„ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ 50%-ს ვერ გადააცილებს ვერცერთი კანდიდატი და შედეგები ამ მხრივ მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, მოულოდნელი იყო კანდიდატების სიახლოვე იმ პროცენტული მაჩვენებლით, რაც ორმა კონკურენტმა დააგროვა.
"გაჩნდა ის ვერსია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები უკეთესად იყვნენ მობილიზებული, ვიდრე „ქართული ოცნების" - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აფასებს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 38.66% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37.7%. მეორე ტური კი, სავარაუდოდ, 2 დეკემბერს გაიმართება, სადაც საბოლოო შედეგი ცნობილი გახდება.
რამაზ საყვარელიძე: მეორე ტურის შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ორივე მხარე მობილიზებული. ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ამომრჩევლებს ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ასეთი მოწოდება შედეგანი არ არის ხოლმე, რადგან ამომრჩეველი უფრო თავის გადაწყვეტილებას მიჰყვება, ვიდრე მოწოდებას.
მთლანობაში, ოპოზიციური ფრთის მობილიზაცია მოხდება. საპასუხოდ ზურაბიშვილის პასიური ამომრჩევლის მობილიზაცია როგორ მოხდება, სწორედ იმაზეა დამოკიდებული მეორე ტურის შედეგები. თუკი „ოცნების" მხარდაჭერა ისევ ისეთი პასიური დარჩება, სხვა პარტიების მხარდამჭერით გამარჯვება ვაშაძის იქნება.
„რეზონანსი": „ქართული ოცნება" 53%-იან გამარჯვებას პროგნოზირებდა, თუმცა ფაქტია, რომ ცდომილება შედეგსა და წინასწარ მონაცემებს შორის დიდია. რამ განაპირობა „ოცნების" ასეთი „ოპტიმიზმი"?
რ.ს: საჯარო განცხადებები, რომელსაც პარტია აკეთებს და ამბობს, რომ მე გავიმარჯვებ, გასაკვირი არ არის. მეტოქეები დაპირისპირებისას ასეთი სახის განცხადებებს აკეთებენ. „ქართული ოცნება" არხეინად არ გრძნობდა თავს.
„რ": ამომრჩეველთა აქტივობა საკამოდ დაბალი იყო. რამ განაპირობა ეს?
რ.ს: ამომრჩეველთა შემცირების ტენდენცია დიდი ხანია არსებობს. „ოცნების" მხრიდან ადრეც იყო ნათქვამი, რომ უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რატომ არის ამომრჩეველი პასიური. კონკრეტული მუშაობა ამას მოჰყვა თუ არა, არ ვიცი. შედეგიანი მუშაობა ალბათ არ ყოფილა, რადგან პასიური ამომრჩეველი უფრო დიდი მასშტაბით ჩანს.
ანალოგიური პრობლემა ყველა პარტიას აქვს. ასე იყო „ნაციონალური მოძრაობა," მაგრამ მისთვის პრობლემა იყო მთელი დღის განმავლობაში 25-27%-ზე მეტის მიღება. სამწუხაროდ, არცერთი პარტიას არ ეტყობა, რომ ის ფიქრობდეს სტრატეგიის შეცვლაზე იმისთვის, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდოს.
იგივე მძიმე ავადმყოფობა „ქართული ოცნებაშიც" არსებობს; პასიური ამომრჩეველი, სავარაუდოა, რომ ძირითადად „ოცნების" ამომრჩეველი იყო, რადგან მას მიცემული ხმები დააკლდა და დიდი განსხვავებაა იმასთან შედარებით, რაც 2012 წელს იყო. მაშინ „ქართულმა ოცნებამ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მიიღო. ფაქტია, რომ ხალხის დამოკიებულება შეიცვალა.