„ცუდი ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელა ქართული ხელისუფლებების ავადმყოფობა, როგორც კი ხელისუფლებაში მოხვდა, დაყრუვდა, დაივიწყა ყველაფერი. დაივიწყა, რომ საზოგადოებაში სერიოზული რესურსია და საჭიროა ამ რესურსის მობილიზება განვითარებისთვის, უბრალოდ გადაიწვა“,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძემ საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგების შესახებ საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დემურ გიორხელიძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინასწარი შედეგები ლოგიკურია.
„მოულოდნელი არაფერია, იმიტომ რომ, თითქმის, 5 წელია ხელისუფლება, მას შემდეგ რაც მოვიდა, აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით აგრძელებს თავის საქმიანობას. მან დაივიწყა ის, თუ რის ტალღაზე მოვიდა, რატომ მოიყვანა ქართველმა ხალხმა. სახელისუფლებო ვერტიკალი აიგო არა ინსტიტუტებზე, არამედ პროკურატურის, ვიღაცის წარმომადგენლებზე და ა.შ. ეს იყო მცდარი დასაწყისშივე. ჩემი ძალიან მწვავე რეაქცია იყო, ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში ვამბობდი, რომ აქედან არაფერი გამოვა.
„მგელი მოდის, მგელი მოდის“ აღარ მუშაობს. იმიტომ, რომ ხალხი უყურებს იმას, რაც მისი ინტერესების საპირისპიროდ არის, თითქოს მშვიდობაა, ადამიანებს ქუჩაში არ კლავენ, მაგრამ სიღარიბე ისევ მაღალია, უმუშევრობა დიდია, ადამიანები გადიან ქვეყნიდან. ამ ფონზე კმაყოფილი ხელისუფლება, უზარმაზარი ხელფასებით, დანამატებით, პრემიებით და ა.შ. სრულიად გაუგებარი საუბარი მარიხუანაზე, ისეთ მიმართულებებზე საუბარი, რომელიც საზოგადოებისთვის არ შეიძლება იყოს ამ მდგომარეობაში გასაგები. შედეგი ლოგიკურია, ამ შედეგს მწვავედ ვაფასებდი არჩევნებამდე. ვამბობდი – ისე აკეთებს ყველაფერს ხელისუფლებაში მყოფი ძალა, რომ ისინი ამზადებენ ნიადაგს, რომ წავიდნენ ხელისუფლებიდან. როგორც ჩანს, მათ მიიღეს იმპულსი, რომ მათი დრო ამოწურულია და სახლში ვერ გაიქცევიან, უნდა წააგონ, აკეთებენ ყველაფერს წასაგებად.
შედეგი ასეთია, ეს არის ჩვენი ხალხის განწყობა, ჩვენი ხალხი ყოველთვის ემოციაზე რეაგირებს, მათ მისცეს წინააღმდეგ ხმა, ოღონდ არა ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს კიდევ შანსი, რაღაც იფიქროს, ან რჩება ერთადერთი გზა, რომელიც ყველაზე მეტად უნდა აწყობდეს ხელისუფლებას, ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც შეიძლება სიტუაცია მეტ-ნაკლებად დააბალანსოს“,- განაცხადა გიორხელიძემ.
შეგახსენებთ, ცესკომ 3 705 საარჩევნო უბნიდან 3693+ 11 უბანი დათვალა. ბოლო შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% (615 610 ხმა), ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % (601 186 ხმა) მიიღო.