ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს ჰკითხეს, რატომ ეცემა ბოლო დროს ლარის კურსი ყოველდღიურად. მან დაასახელა ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზი: პირველი - რუსეთიდან, უკრაინიდან და საბერძნეთიდან ქართველი ემიგრანტები სამშობლოში აღარ აგზავნიან იმ რაოდენობის დოლარს, რამდენსაც აქამდე აგზავნიდნენ (გამოდის, თუ ემიგრანტებმა ფული აღარ გამოაგზავნეს, ჩვენი ეკონომიკა განადგურდება), მეორე - საქართველოდან აღარ ხდება მეორადი ავტომობილების რეექსპორტი აზერბაიჯანის მიმართულებით. ბოლოს ნოდარ ხადურმა მაინც ოცნების იმედად დაგვტოვა, მან გვითხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კარგ მომავალზე უნდა ვიოცნებოთ. ამასობაში კი კურსი ახალ სარეკორდო ნიშნულამდე დაეცა 1 დოლარი - 1.86 ლარი.
რატომ ძვირდება ყოველდღიურად პროდუქტები და აუცილებელი მოხმარების საგნები? რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ და რა აქვს შესაცვლელი? რით ჩანს ლარის კურსის თამაშში ხელოვნური ჩარევის კვალი? როგორ აკავებდნენ კურსს "ნაციონალები" და რატომ არ კეთდება იგივე დღესაც?
"ალიას" ფინანსური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, სერგო ჯავახიძე ესაუბრა:
- ნოდარ ხადური ერთ ნაწილში არ ტყუის, რუსეთში რუბლის კურსი გარბის, სანქციებია დაწესებული უამრავი მიმართულებით, ბიზნესი ცუდ დღეშია და იქიდან საქართველოში იმ რაოდენობის ფული ვეღარ იგზავნება, რამდენიც ადრე იგზავნებოდა. ასევე არეულია სიტუაცია უკრაინაში, თუ იქ ვინმე ნორმალური ქართველი ბიზნესმენია, ცდილობს, არეულობას გაერიდოს, და ფული სხვაგან დააბანდოს. რაც შეეხება საბერძნეთს, თუ ადრე ქართველებს სამსახურში უხდიდნენ 1500 ევროს, ახლა უხდიან 500 ევროს. საერთოდ, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დოლარის კურსის აწევა ყოველთვის ხდება ხოლმე, შარშან ამ დროს დოლარი ღირდა 1.81 ლარი, გადაიარა ახალმა წელმა და წამოვიდა ქვემოთ, ეს იყო ბუნებრივი პროცესი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ახლა საქმე გვაქვს ხელოვნურ ჩარევასთანაც და გარე ფაქტორებთანაც. თუ გახსოვს, ჩვენ ცოტა ხნის წინ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ხელისუფლებამ 2014 წლის ბიუჯეტიდან სადღაც 2 მილიარდამდე ვერ გახარჯა, ვერ მოასწრო, დაფინანსებული პროექტები შეჩერდა. შენ წარმოიდგინე, ეს 2 მილიარდიც რომ გამოეშვათ, რა მოხდებოდა. ახლა ეროვნულმა ბანკმა სადღაც 50 მილიონი იაფი დოლარი რომ გამოიტანოს, კურსი ჩამოვარდებოდა დაბლა, მაგრამ როგორც ვიცი, შიგნით კიდევ რაღაცაზე ჭიდაობენ.
ეს დროებითი ღონისძიება იქნება და ამიტომ ჭიდაობენ?
- კი, თვე-ნახევარი შეაკავებს ლარის კურსის ვარდნას და მერე ისევ ამ მდგომარეობას დავუბრუნდებით. მოდი, განვიხილოთ შემდეგი მიზეზები. აქ თითქოს კურიოზთან გვაქვს საქმე, არავის უჩნდება კითხვა: რატომ დაიწყო ჯერ ფასების ზრდა და შემდეგ ლარის კურსის დაცემა? ოქტომბერში ბოსტნეული გაძვირებულია 12,5 პროცენტით. დღეს ხელისუფლებაში ამაყობენ, კახელ გლეხებს დავეხმარეთ, ყურძენი ძვირად ჩააბარეს, ამ რეგიონში მილიონები წავიდაო, მეორე - ასევე ამაყობენ, საყოველთაო დაზღვევა მაგარი რამეა, ამაში მილიარდებს ვხარჯავთო. სინამდვილეში ორივე გვღუპავს, ხელისუფლება კი პატიოსნად აფინანსებს ჯანდაცვას, მაგრამ კერძო კლინიკებმა გააძვირეს თავიანთი მომსახურება. თუ ადრე ბრმა ნაწლავის ოპერაცია ღირდა 500 ლარი, ახლა ღირს 800 ლარი. ზოგიერთი კლინიკა "ფორმა 100"-ს იძლევა 2 ათას ლარზე, მაინც ბიუჯეტი იხდის, რა გენაღვლებათო? როდესაც შენ ყურძნის ფასში ხელოვნურად ერევი და ფასს უმატებ, ეს გლეხისთვის ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ პრობლემა თავს იჩენს რამდენიმე თვეში. სექტემბერში რომ კახეთში, დავუშვათ, 100 მილიონი წავიდა, ამან ახლა წამოყო თავი, გავიდა ბრუნვაში ეს ფული. უკვე ვთქვი, ყველაფერი ძვირდება-მეთქი, თუ ადრე ბინას 200 ლარად იქირავებდი, ახლა 400 გახდა.
სერგო, როდესაც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ვნახე, იქ დაფიქსირებულია ლარის ინფლაციის წლიური პროგნოზი 3,5 პროცენტი. გამოდის, ეს პროგნოზიც მცდარია.
- ლარის ინფლაციას ზუსტად ვერ გათვლიან, კიდევ როგორ გართულდება პოლიტიკური ვითარება უკრაინასა და რუსეთში, ამათ წინასწარ რა იციან? ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. კი, ბატონო, ეს ვიცით და დავანებოთ თავი, ჩვენ გვაქვს ერთი ამოცანა ამოსახსნელი: როგორც წესი, პროდუქციაზე ფასები იზრდება მაშინ, როცა ძვირდება დოლარი, ხომ? ოქტომბრის დასაწყისში ეს არ შეიმჩნეოდა, დოლარი სტაბილური იყო, რატომ დაიწყო უცებ პროდუქციის გაძვირება? გასაგებია ჯანდაცვა, გასაგებია ყურძნის ფასის ხელოვნურად მომატება, გასაგებია გარე ფაქტორები, მაგრამ, ჩემი აზრით, კიდევ რაღაც ხელოვნურად ჩარევასთან გვაქვს საქმე. სექტემბრის ბოლოს დოლარის კურსი ვარდებოდა და წესით, პროდუქცია უნდა გაიაფებულიყო. ასეთი რაღაცა ხელოვნური ჩარევის გარეშე არ ხდება, ფასები უნდა ფორმირდებოდეს ბუნებრივად და არა პოლიტიკურად. ბიზნესი ძალიან მგრძნობიარე თემაა, ან სადღაც შეცდომა აქვთ დაშვებული და თვითონაც არ იციან, ან კიდევ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
სერგო, როგორ შეიძლება, რომელიმე ხელისუფლებას უნდოდეს ხელოვნურად ფასების აწევა, ეს ხომ ისევ მას ურტყამს?
- მეც ძალიან მინდოდა, რომ კახელ გლეხს მეტი შემოსავალი მიეღო, ასევე მინდოდა, სამცხე-ჯავახეთში კარტოფილი ძვირი ყოფილიყო და გლეხს მეტი მიეღო, მაგრამ ეს ჩემთვის არის პოლიტიკური სურვილი. ხელისუფლება ცდილობს, ახეიროს გლეხი, ახეიროს ბიზნესის რომელიღაცა სფერო ხელოვნურად და ამ დროს ეს ყველაფერი არტყამს ეკონომიკას, ჩვენს ჯიბეს, არტყამს ლარის კურსს. ეს ისე უნდა გააკეთო, რომ სხვა სფეროები არ დააზარალო, მარტო კახელი გლეხი და აჭარელი მეკარტოფილე ხომ არ ცხოვრობს ამ ქვეყანაში? უკვე 3 თვეა, რაც ახალ პროექტზე ლაპარაკობენ - "აწარმოე საქართველოში", თუ აქ მხოლოდ ფული ჩაიდო და პროდუქცია არ წამოვიდა შესაბამისი რაოდენობით, იგივე სურათს მივიღებთ. ამის შედეგებს ვიგრძნობთ რამდენიმე თვის შემდეგ.
ანუ შენ ამბობ, რომ კიდევ სადღაც აქვთ გაშვებული დიდი რაოდენობით ფული ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში?
- კი, სხვანაირად უცებ ფასების მომატება არ უნდა დაწყებულიყო, სადღაც კიდევ იყო ხელოვნური ჩარევა. ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა დოლარი 1.70-ზე იყო ჩამოსული. ეს ძალიან დიდი ნონსენსია. ასევე გასაკონტროლებელია საყოველთაო დაზღვევა, ანუ კერძო კლინიკების ნიხრები, 5 დღე რომ კაცი დაწვება და მარტო "კოიკაში" 700 ლარს გადაიხდის, ეს სადაური წესია? მე დაგიწერ, ძმაო, გაზრდილ თანხას, წაიღე, ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს. აქ ერთ ადამიანზე ხომ არ არის ლაპარაკი? ამ დაზღვევით მილიონობით ადამიანი სარგებლობს. კი, ხალხმა ამოისუნთქა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ არ გააკონტროლებ, ხელოვნურად რომ ზრდიან ფასებს, ესეც ეკონომიკას ურტყამს. ეს საკითხიც ხელოვნურ ჩარევაში გადის. ხელისუფლებამ კვლევა უნდა ჩაატაროს, სიტუაცია გაანალიზოს და დაადგინოს, რაშია საქმე. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა გადასახედია, როცა შენ ვერ ქმნი საწარმოებს, ვერ ქმნი პროდუქციას და ამ დროს დაფინანსებას უზრდი საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ლარი გაგექცევა, აბა, რას იზამს?
სერგო, "ნაციონალები" როგორ იჭერდნენ ლარის კურსს და როგორ აბალანსებდნენ ფასებს?
- "ნაციონალებს" ფულის რესურსი სულ ჰქონდათ, როგორც კი დაიწყებოდა ლარის ინფლაცია, ეროვნული ბანკიდან გამოჰქონდათ 50-60 მილიონი და ასყიდებდნენ იაფად კომერციულ ბანკებს. ხშირად ხდებოდა, რომ კომერციული ბანკები კი გასცემდნენ შემდეგ იაფად, მაგრამ სავალუტო ჯიხურები კურსს არ აგდებდნენ. აქ უკვე საქმეში ერთვებოდა ფინანსური პოლიცია, ჩამოუვლიდნენ ხოლმე და ეუბნებოდნენ, კურსი გაუთანაბრეთ გამოცხადებულს, თორემ დედას მოგიტ...ნავთო. იმათაც სხვა რა გზა ჰქონდათ?
საოცარია, მიშა სააკაშვილი ეკონომიკის გარტყმაში არ იყო, კურსს იჭერდა, ბიძინა ივანიშვილმა მილიარდები იშოვა, იმდენად კარგად ესმის ეკონომიკა და მის ხელისუფლებას ლარი გაურბის.
- ეროვნულ ბანკს შეუძლია, გააკეთოს ის, რასაც აკეთებდნენ "ნაციონალები" და სხვათა შორის, 2013 წელს ასე გაკეთდა კიდეც, ერთი პერიოდი ლარი გაიქცა და ამ მეთოდით დაიჭირეს, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ეროვნული ბანკი ამაზე არ მიდის.
ანუ ხელისუფლებას არ ემორჩილება?
- ეგ არ ვიცი, უკვე გითხარი, რომ შიგნით ჭიდაობა მიდის. ჩემი აზრით, თავს იმიტომ იკავებენ, რომ ჰგონიათ, ახალი წლის შემდეგ ლარის კურსი თვითონ დასტაბილურდება. მოკლედ, ელოდებიან, თუ არ დასტაბილურდა, მერე შემოუშვებენ იაფ დოლარს. ერთი მხრივ კარგიცაა, რომ მიშას მეთოდებით არ მუშაობენ, რომ არა ხელოვნური ჩარევები ეკონომიკაში, რაზეც უკვე ვილაპარაკე, კურსი უნდა იყოს მიშვებული და გაჩერდეს ბუნებრივ ნიშნულზე. ვნახოთ, რას გააკეთებენ, ეს მალე გამოჩნდება.