“ივანიშვილს, იმის მაგივრად, რომ შეცდომები ეღიარებინა, აქეთ, ხალხი დაადანაშაულა ყველაფერში, ეს კი საზოგადოების პასუხი იყო”

“ივანიშვილს, იმის მაგივრად, რომ შეცდომები ეღიარებინა, აქეთ, ხალხი დაადანაშაულა ყველაფერში, ეს კი საზოგადოების პასუხი იყო”

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორივე კანდიდატის გამარჯვებაში დადებითი მომენტები უნდა დავინახოთ. მისი აზრით, დღეს არჩევნების შედეგები საკმაოდ იმედის მომცემია, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ჭკუა ისწავლა და მისი მოტყუება ასე ადვილი აღარ არის.

მუხაშავრია ფიქრობს, რომ თუ ვაშაძე გავა, ეს უკვე დემოკრატიის მაჩვენებელია და ხელისუფლებისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება. ხოლო თუ ზურაბიშვილი გავა, ამ შეემთხვევაშიც მმართველი გუნდისთვის კარგი გაკვეთილი იქნება, რომ საკუთარ შეცდომებზე დაფიქრდეს.

უფლებადამცველი მოცემულ შედეგებს ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ ფაქტებს უკავშირებს და ამბობს, რომ დიდ წილად ეს ყვეალფერი ზაზა სარალიძის საქმემ, ფარულმა ჩანაწერებმა და ივანიშვილის ინტერვიუმ განაპირობა.

მუხაშავრია აცხადებს, რომ ივანიშვილმა ინტერვიუთი საკუთარ ამომრჩევლებსაც კი ზურგის შექცევისკენ უბიძგა, რადგანაც მათ იმედი ჰქონდათ, რომ ის ხელისუფლების შეცდომებს აღიარებდა.

„რეზონანსი": მეორე ტურს რამდენად ელოდით და როგორ ფიქრობთ, რა გახდა მიზეზი, რის გამოც ვაშაძემ ზურაბიშვილს ფაქტობრივად მოუგო?

ლია მუხაშავრია: სიმართლე გითხრათ, მეორე ტურს კი ველოდი, მაგრამ მთლად ვაშაძის ასეთ გამარჯვებას არა. თუმცა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი შედეგია, რადგანაც დემოკრატიული პროცესია. საქმე იმაშია, რომ თუ ვაშაძე გავიდა, მაშინ ქვეყანაში ეს პოლიტიკური ვაქხანალია დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.

თუ ზურაბიშვილი გავიდა, ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება უკვე დაფიქრებული იქნება იმაზე, თუ ასეთი შედეგი რატომ მიიღო და რა არის ამის მიზეზი. ორივე შემთხვევაში ქვეყანა მოგებული იქნება და ამ ყველაფრიდან ხეირს ნახავს.

ჩემი აზრით, ხელისუფლებას ამ არჩევნების მოგება გაუჭირდება და ასეთი ადვილი არ იქნება. უბრალოდ მეორე ტურისთვის ჩვეულებრივ წინასაარჩევნო ისტერიას უნდა ველოდოთ.

„რ": როგორ ფიქრობთ, რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ და რა ვერ გათვალა?

ლ.მ: ბოლო დროს ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვეს, განსაკუთრებით, როდესაც სჯეროდათ, რომ პირველივე ტურში მოიგებდნენ. ზურაბიშვილი საკმაოდ სუსტი კანდიდატურაა და იმედი მქონდა, რომ ის იქნებოდა ქალი, რომელიც ამ გენდერულ კლიშეებს დაამარცხებდა და საზოგადოებაში ქალის მიმართ არსებულ აზრს შეცვლიდა.

სამწუხაროდ ასე არ მოხდა და მივიღეთ სრულიად არაადეკვატური საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც საკუთარი ცინიზმით და ქედმაღლობით ამომრჩეველზე ნეგატიურ განწყობას კიდევ უფრო აძლიერებდა.

ამ არჩევნებზე ასევე დიდი გავლენა ზაზა სარალიძის დაკავებამ, ფარულმა ჩანაწერებმა და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ იმოქმედა. იმის მაგივრად, რომ მას შეცდომები ეღიარებინა, პირიქით, აქეთ ხალხი დაადანაშაულა ყველაფერს იმაში, რაც ქვეყანას სჭირს. ეს კი საზოგადოებიდან მიღებული პასუხი იყო.

„რ": რა მოლოდინი გაქვთ, შესაძლებელია მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს და ელით თუ არა, რომ ის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს?

ლ.მ: რა თქმა უნდა, რომ ვაშაძეს გამარჯვების დიდი შანსი აქვს. ახლა „ოცნებამ" ყველაფერი უნდა ქნას იმისთვის, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც სახლში დარჩა, მეორე ტურში გაიყვანოს და ხმა ზურაბიშვილისთვის მიაცემინოს. თუმცა ამას როგორ და რანაირად იზამს, ძალიან ძნელი წარმოსადგენია.

რა უნდა გააკეთონ ახლა იმისთვის, რომ ნდობადაკარგული ხალხი გადაიბირონ. ვაშაძე გამარჯვებისთანავე გაზაფხულზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ნამდვილად დანიშნავს და ეს ლოგიკურიც იქნება.

აქ კი ფაქტია, რომ მმართველი გუნდის შანსები ძალიან ნაკლებია. ამას „ოცნებაც" ათვითცნობიერებს და სწორედაც, რომ ამის ეშინიათ. მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებას კვლავ მიშას ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, უბრალოდ ამომრჩევლის დიდი ნაწილი სახლში დარჩა და ეს ანომალიური შედეგიც ამიტომ მივიღეთ.

უარესსა და ნაკლებად უარეს შორის არჩევანის გაკეთება მოგვიწევს. საითაც გავიქეცით, იქით წავიქეცით - სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, ზურაბიშვილი არ უნდა და არ გამოვრიცხავ, რომ მმართველ გუნდზე გაბრაზებულმა ამომრჩეველმა ხმა ვაშაძეს მისცეს.

„ნაციონალებმა" წარსულის გამოცდილებით ჭკუა კარგად ისწავლეს და საკმაოდ დისციპლინებულები არიან. შესაბამისად, „ოცნებას" არ მისცემენ იმის უფლებას, რომ მათ არჩევნები რაიმე ფორმით გააყალბონ. ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ მათ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება ძალიან კარაგად შეუძლიათ.