ჩათვალეთ, რომ პუტინმა ამდენი თანხა იმიტომ გადაიხადა შავი ზღვის ფლოტის იჯარაში, რომ უბრალოდ ასე უნდა, მაგრამ, თუ რაღაც გართულდება, უსასტიკესი კონფლიქტი დაიწყება. ლუკაშენკოს ისტორია აჩვენებს, რომ პუტინის მესიჯების მიზანია, გადაწყვიტოს თავისი პრობლემები. პუტინის პრობლემა კი მარტივია: ის ვერსად წავა ხელისუფლებიდან, არსად აქვს წასასვლელი, რადგან, თუ ხელისუფლებიდან წავა, შურისძიება დაიწყება, ამიტომ ის გადაიხდის ნებისმიერ ფასს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.

რით შეუძლია საქართველოსხელი შეუშალოს ან დაეხმაროს პუტინს ხელისუფლების შენარჩუნებაში?

– რუსეთისგან გულწრფელობის მოლოდინს, სანამ სათავეში პუტინია, აზრი არ აქვს. პუტინს შეუძლია, გამოუშვას მესიჯები, მაგრამ მისთვის სოჭი მეგაპროექტია: სოჭი ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაზარალდება, ანუ აფხაზეთის პრობლემის განხილვაზე არანაირი საუბარი არ იქნება!

არა მხოლოდ ქართული ოპოზიციის ნაწილმა მოისურვა მოსკოვში სიარულიარამედ სააკაშვილმაც გამოთქვა წინაპირობების გარეშე რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების სურვილიეს რეალურია?

– მეც ვიყავი საქართველოში, რადგან მიმიწვია თქვენმა ხელისუფლებამ, თუ ოპოზიცია დამპატიჟებდა, მივიდოდი, მაგრამ არავის დავუპატიჟებივარ. პრობლემა ის არის, რომ თქვენი ოპოზიცია პირდაპირ კრემლში მიდის, ანუ ისინი იქ რაღაცაზე სალაპარაკოდ მიდიან. რაც შეეხება სააკაშვილის სურვილს: ის ქვეყნის პრეზიდენტია და ისეთი განცხადებები უნდა გააკეთოს, რაც საქართველოს განუმტკიცებს პოზიციებს საერთაშორისო არენაზე. დააკვირდით, ეს განცხადებები დაემთხვა რუსეთისადმი დასავლეთის რიტორიკის გამკაცრებას, რაც ნიშნავს, რომ, ალბათ, დასავლეთმა მოითხოვა, რომ საქართველოს შეერბილებინა პოზიცია, რითაც დაეხმარებოდა დასავლეთს, უფრო მკვეთრი პოზიცია დაეკავებინა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ. ცხადია, რომ ეს რიტორიკაა და არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ პოლიტიკურად ყველაფერი სწორად გააკეთა სააკაშვილმა: რუსეთის ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

დასავლეთი უახლოვდება მედვედევსეს სწორი ნაბიჯია?

– შეუძლებელია, დაუახლოვდე ცარიელ ადგილს.

შეუძლებელია თუ შესაძლებელიდასავლეთი ამას აკეთებს.

– დასავლეთი, უფრო ზუსტად, მისი ნაწილი ეძებს რაღაც საშუალებებს, თავიდან აიცილოს კოლაფსი. ზოგიერთებს ჰქონდათ რაღაც ილუზიები მედვედევისადმი, მაგრამ ისინი გაქრა. მედვედევი უსუსური, უპრინციპო ადამიანია, ის არის პუტინის ჩრდილი და მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ არის.

ჰგავს პუტინი სტალინს?

– ეს ფრაზა პოპულარულია, მაგრამ პუტინის მიზანია, მართოს, როგორც სტალინმა და იცხოვროს, როგორც აბრამოვიჩმა.

სტალინიც არ ცხოვრობდა ცუდად.

– მაგრამ სტალინისთვის ფუფუნება არ ყოფილა თვითმიზანი. პუტინი ოლიგარქია, სტალინი დიქტატორი იყო. პუტინი თამაშობს დიქტატორობას, იმიტომ რომ ეს ხელსაყრელია მისი ოლიგარქობისთვის. სტალინის, ჰიტლერისა თუ მაო ძედუნისთვის ფუფუნება არ იყო თვითმიზანი, მათი თვითმიზანი იყო ძალაუფლება, პუტინისთვის კი ძალაუფლება არის გამდიდრების საშუალება. ბელკოვსკი ამას უწოდებს „მანიკრატიას“. ძალაუფლება, როგორც საკრალური ინსტრუმენტი, რუსულ ელიტას არ აინტერესებს.

კრემლის პოლიტოლოგები დარწმუნებული არიან და ისევ იმეორებენრომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები მოსკოვშიაგვატყუებენ?

– სანამ რუსეთში პუტინის რეჟიმია, საქართველოს ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. თუ რუსეთში ნორმალური არჩევნების შემდეგ მოვა სხვა ხელისუფლება, შესაძლოა, დაიწყოს ამ პრობლემის გადაწყვეტა. ცხადია, რუსეთი დიდ როლს შეასრულებს ამ საკითხში, რადგან მასზეა დამოკიდებული ოსებისა და აფხაზების ბედი, მაგრამ იმისთვის, რომ საკითხი ადგილიდან დაიძრას, რუსეთში ახალი ხელისუფლება უნდა მოვიდეს.

რუსეთის დემოკრატიზაცია რეალობაა თუ მაინც მითი?

– რუსეთისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, არ არის უცხო დემოკრატია. არ გავრისკავ იმის თქმას, რომ რუსეთში ხვალ დემოკრატია დამყარდება, მაგრამ სოჭის ოლიმპიადის შემდეგ პუტინის რეჟიმის კრახს დიდი ალბათობა აქვს. რა იქნება ამის შემდეგ, რთული სათქმელია, მაგრამ, რაც დიდხანს იქნება პუტინი, მით უფრო მეტია ქვეყნის დაშლის შანსი. პუტინი არის ჟანგი, რომელმაც შეჭამა რუსული სახელმწიფოებრიობა.